Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 16 - “დაკარგული იყო და გამოჩნდა”

    ლუკ.15:11-32

    იგავში დაკარგული ცხვრის, დაკარგული დრაქმისა და დაკარგული ძის შესახებ ნათლად ჩანს, თუ როგორ წუხს უფალი განდგომილ შვილებზე და კვლავაც როგორ უყვარს ისინი. თუმცა მათ თავად მიატოვეს ღმერთი, მაგრამ უფალი გასაჭირში არ ტოვებს მათ. იგი კეთილად, ღრმა თანაგრძნობითაა გამსჭვალული ვერაგი მტრისაგან ცდუნებული ყოველი ადამიანის მიმართ.ქი 80.2

    იგავში დაკარგულ ძეზე ნაჩვენებია, თუ როგორ ექცევა უფალი მათ, ვინც ერთ დროს კარგად იცნობდა მამის სიყვარულს, მაგრამ უფლება მისცა ეშმაკს, დაემარცხებინა და დაეტყვევებინა იგი.ქი 80.3

    “ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა. და მამამ გაუყო მათ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით”.ქი 80.4

    უმცროსი ვაჟი დიდად შეაწუხა მამის სახლში გამეფებულმა მკაცრმა წესრიგმა და თვლიდა, რომ მისი თავისუფლება შეიზღუდა. არად ჩააგდო მამის სიყვარული და მზრუნველობა და გადაწყვიტა, მარტო, თავისთვის ეცხოვრა.ქი 80.5

    ეს უმცროსი ვაჟი უარყოფს თავის ყოველგვარ მოვალეობას მამის მიმართ, უმადურობას იჩენს და წილს ითხოვს მამის ქონებიდან. მას სურს, ახლავე მიიღოს მემკვიდრეობა, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ ისედაც მას დარჩება; სურს, დღესვე, ახლავე დატკბეს ცხოვრებით, მომავალი კი სრულიად არ აინტერესებს.ქი 80.6

    მიიღო რა თავისი წილი, “წავიდა შორეულ ქვეყანაში”, შორს მამის სახლისაგან. ახლა მას ბევრი ფული აქვს და ისე მოიქცევა, როგორც მას სურს. ბედნიერია, რომ ამდენი ხნის გულში დაფარული სურვილი აუსრულდა. არავინ გააფრთხილა იგი, არავინ უთხრა: ნუ აკეთებ ამას, თორემ თავს დაიღუპავ. ან: ასე და ასე მოიქეცი, ასე უფრო სწორიაო. ურჯულო მეგობრებმა ცოდვის უფსკრულისკენ უბიძგეს და მანაც “გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით”.ქი 80.7

    ბიბლია მოგვითხრობს იმ ადამიანებზე, რომელნიც “თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ” (რომ. 1:22). ამჯერად ეს სიტყვები უმცროს ვაჟს ეხება. მან ფუქსავატურად გაფლანგა ქონება, რომელიც მამისგან მოითხოვა. ასევე უაზროდ გაიფლანგა ახალგაზრდული ენერგია, სიყმაწვილის ძვირფასი წლები, ინტელექტი და გონიერება, ყმაწვილური სულიერი შემართება - ყველაფერი ვნებათა ცეცხლმა შთანთქა.ქი 80.8

    იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და ყმაწვილს დიდად გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მდიდარ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად, რაც ყველაზე სამარცხვინო და სათაკილო სამუშაო იყო ებრაელისათვის. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ასე ამაყობდა თავისუფლებით, ახლა სხვის მსახურად იქცა, ყველაზე სამარცხვინო ხუნდები დაიდო და “ცოდვის ბორკილებით” შეიბოჭა (იგავ. 5:22). მალე შეიცნობს იგი ამ ბორკილების მთელ სიმძიმეს. შიმშილისაგან განადგურებული ქვეყნის ხრიოკ მიწაზე მჯდარს მხოლოდ ღორებთან ჰქონდა ურთიერთობა და “ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ”. იმ მხიარულ მეგობართაგან, რომელნიც მისი კეთილდღეობის ჟამს მუდამ მის ირგვლივ ტრიალებდნენ, მის ხარჯზე ჭამდნენ და სვამდნენ, აღარავინ შემორჩა. სადღაა მისი ბედნიერი თავისუფლება? ადრე, როცა საკუთარი სინდისის ხმასა და სიკეთისაკენ სწრაფვის სურვილს თავადვე იხშობდა საკუთარ თავში, თავი ყველაზე ბედნიერი ეგონა. ახლა კი, როცა ფული სრულიად გაფლანგა და შიმშილი აწუხებდა; როცა ასე დამცირებული და მიწასთან გასწორებული, ზნეობადაკარგული, გაუხეშებული და უნებისყოფო აღმოჩნდა, მოკვდავთა შორის ყველაზე უბედურად გრძნობდა თავს.ქი 80.9

    ცოდვილი კაცის სამწუხარო მდგომარეობის რა ზუსტი სურათია გადაშლილი აქ! უფლისაგან კურთხეულ, მისი სიყვარულით უხვად დაჯილდოებულ ცოდვილს ყველაზე მეტად მისგან შორს ყოფნა სურს, რათა თავისი მანკიერი ვნებანი და სურვილები დაიკმაყოფილოს. ისიც უმადური ვაჟის მსგავსად ითხოვს ღმერთისგან მის წილ კეთილდღეობას, რადგან თვლის, რომ ეკუთვნის; რომ დაიმსახურა. და ამისათვის არც უფლის მადლიერია და არც სიყვარულის მსახურებით პასუხობს მას. როგორც კაენი წავიდა უფლისაგან საკუთარი სახლის საძებნელად; როგორც უმცროსი ვაჟი “წავიდა შორეულ ქვეყანაში”, - ასევე ეძებს ცოდვილი თავის ბედნიერებას ღვთისაგან შორს (იხ. რომ. 1:28).ქი 81.1

    რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ასეთი ცხოვრების გარეგნული მხარე, საბოლოოდ ნათელი ხდება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვაში გატარებული ცხოვრება - ეს არის ფუჭად გატარებული წლები. ის, ვინც უღმერთოდ ცხოვრებას ცდილობს, თავს იღუპავს; ფუჭად კარგავს თავისი სიცოცხლის ძვირფას წლებს, ინტელექტს, გულსა და სულს, რითაც საუკუნო სიცოცხლისათვის უსარგებლოს ხდის საკუთარ თავს. კაცი, რომელიც ღმერთს იმისათვის შორდება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნოს, სინამდვილეში მამონას ტყვედ იქცევა. გონება, რომელიც უფალმა ზეციურ ანგელოზებთან ურთიერთობისათვის შექმნა, მხოლოდ მიწიერისკენ, მდაბალი ვნებებისაკენ მიილტვის. საკუთარ თავზე ზრუნვას მხოლოდ ასეთი შედეგი მოჰყვება.ქი 81.2

    თუკი თქვენ ასეთ ცხოვრებას ირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ქონებას ფლანგავთ იმაზე, რაც პური არ არის და შრომობთ იმისათვის, რაც ჭეშმარიტ კმაყოფილებას არ მოგიტანთ. დადგება დრო და თქვენ დაინახავთ თქვენს დაცემას. შორეულ ქვეყანაში მარტოდმარტო აღმოჩნდებით და სასოწარკვეთილს, აღმოგხდებათ: “უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?” (რომ. 7:24). მარადიული, უცვლელი ჭეშმარიტებაა წინასწარმეტყველის სიტყვებში: “წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული. და იქნება შიშველივით ტრამალზე, ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას და იცხოვრებს გადაბუგულ უდაბნოში, მარილოვან ქვეყანაში, და ვერ დასახლდება” (იერ. 17:5,6). უფალს “თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს” (მათ. 5:45). მაგრამ ადამიანებს ეძლევათ უფლება, უარი თქვან მზეზე და წვიმაზე. ამიტომ, იმ დროს, როცა სიმართლის მზე ანათებს და ყველას მადლის წვიმა ეძლევა, შესაძლოა, ღმერთს დავშორდეთ და “გადაბუგულ უდაბნოში, მარილოვან ქვეყანაში” აღმოვჩნდეთ.ქი 81.3

    და მაინც, უფალს კვლავ უყვარს ის, ვინც მისგან შორს ყოფნა არჩია. ყველა ღონეს ხმარობს უფალი მის დასაბრუნებლად. დაკარგული ძე, აღმოჩნდა რა ასეთ სავალალო მდგომარეობაში, “გონს მოეგო”. სიცრუემ, რომლითაც სატანამ იგი ღმერთს დააშორა, ძალა დაკარგა მასზე. მიხვდა ყმაწვილი, რომ მისი უბედურება მისივე უგუნურების ბრალი იყო და გადაწყვიტა: “მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან”. კვლავ მიეცა მამის სიყვარულისადმი რწმენა და იმედი გზააბნეულ შვილს. სწორედ ეს სიყვარული ეწეოდა მას უკან, თავისი სახლისაკენ. ასევე ხდება ყოველი ცოდვილის ცხოვრებაში: უფლის სიყვარულისადმი რწმენა აბრუნებს მას ღმერთთან. “ღვთის სახიერებას მონანიებისაკენ მიჰყავხარ” (რომ. 2:4). ღვთიური სიყვარული და მოწყალება - აი ის ოქროს ჯაჭვი, რომელიც იცავს ხიფათში მყოფ ყოველ ცოდვილს. “საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე... ამის გამო მიგიზიდე წყალობით” (იერ. 31:3), - ამბობს უფალი ღმერთი.ქი 81.4

    დაკარგული ძე გადაწყვეტილებას იღებს, აღიაროს თავისი დანაშაული; დაბრუნდეს მამასთან და უთხრას: “შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე”. შემდეგ განაგრძობს: “მიმიღე, როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი”. რა ცუდად იცნობს ყმაწვილი მამის სიყვარულს!ქი 82.1

    ყმაწვილი ტოვებს ღორების კოლტს, სალაფავს და იმედის თვალით უცქერს შინისკენ მიმავალ გზას. შიმშილისაგან დასუსტებული, აცახცახებული, დაღლილდაქანცული, ჯიუტად განაგრძობს გზას. ძონძებში გახვეულს არაფერი აქვს ისეთი, შიშველი სხეული რომ დაუფაროს, მაგრამ უბედურებამ სიამაყე დაავიწყა და ჩქარობს, რათა მოჯამაგირის ადგილი ითხოვოს იქ, სადაც ადრე ძედ იწოდებოდა.ქი 82.2

    არასოდეს დაფიქრებულა ეს მხიარული და უზრუნველი ახალგაზრდა კაცი, თუ რაოდენ დიდი მწუხარება და ტკივილი მიაყენა მამის გულს, როდესაც სამუდამოდ დატოვა თავისი სახლი. მას შემდეგაც, თავის თავაშვებულ ამხანაგებთან ერთად ლხინსა და დროსტარებაში გართულს, არასოდეს უფიქრია იმ მწუხარების ჩრდილზე, მისგან დატოვებულ სახლს რომ მოეფინა. და აი ახლაც, როდესაც საშინლად დაქანცული ფეხებს ძლივს მიათრევდა, ბრუნდებოდა სახლში, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ იქ არავინ ელოდა. მაგრამ, “როცა ჯერ კიდევ შორს იყო”, მამამ შორიდან შენიშნა და იცნო თავისი ვაჟი. სიყვარულს მეტად მახვილი მზერა აქვს. თუმცა წლების მანძილზე აღვირახსნილმა ცხოვრებამ დიდად შეცვალა ვაჟის გარეგნობა, მაგრამ მამამ მაინც იცნო იგი; “დაინახა და შეებრალა. დაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა”.ქი 82.3

    მამა არ დაუშვებს, რომ ვინმემ დასცინოს მის შვილს სიღარიბისა და დახეული ტანსაცმლის გამო: თავისი ძვირფასი მანტია გაიძრო და თავის ძეს გამხდარ მხრებზე მოახურა. აქვითინდა შვილი, ინანა თავისი საქციელი და წარმოთქვა: “მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი არა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე”. მამამ კი ვაჟი გულში ჩაიკრა და შინისკენ გაუძღვა. აღარ დასჭირდა მას მოჯამაგირის ადგილის თხოვნა. იგი ძეა, რომელსაც მიეცემა ყოველივე საუკეთესო, რაც სახლშია; რომელსაც პატივს მიაგებენ მსახურნი და მოემსახურებიან.ქი 82.4

    მამამ მსახურთ უბრძანა: “მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ზჭამოთ და ვიმხიარულოთ”.ქი 82.5

    დაკარგულ ძეს სიყმაწვილის მღელვარე წლებში მამა მეტად მკაცრ და მომთხოვნ პიროვნებად ეჩვენებოდა. სულ სხვანაირია მამა ახლა მის თვალში! როგორ ემსგავსებიან ამ ყმაწვილს სატანისგან მწარედ მოტყუებული ადამიანები, რომელთაც უფალი სასტიკ და უმოწყალო მსაჯულად წარმოუდგენიათ. ჰგონიათ, რომ იგი მუდამ იმის მოლოდინშია, თუ როდის ჩაიდენს დანაშაულს ადამიანი, რათა შემდგომ განიკითხოს და დასაჯოს; რომ იგი არ მიიღებს ცოდვილს და არც დაეხმარება, სანამ ამის რაიმე მიზეზი გააჩნია. მრავალი ადამიანი მის რჯულს კაცობრიობის ბედნიერების დამთრგუნველ მცნებებად, მძიმე უღლად მიიჩნევს, რომლისგანაც თავის დაღწევა სწადიათ. მაგრამ ისინი, ვისაც ქრისტეს სიყვარულმა სულიერი თვალები აუხილა, კარგად ხედავენ უფლის თანაგრძნობას. ისინი მას მიიჩნევენ არა სასტიკ, დესპოტურ და უმოწყალო არსებად, არამედ მამად, რომელიც მზად არის, გულში ჩაიკრას შინ დაბრუნებული შვილი. და ცოდვილი მეფსალმუნესთან ერთად წარმოთქვამს: “როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი” (ფსალმ. 102:13).ქი 82.6

    იგავში არავინ დასცინის გზააბნეულ ძეს, არც მის მიერ განვლილ ბოროტ გზას ამზეურებს. ძე გრძნობს, რომ მისი წარსული საქმეები მიტევებული, დავიწყებული და სამუდამოდ წაშლილია. ამასვე ეუბნება უფალი ცოდვილს: “წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი - შენი ცოდვანი” (ეს. 44:22). “ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად” (იერ. 31:34). “დატოვებს ბოროტეული თავის გზას და უსამართლო კაცი თავის ზრახვებს; დაუბრუნდება უფალს და ის შეიწყალებს მას; და ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია” (ეს. 55:7). “იმ დღეებში და იმ დროს, - სიტყვა უფლისა, - მოიკითხავს ისრაელის ურჯულოებას და არ იქნება იგი, და იუდას ცოდვებს - და ვერ იპოვნიან, რადგან მივუტევებ მათ, ვისაც ცოცხლებში დავტოვებ” (იერ. 50:20).ქი 82.7

    აი რა მტკიცებებია აქ იმისა, რომ ღმერთს სურს მომნანიებელი ცოდვილის შინ დაბრუნება. იქნებ თქვენც ამოირჩიეთ საკუთარი გზა, ჩემო მკითხველო? იქნებ ძლიერ შორს წახვედით უფლისაგან? იქნებ თქვენც დატკბით ცოდვის ნაყოფით, რათა ოდესმე მიხვდეთ, რომ ეს მხოლოდ მტვერია თქვენს ბაგეებზე? და ახლა, როცა ძალა გამოგელიათ და დასუსტდით, როცა ცხოვრების გეგმები ჩაგეშალათ, იმედებიც გაგიცრუვდათ და სულ მარტო დარჩით, სასოწარკვეთილება ხომ არ დაგეუფლათ? სიყვარულის ხმა, რომელიც უკვე დიდი ხანია, თქვენს გულს ესაუბრება, მაგრამ მისი მოსმენაც კი არ გსურდათ, ახლაც ცხადად და გასაგებად მოგმართავთ: “ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი” (მიქ. 2:10). დაბრუნდით მამის სახლში. მამა გიხმობთ და გაიმედებთ: “მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ” (ეს. 44:22).ქი 83.1

    ნუ მოუსმენთ მტერს, რომელიც მუდამ ჩაგჩურჩულებთ, რომ შეუძლებელია ქრისტესთან მისვლა, სანამ უკეთესნი და მასთან მისვლის ღირსნი არ გახდებით. თუკი მას მოუსმენთ და ამას დაელოდებით, ვერასოდეს მიხვალთ მაცხოვართან. როცა სატანა თქვენს დასვრილ სამოსელზე მიგითითებთ, გაიმეორეთ ქრისტეს სიტყვები: “ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ” (იოან. 6:37). უთხარით კაცობრიობის მტერს, რომ იესო ქრისტეს სისხლი გაგწმენდთ ყოველგვარი უკეთურობისაგან. თქვენს საკუთარ ლოცვად მიიჩნიეთ დავითის ლოცვა: “მასხურე უსუპით და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები” (ფსალმ. 50:9).ქი 83.2

    ადექით და წადით თქვენს მამასთან. ჯერ კიდევ შორს იქნებით, ის კი უკვე დაგინახავთ. როგორც კი მისკენ მონანიებით პირველ ნაბიჯს გადადგამთ, იგი მყისვე დიდი სიყვარულით ჩაგიკრავთ გულში. მუდამ ფხიზლობს იგი ტანჯული სულის ღაღადის შესასმენად. გულის პირველი სურვილიც ცნობილია მისთვის. არ არსებობს არც ერთი ლოცვა, თუნდაც მოკრძალებით და ჩუმად წარმოთქმული, არც ერთი ჩუმად დაღვრილი ცრემლი, არც ერთი მისკენ გაუბედავად გადადგმული ნაბიჯი, რომ ღვთის წმიდა სულმა ვერ შეამჩნიოს და არ დაეხმაროს. ჯერ კიდევ ლოცვის წარმოთქმამდე ან საკუთარი გულის ზრახვათა შეცნობამდე გვიგზავნის მაცხოვარი თავის მადლს იმ მადლთან შესახვედრად, რომელიც ადამიანის გულში უკვე მოქმედებს.ქი 83.3

    თქვენი ზეციერი მამა თავად გაგხდით ცოდვისაგან დასვრილ სამოსელს. ზაქარიას დიდებულ სიმბოლურ წინასწარმეტყველებაში ღვთის ანგელოზის წინაშე ჭუჭყიან სამოსელში მდგარი დიდი იესო მღვდელმთავარი ცოდვილ ადამიანთა წარმომადგენელია. მაგრამ ანგელოზმა უფლის დავალებით წარმოთქვა: “გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ. თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი” (ზაქ. 3:4,5).ქი 83.4

    იესო მღვდელმთავრის მსგავსად თქვენც შეგმოსავთ უფალი ღმერთი “ხსნის ტანსაცმლით” და “სიმართლის სამოსლით” (ეს. 61:10). “თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ვერცხლით დაფარულს ჰგავხართ და მის ნაკრტენს მოოქროვილს” (ფსალმ. 67:14).ქი 83.5

    იგი შეგიყვანთ თავის სახლში და სიყვარული იქნება მისი ალამი თქვენს ზემოთ (ქებ. 2:4). “ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის” - ტახტის ირგვლივ მყოფ წმიდა ანგელოზთა შორის (ზაქ. 3:7).ქი 83.6

    “როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე შენი ღმერთი იხარებს შენზე” (ეს. 62:5). “უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო” (სოფ. 3:17). ტაზეიმო საგალობლებით შეუერთდება ცა და დედამიწა უფლის სიხარულს: “ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა”.ქი 84.1

    ამრიგად, მაცხოვრის ამ იგავში აქამდე არ გამოჩენილა არც ერთი ნოტი, ამ სასიხარულო შეხვედრის ჰარმონიულ სცენას რომ დაარღვევდა. მაგრამ აქ ქრისტეს კიდევ ერთი მოქმედი პირი შემოჰყავს. დაკარგული ძის დაბრუნების მომენტში “უფროსი ვაჟი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვათამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია? მან უთხრა მას: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა. ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა”. ეს უფროსი ვაჟი სულაც არ იზიარებდა მამის წუხილს მთელი ამ ხნის განმავლობაში და არც თავის დაკარგულ ძმას ელოდა. ამიტომ არც ახლა იზიარებს მამის სიხარულს იმის გამო, რომ ეს მაწანწალა შინ დაბრუნდა. არც ზეიმის მონაწილეთა მხიარული ხმები იწვევს მასში აღტაცებასა და სიხარულს. იგი მსახურს ეკითხება მხიარულების მიზეზს და პასუხი შურს იწვევს მასში. მას არ სურს, შევიდეს და თავის ამდენი ხნის დაკარგულ ძმას მიესალმოს. დაკარგულის მიმართ ასეთი ყურადღება მან თავის შეურაცხყოფად მიიღო.ქი 84.2

    როდესაც მამა გამოვიდა და ეს ამბავი ამცნო, მაშინ უფროსმა ძმამ სრულად გამოაჩინა თავისი მანკიერი ხასიათი: სიამაყე და შური. იგი თვლიდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მამის სახლში საზღაურის გარეშე შრომობდა; მამა კი ასეთი დიდი ზარზეიმით და სიხარულით შეხვდა ახლახან დაბრუნებულ დაკარგულ ძმას. იმის ნაცვლად, რომ თავადაც ეზეიმა მამასთან ერთად ძმის დაბრუნება, მან იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რამდენი ქონება ერგებოდა იმისათვის, რომ ასე პატიოსნად ცხოვრობდა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ამის გულისათვის იკავებდა იგი თავს ცოდვილი ცხოვრებისაგან. ახლა კი უფროს ძმას უსამართლობად მიაჩნია უმცროსისათვის მამის ქონების გაყოფა. მას აღიზიანებს ის, რომ უმცროს ძმას ასეთი დიდი სიხარულითა და პატივით შეხვდნენ. აქედან ჩანს: იგი რომ მამის ადგილზე აღმოჩენილიყო, დაკარგულ ძეს არ მიიღებდა. იგი ძმადაც კი არ თვლის მას, არამედ ამბობს: “ეს შენი ვაჟი”. მიუხედავად ამისა, მამა რბილად და ნაზად ელაპარაკება: “შვილო, - ეუბნება იგი, - შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია”. განა შენ არ მოგეცა უპირატესობა ჩემთან მეგობრული ურთიერთობისა მთელი ამ წლების განმავლობაში, შენი ძმა რომ დაკარგული იყო?ქი 84.3

    ყველაფერი, რაც შვილებს ბედნიერებას მოუტანდა, მათ ეკუთვნოდა. შვილმა არ უნდა დასვას კითხვა ჯილდოსა და საზღაურის შესახებ, რადგან ყოველივე ისედაც მას ეკუთვნის. “რაც კი მაქვს, შენია”. შენ ისღა დაგრჩენია, ირწმუნო ჩემი სიყვარული და მიიღო ჯილდო, რომელიც შენთვისაა გამზადებული.ქი 84.4

    ერთერთი ვაჟი დროებით განუდგა ოჯახსა და ახლობლებს; ვერ დააფასა მამის სიყვარული. მაგრამ აი ის დაბრუნდა და სიხარულმა შეცვალა ყოველგვარი დარდი. “შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა”.ქი 84.5

    მიხვდა თუ არა საკუთარი სულის სიმდაბლესა და უმადურობას უფროსი შვილი? ეაფიქრდა თუ არა იმაზე, რომ, თუმცა უმცროსი ვაჟი შეცდა და დაეცა, მაინც ძმა იყო მისი? მოინანია თუ არა მან თავისი ეგოისტური და ულმობელი საქციელი? ამაზე მაცხოვარი დუმს. ვინაიდან იგავში აღწერილი ამბავი კვლავ გრძელდებოდა, მსმენელს შესაძლებლობა ეძლეოდა, თავადვე განესაზღვრა მისი დასასრული.ქი 84.6

    უფროსი ძმა ამ იგავში ქრისტეს დროის ებრაელებისა და, ამასთანავე, ყველა დროის ფარისეველთა წარმომადგენელია, რომელნიც ცოდვილთ და მებაჟეთ ადამიანებად არ თვლიდნენ. მათ თავი წმიდებად მიაჩნდათ, ვინაიდან თავად ისეთ დანაშაულს არ სჩადიოდნენ, მათთვის სამხილი რომ ყოფილიყო. ქრისტე კი ამ სხვის გამკიცხავ ადამიანთა ნამდვილ ცხოვრებას ამხილებდა. უფროსი ძმის მსგავსად მათაც განსაკუთრებული უპირატესობანი მიეცათ ღვთისაგან. თავს უფლის სახლში ღვთის შვილებად თვლიდნენ, მაგრამ სული მოჯამაგირისა ჰქონდათ. თუმცა შრომობდნენ, მაგრამ არა სიყვარულის გამო, არამედ საზღაურის მიღების მიზნით. უფალს მკაცრ, მომთხოვნ ზედამხედველად თვლიდნენ. აქ კი სულ სხვა სურათს ხედავდნენ: უანგაროდ აძლევდა ქრისტე მებაჟეთა და ცოდვილთ თავის კურთხევასა და მადლს - ძღვენს, რომლის დამსახურებასაც რაბინები საკუთარი ძალისხმევით ცდილობდნენ. და შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. დაკარგულ ძეთა შინ დაბრუნება, რაც ასე დიდ სიხარულს ჰგვრიდა ზეციერ მამას, მათში შურსა და ეჭვს იწვევდა მხოლოდ.ქი 84.7

    მამის მიერ უფროსი ვაჟისადმი გამოვლენილი სულგრძელობა იმ უდიდესი მოთმინების გამოხატულებაა, რომელსაც უფალი ფარისეველთა მიმართ იჩენდა. “რაც კი მაქვს, შენია”. ეს არ არის საზღაური. ეს ძღვენია. დაკარგული ძის მსგავსად თქვენც შეგიძლიათ, მიიღოთ იგი, როგორც დაუმსახურებელი ჯილდო მამის ღვთიური სიყვარულისა.ქი 85.1

    საკუთარი, და არა ღვთიური, სიმართლე არა მხოლოდ წარმოდგენას უქმნის ადამიანებს უფლის შესახებ, არამედ ძმების მიმართ ამაზრზენ, სასტიკ, ულმობელ კრიტიკას იწვევს მათში. საკუთარი ეგოიზმით დაბრმავებული უფროსი ძმა მზად იყო, მუდამ ფხიზლად ედევნებინა თვალყური თავისი უმცროსი ძმისათვის, გაეკრიტიკებინა მისი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება და სულ მცირე ნაკლისათვისაც კი გაეკიცხა. იგი აუცილებლად შენიშნავდა ყოველ მის შეცდომასა და არასწორ საქციელს, რითაც თავისი მიუტევებლობის სულის გამართლებას შეეცდებოდა. ბევრი ხომ დღესაც ასე იქცევა: იმ დროს, როცა ადამიანი პირველად იწყებს თავისი უდიდესი ძალისხმევის გამოვლინებას ცდუნებათა ნიაღვრის წინააღმდეგ, ისინი იქვე დგანან, ამაყნი და საკუთარი სიმართლის ლაღად მატარებელნი და მუდამ მზად არიან, გაკიცხონ და განიკითხონ. და, თუმცა ისინი თავს ღვთის შვილებად თვლიან, მათში სატანის სული მოქმედებს. მოყვასთა მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობას უქმნიან, რომ უფალს არ ძალუძს, მისცეს მათ თავისი ღვთიური ნათელი.ქი 85.2

    მრავალს აწუხებს ერთი და იგივე კითხვა: “რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო?” მაგრამ უფალი ამბობს: “რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე” (მიქ. 6:6-8).ქი 85.3

    აი მსახურება, რომელიც უფალმა აირჩია: “გახსენი საბელნი ბოროტეულთა, შეხსენი ბორკილნი უღლისა, და გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად და ყველა უღელი გაწყვიტეთ... შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ (ეს. 58:6,7). როცა თქვენ მიხვდებით, რომ ცოდვილი ხართ და მხოლოდ თქვენი ზეციერი მამის სიყვარული გადაგარჩენთ, უფრო მეტი სიყვარული და თანაგრძნობის გაწევის სურვილი გაგიჩნდებათ მათ მიმართ, ვინც ცოდვაში იტანჯება. მაშინ ეჭვის თვალით და გულგრილად აღარ შეხედავთ სხვის უბედურებასა და მონანიებას. როცა თქვენს გულში ეგოიზმის ყინული გალღვება, მაშინ სრული თანხმობა გექნებათ ღმერთთან და მთელი გულით გაიზიარებთ უფლის სიხარულს დაკარგულთა ხსნის გამო.ქი 85.4

    თქვენ თავს ჭეშმარიტად ღვთის შვილებად თვლით. და, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ უფალთან დაბრუნებული უნდა ჩათვალოთ ძმად, რომელიც “მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა”. იგი ყველაზე ახლობელი უნდა გახდეს თქვენთვის, ვინაიდან მამამ თავის ძედ აღიარა. და, თუკი თქვენ გაცოცხლებულ ძმასთან სიახლოვეს უარყოფთ, ცხადი გახდება, რომ მამის სახლში დაქირავებული მსახური ხართ და არა უფლის ოჯახის სრულფასოვანი წევრი.ქი 85.5

    მიუხედავად იმისა, გაიზიარეთ თუ არა თქვენ დაკარგული ძმის დაბრუნებით გამოწვეული სიხარული, მიესალმეთ თუ არა მას, ლხინი მაინც გაგრძელდება; დაბრუნებული თავის ადგილს დაიჭერს მამის გვერდით და მის საქმეებში. ის, ვისაც მეტი მიეტევა, მეტად შეიყვარებს. “ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია” (1იოან. 4:8).ქი 86.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents