Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    რა მნიშვნელობა ჰქონდა იგავს ებრაელი ხალხისათვის?

    იმ დროს, როდესაც ქრისტე ხალხს მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ იგავს უამბობდა, ებრაელთა შორის მრავლად იყვნენ ამ მდიდარი კაცის მსგავსი საცოდავი ადამიანები, რომელნიც უფლის წყალობას მხოლოდ საკუთარ ეგოისტურ სურვილთა დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ, რითაც საშინელ განაჩენს იმზადებდნენ: “სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი” (დან. 5:27). ამ მდიდარს უხვად მიეცა მიწიერიც და ზეციური წყალობანიც, მაგრამ მან უარი თქვა ღმერთთან თანამშრომლობაზე ამ წყალობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საქმეში. ასეთივე მდგომარეობა ჰქონდა ებრაელ ხალხს: უფალმა მათ თავის წმიდა ჭეშმარიტებათა განძი ჩააბარა და თავისი მადლის განმკარგულებლად დააყენა. მისცა მათ ყველა სულიერი თუ ამქვეყნიური უპირატესობანი და მოუწოდა, ეს მადლი სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. მათ ზუსტი მითითება მიეცათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ თავიანთ დაცემულ ძმებს, რომელნიც თავს იღუპავდნენ; მათს კარზე მომდგარ უცხო მგზავრებსა და ხიზნებს; მათ შორის მყოფ ღარიბთ. მათ ეს სიმდიდრე მხოლოდ თავის სასარგებლოდ კი არ უნდა გამოეყენებინათ, არამედ გაჭირვებული ძმები არ უნდა დავიწყებოდათ და მათ უნდა დახმარებოდნენ. და უფალმა აღუთქვა, რომ კვლავ აკურთხებდა მათ, თუკი გაჭირვებულ ძმათა მიმართ სიყვარულსა და მოწყალებას გამოიჩენდნენ. მაგრამ, იგავში აღწერილი მდიდარი კაცის მსგავსად, მათაც არ გაუწოდეს დახმარების ხელი გაჭირვებულ კაცობრიობას და არ შეუმსუბუქეს სულიერი თუ მიწიერი საჭიროებანი. ისინი ტრაბახობდნენ იმით, რომ უფლის რჩეულნი და მისი ნების აღმსრულებელნი არიან, სინამდვილეში კი არც ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებოდნენ და არც თაყვანს ცემდნენ მას. თავიანთ რჩეულობას ისინი მხოლოდ იმ ფაქტზე ამყარებდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. “ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ”, - ამაყად აცხადებდნენ ისინი (იოან. 8:33). ხოლო როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, აღმოჩნდა, რომ ძლიერ შორს იყვნენ უფლისაგან და მთელი თავისი იმედები აბრაამზე დაამყარეს, თითქოსდა ის იყო მათი ღმერთი.ქი 109.3

    ქრისტეს ძლიერ სურდა, რომ ღვთიურ ნათელს გაენათებინა ებრაელი ხალხის წყვდიადით მოცული გონება. და ასე უპასუხა: “თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია” (იოან. 8:39,40).ქი 110.1

    ქრისტე არავითარ ღირსებასა და უპირატესობას არ ანიჭებდა ადამიანის გვაროვნულობას. იგი ასწავლიდა, რომ სულიერი ყოველგვარ ნათესაურ ურთიერთობებზე გაცილებით მაღლა დგას. ებრაელები თავს აბრაამის შთამომავლებად თვლიდნენ. მაგრამ აბრაამის საქმეებს არ აკეთებდნენ, რითაც ამტკიცებდნენ, რომ არ არიან მისი ნამდვილი შვილები. ამგვარად, აბრაამის შთამომავლად ითვლება მხოლოდ ის, ვისაც სულიერი ერთობა და თანხმობა აქვს აბრაამთან და თანაც უფლის ნების აღმსრულებელია. თუმცა ხალხი გლახაკს ამ იგავში საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენას მიაკუთვნებდა, მაგრამ ქრისტემ იგი იმ ადამიანად აღიარა, რომელსაც აბრაამი თავის უახლოეს მეგობრად მიიღებდა.ქი 110.2

    ფუფუნებაში და განცხრომაში მყოფი მდიდარი კი იმდენად უმეცარი იყო, რომ აბრაამი ღმერთის ადგილას დააყენა. მას რომ თავისი დიდი უპირატესობა შეეცნო და სათანადოდ შეეფასებინა, სულიწმიდა თავის სულში შეეშვა, რათა მის გულსა და გონებაზე ზეგავლენა მოეხდინა და გარდაექმნა, მისი ხვედრი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ეს გამონათქვამი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებსაც ეხება, რომელთაც სიმბოლურად ეს მდიდარი კაცი წარმოადგენს. ებრაელ ერს რომ უფლის მოწოდება შეესმინა, მისი მომავალიც სხვაგვარი იქნებოდა; ჭეშმარიტი სულიერი გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობაც ექნებოდა; ღვთიური მადლიც უფრო მეტი მიეცემოდა; მისი შესაძლებლობებიც უფრო გაიზრდებოდა, რაც კაცობრიობას ზეციურ კურთხევასა და ნათელს მოუტანდა. მაგრამ ისინი იმდენად დაშორდნენ უფალს, რომ უზენაესის განზრახვას ვეღარ ხვდებოდნენ, რამაც სრულიად წარყვნა მათი ცხოვრება. მათ არ გაამართლეს უფლის იმედები და, როგორც უფლის ერთგულმა მნეებმა, დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენეს უფლისგან მიბარებული სიმდიდრე; ვერ შეაფასეს მარადიული ფასეულობანი და თავიანთი უსამართლობისა და ორგულობის გამო დაღუპეს მთელი ერი.ქი 110.3

    მაცხოვარმა კარგად იცოდა, რომ იერუსალიმის დანგრევისას ებრაელები გაიხსენებდნენ მის გაფრთხილებას. ასეც მოხდა: როცა იერუსალიმს თავს საშინელი უბედურება დაატყდა, როცა მთელი ერი შიმშილისა თუ სხვა წყლულებისაგან იღუპებოდა, - მართლაც გაიხსენეს მაშინ ქრისტეს სიტყვები, მიხვდნენ მის მიერ ოდესღაც ნათქვამი იგავის აზრს. კმასაც მიხვდნენ, რომ თავად დაიტეხეს თავს უბედურება იმით, რომ არ მოინდომეს, იმ საოცარი ნათლით შემოსილიყო წუთისოფელი, რომელიც თავად მიიღეს უფლისაგან.ქი 110.4