Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    სხვა ტალანტები

    სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს მხოლოდ იგავში მოცემული ტალანტები არ წარმოადგენს. იგი მოიცავს ყველა ნიჭსა და უნარს, თანდაყოლილსა თუ შეძენილს, ბუნებრივსა თუ სულიერს. ყოველი მათგანი ქრისტეს მსახურებისათვის უნდა იქნას გამოყენებული. ვხდებით რა ქრისტეს მოწაფეები, ყოველივეს მას ვუძღვნით: საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ამ ნიჭებს იგი გვიბრუნებს განწმედილსა და გაკეთილშობილებულს, რათა ისინი შემდგომ ღვთის დიდებისა და მოყვასის სამსახურისათვის გამოვიყენოთ.ქი 137.4

    ღმერთი თითოეულ ადამიანს “მისი უნარისდა მიხედვით” აძლევს. ტალანტები შემთხვევით არ რიგდება. მას, ვისაც ხუთი ტალანტის გამოყენება შეუძლია, ხუთი ეძლევა; მას, ვისაც ორის გამოყენება ძალუძს, - ორი; ხოლო ვინც ერთ ტალანტსაც კი გონივრულად გამოიყენებს, ერთი მიეცემა. ვერავინ იტყვის საყვედურს უპირატესი ნიჭის მიუღებლობის გამო, რადგან მათ მომცემს ერთნაირად განადიდებს ყოველი მათგანისათვის მინდობილი ტალანტი, დიდი იქნება ის თუ მცირე. ხუთი ტალანტის მიმღებმა ის ხუთი გამრავლებული უნდა დააბრუნოს. იგივე უნდა გააკეთოს ერთი ტალანტის პატრონმაც. უფალი ელის გულმოდგინებას “იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს” (2კორ. 8:12).ქი 137.5

    იგავში ნათქვამია, რომ “ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო”.ქი 138.1

    ადამიანისათვის მიცემული ყოველი ტალანტი, რაგინდ მცირეც არ უნდა იყოს იგი, სარგებლით უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ არ უნდა გვაწუხებდეს, თუ რამდენი მივიღეთ, არამედ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, თუ როგორ გამოვიყენეთ ის, რაც გვაქვს. ჩვენი უპირველესი მოვალეობა ღვთისა და მოყვასის წინაშე არის ის, რომ შეძლებისდაგვარად განვავითაროთ მოცემული ნიჭი და უნარი. ვერც ერთი ადამიანი ვერ შეასრულებს მის მიმართ უფლის ჩანაფიქრს, თუკი იგი თავის ტალანტსა და ნიჭს ყოველდღიურად არ ავითარებს და მისგან სარგებელს არ იღებს. უკვე იმის განცხადებით, რომ ქრისტეს მორწმუნენი ვართ, ვალდებულებას ვიღებთ, რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოვუტანოთ უფლის საქმეს; ამისათვის უფლისაგან ბოძებული ყოველი ნიჭი უმაღლეს სრულყოფილებამდე უნდა განვავითაროთ, რათა იგი საუკეთესო საქმეებისათვის გამოვიყენოთ.ქი 138.2

    დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი უფალ ღმერთს. და აქ, დედამიწაზე, მის ერთგულად და ნებაყოფლობით შემსრულებელს მომავალ ცხოვრებაში ყველაფერ საუკეთესოს მისცემს იგი. უფალი ირჩევს თავის შემწეთ ამ წუთისოფელში საქმიანობისათვის და მისი ღვთიური გეგმის განხორციელების პროცესში სხვადასხვა პირობებს უქმნის მათ რწმენისა და გამოცდილების განსამტკიცებლად. ასე პასუხობს იგი ყოველ მის მორწმუნეს, რომელიც გულწრფელად ცდილობს უზენაესის ჩანაფიქრის აღსრულებას. მაცხოვარი ირჩევს თავის წარმომადგენელთ არა იმიტომ, რომ ისინი სრულყოფილნი არიან, არამედ იმისათვის, რომ მასთან ახლო ურთიერთობით ჭეშმარიტ სრულყოფილებას მიაღწიონ.ქი 138.3

    უფალი მიიღებს მხოლოდ მათ, ვინც სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის. იგი ელის, რომ ყოველი მისი მსახური მთელი სრულყოფილებით შეასრულებს თავის მოვალეობას. ამასთანავე იგი თითოეულისგან ზნეობრივ სრულყოფილებას ითხოვს. ჩვენ არ უნდა დავამდაბლოთ და შევამციროთ ზნეობრივი სიწმიდის საზომი იმისათვის, რომ მას ჩვენი თანდაყოლილი თუ შეძენილი ცოდვილი არსი მოვარგოთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხასიათის არასრულყოფილება - ეს ცოდვაა. ყველა წმიდა და კეთილშობილური თვისება სრულყოფილად, ჰარმონიულადაა შერწყმული ღმერთში. და ყოველ ადამიანს, რომელიც ქრისტეს თავის პირად მხსნელად მიიღებს, ექნება უპირატესობა, ამ თვისებათა მფლობელი გახდეს.ქი 138.4

    უფალთან თანამშრომლობის მოსურნე ყოველმა ადამიანმა უნდა იზრუნოს თავისი სხეულისა და გონების სრულყოფისათვის. ჭეშმარიტი განათლება - ესაა ყველა ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი ძალის მომზადება უდიდეს მოვალეობათა აღსრულებისათვის. ესაა სხეულის, სულისა და გონების ღვთიური მსახურებისათვის მომზადება. ასეთი განათლების პროცესი მარადიულობაშიც გაგრძელდება.ქი 138.5

    ყოველი ქრისტიანისაგან უფალი ითხოვს ნაყოფიერ მსახურებასა და მოცემული ნიჭების ყველა სფეროში გამოყენებას. მაცხოვარმა საკუთარი სისხლითა და ტანჯვით გაიღო ჩვენი ცოდვის საზღაური, რათა ჩვენთვის გულწრფელი, ნებაყოფლობითი მსახურების შესაძლებლობა მოეცა. იგი მოვიდა წუთისოფელში, რათა ჩვენთვის მაგალითი ყოფილიყო იმისა, თუ როგორ ვიშრომოთ ან რა სული ჩავაქსოვოთ ჩვენს მსახურებაში. მაცხოვარს სურს, ვისწავლოთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ და წავწიოთ წინ მისი საქმე და განვადიდოთ მისი სახელი წუთისოფელში; როგორ შევამკოთ იგი მამის დიდების გვირგვინით, უსაზღვრო სიყვარულითა და პატივით; მამისა, რომელმაც “იქამდე შეიყვარა... სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” (იოან. 3:16).ქი 138.6

    მაგრამ ქრისტეს ჩვენთვის არ უთქვამს, რომ ხასიათის სრულყოფილების მიღწევა ადვილი საქმეა. ხასიათის ჯანმრთელი, კეთილშობილური თვისებები მემკვიდრეობით არ გადაეცემა ადამიანს; არც შემთხვევით შეიძინება. ადამიანმა იგი საკუთარი ძალისხმევით, ქრისტეს მადლითა და დამსახურებით უნდა გამოიმუშაოს. ღმერთი გვაძლევს ნიჭებსა და გონების ძალას; ჩვენ კი თავად ვაყალიბებთ საკუთარ ხასიათს საკუთარ თავთან მძიმე, შეუპოვარ ბრძოლაში. ყოველდღიურად, შეუსვენებლივ უნდა ვებრძოლოთ ბოროტ თვისებებს; დიდი გულისყურითა და დაკვირვებით უნდა გამოვიკვლიოთ და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავი, რათა არც ერთი მანკიერი თვისება არ დაგვრჩეს გამოუსწორებელი.ქი 139.1

    ნურავინ იტყვის, რომ ვერასოდეს შეძლებს საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებას. მსგავსი დასკვნით ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას და ვერც საუკუნო სასუფეველს დაიმკვიდრებთ. სურვილის უქონლობა - აი ეს არის უმთავრესი დაბრკოლება მარადიულობის მოპოვების გზაზე. თუ სურვილი არა გაქვთ, ვერც გაიმარჯვებთ. ჭეშმარიტი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მანკიერ, განუახლებელ გულს არ სურს, დამორჩილდეს უფლის ხელმძღვანელობას.ქი 139.2

    ბევრმა მათგანმა, ვინც უფალმა ასე უხვად დააჯილდოვა მეტად მნიშვნელოვან და რთულ ღვთიურ საქმეთა აღსასრულებლად, სათანადო შედეგს ვერ მიაღწია. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტის გაკეთება არც უცდია. ათასობით ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას ხშირად სრულიად უმიზნოდ ატარებს და არც რაიმე მწვერვალებისაკენ მიისწრაფვის. ყოველი მათგანი საკუთარი საქმეების მიხედვით მიიღებს საზღაურს.ქი 139.3

    გახსოვდეთ, რომ თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ იმაზე მეტს, ვიდრე მიზნად დაისახეთ. ამიტომ საჭიროა უმაღლესი მიზნების დასახვა და შემდგომ ნაბიჯნაბიჯ, ზოგჯერ დიდი ტკივილით, თავგანწირვითა და მსხვერპლით პროგრესის კიბის საფეხურებზე ასვლა, სანამ მწვერვალს არ მიაღწევთ. ნურაფერი შეგაშინებთ და შეგაჩერებთ. ბედის უკუღმართობას ჯერ არავისთვის შეუკრავს ხელფეხი ისე, რომ სასოწარკვეთილებასა და უიმედობას თავი ვერ დააღწიოს. მტრულმა ვითარებამ მისი დამარცხების მტკიცე გადაწყვეტილების მიღების სურვილი უნდა გაგვიღვიძოს. გასავლელ გზაზე პირველი წინააღმდეგობის გადალახვა გამბედაობას შეგვმატებს და ახალი შემართებით გაგვაძლიერებს დარჩენილი გზის გასავლელად. შეუპოვრად განაგრძეთ გზა სწორი მიმართულებით და სულ მალე დაინახავთ, რომ თქვენ ირგვლივ შექმნილი ვითარება თქვენს სასიკეთოდ განვითარდება და არა სამტროდ.ქი 139.4

    გამოიჩინეთ გულმოდგინება და მოშურნეობა, განახორციელოთ თქვენი სურვილი საკუთარი ხასიათის ყოველი თვისების უფლის სადიდებლად გარდაქმნის საქმეში. თქვენი ხასიათის ჩამოყალიბების ყოველ ეტაპზე ეცადეთ, მადლი პოვოთ უფლის თვალში. თქვენ ამის გაკეთებას უეჭველად შეძლებთ, ვინაიდან ხომ შეძლო ენოქმა ეს საზოგადოებაში საყოველთაო მანკიერების ბატონობისა და დეგრადაციის პერიოდში. ენოქის მსგავსნი დღესაც ხომ არსებობენ.ქი 139.5

    შეინარჩუნეთ სიმტკიცე დანიელის მსგავსად; მსგავსად კაცისა, რომელიც იმდენად ერთგული იყო ღვთისა, რომ ვერავითარმა ცდუნებამ ვერ დაამარცხა. ნუ გაანაწყენებთ მას, ვინც ისე შეგიყვარათ, რომ საკუთარი სიცოცხლე შესწირა ცოდვებისაგან თქვენს გათავისუფლებას. იგი ამბობს: “უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ” (იოან. 15:5). ნუ დაივიწყებთ ამ სიტყვებს. გახსოვდეთ, რომ, თუკი საკუთარ შეცდომებში ხედავთ გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, გამარჯვებული ხართ. ამით მარცხს გამარჯვებად აქცევთ და მხსნელის სახელს განადიდებთ, მტერს კი იმედებს გაუცრუებთ.ქი 139.6

    ღვთიური ხასიათის მსგავსად ჩამოყალიბებული ხასიათი - აი ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც ამ სიცოცხლიდან მომავალ სასუფეველში შეგვიძლია წავიღოთ. თუ ამქვეყნად ქრისტეს რჯულით ვხელმძღვანელობთ, ზეციურ სავანეებში თან წავიღებთ უფლის ყველა იმ მიღწევას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში გამოვლინდა. და შემდეგ, მარადიულობაშიც არ შეწყდება ჩვენი განვითარება. აი რატომ ენიჭება ასეთი დიდი მნიშვნელობა ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში საკუთარი ხასიათის სრულყოფილებისათვის მუდმივ შრომას.ქი 139.7

    ზეციური ანგელოზები უეჭველად დაეხმარებიან ადამიანებს, რომელნიც მტკიცე რწმენით იღვწიან საკუთარი ხასიათის სრულყოფილებისათვის, რასაც მოქმედება სჭირდება. შოველ ადამიანს, ვინც მიზნად დაისახა საკუთარი ხასიათის გარდაქმნა, მაცხოვარი ეუბნება: “შენ გვერდითა ვარ, დაგეხმარები”.ქი 140.1

    როდესაც ადამიანის სურვილი ღვთის სურვილს ერწყმის, იგი ყოვლისშემძლე ხდება. ის, რაც უზენაესის ბრძანებით უნდა გაკეთდეს, მისივე ძალით შესრულდება. უფლის ყოველი დავალება მის მიერვე ბოძებული ძალითა და შესაძლებლობებით სრულდება.ქი 140.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents