Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 14 - “განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ?”

    ლუკ.18:1-8

    ქრისტე საუბრობდა დროის იმ მონაკვეთისა და განსაცდელის შესახებ, რომელიც ყოველ მორწმუნეს უშუალოდ მისი მოსვლის წინ დაუდგება. სწორედ ამ მოვლენებს დაუკავშირა მან იგავი იმის შესახებ, “რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ”.ქი 65.6

    “ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ”.ქი 65.7

    ამ იგავში წარმოდგენილ მოსამართლეს არც სამართლიანობისადმი პატივისცემა გააჩნია და არც გაჭირვებულთა მიმართ თანაგრძნობა. ქვრივს, რომელიც მისგან დაცვასა და მფარველობას ითხოვდა, მუდამ უარით ისტუმრებდა. ქვრივი მასთან სიარულს არ წყვეტდა, თუმცა მხოლოდ უსამართლობასა და გულგრილობას აწყდებოდა.მოსამართლემ იცოდა, რომ ქვრივი მართალი იყო და თავიდანვე უნდა დახმარებოდა, მაგრამ არ მოისურვა.ნოსამართლეს თავისი ხელმწიფებისა და სიძლიერის გამოჩენა სურდა, ქვრივის დაუსრულებელი ხვეწნამუდარა და ამაო თხოვნა კი მართლმსაჯულების ამპარტავან დამცველს სიამოვნებას ანიჭებდა. მაგრამ ქვრივი იმედს არ კარგავდა და, მისი უსამართლობისა და გულგრილობის მიუხედავად, კვლავ განაგრძობდა თხოვნას მანამ, სანამ მოსამართლემ მისი საქმის შესწავლა არ დაიწყო. “მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, - თქვა მან, - მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს”. საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად და მიკერძოებასა და უსამართლობაში მხილების შიშით მან გადაწყვიტა, დაეცვა ეს ქვრივი.ქი 65.8

    “თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ”. აქ მაცხოვარი გვიჩვენებს იმ უდიდეს განსხვავებას, რომელიც ამ უსამართლო მსაჯულსა და ღმერთს შორის არსებობს. მოსამართლემ, ბოლოს და ბოლოს, შეიწყნარა ქვრივი, მაგრამ მან ეს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად და ქვრივის თავიდან მოსაშორებლად გააკეთა და არა მის მიმართ სიბრალულისა და თანაგრძნობის გამო. ამ საცოდავი ქალის უბედურება მისთვის არაფერს ნიშნავდა. სულ სხვაა ღმერთის იმ ადამიანებისადმი დამოკიდებულება, რომლებიც მას ეძებენ. და რაოდენ დიდია უფლის თანაგრძნობა და სიბრალული მაშვრალთა და გაჭირვებულთა მიმართ.ქი 66.1

    ქალი, რომელიც სასამართლოში სიმართლის საპოვნელად მივიდა, ქვრივი იყო. ამ მარტოხელა, საბრალო ქალმა ვეღარ დაიბრუნა თავისი ადრინდელი მდგომარეობა. ასეა ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც დანაშაულის გამო ღმერთთან კავშირი დაკარგა. თავად მას ხსნის არავითარი საშუალება არ გააჩნია. მაგრამ ქრისტეს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, დავიბრუნოთ უფალთან სიახლოვე. უფლის რჩეულნი მეტად ძვირფასნი არიან მამისათვის. ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც უფალმა ამქვეყნიური წყვდიადიდან თავისი დიდების საოცარ ნათელში გამოიყვანა, რათა ისინი წუთისოფლის სიბნელისათვის ანთებულ სანთლებად აქციოს. უსამართლო მსაჯულს სულ არ აინტერესებდა მასთან მოსული სიმართლის მძებნელი ქვრივის დაცვა, მაგრამ მობეზრდა ქალის დაუსრულებელი თხოვნა და იძულებული გახდა, დაეცვა იგი მოქიშპისაგან. ღმერთს კი უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარს თავისი შვილები. უფლისათვის დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი მისი ეკლესიაა.ქი 66.2

    “რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი. მან იპოვა იგი უდაბურ ქვეყანაში. უსახურობაში და უდაბნოს ყმუილში. თავს ევლებოდა იგი, თავისი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას” (რჯლ. 32:9,10). “რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარე მისი თვალის გუგის შემხებარეა” (ზაქ. 2:8).ქი 66.3

    ქვრივის თხოვნა: “დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან” - ამ იგავში ღვთის შვილთა ლოცვის სიმბოლოა. მათი უდიდესი მოქიშპე სატანაა. იგია “ჩვენი ძმების ცილისმწამებელი”, რომელიც დღე და ღამე ბრალს სდებს და ცილს სწამებს მათ უფლის წინაშე (გამოცხ. 12:10). იგი მუდამ იმის მცდელობაშია, როგორმე ღვთის ხალხი დაადანაშაულოს, მოატყუოს და დაღუპოს. და მაცხოვარი ამ იგავში სწორედ სატანისა და მის მსახურთაგან თავის დასაცავად ასწავლის თავის მოწაფეთ, დაჟინებით ილოცონ.ქი 66.4

    ზაქარიას წინასწარმეტყველებაში აღწერილია სატანის მცდელობა, ბრალი დასდოს ადამიანებს და ქრისტეს საპირისპირო მოქმედება თავისი ხალხის კაცობრიობის მტრისაგან დასაცავად. წინასწარმეტყველი ამბობს: “დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის? იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე” (ზაქ. 3:1-3).ქი 66.5

    ღვთის ხალხი აქ სამსჯავროს წინაშე მდგარ დამნაშავედაა გამოყვანილი. იეჰოცადაკის ძე იესო, როგორც მღვდელმთავარი, კურთხევას ითხოვს თავისი ხალხისათვის, რომელიც დიდ განსაცდელშია ჩავარდნილი. მის მარჯვნივ კი დგას მისი მოწინააღმდეგე სატანა, რომელიც ბრალს სდებს ღვთის შვილთ და ცდილობს, სრულიად უიმედოდ წარადგინოს მათი საქმე უფლის წინაშე. იგი მიუთითებს მათს შეცდომებზე, ნაკლზე, მათს დანაშაულსა და ცოდვებზე იმ იმედით, რომ მათი გამოსწორების უიმედობის გამო ქრისტე უარს იტყვის მათ დახმარებაზე. იესოს, როგორც ღვთის ხალხის წარმომადგენელს, წაყენებული აქვს ბრალდება და ჭუჭყიანი სამოსელი აცვია. მან კარგად იცის თავისი ხალხის ცოდვილი მდგომარეობა და მეტად დათრგუნვილია მძიმე ბრალდებებით. სატანის ბრალდება სულს უმძიმებს და უიმედობით ავსებს მას. და, მიუხედავად სატანის ასეთი თავდასხმისა, იგი მაინც დგას და განაგრძობს თხოვნას.ქი 67.1

    ცილისწამების საქმე სატანამ ჯერ კიდევ ზეცაში დაიწყო. ადამიანის დაცემის შემდეგ კი ეს დამღუპველი საქმიანობა მან დედამიწაზე განაგრძო, რაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათს მიიღებს წუთისოფლის ისტორიის დასასრულის მოახლოებასთან ერთად. როდესაც დაინახავს, რომ დრო ცოტა დარჩა, სატანა უფრო გულმოდგინედ, შეუპოვრად იმოქმედებს, რათა მრავალნი აცდუნოს და დაღუპოს. ახლა კი მის უდიდეს რისხვას იწვევენ ადამიანები, რომლებიც, თუმცა უძლურნი და ცოდვილნი არიან, მაგრამ მაინც იცავენ დიდ იეჰოვას მცნებებს. და მზაკვარი ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ უფლის რჯულის დაცვაში. ფდიდესი სიხარული იპყრობს მას, როცა ღვთის შვილნი რაიმეში ცდებიან და ყველა ხერხს მიმართავს მათი ცდუნებისათვის, რათა ისინი ღმერთს დააშოროს. სატანა ცილს სწამებს ღმერთსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ უზენაესს მისი გეგმების განხორციელებაში, მოწყალებისა და სიყვარულის, თანაგრძნობისა და მიტევების საქმეების ხორცშესხმაში.ქი 67.2

    ღვთიური ძალის ყოველი გამოვლინება მის ხალხში სატანის საშინელ გაშმაგებას იწვევს. იმ დროს, როცა უფალი ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნავს, სატანა გაორკეცებული ენერგიით ცდილობს მათ დაღუპვას. მას სძულს ყოველი, ქრისტეში გაძლიერებული. მისი მიზანია, ბოროტებისკენ უბიძგოს ხალხს და, როცა საწადელი უსრულდება, ბოროტებაში სწორედ იმას ადანაშაულებს, ვინც თავადვე აცდუნა. იგი მიუთითებს მათს გასვრილ სამოსელზე, მათს არასრულყოფილ ხასიათზე, მათს ნაკლსა და სუსტ მხარეებზე, მათს უმადურობაზე; იმაზე, რომ ეს ხალხი სრულებით არ ჰგავს ქრისტეს და მხოლოდ არცხვენს თავის მხსნელს. და აცხადებს, რომ ყოველივე ამის გამო მას აქვს უფლება, დაღუპოს ისინი. სატანა ცდილობს, შეაშინოს ადამიანები იმით, რომ მათი მდგომარეობა უიმედოა და უწმიდურებასა და მანკიერებას აღარაფერი ეშველება; ცდილობს, იმდენად შეურყიოს მათ რწმენა და ისე აცდუნოს, რომ საბოლოოდ განუდგნენ ღმერთს.ქი 67.3

    ღვთის ხალხს თავად არ ძალუძს, უპასუხოს სატანის ბრალდებას. ისინი კარგად ხედავენ თავიანთ მანკიერებას და სასოწარკვეთილებამდე მიდიან, მაგრამ იციან, რომ ჰყავთ ღვთიური შუამდგომელი, მაცხოვარი, რომელიც თავისი საქმეებითა და დამსახურებით ამართლებს მათ. ღმერთი თავად არის “მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი” (რომ. 3:26). ღვთის შვილნი მთელი გულით ევედრებიან მაცხოვარს, უარყოს სატანის ბრალდებები და ამხილოს მისი მზაკვრობა. “დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან”, - ევედრებიან ისინი და გოლგოთის ჯვრის დიდებული არგუმენტით აჩუმებს ქრისტე გამძვინვარებულ ცილისმწამებელს.ქი 67.4

    “უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?” როცა სატანამ ღვთის ხალხის სულიერ წყვდიადში გახვევა და დაღუპვა მოისურვა, ქრისტე წინ აღუდგა მას. თუმცა ადამიანებმა შესცოდეს, მაგრამ ქრისტემ თავად იტვირთა მათი ცოდვები; წყვდიადს გამოსტაცა ადამიანები ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზლებივით. თავისი ხორციელი თვისებებით ქრისტე ადამიანებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, თავისი ღვთიური ბუნებით კი მარად ცოცხალ ღმერთთანაა შერწყმული. და მას ძალუძს, უშველოს ცოდვილ ადამიანს და მოხსნას ყველაზე მძიმე ბრალდება.ქი 67.5

    “იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ. თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი. უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის” (ღვთის ტახტთან მყოფ ანგელოზთა შორისაც კი) (ზაქ. 3:3-7). ასეთი საზეიმო აღთქმა გამოუცხადა ღვთის ანგელოზმა ცაბაოთ უფლის სახელით იესოს, რომელიც უზენაესის წინაშე წარდგა, როგორც ღვთის ხალხის წარმომადგენელი.ქი 68.1

    მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხს მრავალი ნაკლი აქვს, მაცხოვარი არ ტოვებს მათ თავისი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე. იგი მის მორწმუნეთ ხდის ჭუჭყიან, ცოდვებით დასვრილ სამოსელს და თავისი სიმართლის სამოსელს აცმევს, აკმაყოფილებს მათს თხოვნას მიტევების შესახებ და აღნიშნავს ამას ზეციურ წიგნებში მათი სახელების გასწვრივ. იგი თავის ერად აცხადებს მათ მთელი სამყაროს წინაშე. სატანას კი მკაცრად ამხილებს, როგორც მზაკვარსა და მაცდურს. უფალი ღმერთი სამართლიანობას იჩენს თავისი რჩეული ხალხის მიმართ.ქი 68.2

    ლოცვა: “დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან” - დაცვას ითხოვს არა მხოლოდ სატანისაგან, არამედ მის ცრუ მსახურთაგანაც, რომელნიც ატყუებენ და ღუპავენ ადამიანებს. ისინი, ვინც უფლის მცნებათა აღსრულების გზით სიარული გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილებით მიხვდებიან, თუ რა ძლიერ ბოროტ, ბნელ ძალებთან აქვთ საქმე. ეს მტრები დაბრკოლებას უქმნიდნენ ქრისტეს ყოველ ნაბიჯს, მოქმედებდნენ რა ადამიანისათვის უჩვეულო სიჯიუტითა და შეუპოვრობით. ქრისტეს მოწაფენი, თავიანთი უფლის მსგავსად, მუდამ ხვდებოდნენ წუთისოფელში მსგავს ცდუნებებს.ქი 68.3

    წმიდა წერილი გვამცნობს, თუ რა მდგომარეობა იქნება წუთისოფელში ქრისტეს მეორედ მოსვლისას. იაკობ მოციქული გვეუბნება, რომ დედამიწაზე ძლიერ იმატებს სიხარბე და ძალადობა. იგი წერს: “ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო… დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ. თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოჰკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ” (იაკ. 5:1-6). იგივე სურათს ვუმზერთ დღესაც: ძალადობისა და გამოძალვის გზით მდიდრდებიან ადამიანები მაშინ, როცა მათ გარშემო მყოფ მშიერთა და უქონელთა ღაღადი ცას სწვდება.ქი 68.4

    “უკან დაიხია სამართალმა და შორს განდგა სიმართლე, რადგან წაბორძიკდა სიმართლე მოედანზე, და პატიოსნება ვეღარ შემოდის. აღარ არის ჭეშმარიტება და ბოროტისაგან გამდგარი წარტყვევნილია” (ეს. 59:14,15). ეს წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს აღსრულდა მაცხოვრის ცხოვრებაში. იგი, ღვთის მცნებათა ერთგული აღმსრულებელი, ადამიანთა წესებსა და ტრადიციებზე მაღლა უფლის რჯულს აყენებდა. ამისათვის სძულდათ და დევნიდნენ. ისტორია მეორდება. დღეს ადამიანთა კანონები და წესჩვეულებანი უფლის მცნებებზე მაღლა დგას, მათი ერთგულად დამცველი კი სასტიკად იდევნება და შეურაცხყოფილია. ქრისტეს ბრალად დასდეს შაბათის დარღვევა და მკრეხელობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უფლისადმი ერთგულება შეინარჩუნა. ეშმაკეულიც კი უწოდეს და ბელზებელად გამოაცხადეს. ასევე ადანაშაულებენ და ცრუდ წარმოადგენენ მის მიმდევართაც. ასე შეუპოვრად იღვწის სატანა, რათა აცდუნოს ადამიანები და გააყალბოს ღვთიური ჭეშმარიტებანი.ქი 68.5

    მსაჯული, რომელსაც არც ღვთისა ეშინოდა და არც ხალხის რცხვენოდა, ქრისტეს იგავში მოყვანილია იმ სამსჯავროს დასახასიათებლად, რომლის წინაშეც სულ მალე მაცხოვარი თავად უნდა წარმდგარიყო. ამ იგავით იგი ასწავლის თავის ხალხს, თუ რამდენად არასაიმედონი არიან ამა ქვეყნის მთავარნი და მსაჯულნი ადამიანის უბედურების ჟამს. უფლის ერთგულთ ხშირად უხდებათ დგომა იმ ოფიციალურ პირთა წინაშე, რომლებიც ხელმძღვანელობენ არა ღვთის სიტყვის რჩევადარიგებებით, არამედ თავიანთი მოუთოკავი, მანკიერი ვნებებითა და სურვილებით.ქი 69.1

    იგავით უსამართლო მსაჯულის შესახებ ქრისტე გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. “განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ?” თავად მაცხოვარს, რომელიც ჩვენთვის ყველაფერში მაგალითია, არც კი უცდია თავის მართლება და დაცვა. მან თავისი ბედი ღმერთს მიანდო. ასეთივე მოქმედება გვმართებს ჩვენც. არ არის საჭირო, ბრალდებისაგან თავის დასაცავად ბრალმდებელს ვუჩივლოთ ან საკუთარ ძალებს დავეყრდნოთ.ქი 69.2

    განსაცდელის ჟამს, რომელსაც, ჩვენი აზრით, არ ვიმსახურებთ, სიმშვიდე და თავშეკავება არ უნდა დავკარგოთ. რა უსამართლოდაც არ უნდა მოგვექცნენ, არ უნდა დავიბნეთ და ავღელდეთ; არც შურისგებაზე უნდა ვიფიქროთ, ვინაიდან ამით მხოლოდ საკუთარ სულს ვავნებთ, უფლის მიმართ უნდობლობას გამოვავლენთ და სულიწმიდას შეურაცხვყოფთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მხარეზეა ერთგული მოწმე, ზეციური მაცნე, რომელიც ჩვენ ნაცვლად ებრძვის მტერს და რომელიც თავისი სიმართლის ბრწყინვალე სხივებით დაგვფარავს. სატანა ვერ შეძლებს ამ ნათელი სხივის ძლიერი ჯავშნის გარღვევას და ჩვენს დაღუპვას.ქი 69.3

    სანამ წუთისოფელში ბოროტება არსებობს, ნურავინ მოიტყუებს თავს იმით, რომ განსაცდელი გვერდს აგვივლის. რადგან სწორედ ეს სიძნელეები მიგვიყვანს უფლის ტახტთან. ყველაფერში რჩევა უნდა ვკითხოთ მას, ვინც თავად არის სრულყოფილებისა და სიბრძნის წყარო.ქი 69.4

    უფალი ამბობს: “მომიხმე მე გაჭირვების დღეს” (ფსალმ. 49:15). იგი თავისთან გვიხმობს ყოველი ჩვენი გასაჭირითა და პრობლემებით, რათა გვანუგეშოს და ღვთიური დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. იგი მოგვიწოდებს დაჟინებით, შეუპოვრად ვილოცოთ. როგორც კი რაიმე გაგვიჭირდება, მყისვე გულწრფელად, მგზნებარე ლოცვებით უნდა ვითხოვოთ დახმარება უზენაესისაგან. ჩვენი ასეთი ლოცვები ღვთის მიმართ ჩვენს უდიდეს ნდობაზე მეტყველებს. გაჭირვება გვაიძულებს, ვილოცოთ დაჟინებით, ჩვენი ზეციერი მამა კი ჩვენს ყველა თხოვნას ისმენს და თანაგვიგრძნობს.ქი 69.5

    ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის გამო დევნასა და შევიწროებას განიცდიან, ხშირად ფიქრობენ, რომ ღვთისაგან მიტოვებულნი არიან. საზოგადოების თვალში ისინი ერთ მუჭა უმცირესობას წარმოადგენენ. მათი მტრები მათზე გამარჯვებას ზეიმობენ. ნაგრამ ნუ შეიწუხებენ თავს მსგავსი ფიქრებით. ის, ვინც მათთვის სიცოცხლე გაწირა, ვინც მათი ტანჯვა და მწუხარება იტვირთა, არასოდეს დაივიწყებს მათ.ქი 69.6

    არ მიუტოვებია უფალს თავისი შვილები ბედის ანაბარა, დაცვის გარეშე. ლოცვა ამოძრავებს ყოვლისშემძლე ღმერთის ხელს. ლოცვით “ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას”. ჩვენთვის გასაგები გახდება ყოველივე ამის მნიშვნელობა, როდესაც რწმენისათვის წამებულთა ისტორიას გავეცნობით, რომლებიც ლოცვით “დევნიდნენ უცხოთა ჯარებს” (ებრ. 11:33,34).ქი 69.7

    თუკი უფლის სამსახურში ჩავდგებით, არასოდეს შეგვექმნება ისეთი მდგომარეობა, უფალმა რომ გამოსავალი ვერ მოძებნოს. რა მძიმე ვითარებაშიც არ უნდა მოვხვდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს საიმედო მეგზური, რომელიც წინ გაგვიძღვება; საიმედო მრჩეველი, საიმედო მეგობარი, რომელიც ყოველთვის თანაუგრძნობს მარტო დარჩენილთ, მგლოვიარეთ, დამწუხრებულთ. თუკი ჩვენივე უმეცრების გამო რაიმე შეცდომას დავუშვებთ, ქრისტე არ მიგვატოვებს. მუდამ გვახსენებს იგი, წმიდა და ნათელი: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე” (იოან. 14:6). და იგი “იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არ ჰყავს შემწე” (ფსალმ. 71:12).ქი 69.8

    უფალი აცხადებს, რომ მასთან მისულნი, მისი ერთგული მსახურნი განადიდებენ მის სახელს. “სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი” (ეს. 26:3). ყოვლადძლიერი თავისი ხელით გვიკვალავს გზას და წინ მიგვიძღვის. პირდაპირ იარე, - ამბობს უფალი, - და მე დაგეხმარები. შენ ჩემი სახელის განდიდება გსურს და რასაც ითხოვ, მოგეცემა. მე განვდიდდები მათ წინაშე, ვინც შენს დამარცხებას ელის. კხილავენ ისინი ჩემი სიტყვის დიად გამარჯვებას. “ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ” (მათ. 21:22).ქი 70.1

    მოუხმეთ ღმერთს, ყოველნო ტანჯულნო და უსამართლოდ დევნილნო! გამოერიდეთ მათ, ვისაც გულის ნაცვლად ქვა უდევს მკერდში. შესთხოვეთ შემოქმედს ყოველი, რაც გსურთ. მასთან მონანიებით მისულს არასოდეს გაუცრუებს იმედს. არც ერთ გულწრფელ ლოცვას არ დატოვებს იგი უპასუხოდ. მის სადიდებელ ზეციურ საგალობელთა ხმებშიც კი ესმის ღმერთს უმწეო ადამიანის ლოცვა. ჩვენს ჩუმ ლოცვებში გამოთქმული გულთა სურვილები, შინ თუ გარეთ, სამყაროს მბრძანებლის ტახტს სწვდება. შესაძლოა, იგი ადამიანის ყურთაგან დაფარულია, მაგრამ არ იკარგება არც სიჩუმეში და არც წუთისოფლის საქმიან ხმაურში. შეუძლებელია ადამიანის სულის სურვილთა დათრგუნვა. იგი სცილდება ხმაურიან ქუჩებს, ამქვეყნიურ ამაოებას და სწვდება ზეციურ სავანეებს. ჩვენი ლოცვები პირდაპირ მასთან მიდის, ვისი მისამართითაც ვაგზავნით.ქი 70.2

    რაოდენ უღირსადაც არ უნდა ჩათვალოთ თავი, მიანდეთ თქვენი საქმეები ღმერთს. სოდესაც უფალმა ქრისტეში თავი წუთისოფლის ცოდვებს შესწირა, მაშინ ყოველი ადამიანის საქმეც თავად იტვირთა. “ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?” (რომ. 8:32). განა ჩვენს განსამტკიცებლად და გასამხნევებლად ნათქვამ თავის მოწყალე სიტყვას არ შეასრულებს იგი?ქი 70.3

    არაფერი ისე ძლიერ არ სურს ჩვენს მხსნელს, როგორც სატანის ტყვეობიდან ჩვენი გათავისუფლება. მაგრამ მისი ხელმწიფებისაგან თავის დახსნამდე, რომელიც გარედან მოქმედებს, მისგან შინაგანად უნდა გავთავისუფლდეთ. უფალი გვაძლევს გამოცდას, რათა განვიწმიდოთ ამქვეყნიური მანკიერი, უხეში, არაქრისტიანული თვისებებისაგან, სისუსტეებისა და ეგოიზმისაგან. იგი ნებას გვრთავს, ტანჯვის ძლიერმა, ღრმა ნაკადმა განბანოს ჩვენი გულები, ვინაიდან მხოლოდ ამით შევიცნობთ მას და წუთისოფელში მოსულ მის ძეს, იესო ქრისტეს. ცხოვრებაში, შესაძლოა, შეგვხვდეს მრავალი გაჭირვება, რომელთა წყალობითაც, ბოლოს და ბოლოს, განწმედის სურვილი გაგვიჩნდება და განახლებულნი, ბედნიერებას მოვიპოვებთ. ეგოიზმით დამძიმებული გული ხშირად იწრთობა ცეცხლით გავარვარებულ ქურაში და თუკი მოთმინებით გავუძლებთ მას, ღვთიურ ხასიათს შევიძენთ. სოდესაც მიზანი, რისთვისაც უფალი ჩვენს ცხოვრებაში განსაცდელს უშვებს, მიღწეულ იქნება, მაშინ იგი “გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით” (ფსალმ. 36:6).ქი 70.4

    ნუ შეგვაშინებს იმაზე ფიქრი, რომ უფალი არ შეისმენს და უყურადღებოდ დატოვებს თავისი ხალხის ლოცვას. საშიში მხოლოდ ის არის, რომ განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები სულით არ დაეცნენ, იმედი არ გაუცრუვდეთ და ლოცვაში დაჟინებული თხოვნა არ შეწყვიტონ.ქი 70.5

    ღვთიური თანაგრძნობა გამოიჩინა მაცხოვარმა სიროფინიკიელი დედაკაცის მიმართ. გულის სიღრმემდე შეძრა იგი დედის მწუხარებამ. მთელი გულით სურდა, დაერწმუნებინა ეს ქალი, რომ მისი ლოცვა შესმენილია. მაგრამ ისიც სურდა, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებული გაკვეთილი ყოფილიყო მის მოწაფეთათვის. ამიტომ რამდენიმე ხანს თითქოსდა უყურადღებოდ დატოვა გატანჯული დედაკაცის თხოვნა. მაგრამ როდესაც მან თავისი მტკიცე რწმენა გამოავლინა, მოიწონა იგი მაცხოვარმა, გაამხნევა და თხოვნა აუსრულა. მოწაფეებს არასოდეს ავიწყდებოდათ ეს შემთხვევა, რომელიც წმიდა წერილშიც კი ჩაიწერა, რათა ყველას ეხილა დაჟინებული ლოცვის დიდებული შედეგი.ქი 70.6

    ქრისტემ თავად ჩაუდო გულში ამ დედაკაცს ასეთი შეუპოვარი სული, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იყო. თავად ქრისტემ მისცა იმ ქვრივს სულიერი სიმტკიცე, რომლითაც იგი მსაჯულისაგან სამართლიანობას ითხოვდა. თავად ქრისტემ მისცა იაკობს ურყევი რწმენა იქ, იაბოკის შესაყართან, მრავალი საუკუნის წინათ, ღამის იდუმალ ბრძოლაში გასამარჯვებლად. ნდობა და რწმენა, რომელსაც იგი ადამიანებს აძლევდა, არასოდეს რჩებოდა საზღაურის გარეშე.ქი 71.1

    ის, ვინც ზეციურ საწმიდარში სუფევს, სამართლიანი მსაჯულია. ხალხი, რომელიც ამ ცოდვილ წუთისოფელში ცდუნებებს ებრძვის, ქრისტეს ბევრად უფრო ახარებს, ვიდრე ურიცხვ ანგელოზთა გუნდი, რომელიც მის ტახტს გარს ახვევია.ქი 71.2

    მთელი ზეციური სამყარო ძლიერაა დაინტერესებული ჩვენი პატარა პლანეტით, ვინაიდან ქრისტემ უზომოდ დიდი საფასური გაიღო მის მცხოვრებთა გადასარჩენად. ფხილავი ძაფებით დაუკავშირა კაცობრიობის მხსნელმა დედამიწა ზეცას, რადგან აქ უფლის გამოსყიდულნი ცხოვრობენ. ზეციური ანგელოზები დღესაც ისევე ჩამოდიან დედამიწაზე, როგორც ძველად, როცა აბრაამსა და მოსეს ესაუბრებოდნენ. დედამიწის დიდ, საქმიან ქალაქებში, მის ხალხით სავსე ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებსა და გართობის ადგილებში, სადაც დილიდან საღამომდე ადამიანები ამქვეყნიური საქმეებით, სპორტითა და გართობებით არიან დაკავებული, სადაც ყოველივე ეს მათ ცხოვრების მიზნად გაუხდიათ, სადაც უმრავლესობას ზეციურ განძზე ფიქრი სრულიად დავიწყებია, - უფალს ჰყავს თავისი წარმომადგენელნი და თავისი ერთგული მსახურნი. უხილავი ზეციური მეთვალყურენი ადამიანის ყოველ სიტყვასა და საქმეს უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან. ყოველ შეკრებაზე, საქმიანი იქნება იგი თუ გასართობი, ყველა ღვთისმსახურებაზე მსმენელთა რიცხვი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის თვალი ხედავს. დროდადრო ზეციური არსებები სწევენ ფარდას, რომელიც უხილავი სამყაროსაგან გვყოფს, რათა ჩვენი ყურადღება ჩვენი ყოველდღიური ქაოსური ცხოვრებიდან ზეციურისაკენ მიმართონ და გაგვახსენონ, რომ ჩვენ გარშემო არიან უხილავი მოწმენი, ვისთვისაც ცნობილია ყოველი ჩვენი სიტყვა და საქმე.ქი 71.3

    საჭიროა, უკეთესად გავიგოთ, თუ რაში მდგომარეობს დედამიწაზე წვეულ ანგელოზთა მისია. უკეთესი იქნებოდა, თუ არ დავივიწყებდით, რომ ჩვენს საქმიანობაში მუდამ გვეხმარებიან ეს მზრუნველი არსებები. ეს ნათელი და წმიდა არსებები თავმდაბალთა და სათნოთა მოსანახულებლად მოდიან. ეხმარებიან მათ, ვისაც სჯერა უფლის სიტყვისა და ვინც რწმენით ითხოვს უფლის აღთქმის შესრულებას. ქერუბიმებს, სერაფიმებსა და ანგელოზებს, რომელთა რიცხვი ათიათასჯერ ათიათასი და ათასჯერ ათასია, უდიდესი ძალა გააჩნიათ. ისინი ქრისტეს გვერდით დგანან და “ყველანი მომსახურე სულები არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს” (ებრ. 1:14).ქი 71.4

    ეს ზეციური მაცნენი გულმოდგინედ იმახსოვრებენ ადამიანთა ყოველ სიტყვასა და საქმეს. ღვთის შვილთა მიმართ გამოვლენილი ყოველი სისასტიკე და უსამართლობა - ყველაფერი, რასაც ისინი ურჯულოთაგან ითმენენ, ზეციურ წიგნებში იწერება.ქი 71.5

    “განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ”.ქი 71.6

    “მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. ნოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს” (ებრ. 10:35-37). “აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა” (იაკ. 5:7,8).ქი 71.7

    საოცრად სულგრძელია უფალი. დიდხანს ელის სამართლიანობა, სანამ მოწყალება ცოდვილისათვის შუამდგომლობს. მაგრამ “სიმართლითა და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი” (ფსალმ. 96:2). “სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია” (ნაუმ. 1:3).ქი 72.1

    წუთისოფელი თავხედურად არღვევს უფლის რჯულს. უზენაესის დიდსულოვნებას ადამიანები მისი ავტორიტეტის შელახვით პასუხობენ. ისინი ერთიანდებიან, რათა სასტიკად მოექცნენ და შეავიწროონ ღვთის მემკვიდრენი. და ამბობენ: “როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?” (ფსალმ. 72:11). მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც ისინი ვერ გადალახავენ. ახლოა ჟამი, როცა ისინი ამ ზღვარს მიაღწევენ. დღეს უკვე თითქმის აივსო უფლის სულგრძელობის, მისი მადლისა და წყალობის თასი. მალე აღდგება უფალი თავისი სახელისა და ხალხის დასაცავად, თავის ერთგულთა გასათავისუფლებლად, რათა სამუდამოდ მოისპოს ბოროტება და უსამართლობა.ქი 72.2

    ნოეს დღეებში ადამიანებმა იმდენად დაივიწყეს უფლის რჯული, რომ შემოქმედს აღარავინ იცნობდა დედამიწაზე. იმდენად საშინელი ფორმა მიიღო ადამიანთა უწმიდურებამ, რომ უფალი იძულებული გახდა, წარღვნით გაენადგურებინა წუთისოფელი და მიწის პირისაგან აღეგავა მისი უწმიდური ბინადარნი.ქი 72.3

    თაობიდან თაობამდე ღმერთი თავისი საქმეებით ეცხადებოდა ადამიანებს. ხოლო როცა კრიტიკული მომენტი დადგა, პირადად გამოეცხადა წუთისოფელს, რათა მის საქმეებში ჩარეულიყო და სატანის გეგმები ჩაეშალა. უფალი ხშირად უშვებდა მთელი ერების, ოჯახებისა და ცალკეული პიროვნებების კრიზისულ მდგომარეობას, რათა მისი ჩარევა უფრო ცხადი და ნათელი ყოფილიყო. ასეთ მომენტებში ყველა ნათლად ხედავდა, რომ არის ღმერთი ისრაელში, რომელიც აღადგენს თავის რჯულს და დაიცავს თავის ხალხს.ქი 72.4

    დღეს ურჯულოების საყოველთაო ზეიმის ფონზე თვალნათლივ მოჩანს უკანასკნელი უდიდესი კრიზისის მოახლოება. დღეს, როცა დედამიწის ყველა კუთხეში ღვთის შვილთ მათივე თანამემამულენი ავიწროებენ და დევნიან, უფლის ჩარევა აუცილებელია.ქი 72.5

    ახლოვდება დრო, როდესაც უფალი გვეტყვის: “წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს ოთახებში და გამოიკეტე კარები, ერთი წამით დაიმალე, სანამ რისხვა გადაივლიდეს. რადგან უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი ურჯულოებისათვის; და გამოაჩენს ქვეყანა თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილებს” (ეს. 26:20,21). დღეს ბევრ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანს ჯერ კიდევ შეუძლია, გაძარცვოს და შეავიწროოს ღარიბნი და უქონელნი; მოატყუოს ქვრივობლები; გამოავლინოს თავისი სატანური სიძულვილი მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დაიმონა ღვთის შვილთა სინდისი. ნაგრამ ყოველივე ამის გამო ისინი ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან. და ექნება “უწყალო მსჯავრი - უმოწყალოს” (იაკ. 2:13). ახლოვდება ჟამი, როცა ეს ადამიანები მთელი წუთისოფლის მსაჯულის წინაშე წარდგებიან და პასუხს აგებენ იმ სულიერი და ფიზიკური ტკივილისათვის, რომელიც მათ უფლის მემკვიდრეთ მიაყენეს. ჯერ კიდევ შეუძლიათ, ცილი დასწამონ, დასცინონ უფლის მიერ განწესებულ მისივე საქმეების აღმსრულებელთ, დაადონ ბორკილები და საპყრობილეებში ჩააგდონ, მოსპონ და გაანადგურონ, მაგრამ ყოველი მიყენებული ტკივილისათვის, ყოველი დაღვრილი ცრემლისათვის პასუხისგება მოუწევთ. ორმაგად მიუზღავს უფალი მათ დანაშაულისათვის. განდგომილი ეკლესიის სიმბოლოსთან, ბაბილონთან, დაკავშირებით ასე მიმართავს უფალი ღმერთი მათ, ვინც მასთან ერთად უნდა აღასრულოს სამსჯავროს საქმეები: “მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას” (გამოცხ. 18:5,6).ქი 72.6

    ინდოეთიდან, აფრიკიდან, ჩინეთიდან, ოკეანეთა კუნძულებიდან, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ქვეყნებიდან - ყოველი მხრიდან აღწევს უბედურ ადამიანთა გლოვა და ვაება. დიდხანს არ დარჩება უპასუხოდ ეს ვედრებანი. მალე განწმედს დედამიწას უფალი, მხოლოდ არა წარღვნის წყლებით, როგორც ეს ნოეს დღეებში იყო, არამედ ცეცხლით, რომელსაც ვერავინ ჩააქრობს.ქი 72.7

    “ისეთი ვაების დრო მოვა, ხალხის არსებობიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება” (დან. 12:1).ქი 73.1

    მანსარდებიდან, ფარდულებიდან, სარდაფებიდან, ეშაფოტებიდან, მთებიდან და უდაბნოებიდან, გამოქვაბულებიდან და ოკეანის ფსკერიდან გამოიყვანს ქრისტე თავის ერთგულ შვილებს. აქ, წუთისოფელში, ისინი წვალობდნენ და იტანჯებოდნენ. მათგან მილიონობით ადამიანი შერცხვენილი ჩავიდა საფლავში, რადგან მათ სატანის ცრუ დაპირებებს არ დაუჯერეს. ადამიანურმა მართლმსაჯულებამ ბოროტ დამნაშავეებად შერაცხა ღვთის შვილნი. მაგრამ მალე დადგება დღე, როცა კაცობრიობას თავად უფალი ღმერთი განიკითხავს. იმ დღეს გაუქმდება ადამიანთა განაჩენი; იმ დღეს “სირცხვილს მოხოცავს თავისი ერს” მაცხოვარი (ეს. 25:8). ყოველ მათგანს თეთრი სამოსელი მიეცემა (გამოცხ. 6:11). “და უწოდებენ მათ წმიდა ერს, უფლის გამოსყიდულთ” (ეს. 62:12).ქი 73.2

    რა მძიმეც არ უნდა იყოს დედამიწაზე ღვთის შვილთა ხვედრი, რა ტანჯვა და დევნაც არ უნდა განიცადონ თვით სიკვდილამდეც კი, უხვია მათი საზღაური. ისინი “იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ” (გამოცხ. 22:4).ქი 73.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents