Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 6 - სხვა გაკვეთილები იგავებიდან თესლის შესახებ

    მეტად დიდებული, ოჯახისა და სკოლისათვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა გაკვეთილებიცაა მოცემული ქრისტეს ამ იგავებში. დაე მოზარდებმა და ჭაბუკებმა ისწავლონ უფლის ძალის ბუნებაში მოქმედების შეცნობა და რწმენით უდიდეს წყალობას მიიღებენ. და, როდესაც შეიცნობენ უფლის საოცარ საქმეებს, რომლებიც უზენაესის დიდი ოჯახის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს აკმაყოფილებს, როცა ისინი შემოქმედთან თანამშრომლობას დაიწყებენ, ადვილად შეძლებენ უფლის ძალისა და ძლიერების თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.ქი 29.4

    უფალმა თესლი იმავე საშუალებით შექმნა, რა საშუალებითაც - დედამიწა, ანუ თავისი სიტყვით. იმავე სიტყვით დაუწესა აღმოცენებისა და გამრავლების უნარი. მან თქვა: “აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იქმნა ასე… და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო” (დაბ. 1:11,31). ყოველი თესლი უფლის სიტყვით იწყებს აღმოცენებას. ყოველი მარცვალი, რომლის ახლადაღმოცენებული ყლორტი მზისკენ მიიწევს, იმ უდიდესი შემოქმედის სიტყვის სასწაულმოქმედ ძალაზე მეტყველებს, რომელმაც “თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს” (ფსალმ. 32:9).ქი 29.5

    მაცხოვარი თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ასე ელოცათ: “პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს”; ყვავილებზე მიუთითებდა და არწმუნებდა: “თუკი მინდვრის ბალახს… ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ?” (მათ. 6:11,30). განუწყვეტლივ შრომობს ქრისტე იმისათვის, რომ ამ ლოცვას უპასუხოს და თავისი დანაპირები შეასრულოს. ყმერთის უხილავი ძალა გამუდმებით იღვწის ადამიანის საკეთილდღეოდ: აცმევს და კვებავს. იგივე მაცოცხლებელი ძალა აძლევს სიცოცხლეს მინდორში მობნეულ თესლს და საკმარისად ყოველივეს, რაც სრულყოფილი მოსავლის მისაღებადაა საჭირო.ქი 30.1

    “კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; - ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ. აკურთხე წელიწადის გვირგვინი შენი სიკეთით, და შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება” (ფსალმ. 64:10-12).ქი 30.2

    მატერიალური სამყარო ბუნების კანონებს ემორჩილება, მაგრამ ბუნებაშიც ყველაფერი უზენაესის ნებითა და ხელმძღვანელობით ხდება. მზე და ღრუბელი, ცვარი და წვიმა, ქარი და გრიგალი - ყოველივეს უფალი აკონტროლებს და ყოველივე მას ემორჩილება. ტწორედ უფლის კანონის აღსრულებით ხდება, რომ მარცვლიდან ნორჩი ყლორტი ამოიწვერება და გვაძლევს “პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში” (მარკ. 4:28). განვითარების ყოველ ამ საფეხურს მცენარე მისთვის განსაზღვრულ დროში გაივლის, ვინაიდან იგი უზენაესის დადგენილ წესს არ ეწინააღმდეგება. რატომ არ ემორჩილება მის უზენაეს ნებას და რატომ არ იღებს მის ასეთ დიდებულ ძღვენს ადამიანი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი, ღვთის სხვა უამრავ ქმნილებათა შორის ერთადერთი არსება, რომელსაც მან გონიერება და მეტყველების უნარი უბოძა? ნუთუ სწორედ ეს გონიერი არსება გახდება ჩვენი პლანეტის სერიოზული შეშფოთების მიზეზი?ქი 30.3

    ყველაფერში, რაც ადამიანის არსებობის შენარჩუნებას ეხება, ღმერთისა და ადამიანის ძალისხმევათა ერთობა მოჩანს. არ მომწიფდება სამკალი, თუკი ადამიანმა თესლი არ დათესა. მაგრამ ამ პროცესში უფლის მონაწილეობის გარეშე, რომელიც გვიგზავნის მზის სხივებსა და წვიმას, ცვარსა და ღრუბელს, მოსავალი არ მოვა. ასევე ხდება სულიერ სფეროში, ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებასა და ნებისმიერ ქრისტიანულ მოღვაწეობაში. თავადაც უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ უფლის დახმარების გარეშე ჩვენი ძალისხმევა ამაო იქნება.ქი 30.4

    როდესაც ადამიანს აქვს რაიმე მიღწევები სულიერ სფეროსა თუ ყოველდღიურ ამქვეყნიურ საქმეებში, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყოველივე ამას მხოლოდ შემოქმედთან ურთიერთკავშირით მიაღწია. აუცილებელია, ღრმად ჩავწვდეთ იმ ფაქტს, რომ უფლის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ ხშირად ვაზვიადებთ ადამიანის შესაძლებლობებს და ვეყრდნობით მის საქმეებს. და არ ვენდობით ძალას, რომლის მოსაცემადაც უფალი ყოველ წუთს მზად არის. “ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ” (1კორ. 3:9). ძლიერ მცირეა ადამიანის წილი ყველა ამ საქმეში; მაგრამ თუკი მისი ძალისხმევა ქრისტეს ღვთაებრივ თანამშრომლობას ეყრდნობა, ქრისტეს ძალით იგი ყველაფერს მიაღწევს.ქი 30.5

    თესლის აღმოცენებისა და ზრდის პროცესი თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება იქცეს ბავშვების აღზრდის საქმეში. “პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში” (მარკ. 4:28). მან, ვინც ეს იგავი მოგვითხრო, თავად შექმნა პაწაწინა მარცვალი, მისცა სიცოცხლე და ზრდის წესი დაუდგინა. ჭეშმარიტება კი, რომელსაც იგი ამ იგავით გვასწავლის, მისი საკუთარი ცხოვრების ცოცხალი რეალობაა. ქრისტე თავად ემორჩილებოდა უფლის მიერ მცენარისთვის დადგენილ ზრდის კანონებს თავის სულიერ თუ ფიზიკურ განვითარებაში და სურს, რომ ახალგაზრდობამაც მას მიბაძოს. ქრისტე, მთელი სამყაროს მბრძანებელი და დიდების მეფე, თავად პატარა, სუსტ ყრმად იშვა ბეთლემში. ბავშვობაში მშობლების მორჩილი იყო, არა დიდი კაცის, არამედ ბავშვური გონებით ლაპარაკობდა და მოქმედებდა; პატივს სცემდა მშობლების ნებას და როგორც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. თავისი განვითარების ყოველ ეტაპზე თავისებურად სრულყოფილი იყო იგი და გამოირჩეოდა ხასიათის იმ ბუნებრივი, უბრალო თვისებებით, რომლებსაც უცოდველი ცხოვრება სძენს ადამიანს. წმიდა წერილი ასე გვიშუქებს მის ბავშვობას: “ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე”. მისი ადრეული სიყმაწვილის შესახებ კი ასეთი მოწმობა გვაქვს: “ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე” (ლუკ. 2:40,52).ქი 30.6

    აქ მშობლებისა და მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. მათი მიზანი უნდა იყოს მოზარდთა სულში ისეთი ამაღლებული თვისებების დანერგვა, რომ თავისი განვითარების ყოველ საფეხურზე მათ ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სილამაზე გამოავლინონ. ადამიანი თანდათანობით უნდა გაიზარდოს და განვითარდეს ისე, როგორც მცენარე - ბაღში.ქი 31.1

    ბავშვი მაშინ არის უფრო მიმზიდველი, როცა დაკარგული არა აქვს ბუნებრიობა და უშუალობა. არ არის აუცილებელი მის ცალკეულ მიღწევებზე განსაკუთრებული ყურადღების შეჩერება და ბავშვის თანდასწრებით მისი ბრძნული გამონათქვამების ხშირად გამეორება. ნუ შეუწყობთ ხელს მათში ბავშვური პატივმოყვარეობის განვითარებას მათი გარეგნობის, სიტყვებისა და საქციელის ხშირი შექებით. არ არის საჭირო ბავშვების შემოსვა ძვირფასი, მოდური ტანსაცმლით, ვინაიდან ეს ხელს უწყობს მათს ბავშვურ სულში სიამაყის ჩასახვას, მათ მეგობრებში კი - შურის გაღვივებას.ქი 31.2

    ბავშვები უბრალო, მათი ასაკისათვის შესაფერის პირობებში უნდა აღიზარდონ. უნდა ვასწავლოთ, რომ ისინი მოვალენი არიან, დაეხმარონ მშობლებს. გართობაც და სწავლაც ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა იყოს მათს ასაკში. ბავშვობა იგავში იმ მწვანე ჯეჯილს ემსგავსება, რომლის ყლორტებსაც განსაკუთრებული, მხოლოდ ამ ასაკისათვის დამახასიათებელი მიმზიდველობა აქვს. ნუ შევუწყობთ ხელს ბავშვის ნაადრევ დასრულებას; დაე რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნონ სიყმაწვილის სისპეტაკე და მიმზიდველობა.ქი 31.3

    ქრისტიანული სული უნდა გავუღვივოთ პატარებს. მათაც შეუძლიათ, მათი ასაკისათვის შესაფერისი რწმენა ჰქონდეთ. მხოლოდ ეს სურს მათგან უფალს. აუცილებელია მათთან სულიერ საგნებზე საუბარი. მშობლები თავიანთ შვილებში მუდამ ისეთი ხასიათის ჩამოყალიბებას უნდა ცდილობდნენ, რომელიც ქრისტესთან დაახლოებას გაუადვილებს მათ.ქი 31.4

    უფლის კანონის თანახმად, ბუნებაში მიზეზს აუცილებლად მოსდევს შედეგი. მკა მუდამ თესვის ხარისხზე მიგვითითებს. ზარმაცი მუშა შესაბამის მოსავალს იმკის. თავად მოსავალი მოწმობს მის წინააღმდეგ. იგივე შეინიშნება სულიერ ცხოვრებაშიც: მუშის მუყაითობა მისი შესრულებული სამუშაოს შედეგით მოწმდება. მისი შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე ან სიზანტე მოსავლის აღებისას გამოჩნდება. ასევე გადაწყდება მისი ბედიც საუკუნო სიცოცხლისათვის.ქი 31.5

    ყოველ დათესილ თესლს ნაყოფი თავისი გვარისამებრ გამოაქვს. ამიტომ მუდამ თანაგრძნობისა და სიყვარულის თესლს უნდა ვთესავდეთ. ვინაიდან, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. ხასიათის ისეთი თვისებები კი, როგორიცაა ეგოიზმი, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა და გულის ყველა სურვილთა შესრულებისაკენ სწრაფვა, სათანადო ნაყოფს გამოიღებს. ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ხორციელს თესავს, ხორცი კი ხრწნადია.ქი 31.6

    ღმერთი არავის ანადგურებს. ყოველი დაღუპული თავად ინადგურებს საკუთარ თავს. ის, ვინც საკუთარ გულში სინდისის ხმას ახშობს, მასში ურწმუნოების თესლს თესავს, რასაც სათანადოდ მოიმკის კიდეც. უფლის პირველი გაფრთხილების უგულებელყოფით ფარაონმა გულში სიჯიუტის თესლი ჩაითესა, რაც მოიმკა კიდეც. უფალს არ დაუძალებია მისთვის, ურწმუნოებისაკენ ნაბიჯი გადაედგა. ეს იმ ურწმუნოების თესლის ნაყოფი იყო, რომელიც ფარაონმა თავად ჩაითესა გულში. იგი ჯიუტობდა მანამ, სანამ თავისი მიწაწყალი განადგურებული არ იხილა; სანამ თავისი სახლის და მთელი თავისი სამეფოს ოჯახების პირმშოთა სიკვდილის მოწმე არ გახდა; სანამ ზღვის ტალღებმა არ დაფარა მისი ცხენები, ეტლები და მეომრები. მისი ისტორია ბრძენის ჭეშმარიტი სიტყვის საშინელ მტკიცებულებას წარმოადგენს: “რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის” (გალ. 6:7). ადამიანები რომ ამ სიტყვების აზრს ჩასწვდომოდნენ, დასათესი თესლის არჩევისას დიდ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ და მხოლოდ იმ თესლს დათესავდნენ, რომლის ნაყოფიც საუკუნო სიცოცხლისაკენ წაუძღვებოდათ.ქი 32.1

    დათესილი თესლიდან მიღებული მოსავალი კვლავ ითესება და ამგვარად, მოსავალი თანდათან უფრო მრავლდება. ეს კანონი სამართლიანია ჩვენს მოყვასთან ურთიერთობაშიც. ყოველი ჩვენი მოქმედება თუ სიტყვა არის თესლი, რომელიც ნაყოფს გამოიღებს. ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სხვებზე ზრუნვა, მორჩილება და თავგანწირვა სხვებში გამრავლდება, მათგან კი - სხვა კიდევ უფრო მრავალში. ასევე ყოველი ჩვენი ბოროტი საქციელი, შური თუ განხეთქილებისაკენ სწრაფვა, ბოროტ თესლად დათესილი, “მწარე ფესვს” გამოიღებს (ებრ. 12:15), რომელიც შემდგომში მრავალს გააუწმიდურებს. და ეს მრავალიც, თავის მხრივ, რამდენ ადამიანს მოუწამლავს სიცოცხლეს! ასე უწყვეტად ითესება სიკეთე და ბოროტება, რომლებიც სულ ახალახალ მოსავალს იძლევა როგორც ამქვეყნიური, ასევე მარადიული სიცოცხლისათვის.ქი 32.2

    იგავი მთესველის შესახებ ხელგაშლილობის გაკვეთილებსაც გვასწავლის როგორც სულიერ, ასევე მატერიალურ ცხოვრებაში. უფალი ამბობს: “ნეტარნი ხართ, ყველა წყლის პირზე რომ თესავთ” (ეს. 32:20). “ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის” (2კორ. 9:6). ყველა წყალთან თესვა უფლის საბოძვარის მუდამ სხვებისთვის განაწილებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, დავეხმაროთ ყველას და ყველგან; იქ, სადაც ამას საჭიროება და უფლის ნება მოითხოვს. ამგვარი მსახურება არ გაგვაღარიბებს, პირიქით, “ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის”. თესლის გაბნევით მთესველი თესლს ამრავლებს. ასევე მრავლდება მათი ქონებაც, ვინც ერთგულია ღვთის სიტყვისა და უხვად გასცემს ღვთისაგან ბოძებულს. და უფალიც უფრო მეტად აკურთხებს ამ ადამიანებს. უფალი ღმერთი უფრო მეტ მადლს პირდება მათ, რათა კვლავ უხვად გასცენ. “მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში” (ლუკ. 6:38).ქი 32.3

    უფრო მეტსაც გვასწავლის თესვა და მკა. ხშირად იმ ადამიანთა გული, რომელთაც ღვთის ბოძებულ წყალობას, სიყვარულსა და თანაგრძნობას ვუზიარებთ, უფლისადმი მადლიერების გრძნობით ივსება; მათი გულის ნიადაგი მასში ჩათესილი სულიერი ჭეშმარიტების თესლის აღმოცენებისათვის ემზადება. ხოლო ის, ვინც მთესველს თესლს აძლევს, თავად უზრუნველყოფს მის აღმოცენებას, განვითარებას და საუკუნო სიცოცხლისათვის მომზადებას.ქი 32.4

    მიწაში ჩამარხული თესლი სიმბოლოა ჩვენი ხსნისათვის ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისა. “თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, - ამბობს მაცხოვარი, - მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს” (იოან. 12:24). ასევე ქრისტეს სიკვდილიც უხვ ნაყოფს გამოიღებს ღვთიური სასუფევლისათვის. ისევე, როგორც ეს მცენარეთა სამყაროში ხდება, ქრისტეს სიკვდილის ნაყოფი სიცოცხლე იქნება.ქი 32.5

    ადამიანი, რომელსაც ქრისტესთან თანამშრომლობით ღირსეული ნაყოფის გამოღება სურს, თავიდან მიწაში უნდა დაიმარხოს და მოკვდეს. მისი სიცოცხლე წუთისოფლის საჭიროებათა ხნულში უნდა ჩავარდეს. საკუთარი თავისადმი ეგოისტური სიყვარული და საკუთარ თავზე ზრუნვა კი სამუდამოდ უნდა მოისპოს. მაშინ თვითგანწირვის კანონი თავდაცვის ჭეშმარიტ კანონად იქცევა. მიწაში ჩათესილი თესლი იძლევა ნაყოფს, რომელიც შემდგომში სათესად გამოიყენება და სამკალიც მრავლდება. ამგვარად, როცა მთესველი თესლს მიწაში თესავს, სინამდვილეში, ინახავს მას. ასევეა ადამიანთა ცხოვრებაშიც: გაცემა სიცოცხლეა. მარადიულობისათვის შენახული სიცოცხლე - ეს არის ღვთისა და ადამიანის მსახურებისათვის შეწირული სიცოცხლე. ის, ვინც თავის ცხოვრებას ამ წუთისოფელში ქრისტეს მიუძღვნის, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.ქი 33.1

    ამგვარად, თესლი კვდება, რათა ახალი სიცოცხლე აღმოცენდეს. ამ პროცესში მკვდრეთით აღდგომის იდეაა ჩაქსოვილი. ვისაც ღმერთი უყვარს, იგი კვლავ იცხოვრებს ზეციურ სამოთხეში. ადამიანის სხეულზე, რომელიც სამარხში იხრწნება, უფალი ამბობს: “ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში” (1კორ. 15:42,43).ქი 33.2

    ასეთია თვით ბუნების წიაღიდან აღებული და მთესველისა და თესლის შესახებ უბრალო იგავში გადმოცემული ზოგიერთი გაკვეთილი. მშობლებმა და მასწავლებლებმა, რომლებიც მოზარდებს ამ ჭეშმარიტებებს შეასწავლიან, თავად უნდა იცოდნენ, რა თესლს თესავენ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ პრაქტიკულად განუმტკიცონ ბავშვებს სახარების გაკვეთილები, რათა ჭეშმარიტების მაღალი იდეალები დაანახონ მათ. დაეხმარეთ ბავშვებს, თავად მოამზადონ ნიადაგი და დათესონ თესლი. ამ სამუშაოს შესრულებისას მშობლებმა და მასწავლებლებმა ბაღი, სადაც ბავშვები შრომობენ, შეადარონ ადამიანის გულს, რომელშიც აგრეთვე ითესება ბოროტი და კეთილი თესლი; ასწავლონ, რომ ადამიანის გულიც ისევე უნდა მომზადდეს მასში ჭეშმარიტების თესლის დასათესად და დასაფუძნებლად, როგორც ბაღი - დასათესად. თესლის დათესვისას კი უამბეთ ბავშვებს ქრისტეს სიკვდილის ამბავი, ხოლო პირველი ყლორტის აღმოცენებისას - მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო. მცენარეების შემდგომი განვითარების პროცესში განაგრძეთ გაკვეთილი და მოახდინეთ შედარება ბუნებრივ და სულიერ თესვას შორის.ქი 33.3

    ასევე უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდობასაც. მათ მიწაზე მუშაობა უნდა შევაყვაროთ. ამისათვის კარგი იქნებოდა, ყოველ სკოლას თავისი მიწის ნაკვეთი ჰქონოდა, სადაც უფლის განსაკუთრებულ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ. ბუნება და ყველაფერი, რაც მასში ხდება, თავისებური სახელმძღვანელოა, რომლითაც ღვთის შვილებმა უნდა ისარგებლონ და რომლითაც ადამიანთა სულების მომზადება უნდა ისწავლონ.ქი 33.4

    იგავიდან მთესველისა და თესლის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა შევიმეცნოთ. დაუმუშავებელი მიწა ვერავის მისცემს მოსავალს. ნიადაგის სათესად მომზადებას კი გულმოდგინე შრომა და მოშურნეობა სჭირდება. ასეთივე სულიერი შრომაა საჭირო ადამიანის გულის მოსამზადებლად. ის, ვისაც ადამიანთა ხსნის საქმეში წარმატების მოპოვება სურს, უდიდესი მოშურნეობით უნდა შეუდგეს ღვთის სიტყვის წუთისოფელში დათესვას. და მაშინ აღმოაჩენს იგი ღვთის წმიდა სულის ზეგავლენით გაფხვიერებულ და დარბილებულ გულის ნიადაგს. მიწა არ მოგვცემს უხვ ნაყოფს, თუკი მასზე მუდმივად არ ვიზრუნებთ. იგი ყოველდღიურ, რეგულარულ შრომას მოითხოვს. მას ხშირი და ღრმა მოხვნა სჭირდება, რათა გათავისუფლდეს ღვარძლისაგან, რომელიც კეთილი თესლისათვის განკუთვნილი საკვებით იკვებება. სწორედ ამ გზით იღებენ მოსავალს ისინი, ვინც ხნავს და თესავს. არ არის საჭირო, იდგე შუაგულ ყანაში და ნაღვლიანად შესცქეროდე აუხდენელი იმედების მსხვრევას.ქი 33.5

    უფალი კურთხევას უგზავნის ყველას, ვინც გულმოდგინედ ამუშავებს მიწას და იმავდროულად ბუნების სულიერ გაკვეთილებსაც სწავლობს. ნიადაგის დამუშავების დაწყებისას მიწათმოქმედს წარმოდგენა არა აქვს, თუ რა დიდ საგანძურს მიაგნებს იგი დროთა განმავლობაში. თუმცა იგი ყურადღებით უსმენს გონიერ და გამოცდილ ადამიანთა შეგონებებსა და რჩევებს, მაგრამ მუშაობის პროცესში მიღებული გაკვეთილები საკუთრად უნდა შეიმეცნოს, რაც სულის წარმატებით აღზრდის აუცილებელი პირობაა.ქი 33.6

    ის, ვინც დღედაღამ თესლის აღმოცენებასა და განვითარებაზე ზრუნავს, ვინც მას ამის ძალას და უნარს აძლევს - ჩვენი სამყაროს შემოქმედი და მეუფე - უდიდეს მზრუნველობასა და ყურადღებას იჩენს თავისი შვილებისადმი. ადამიანი თესლს თავისი მიწიერი ცხოვრების შესანარჩუნებლად მიწაში თესავს, ზეციერი მთესველი კი - ადამიანის სულში, რათა გამოიღოს კეთილი ნაყოფი საუკუნო სიცოცხლისათვის.ქი 34.1