Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 4 - ღვარძლი

    მათ. 13:24-30, 37-43

    “სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი”.ქი 25.3

    “საყანე კი სოფელია” - თქვა მაცხოვარმა. ცხადია, აქ საუბარია ქრისტეს ეკლესიაზეც, რომელიც წუთისოფელშია. იგავში ლაპარაკია ღვთის სასუფეველზე და ქრისტეს მსახურებაზე ადამიანთა გადასარჩენად. ამ საქმიანობას კი მისი ეკლესია ახორციელებს. ტიმართლეა ისიც, რომ ღვთის წმიდა სული მთელ წუთისოფელში სუფევს და ყველა ადამიანის გულს სწვდება; მაგრამ ნაყოფის აღმოცენება და მომწიფება უფლის ბეღლისათვის მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში ხდება.ქი 25.4

    “კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა… კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი”. კეთილი თესლი ეწოდა მათ, ვინც ღვთის სიტყვითა და ჭეშმარიტებითაა შობილი. ღვარძლი კი ცდუნებულთა და ცრუ პრინციპთა ნაყოფის განსახიერებაა. “ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი”. ღმერთსა და მის ანგელოზთ არასოდეს დაუთესიათ ღვარძლის თესლი. სარეველას ყოველთვის ღმერთისა და ადამიანის ბოროტი მტერი - სატანა თესავს.ქი 25.5

    აღმოსავლეთში ადამიანები შურისძიების მიზნით ზოგჯერ მტრის მოხნულ და დათესილ ყანაში სარეველა ბალახის თესლს აბნევდნენ, რომელიც აღმოცენებისას ძლიერ ჰგავდა ხორბალს. ღვარძლი მინდორში ძლიერ სწრაფად ვრცელდება, ხორბალს აშთობს და დიდ ზიანს აყენებს ყანის პატრონს. ასევე აკეთებს სატანაც, როცა ქრისტეს მტრობს და ბოროტების თესლს თესავს მაცხოვრის სასუფევლის კეთილ თესლს შორის. დათესილის ნაყოფს კი უფლის ძის დამსახურებად წარმოგვიდგენს. მას ეკლესიაში მოჰყავს ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სახელს ატარებენ, მაგრამ მისი ხასიათის თვისებები არ გააჩნიათ; მზაკვარი ცდილობს, ამით უფლის სახელი დაამციროს, მის გამომსყიდველ მსახურებაზე წარმოდგენა დაამახინჯოს და ადამიანთა სულები დაღუპოს.ქი 25.6

    ქრისტეს მსახურთ დიდად აწუხებს ის ფაქტი, რომ ეკლესიაში ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ერთად ცრუქრისტიანებიც არიან და ცდილობენ, როგორღაც გაწმინდონ ეკლესია. სახლის პატრონის ერთგულ მონათა მსგავსად ისინიც მზად არიან ღვარძლის ამოსაძირკვად, მაგრამ მაცხოვარი მიმართავს მათ: “არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე”. სრულიად გასაგებად თქვა მაცხოვარმა, რომ ადამიანები, რომელთაც ჯიუტად არ სურთ ცოდვების მიტოვება, ეკლესიიდან უნდა მოიკვეთონ; მაგრამ მას ჩვენთვის არ დაუვალებია განვსაჯოთ მორწმუნის ხასიათი და ქცევის მოტივები. იგი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ბუნებას იმისათვის, რომ ასეთი საქმე არ მოგვანდოს. თუ შევეცდებით, ეკლესია იმ ადამიანებისაგან გავწმინდოთ, ვისაც ცრუქრისტიანებად ვთვლით, უამრავ შეცდომას დავუშვებთ. ჩვენ ხშირად უიმედოდ ვთვლით ადამიანს, რომელსაც ქრისტე, შესაძლოა, სწორედ იმ მომენტში იწვევს თავისთან. ჩვენ რომ ამ ადამიანებისათვის განაჩენი ჩვენი მათზე უარყოფითი შეხედულებებით გამოგვეტანა, უკანასკნელ იმედს წავართმევდით. მრავალი ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად თვლის, ბოლოს სასუფევლისათვის დაკარგული აღმოჩნდება. ბევრი კი ისეთი შევა ზეციურ სამეფოში, რომელთა იქ მოხვედრას ახლობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ. ადამიანები ადამიანს გარეგნობის მიხედვით აფასებენ, ღმერთი კი მის გულს ხედავს. ღვარძლი და ხორბალი ერთად გაიზრდებიან მკის ჟამის დადგომამდე, რაც გამოსაცდელი პერიოდის დასასრულს ნიშნავს.ქი 25.7

    საოცარი მოთმინების, უდიდესი თანაგრძნობისა და უანგარო, ნაზი სიყვარულის კიდევ ერთ მაგალითს გვასწავლის მაცხოვრის სიტყვა. როგორც ღვარძლისა და კეთილი მცენარის ფესვებია ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართული, ისე იარსებებენ ერთმანეთის გვერდით ეკლესიაში ცრუ ძმები და ქრისტეს ერთგული მსახურები. ეგრეთ წოდებულ მორწმუნეთა შინაგანი არსი გარეგნულად არანაირად არ ვლინდება, მათი ეკლესიიდან გაძევებამ კი, შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს და რწმენის საფუძველი შეურყიოს მათ, რომლებიც სწორედ მათი წყალობით იდგნენ მტკიცედ რწმენაში.ქი 26.1

    ეს იგავი ნათლად ასახავს ღმერთის დამოკიდებულებას ადამიანებისა და ანგელოზებისადმი. სატანა მატყუარაა. როდესაც მან ზეცაში შესცოდა, უფლის ერთგულმა ანგელოზებმაც კი ვერ ამოიცნეს ბოლომდე მისი ნამდვილი სული. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა მაშინვე არ გაანადგურა იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა ანგელოზები ვერასოდეს ჩასწვდებოდნენ უფლის ჭეშმარიტ სამართლიანობასა და სიყვარულს. უფლის სიკეთესა და სულგრძელობაში ეჭვის შეტანა კი სწორედ ის ბოროტი თესლი იქნებოდა, რომელიც ცოდვისა და მწუხარების მწარე ნაყოფს გამოიღებდა. ამიტომ დროებით დაინდო ღმერთმა ბოროტების მამამთავარი მისი ნამდვილი ხასიათის სრულად, საბოლოოდ გამომჟღავნებამდე. საუკუნეთა განმავლობაში წუხდა და იტანჯებოდა ზეციერი მამა წუთისოფლის ცოდვილ საქმეთა გამო. გოლგოთაზე შემოგვწირა ყველაზე ძვირფასი, რაც მას გააჩნდა, რათა არავინ გაბმულიყო მაცდურის მიერ ოსტატურად დაგებულ სიცრუის ბადეში. ღვარძლის ამოძირკვა ძვირფასი კულტურის დაზიანების გარეშე შეუძლებელია. განა უფალი ღმერთი ჩვენთვის სათანადო მაგალითი არ არის? განა ჩვენს მოყვასს ისეთივე მოთმინებით არ უნდა მოვეპყროთ, როგორიც ცისა და დედამიწის მეუფემ სატანის მიმართ გამოამჟღავნა?ქი 26.2

    კაცობრიობა ეჭვით არ უნდა უმზერდეს ქრისტიანობას იმის გამო, რომ ქრისტეს ეკლესიას უღირსი წევრები ჰყავს; არც ქრისტეს ერთგულნი უნდა იყვნენ სასოწარკვეთილნი ეკლესიაში ცრუ ძმების ყოფნის გამო. გავიხსენოთ ადრეული ეკლესია: ანანია და საფირა, რომელნიც მოციქულებს შეუერთდნენ; სიმონ მოგვი, რომელიც ქრისტეს სახელით მოინათლა; მორწმუნედ ითვლებოდა დემა, რომელმაც პავლე მიატოვა; იუდა ისკარიოტელი კი ქრისტეს ერთერთი მოციქული იყო თორმეტთა შორის. არც ერთი სულის დაკარგვა არ სურდა მაცხოვარს. მისი იუდასთან დამოკიდებულება ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდი მოთმინებითა და სულგრძელობით ეკიდებოდა იგი დაცემული, ცოდვილი ბუნების მქონე ადამიანს. ასეთივე მოთმინებისა და გულისხმიერების გამოვლენას ითხოვს ქრისტე ჩვენგან ადამიანების მიმართ. თანაც გვაფრთხილებს, რომ ცრუ ძმები ბოლომდე, საუკუნის აღსასრულამდე იქნებიან ეკლესიაში.ქი 26.3

    მიუხედავად ქრისტეს გაფრთხილებისა, ადამიანები მაინც ცდილობენ ღვარძლის ამოძირკვას და იმ ადამიანთა დასასჯელად, რომელნიც ეკლესიამ ბოროტად წარმოაჩინა, ისინი ხშირად სამოქალაქო ხელისუფლებას მიმართავენ. ეკლესიაში დამკვიდრებული დოქტრინებისაგან განსხვავებული აზრის მქონეთ საპყრობილეში ყრიდნენ და წამებით სულს ხდიდნენ. და ყოველივე ეს იმ თვითდაჯერებულ მორწმუნეთა წაქეზებით ხდებოდა, რომელნიც თავიანთ მოქმედებას ქრისტეს ნებას მიაწერდნენ. სინამდვილეში კი მათს ამგვარ საქმიანობას იწონებს არა მაცხოვრის, არამედ სატანის სული. ეს მეთოდი ეკუთვნის სატანას, რომელიც ცდილობს, წუთისოფელი დაიმორჩილოს. ასე უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ეგრეთ წოდებულ ერეტიკოსებს, რითაც ეკლესია ხელს უწყობდა ღმერთზე ცრუ შეხედულების გავრცელებას.ქი 26.4

    იგავში ქრისტე გვასწავლის არა სხვების განკითხვასა და განსჯას, არამედ, პირიქით, მორჩილებისა და თვითანალიზისაკენ მოგვიწოდებს. როგორც მინდორში დათესილი ყველა თესლი კეთილი არაა, ასევე ქრისტეს სახელით მონათლული ეკლესიის ყველა წევრიც არაა ჭეშმარიტი ქრისტიანი.ქი 27.1

    ღვარძლი და ხორბალი გარეგნულად ძლიერ ჰგავს ერთმანეთს მანამ, სანამ ჯეჯილი ჯერ კიდევ მწვანეა. მაგრამ როგორც კი ყანა დამწიფდება და ოქროსფრად ღელვას დაიწყებს და მკის დრო დადგება, ღვარძლი დაკარგავს მწიფე თავთავებით დამძიმებულ ხორბალთან მსგავსებას. მორწმუნე ცოდვილნიც, შესაძლოა, ერთხანს არც გამოირჩეოდნენ ქრისტეს ერთგულ მიმდევართაგან და მათ შორის მსგავსებამ მრავალნიც კი აცდუნოს, მაგრამ წუთისოფელში მკის დადგომისთანავე ეს მაცდუნებელი მსგავსება კეთილსა და ბოროტს შორის აღარ იარსებებს და მაშინ მხილებულ იქნებიან ისინი, ვინც მხოლოდ ეკლესიას შეუერთდა და არა ქრისტეს.ქი 27.2

    ღვარძლს ნება ეძლევა, გაიზარდოს ხორბალთან ერთად; მასთან ერთად გაიხაროს მზითა და წვიმით; მაგრამ მკის დადგომის ჟამს “კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის” (მალ. 3:18). მაცხოვარი თავად გადაწყვეტს, თუ ვინ არის ზეციურ ოჯახში შესვლის ღირსი. იგი თითოეულს განიკითხავს არა მისი სიტყვის, არამედ საქმეების მიხედვით. ადამიანის სიტყვა იმ დროს სრულიად უმნიშვნელო იქნება, ვინაიდან მხოლოდ მისი ხასიათი გადაწყვეტს მის ბედს.ქი 27.3

    მაცხოვარი არ გვპირდება, რომ დადგება დრო და ყველა სარეველა ჯეჯილად გადაიქცევა. ღვარძლი და ხორბალი ერთად გაიზრდებიან მკამდე, წუთისოფლის აღსასრულამდე. მკის დროს კი ღვარძლს მოაგროვებენ და ძნებად შეკრავენ დასაწვავად, ხორბალს კი ბეღელში შეაგროვებენ. “მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში”. მაშინ “მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს, და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. კქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა”.ქი 27.4