Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 13 - ორი მლოცველი

    ლუკ.18:9-14

    “ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ”, ქრისტემ უამბო იგავი ფარისევლისა და მებაჟის შესახებ. ფარისეველი შედის ტაძარში სალოცავად, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავი მიაჩნია ცოდვილად, რომელსაც მიტევება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ თავი მართალი ჰგონია და ამისათვის შექებას ელის. ლოცვას იგი მიიჩნევს საკუთარ დამსახურებად, რომელიც მას უფლის თვალში ღირსებას შესძენს და, ამავე დროს, ცდილობს, თავისი ღვთისმოსაობით ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ამასთანავე, უფლისა და ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვებას იმედოვნებს. მისი თაყვანისცემა ანგარებითაა გამოწვეული.ქი 59.1

    ფარისეველი მხოლოდ საკუთარ თავს ამკობს ქებადიდებით, რაც კარგად ჩანს მის ლოცვაშიც, სიარულშიც და გამომეტყველებაშიც. განცალკევებულად დგას იგი, თითქოს ამბობს: “გამეცალე, ნუ მომიახლოვდები, რადგან მე შენზე წმიდა ვარ” (ეს. 65:5). დგას და ლოცულობს “თავისთვის”, საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილი და თვლის, რომ უფლისა და ადამიანთა აღტაცებას იმსახურებს.ქი 59.2

    “გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან - მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა”. საკუთარ თავს იგი უფლის სიწმიდით კი არ ზომავს, არამედ სხვა ადამიანებთან შედარებით კმაყოფილდება. მისი საზომი ღვთიური ხასიათი კი არ არის, არამედ ადამიანთა. ამიტომ იგი კმაყოფილია.ქი 59.3

    იგი განაგრძობს საკუთარ ღირსებათა ჩამოთვლას: “კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან”. ფარისეველი მართლაც აკეთებს ყოველივე ამას, მაგრამ მისი ღვთისმოსაობა გარეგნულია. იგი არ ილტვის ღვთიური ხასიათის თვისებების შეძენისაკენ, რათა მის გულში სიყვარულმა და მოწყალებამ დაისადგუროს. იგი კმაყოფილდება რელიგიით, რომელიც მხოლოდ მისი ცხოვრების გარეგნულ მხარეს მოიცავს. მისი სიმართლე მხოლოდ საკუთარ საქმეებს ეყრდნობა და ადამიანთა საზომით იზომება.ქი 59.4

    ის, ვისაც საკუთარი თავი მართალი ჰგონია, მაღლიდან დაჰყურებს სხვებს. თავისი თავის სხვებთან შედარებით ფარისეველი სხვებსაც საკუთარი საზომით ზომავს და სხვებთან შედარებით თავი უფრო წმიდად წარმოუდგენია. ეს საკუთარი სიმართლე უფლებას აძლევს, ამხილოს სხვები. “სხვა ადამიანებს” იგი უფლის რჯულის დარღვევაში სდებს ბრალს. და სწორედ აქ ჩანს სატანის - ძმების ცილისმწამებლის - სული. ასეთი სულით იგი ვერ შევა ღმერთთან ურთიერთობაში. და ტაძრიდან სახლში ღვთიური კურთხევის გარეშე ბრუნდება.ქი 59.5

    მებაჟეც სხვა მლოცველებთან ერთად მივიდა ტაძარში, მაგრამ მალე განერიდა მათ, რადგან თავი ღმერთის ასეთი ერთგული ადამიანების გვერდით დგომისა და მათთან ერთად ლოცვის ღირსად არ ჩათვალა. “ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი”. მკერდში მჯიღს იცემდა, მწარედ ტიროდა და საკუთარი თავი სძულდა, უფლის წინაშე დამნაშავედ, უწმიდურად გრძნობდა თავს. იგი არ ელოდა თანაგრძნობას იქ მყოფ ხალხთაგან, ვინაიდან ზიზღით უმზერდნენ მას. იცოდა მებაჟემ, რომ ვერაფრით გამართლდება ღვთის წინაშე და სასოწარკვეთით ლოცულობდა: “ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი”. მას აზრადაც არ მოსვლია საკუთარი თავის სხვებთან შედარება. დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი, იგი თითქოს მარტოდმარტო, პირისპირ იდგა ღვთის წინაშე. მისი ერთადერთი სურვილი, ერთადერთი თხოვნა იყო - მიეღო შეწყალება და სიმშვიდე. და მიიღო კიდეც კურთხევა. “თქვენ გეუბნებით, - თქვა მაცხოვარმა, - ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი”.ქი 59.6

    ფარისეველი და მებაჟე ადამიანთა იმ ორი კლასის წარმომადგენელია, რომელიც ტაძარში ღვთის თაყვანსაცემად მოდის. ისინი შედარებულნი არიან ამქვეყნად დაბადებულ ორ ყრმასთან: ფარისევლის მსგავსად, კაენიც წმიდად თვლიდა თავს და უფალს მხოლოდ სამადლობელი შესაწირავი მიართვა. მას ცოდვილად არ მიაჩნდა თავი და არც უფლის შეწყალებას საჭიროებდა. აბელმა კი შესწირა მსხვერპლი, რომლის სისხლიც ღვთის კრავზე მიუთითებდა. იგი წარდგა უფლის წინაშე, როგორც მომნანიებელი ცოდვილი. თავის ერთადერთ იმედს იგი ამყარებდა მხოლოდ უფლის უსაზღვრო სიყვარულზე, რომელსაც არაფრით იმსახურებდა. ღმერთმა მოიწონა მისი აღსავლენი, კაენისა კი უარყო. უპირველესი პირობა უფალთან მიახლოებისა, ეს არის იმის შეგნება და აღიარება, რომ უფლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია; რომ ცოდვილნი და საცოდავნი ვართ. “ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი” (მათ. 5:3).ქი 60.1

    ამ ორივე კლასის მლოცველთათვის, რომელთაც ფარისეველი და მებაჟე წარმოადგენს, კარგი გაკვეთილია პეტრე მოციქულის ისტორია. თავისი მოციქულობის პირველ დღეებში მას ფარისეველივით დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე; იმით იკვეხნიდა, რომ ძლიერია და ისეთი არ არის, “როგორიც სხვა ადამიანები არიან”. როდესაც ქრისტემ იუდას ღალატის წინ გააფრთხილა მოწაფეები: “ყველანი ცდუნდებით”, პეტრემ მტკიცედ მიუგო: “თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა” (მარკ. 14:27-29). პეტრემ არ იცოდა, რა საფრთხე ელოდა. თავდაჯერებულობამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ყოველგვარ ცდუნებას წინ აღუდგებოდა, მაგრამ სულ მალე, სულ რაღაც რამდენიმე საათში, დადგა მისი მკაცრად გამოცდის დრო, როცა პეტრემ წყევლითა და ფიცით უარყო თავისი უფალი.ქი 60.2

    და, როცა მამლის ყივილმა გაახსენა ქრისტეს სიტყვები, მაშინ მიხვდა პეტრე, თუ რა ჩაიდინა, თავზარდაცემული მიბრუნდა და უფალს შეხედა. ამ დროს მაცხოვარმაც მოიხედა და იმ ნაღვლიან, სიყვარულითა და თანაგრძნობით აღსავსე მზერაში პეტრემ ამოიცნო საკუთარი სული; გამოვიდა და მწარედ ატირდა. სულის სიღრმემდე შეძრა იგი მაცხოვრის გამოხედვამ. მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა და თავისი დანაშაული ცრემლით მოინანია, რაც ძლიერ ჰგავდა მებაჟის მწუხარე მონანიებას. და, მებაჟის მსგავსად, ისიც მიტევებულ და შეწყალებულ იქნა. უფლის მზერამ დაარწმუნა იგი ამაში.ქი 60.3

    ამ წუთიდან გაქრა პეტრეს თავდაჯერებულობა. მას შემდეგ აღარასოდეს გამოუჩენია მას სიამაყე და პატივმოყვარეობა.ქი 60.4

    მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა სამჯერ გამოსცადა პეტრე. “სიმონ იოანესო, - ჰკითხა მან, - ამათზე მეტად გიყვარვარ?” მაგრამ პეტრემ ყოველგვარი სიამაყისა და ძმების დამცირების გარეშე უპასუხა მას, ვისაც მისი ფიქრების წაკითხვა შეეძლო და უთხრა: “უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ” (იოან. 21:15,17).ქი 60.5

    მაშინ მიანდო მას უფალმა ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე, როგორიც არასოდეს ჰქონია. უფლის ცხვრებსა და კრავებზე ზრუნვა დაავალა მას. როდესაც პეტრეს მათზე ზრუნვა მიანდო, ვისთვისაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მაცხოვარმა დაადასტურა, რომ სჯერა პეტრეს რწმენის საბოლოოდ განმტკიცებისა. ოდესღაც პატივმოყვარე, ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ფიცხი პეტრე მორჩილ და თავმდაბალ მოციქულად იქცა. მას შემდეგ მუდამ ერთგული იყო იგი თავისი უფლისა, მისთვის თავდადებული და თავგანწირული, ქრისტეს ტანჯვათა მოზიარე. და, როცა ქრისტე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, პეტრეც იქნება მისი საოცარი დიდების თანაზიარი.ქი 60.6

    ცოდვა, რომელმაც პეტრე განდგომამდე მიიყვანა, ფარისეველს კი უფალთან ცოცხალ ურთიერთობაში ხელი შეუშალა, დღესაც მრავალ ადამიანს ღუპავს. სხვა არაფერია უფრო საშიში ადამიანის სულისათვის და უცხო - ღვთისათვის, ვიდრე სიამაყე და თავდაჯერებულობა. ყველა სხვა ცოდვათა შორის ეს ყველაზე უიმედო და განუკურნებელია.ქი 60.7

    პეტრეს განდგომა გამოიწვია არა წუთიერმა სისუსტემ, არამედ მისმა თანდათანობით დაცემამ. თვითდაჯერებულობამ დაარწმუნა მოციქული, რომ იგი უკვე გადარჩენილია, რამაც ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ დასწია უკან, სანამ მთლად არ დაეცა და თავისი უფალი არ უარყო. ჩვენ არასოდეს ვიქნებით ცდუნებისაგან დაცულნი აქ, წუთისოფელში; ნურც საკუთარი თავის იმედი გვექნება. თვით ყველაზე გულწრფელმა ქრისტიანებმაც კი არ უნდა თქვან ან იფიქრონ, რომ უკვე დახსნილნი არიან. ეს შეცდომაა. თავის რწმენასა და გადარჩენის იმედს ყოველი ქრისტიანი უნდა გაუფრთხილდეს, მაგრამ შეცდომისაგან არც მაშინა ვართ დაცული, როცა ქრისტიანული გზით დავდივართ და ვიცით, რომ მაცხოვარმა უკვე მიგვიღო. ღვთის სიტყვა გვასწავლის: “მრავალი გასუფთავდება, განსპეტაკდება და გამოიწრთობა” (დან. 12:10). მხოლოდ ის, ვინც გამოცდას გაუძლებს, “მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს” (იაკ. 1:12).ქი 61.1

    ბევრ ახლადმოქცეულ ქრისტიანს, რომელიც დარწმუნებით აცხადებს, რომ გადარჩენილია, თავდაჯერებულობის საფრთხე ემუქრება. ასეთებს ავიწყდებათ, რომ უძლურნი არიან და მუდამ ღვთიურ დახმარებას საჭიროებენ. ისინი ჯერ კიდევ არ არიან სატანის მზაკვრულ ხრიკებთან შესახვედრად მზად და ცდუნების ჟამს პეტრეს მსგავსად ცოდვათა ჭაობში ეფლობიან. ჩვენ გვაფრთხილებენ: “ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს” (1კორ. 10:12). ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს დავეყრდნოთ საკუთარ თავს და ყველაფერში მივენდოთ ქრისტეს.ქი 61.2

    პეტრეს აუცილებლად უნდა შეეცნო საკუთარი ხასიათის ნაკლი და სუსტი მხარეები, რათა მიმხვდარიყო, თუ როგორ სჭირდება ღვთიური ძალა და მადლი. უფალს არ შეეძლო, დაეცვა იგი გამოცდისაგან, მაგრამ, მოციქულის სურვილის თანახმად, შეეძლო, ეხსნა დამარცხებისაგან. პეტრეს რომ ყურად ეღო უფლის გაფრთხილებები, იგი ლოცვებში იფხიზლებდა; გაფრთხილდებოდა, რომ არ წაქცეულიყო. უფალი დაეხმარებოდა, ხელს შეაშველებდა და სატანაც ვერ შეძლებდა მის დამარცხებას.ქი 61.3

    პეტრეს დაცემის მიზეზი მისი თავდაჯერებულობა იყო. და მხოლოდ მონანიებამ და მორჩილებამ განამტკიცა კვლავ იგი. პეტრეს მაგალითი იმედისა და მხნეობის მომცემია ყოველი ადამიანისათვის, რომელიც თავის დანაშაულს ინანიებს. და, თუმცა პეტრემ საშინელი ცოდვა ჩაიდინა, მაცხოვარს იგი მაინც არ მიუტოვებია. მას კარგად ახსოვდა ქრისტეს სიტყვები: “მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა” (ლუკ. 22:32). ტინდისის ქენჯნის მტანჯველ წუთებში ქრისტეს ამ ლოცვისა და სიყვარულითა და სინანულით სავსე მზერის გახსენება დიდ ნუგეშს სცემდა პეტრეს. მკვდრეთით აღდგომისას მაცხოვარმა გაიხსენა პეტრე და ანგელოზის მეშვეობით დედაკაცებს დაავალა: “წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას” (მარკ.16:7). Íეტრემ მოინანია დანაშაული და უფალმაც მიუტევა.ქი 61.4

    დღესაც მსგავს თანაგრძნობას ავლენს უფალი იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც ვერ გაუძლეს ცდუნებას. სატანის ჩვეული ხრიკია, აცდუნოს ადამიანი, შემდეგ კი იგი, უმწეო და უიმედო, ისეთ მდგომარეობაში მიატოვოს, რომ უფლისათვის პატიების თხოვნისაც შეეშინდეს. მაგრამ რად უნდა გვეშინოდეს, როდესაც ვიცით უფლის სიტყვები: “თუ ჩაეჭიდება ჩემს სიმტკიცეს, რათა ქმნას ჩემთან მშვიდობა, ქმნას მშვიდობა ჩემთან” (ეს. 27:5). უფალმა ღმერთმა ყველაფერი გააკეთა ჩვენს განსამტკიცებლად; ყოველივე მოგვცა, რათა გაგვამხნევოს ქრისტესკენ მიმავალ გზაზე.ქი 61.5

    ქრისტემ მსხვერპლად გაიღო თავისი ნაგვემი სხეული, რათა უფლის მემკვიდრეობა გამოესყიდა და ადამიანისათვის კიდევ ერთხელ მიეცა ღმერთთან შემორიგების შესაძლებლობა. “ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ” (ებრ. 7:25). თავისი უმწიკვლო ცხოვრებით, მორჩილებითა და გოლგოთაზე ჯვარცმით იესო ქრისტე დაღუპული კაცობრიობის მეოხი გახდა. ახლა ჩვენი მხსნელი შუამდგომლობას გვიწევს არა როგორც უბრალო მთხოვნელი, არამედ როგოც გამარჯვებული, რომელიც თამამად აცხადებს თავის გამარჯვებას. მის მიერ გაღებული მსხვერპლი სრულყოფილია. გახდა რა ჩვენი მეოხი, იგი ასრულებს თავის შუამდგომლურ მსახურებას უფლის წინაშე წარდგენილი საცეცხლურით, რომელზედაც მისი შეუბღალავი ღირსებანი და ღვთის ერთგულთა ლოცვები, მადლიერებანი და მონანიებანია დადებული. მისი სიმართლის საკმეველის საოცარი სურნელი თვით უფლისკენ მიემართება. უძვირფასესი ძღვენია იგი უფლისათვის და უზენაესის მიმტევებლური გულმოწყალება ფარავს ყველა ცოდვას.ქი 61.6

    ქრისტემ თავად შეგვცვალა ჩვენ, გახდა ჩვენი შუამდგომელი და არავის მიატოვებს. განა ის, ვისაც ყოველი მარტოდ დარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული ადამიანისათვის თანაუგრძვნია, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ადამიანის გადარჩენისათვის, არ შეიბრალებს და თანაუგრძნობს ყოველს, ვინც მიხვდება, რომ თავს ვერ გადაირჩენს?ქი 62.1

    არც ერთ მთხოვნელს არ შეხვდება მაცხოვარი გულგრილად; ყველა დაცემულს წამოაყენებს. ის, ვინც თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით ადამიანს ზნეობრივ ძალთა უსასრულო მარაგი შესძინა, განა ჩვენი გადარჩენისათვის არ გამოიყენებს მას? საკმარისია მის ფერხთა წინაშე განვართხოთ ჩვენი ცოდვები და ნაღველი. უსაზღვროდ ვუყვარვართ მაცხოვარს. ყოველი მისი სიტყვა და გამოხედვა გვამხნევებს და ნდობას აღგვიძრავს. იგი აყალიბებს ჩვენს ხასიათს თავისი ნებისამებრ და აკეთილშობილებს მას.ქი 62.2

    სატანის ვერავითარი ძალა ვერ დაამარცხებს ადამიანის სულს, რომელიც უბრალოდ, სრულად მიენდობა ქრისტეს. ის “აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს” (ეს. 40:29).ქი 62.3

    “თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან”. “ოღონდ შეიცანი შენი ურჯულოება, რომ შენი უფალი ღმერთის მიმართ ჩაიდინე დანაშაული”. “და გასხურებს წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ თქვენ” (1იოან. 1:9; იერ. 3:13; ეზეკ. 36:25).ქი 62.4

    მაგრამ, ვიდრე მოგვეტევება და შეწყალებულ ვიქნებით, საკუთარი სული უნდა შევისწავლოთ, რათა ამან გულწრფელ მონანიებამდე მიგვიყვანოს. ფარისეველმა ამ იგავში ვერ შეიცნო თავისი ცოდვილი მდგომარეობა. სულიწმიდამ ვერ შეძლო მის გულში შეღწევა, ვინაიდან მისი სული საკუთარი სიმართლისა და სიამაყის ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც ანგელოზთა ხელით გალესილმა, მისი გულისკენ მიმართულმა უფლის ისრებმაც კი ვერ გაარღვია. ქრისტეს მხოლოდ იმის გადარჩენა შეუძლია, ვინც მიხვდება, რომ ცოდვილია. ქრისტე მოვიდა “გლახაკთა სახარებლად… გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად” (ლუკ. 4:18). “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ” (ლუკ. 5:31). ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ საკუთარი გულის ჭეშმარიტი მდგომარეობა, სხვაგვარად ქრისტეს დახმარების საჭიროებას ვერ ვიგრძნობთ. თუკი არ გვეცოდინება, რა ხიფათი გველის, თავშესაფრის ძებნას არ დავიწყებთ; თუკი ვერ ვიგრძნობთ წყლულების ტკივილს, განკურნების საჭიროებასაც ვერ შევიცნობთ.ქი 62.5

    მაცხოვარი გვაფრთხილებს: “შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. მე გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე” (გამოცხ. 3:17,18). ცეცხლით განწმედილი ოქრო - ეს არის სიყვარულით მოქმედი რწმენა. მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი უფალთან ურთიერთობის მოწესრიგება. შესაძლოა, ჩვენ განუწყვეტლად, აქტიურად ვიშრომოთ და ვაკეთოთ უფლის საქმეები, მაგრამ სიყვარულის გარეშე, იმ უსაზღვრო სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, ვერასოდეს გავხდებით ზეციური ოჯახის წევრი.ქი 62.6

    ვერავინ შეიცნობს თავის ნაკლს საკუთარი მცდელობით. “ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?” (იერ. 17:9). ბაგეს შეუძლია, წარმოთქვას საკუთარი სულის სიდუხჭირე, მაგრამ გულმა არ აღიაროს იგი. შესაძლოა, ვაღიაროთ უფლის წინაშე, რომ საშინლად ცოდვილნი და სულით ღარიბნი ვართ, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენი გული ამაყობდეს საკუთარი თავმდაბლობის, მორჩილებისა და სიმართლის გამო. საკუთარი თავის შეცნობის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ქრისტეს შეცნობა. ადამიანი სწორედ იმიტომ ამაყობს საკუთარი სიწმიდითა და სიმართლით, რომ არ იცნობს ღმერთს. საკუთარ ნაკლს, მანკიერებას, უძლურებასა და სულის სიღარიბეს - როგორიც სინამდვილეში ვართ - მხოლოდ მაშინ მივხვდებით, როცა მის სრულყოფილებასა და სიწმიდეს შევიცნობთ. მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ როგორ გამოვეწყვეთ საკუთარი სიმართლის სამოსელში; რომ არაფრით განვსხვავდებით სხვა იმედდაკარგულ, გზააბნეულ ცხვართაგან და მივხვდებით, რომ, თუკი ოდესმე გადავრჩებით კიდეც, ეს მოხდება არა ჩვენი ღირსებებითა და დამსახურებით, არამედ უფლის დიდმოწყალებითა და მადლით.ქი 62.7

    მებაჟის ლოცვა შესმენილ იქნა იმიტომ, რომ მის მუდარაში უფლისადმი სრული ნდობა ჩანდა. იგი გრძნობდა, რომ მისი ყოფნაარყოფნა მხოლოდ უფალზეა დამოკიდებული და მის ყოვლისშემძლე ხელს მიენდო. იცის მებაჟემ, რომ მასში არაფერია წმიდა; რომ მისი სული ცოდვითა და სირცხვილითაა სავსე. ასეთად უნდა დაინახოს საკუთარი თავი უფლის ყოველმა მძებნელმა და რწმენით, რომელიც უარყოფს ყოველგვარ თვითდაჯერებულობას, უფლის უზენაეს ძალას უნდა მიენდოს.ქი 63.1

    ვერავითარი სხვა, გარეშე რიტუალი ვერ შეცვლის ღვთისადმი უბრალო რწმენასა და საკუთარი ეგოიზმის უარყოფას. მაგრამ საკუთარი ძალისხმევით ვერავინ შეძლებს, გათავისუფლდეს მისგან. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ნება დავრთოთ მაცხოვარს, შეასრულოს ჩვენში ეს საქმე. ჩვენი სული უნდა ღაღადებდეს: “უფალო, მიიღე ჩემი გული, რადგან თავად მისი მოცემა არ შემიძლია. იგი შენ გეკუთვნის. განწმიდე იგი, რადგან თავად არ ძალმიძს მისი წმიდად შენახვა შენთვის. მიხსენ ჩემი “მე”-ს წინააღმდეგობის მიუხედავად მე, სუსტი, ცოდვილი ადამიანი, რომელმაც დაკარგა შენი ხატება და მსგავსება. გარდაქმენი ჩემი სული და განაახლე იგი. ამამაღლე ზეცის წმიდა მწვერვალებამდე, სადაც შენი სიყვარულის უხვი ნაკადი განმბანს ჩემი ცოდვისაგან”.ქი 63.2

    საკუთარი “მე”-ს ამგვარად უარყოფა და სულის განახლება უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისში, არამედ ზეცისკენ მიმავალ გზაზე ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. ჩვენი კეთილი საქმეები ჩვენ გარეშე ძალებზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი გული მუდამ ღვთისაკენ უნდა ისწრაფოდეს. მუდამ გულწრფელად, მორჩილი გულით, მხურვალედ უნდა ვაღიარებდეთ საკუთარ ცოდვებს უფლის წინაშე. მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის მუდმივი უარყოფით, გულის განახლებითა და მაცხოვრისადმი ნდობით შეგვიძლია, ვიცხოვროთ უშიშრად.ქი 63.3

    რაც უფრო ახლოს გავიცნობთ მაცხოვარს და ვიხილავთ მის წმიდა, სრულყოფილ ხასიათს, მით უფრო ნათლად დავინახავთ ცოდვის საშინელებას და დაგვეკარგება საკუთარი თავის ამაღლებისა და განდიდების სურვილი. ისინი, ვისაც ზეცა წმიდად შერაცხავს, ყველაზე ნაკლებად იამაყებენ საკუთარი საქმეებით. პეტრე მოციქული ქრისტეს ერთგული მსახური იყო და უხვადაც დააჯილდოვა ზეცამ ღვთიური ნათლითა და ძალით. იგი აქტიური მონაწილე იყო ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების საქმეში, მაგრამ არასოდეს დავიწყებია თავისი საშინელი დაცემა. მართალია, ცოდვა მიეტევა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ მისი ხასიათის ის ნაკლი, რომელმაც ასე დასცა იგი, საბოლოოდ მხოლოდ ქრისტეს მადლით აღმოიფხვრებოდა. იგი ვერაფერს ხედავდა საკუთარ თავში ისეთს, რითაც იამაყებდა.ქი 63.4

    რომელიმე მოციქულსა თუ წინასწარმეტყველს არასოდეს განუცხადებია, რომ უცოდველია. ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ღმერთთან, რომლებიც შეგნებულად დანაშაულის ჩადენას სიკვდილს ამჯობინებდნენ, რომლებიც ღვთიური ძალითა და მადლით იყვნენ დაჯილდოებულნი, ყოველთვის აღიარებდნენ, რომ ცოდვილნი არიან. ისინი არასოდეს ენდობოდნენ საკუთარ ხორცს, არასოდეს ამაყობდნენ თავიანთი სიმართლითა და სიწმიდით. მათ მხოლოდ ქრისტეს სიმართლისა და მიტევების იმედი ჰქონდათ. ასევე მოიქცევა ყველა, ვინც ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ავტორიტეტს დაეყრდნობა.ქი 63.5

    ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში ყოველ ახალ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად უფრო გაღრმავდება ჩვენი მონანიებაც. სწორედ იმ ადამიანთა მიმართ წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები, რომელთაც მიუტევა და თავისი ერი უწოდა: “და გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს მოქმედებას, რომელიც უკეთურია, და შეგძაგდებათ თქვენი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენს სისაძაგლეთა გამო” (ეზეკ. 36:31). და შემდეგ განაგრძობს: “და მე აღვადგენ ჩემს აღთქმას შენთან და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი, რათა გაიხსენო და შეგრცხვეს და აღარ გქონდეს შენ მეტად გასახსნელი პირი შენი სირცხვილის გამო, როდესაც მოგიტევებ ყოველივეს, რაც გააკეთე. - სიტყვა უფალი ღმერთისა” (ეზეკ. 16:62,63). მაშინ მართლაც ვერ გავხსნით ბაგეს საკუთარი თავის განსადიდებლად. დვეცოდინება, რომ მხოლოდ ქრისტეა ჩვენი ციხესიმაგრე. მაშინ გავითავისებთ მოციქულის ნათქვამს: “თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც სოფელია ჯვარცმული ჩემთვის და მე სოფლისთვის” (გალ. 6:14).ქი 64.1

    ამ გამოცდილებასთან სრული თანხმობით ჟღერს მოწოდება: “შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით” (ფილიპ. 2:12,13). ამ სიტყვებში არ არის უფლისაგან მუქარა იმის შესახებ, რომ იგი თავის აღთქმას არ შეასრულებს, მოთმინებას დაკარგავს ან მისი თანაგრძნობის წყარო დაშრება. უნდა გვეშინოდეს მხოლოდ იმისა, რომ არაფერი მოვისურვოთ უფლის ნების საწინააღმდეგოდ; რომ ჩვენი ცხოვრება არ მართოს ჩვენი ხასიათის თანდაყოლილმა თუ შეძენილმა თვისებებმა. თავად “ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით”. გაფრთხილდით, რომ თქვენი საკუთარი “მე” არ ჩადგეს თქვენ და თქვენს უფალს შორის, რომელიც თქვენში შრომობს. გეშინოდეთ, რომ თქვენმა სურვილებმა არ დაამახინჯოს ის უზენაესი მიზანი, რომლის ჩვენში და ჩვენით განხორციელება სურს უფალს; გეშინოდეთ საკუთარ ძალებზე დაყრდნობისა, ქრისტესთან დაშორებისა და მის გარეშე ცხოვრებისა.ქი 64.2

    უნდა მოვერიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს, რაც ჩვენში სიამაყისა და თავდაჯერებულობის განმტკიცებას უწყობს ხელს: ხოტბის შესხმასა და პირფერობას როგორც საკუთარი, ასევე სხვების მისამართით. პირმოთნეობა - ეს სატანის ერთერთი ყველაზე საყვარელი ხრიკია. იგი ისეთივე წარმატებით იყენებს მას, როგორც ცილისწამებასა და ბრალდებას. ამ ხერხებით ესწრაფვის იგი ადამიანის დაღუპვას. საკუთარ იარაღად იყენებს იგი იმ პირმოთნე ადამიანებს, რომელნიც სხვებს ქებადიდებით ამკობენ. ქრისტეს მსახურმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს მის მიმართ თქმული სადიდებელი სიტყვები. ნუ შეუწყობთ ხელს თქვენში საკუთარი “მე”-ს აღზევებას. მხოლოდ ქრისტეა ღირსი დიდებისა. მხოლოდ მას ეკუთვნის ყოველი ადამიანის გულიდან ამოსული ქებადიდების სიტყვები; მას, “რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან” (გამოცხ. 1:5).ქი 64.3

    ღვთისმოშიში ადამიანის ცხოვრებაში ადგილი არა აქვს ნაღველსა და სასოწარკვეთას. სახეს სასოწარკვეთილებისა და მწუხარების ბეჭედი მხოლოდ მაშინ ადევს, როდესაც ადამიანი შორსაა ქრისტესგან. ასეთი ადამიანის ცხოვრება მეტად მძიმეა და მწარე. ის, ვინც საკუთარი ეგოიზმის ტყვეა და მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს, არ საჭიროებს ქრისტესთან პირად, ცოცხალ ურთიერთობას. გული, რომელიც კლდეზე (ქრისტეზე) არ დაცემულა და არ დამსხვრეულა, ამაყობს თავისი სიმრთელით. ადამიანები ხშირად ეძებენ ისეთ რელიგიას, რომელიც საკუთარი ღირსების გრძნობას განუმტკიცებს მათ. თავიანთი ღირსებების სატარებლად ისინი ფართო გზას ირჩევენ. თავმოყვარეობა, სახელის განთქმის სურვილი და დიდებისაკენ სწრაფვა მთლიანად ავსებს მათს გულს და მასში აღარ რჩება ადგილი მაცხოვრისათვის. მაგრამ ქრისტეს გარეშე მათი ხვედრია მწუხარება და სასოწარკვეთილება. ადამიანის გულში მყოფი ქრისტე კი სიცოცხლისა და სიხარულის დაუშრეტელი წყაროა. მისთვის, ვინც ქრისტე უკვე იპოვა, მისი სიტყვის თითოეული ბგერაც კი დიდი სიხარული და ბედნიერებაა.ქი 64.4

    “რადგან განდიდებული და ამაღლებული ამბობს ასე, მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა: მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე, მაგრამ შემუსვრილთან და სულით თვინიერთან, რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული, და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული” (ეს. 57:15).ქი 65.1

    კლდეთა ნაპრალებში იყო ჩამალული მოსე, როცა ღვთის დიდება იხილა. ასევე ჩვენც: მხოლოდ ქრისტეში, მხოლოდ მისი განგმირული ხელით დაფარულნი გავიგონებთ უფლის ხმას, თავის ერთგულთ რომ დაელაპარაკება. და ჩვენც ისევე, როგორც მოსეს, მოგვევლინება “უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი, ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას” (გამ. 34:6,7).ქი 65.2

    მეტად ძნელია ადამიანისათვის გამოსყიდვის საქმის შედეგების წარმოდგენა. “რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს” (1კორ. 2:9). როდესაც ქრისტეს ძალით მოწოდებული ცოდვილი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე გულს მოიდრეკს, იგი უკვე ახალი ქმნილებაა. ახალი გულია მასში და ხელახლა იშობა იგი იესო ქრისტეში. სიწმიდისათვის მეტი არაფერია საჭირო. ღმერთი თავად არის “მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი” (რომ. 3:26). “და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა” (რომ. 8:30). გადატანილ სირცხვილზე და დაცემაზე უფრო მეტი, შეუდარებლად დიდი იქნება განდიდება და აღზევება ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარულის მეშვეობით. უფლის ბუნებისა და ხასიათის შეძენის მსურველთა და მოშურნეთათვის მომზადებულია ზეციური საგანძური - უპირატესობანი, რომელნიც წმინდა ანგელოზებზე მეტად აღამაღლებს მათ.ქი 65.3

    “ასე უთხრა უფალმა, ისრაელის მხსნელმა და მისმა წმიდამ ადამიანთაგან აბუჩად აგდებულთ... მეფენი იხილავენ და აღდგებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისათვის, რომელიც მტკიცეა, ისრაელის წმიდას, რომელმაც ამოგარჩია” (ეს. 49:7).ქი 65.4

    “ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება” (ლუკ. 14:11).ქი 65.5