Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ეკლებში ჩათესილი

    “ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება”.ქი 15.7

    ჭეშმარიტების თესლი ხშირად ვარდება ეკლებსა და სარეველა მცენარეებში. და თუ ადამიანის გულში ზნეობრივი ცვლილებები არ ხდება, თუკი მას ადრინდელი მანკიერი თვისებები და ცოდვილი ცხოვრება არ მიუტოვებია, თუკი მასში კვლავინდებურად სატანის სული სუფევს, მასში კეთილი საწყისები მოიშთობა და ასეთი ადამიანი მოსავლად მხოლოდ ეკალს მოიმკის.ქი 15.8

    მადლს მხოლოდ იმ გულში შეუძლია ზრდა, რომელიც ჭეშმარიტების ძვირფასი თესლის მისაღებად მუდმივ მზადებაშია. ცოდვის ეკლები ყოველგვარ მიწაზე ადვილად იზრდება; მათ მოვლა არ სჭირდება. მადლს კი მუდმივი ზრუნვა ესაჭიროება. ეკლიან მცენარეებს ნებისმიერ ნიადაგზე და ნებისმიერ დროს შეუძლიათ აღმოცენება და მათ აღმოსაფხვრელად დაუზოგავი და მუდმივი შრომაა საჭირო. თუკი ადამიანის გული უფლის მუდმივი ყურადღების ქვეშ არ არის, თუკი ღვთის წმიდა სული თავისი მუდმივი მსა- ხურებით არ ანახლებს და აკეთილშობილებს ადამიანის ხასიათს, ადრე თუ გვიან მასში აუცილებლად იჩენს თავს ძველი ნაკლი და მანკიერებანი. ადამიანს შეუძლია, სიხარულით ისაუბროს თავის რწმენაზე, მაგრამ თუ მასში სახარების ნათელი არ არის, მის სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თუკი მან რეალურად არ გაიმარჯვა ცოდვაზე, მაშინ ცოდვა დაამარცხებს მას. მოჭრილი ეკლები, რომელთა ფესვებიც ამოძირკვული არ არის, ისე მალე იზრდება, რომ შესაძლოა, მალე მთელი დედამიწა დაფაროს.ქი 15.9

    ქრისტე ნათლად და გასაგებად გვაფრთხილებს, თუ რა ხიფათი ელის ადამიანის სულს. მარკოზი წერდა, რომ მაცხოვარი ხშირად ამხელდა ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვით, სიმდიდრითა და სხვა ვნებებით ადამიანის ცდუნების მოსალოდნელ საშიშროებას. ყოველივე ეს აშთობს ღვთის სიტყვას - აღმოცენებულ სულიერ თესლს. სულს აღარ სურს ქრისტეს საკვების მიღება და სულიერებაც ტოვებს მას.ქი 16.1

    “სოფლის საზრუნავი”. არავინაა დაზღვეული ამგვარი ცდუნებისაგან. ღარიბი ადამიანისათვის მუდმივ საწუხარს და საზრუნავს წარმოადგენს მძიმე შრომა, გაჭირვება და მოსალოდნელი სიღატაკე. მდიდარს თავისი დოვლათისა და დაგროვილი სიმდიდრის დაკარგვის საშიშროების დარდი ჰკლავს. ქრისტეს მრავალ მიმდევარს ხშირად ავიწყდება მაცხოვრის გაკვეთილი, რომელშიც გვასწავლიდა, მინდვრის ყვავილებისთვის მიგვებაძა. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, არ ენდობიან უზენაესის მათზე მუდმივი მზრუნველობის აღთქმას. ქრისტეს კი არ შეუძლია, იტვირთოს მათზე ზრუნვა, როცა მას არ ენდობიან. ასე რომ, ცხოვრებისეული საზრუნავი, რომელმაც ადამიანები უფრო მტკიცედ უნდა დაუკავშიროს მაცხოვარს მისგან დახმარებისა და ნუგეშის მიღებისათვის, სიახლოვის ნაცვლად უფრო აშორებს მას.ქი 16.2

    მრავალი ადამიანი, რომელსაც უაღრესად დიდი სარგებლობის მოტანა შეეძლო უფლის სამსახურში, სიმდიდრის მოპოვების დაუოკებელი სურვილით არის ანთებული. მთელი მათი ენერგია და ძალა ამქვეყნიურ საქმეებს ხმარდება. ისინი თვლიან, რომ მათი სულიერ განძთაგან განდგომა გარდაუვალია. და ასე შორდებიან ღმერთს. წმიდა წერილი კი მოგვიწოდებს: “იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით” (რომ. 12:11). მტკიცედ უნდა ვიშრომოთ, რათა გაჭირვებულთ დავეხმაროთ. ქრისტიანმა აქტიურად, გონივრულად უნდა იშრომოს, მაგრამ მის საქმიანობაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაიმე დანაშაულს. ზოგი ქრისტიანი ისე ღრმადაა ჩაფლული ამქვეყნიურ საქმეებში, რომ დროს ვერც ლოცვისათვის პოულობს და ვერც ბიბლიის შესწავლისათვის და ვერც იმისათვის, რომ უფალი ეძებოს და მას ემსახუროს. ზოგჯერ ამ ადამიანებს ზეციური, წმიდა ცხოვრების სურვილი მოეძალებათ, მაგრამ “სოფლის საზრუნავით” ძლიერ დაკავებული არიან და დროს ვერ პოულობენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისათვის - უსმინონ სულიწმიდის ხმას. მარადიულობა მათთვის მეორეულ საქმედ, წუთისოფლის საზრუნავი კი პირველად მოთხოვნილებად იქცა. და ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, ღვთის სიტყვამ ნაყოფი გამოიღოს, ვინაიდან სულს წუთისოფლის ეკალბარდები ახშობს.ქი 16.3

    სხვადასხვა მიზნებისაკენ მლტოლველი მრავალი ადამიანი ვარდება მსგავს ცდუნებაში. ასეთები ხშირად გულწრფელად და თავგამეტებით იღვწიან სხვების კეთილდღეობისათვის და თავიანთ საქმიანობას, მოვალეობასა და პასუხისმგებლობას იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ უზენაესისადმი ჭეშმარიტ მსახურებაზე მაღლა აყენებენ; უფალთან ლოცვითა და მისი სიტყვის შესწავლით ურთიერთობას უგულებელყოფენ და ავიწყდებათ ქრისტეს სიტყვები: “უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ” (იოან. 15:5). ისინი გვერდს უვლიან ქრისტეს გზას, მისი მადლის გარეშე ცხოვრობენ და მათს ხასიათში არსებული ეგოიზმიც მკვეთრად ვლინდება, რის შედეგადაც მათი მსახურება მათი დაუმორჩილებელი, გაუხეშებული გულის სურვილთა აღსრულებისაკენ, პატივმოყვარეობისა და პირველობისაკენ სწრაფვით არის განპირობებული. სწორედ ესაა ქრისტიანული მსახურების წარუმატებლობის ერთერთი მთავარი მიზეზი და მისი სავალალო შედეგი.ქი 16.4

    “სიმდიდრის საცდურს” მეტად მიმზიდველი, მომაჯადოებელი ძალა გააჩნია. ამქვეყნიურ ფასეულობათა მფლობელთ ძალზე ხშირად ავიწყდებათ, რომ სიმდიდრის შესაძენად ძალას ღმერთი აძლევთ. ისინი აცხადებენ: “ჩემმა ძალამ და ჩემმა ხელის სიმტკიცემ შემძინა მე ეს ქონება” (რჯლ. 8:17). სიმდიდრის შეძენა ღვთისადმი მადლიერების გრძნობას კი არ იწვევს მათში, არამედ საკუთარი “მე”-ს აღზევებას. მათ ავიწყდებათ, თუ რამდენად არიან დამოკიდებული ღმერთზე ყველა საქმეში და რა მოვალეობა აკისრიათ მოყვასის წინაშე. თავის სიმდიდრეს ისინი არ მიიჩნევენ ღვთით ბოძებულ ძღვნად, რომელიც უზენაესის განდიდებისა და მოყვასის კეთილდღეობისათვის უნდა გამოიყენონ. ისინი თავიანთ დოვლათს თვითდამკვიდრების საშუალებად მიიჩნევენ. სიმდიდრისადმი ამგვარი დამოკიდებულება ადამიანს ღვთიურ თვისებებს ვერ შესძენს, არამედ, პირიქით, მასში სატანის ხასიათს ამკვიდრებს. ამგვარად, ღვთის სიტყვის თესლს ამ შემთხვევაშიც ეკალბარდები აშთობს.ქი 17.1

    ადამიანებისათვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს ამქვეყნიური სიამტკბილობანი და “განცხრომანი”, რითაც ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ. ყოველი მანკიერი ჩვევა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ძალებს ანადგურებს, გონებას უბნელებს და სულიერ ჭეშმარიტებათა აღქმაში ხელს უშლის, - ეს არის ხორციელი გულისთქმანი, “რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან” (1პეტრ. 2:11).ქი 17.2

    დამღუპველ ვნებად შეიძლება იქცეს ადამიანთა სხვა საქმეებიც, რომლებიც თავისთავად დანაშაულებრივი როდია, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა, როცა მათ პირველ ადგილს უთმობენ და ღვთის სასუფეველზე მაღლა აყენებენ. ყველაფერი, რაც ადამიანის გონებასა და გრძნობებს ღვთისაგან აშორებს, დამღუპველია მისი სულისათვის.ქი 17.3

    როდესაც გონება ჯერ კიდევ ჯანსაღი და ახალგაზრდაა და აქტიურად და სწრაფად ვითარდება, მის პატრონს უჩნდება მაცდური სურვილი, მთელი თავისი ყურადღება საკუთარი “მე”-ს განვითარებასა და ზრდაზე გადაიტანოს და საკუთარ თავს ემსახუროს. და, თუკი ამ დროს მისი ამქვეყნიური საქმიანობა წარმატებულია, შესაძლოა, სინდისის ხმა მისთვის იმდენად დახშული აღმოჩნდეს, რომ ვეღარ შეაფასოს, თუ რა არის ხასიათის ჭეშმარიტად უკეთილშობილესი თვისებები. ძალზე ხშირად თვით ცხოვრებისეული ვითარება უწყობს ხელს ადამიანის იმ გზით განვითარებას, რომელიც დაგმობილია ღვთის სიტყვის მიერ.ქი 17.4

    უდიდესი პასუხიმგებლობა აწევთ მშობლებს მათი შვილების ხასიათის ჩამოყალიბების პერიოდში. უდიდესი ძალისხმევა სჭირდებათ ამ დროს მათ, რათა ახალგაზრდებს შეუქმნან პირობები და გარემო, რომელიც მათზე დადებით ზეგავლენას მოახდენს და ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ წარმატებებზე ჭეშმარიტ წარმოდგენასა და თვალსაზრისს შეუქმნის მათ. მაგრამ, სამწუხაროდ, რა დიდია წუთისოფელში იმ მშობელთა რიცხვი, რომელთაც ამ ამოცანის აღსრულებად შვილების მატერიალური უზრუნველყოფა მიაჩნიათ და გულმოდგინედ ზრუნავენ მათი კეთილდღეობისათვის ამ ცოდვილ წუთისოფელში. თავიანთ ნაცნობობასა და საზოგადოებრივ კავშირებს სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად იყენებენ. მრავალი მშობელი საცხოვრებლად დიდ ქალაქებს ირჩევს, რათა შვილები მაღალი საზოგადოების გარემოცვაში გაზარდოს, რითაც მათში ელიტარული პატივმოყვარეობისა და სიამაყის განვითარებას უწყობს ხელს. ასეთ გარემოცვაში არ ხდება ადამიანის სულისა და გონების ცოცხალი განვითარება და იკარგება კეთილშობილური მიზნები. ამქვეყნიური სიმდიდრის მოხვეჭის მცდელობისას მარადიული სასუფევლის მემკვიდრეთ ავიწყდებათ ის უპირატესობანი, რომელიც მათ მიეცათ, როგორც ღვთის შვილთ.ქი 17.5

    ბევრი მშობელი ბედნიერების მინიჭების მიზნით შვილებს სხვადასხვა გართობებისადმი სიყვარულს უნერგავს. ისინი იწონებენ მათს სპორტულ გატაცებებს, სხვადასხვა საზეიმო და გასართობ საღამოებს და შეკრებებზე წასვლის ნებას რთავენ, აძლევენ სახარჯო ფულს თავიანთ სურვილთა დასაკმაყოფილებლად, რითაც შვილები თავს იწონებენ საზოგადოებაში. მაგრამ რაც უფრო მეტად უწყობენ ხელს ვნებათა დაკმაყოფილებაში, მით უფრო უძლიერებენ ამ ვნებებისკენ ლტოლვას. ახალგაზრდობის ცხოვრების ერთადერთი ინტერესი გართობა და დროსტარება ხდება. დროთა განმავლობაში კი იგი მათი ცხოვრების ერთადერთ მიზნად იქცევა, რის შედეგადაც ადამიანი თავისი სურვილების, უსაქმურობისა და სიზარმაცის მონა ხდება და საეჭვოა, რომ იგი ოდესმე გონიერი, ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდება.ქი 17.6

    სამწუხაროდ, თვით ეკლესიაც კი, რომელიც ჭეშმარიტების საფუძველი და სვეტი უნდა იყოს, ხშირად აღძრავს ადამიანებში სიამოვნებისადმი ეგოისტურ სიყვარულს. რა მეთოდით აგროვებენ ხშირად ეკლესიები შესაწირავს რელიგიური საჭიროებისათვის? ისინი აწყობენ საქველმოქმედო ბაზრობებს, ვახშმობებს, ლატარეასაც კი და მრავალ სხვა მის მსგავს გასართობ ღონისძიებებს. ძალზე ხშირად ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი წმიდა ადგილები ღრეობებით, სავაჭრო საქმიანობითა და სხვადასხვაგვარი დროსტარებით უწმიდურდება, რის შედეგადაც კატასტროფული სისწრაფით ეკარგებათ ახალგაზრდებს ღვთის ტაძრის მიმართ პატივისცემა და ღვთისმსახურებისადმი მოწიწება. ირღვევა თავშეკავების ბარიერი; მთელი ძალით თავს იჩენს ეგოიზმი, საკუთარი მადის დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვა და თავის გამოჩენის სურვილი. და ხასიათის ეს თვისებები ახალგაზრდებში უდიდესი სისწრაფით იზრდება და ძლიერდება, ვინაიდან მათ არავინ ზღუდავს.ქი 18.1

    დროსტარებისა და მრავალსახოვანი გართობებისადმი ლტოლვა განსაკუთრებით და უფრო ძლიერ დიდ ქალაქებში იჩენს თავს. ბევრი მშობელი შვილებისათვის უკეთესი ცხოვრების შექმნის მიზნით მათთვის საცხოვრებელ ადგილად ქალაქს ირჩევს; ხშირად ისინი იმედგაცრუებულნი რჩებიან და, თუმცა გვიან, მაგრამ ძლიერ ნანობენ ჩადენილ შეცდომას. თანამედროვე ქალაქები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან სოდომსა და გომორას. ტადღესასწაულო და უქმე დღეების მრავალრიცხოვნება დიდად უწყობს ხელს უსაქმურობისა და უზრუნველობის დამკვიდრებასა და განვითარებას. ადამიანის სულის აღმგზნები გართობები - თეატრები, საცხენოსნო სანახაობები, აზარტული თამაშები, სასმელი და დროსტარება - ძლიერ ემოციურ დაძაბულობას მოითხოვს. ახალგაზრდებს დიდად იტაცებს ეს საერთო დინება. და ის, ვინც ამგვარ გართობებს ეჩვევა და საკუთარი ცხოვრების წესად იხდის, ფართოდ უხსნის კარს ცდუნებათა ნიაღვარს. ახალგაზრდები დაუფიქრებლად მიჰყვებიან ამ საზოგადოდ მიღებული დროსტარებისა და მრავალფეროვანი გართობების ძლიერ ნაკადს და ამგვარ სიამოვნებათა მოყვარულებთან ერთად გონების დამბინდველ ვნებათა ღელვას ეძლევიან. და დროსტარების მრავალსახეობას არჩევენ, სანამ საბოლოოდ ყოველგვარ სურვილს და, რაც მთავარია, გონივრული და სასარგებლო ცხოვრების უნარს არ დაკარგავენ. მათი რელიგიური სული ქრება, მათში ანთებული რელიგიური ცეცხლი ნელდება და მათი სულიერი ცხოვრება თანდათან წყვდიადში იძირება. ადამიანის სულის ყოველი კეთილშობილური თვისება, სულიერ სამყაროსთან მისი ყოველგვარი კავშირი მცირდება და ქრება.ქი 18.2

    მართალია, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, რომ ზოგი მათგანი დაფიქრდება თავის უგუნურ ცხოვრებაზე, შეიგნებს თავის სავალალო მდგომარეობას და მოინანიებს. და უფალიც მიუტევებს. მაგრამ მათ ისეთი ღრმა ჭრილობა მიაყენეს საკუთარ სულს, რომ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ დაცემის საშიშროება, რადგან მათში შესუსტებულია ბოროტების სიკეთისაგან გარჩევის უნარი, რასაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება. მათ აღარ შესწევთ სულიწმიდის კარგად გარჩევისა და მისი ხელმძღვანელობის საჭიროების შეცნობის უნარი და სატანის მზაკვრობასაც ისე ნათლად ვეღარ ხვდებიან. ისინი შეიძლება კვლავ დაეცნენ განსაცდელისა და ცდუნების ჟამს და კვლავ დაშორდნენ ღმერთს. ამქვეყნიური სიამოვნებებისა და გართობების მოყვარულთა სიცოცხლის ბოლო არის სიკვდილი მიწიერ და მომავალ ცხოვრებაშიც.ქი 18.3

    წუთისოფლის საზრუნავი, ფუფუნება და ამქვეყნიური სიამოვნებანი - ყოველივე ამას სატანა თავის მზაკვრულ თამაშში ადამიანთა ჩასათრევად იყენებს. ჩვენ გაგვაფრთხილეს: “ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისგან არის” (1იოან. 2:15,16). ის, ვისთვისაც ადამიანის გული გადაშლილი წიგნია, ამბობს: “გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად” (ლუკ. 21:34). სულიწმიდით შთაგონებულმა პავლე მოციქულმა კი დაგვიწერა: “ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს” (1ტიმ. 6:9,10).ქი 18.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents