Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    საგანძურის ძებნა

    ჩვენი მუდმივი შესწავლის საგანი ბიბლია უნდა იყოს და ჩვენი შვილებიც მის ჭეშმარიტებებს უნდა ვაზიაროთ. მასში, როგორც უკვე ვთქვით, ძევს აურაცხელი სიმდიდრე, რომელსაც დასასრული არა აქვს. მაგრამ ადამიანები გვერდს უვლიან მას, რადგან არ აინტერესებთ და თავიანთი ზრუნვის საგნად არ მიაჩნიათ. ბევრი სრულიად კმაყოფილდება იმით, რომ რაღაც მიახლოებითი წარმოდგენა და ვარაუდი გააჩნია ჭეშმარიტებაზე და მის გულმოდგინე გამოკვლევას სულაც არ თვლის საჭიროდ. ისინი საკმარისად მიიჩნევენ იმ ზედაპირულ ცოდნას, რომელიც გააჩნიათ. ამ საბრალო ადამიანებს ადვილად სჯერათ ყველაფერი, რასაც სხვები ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობენ, თავად კი ეზარებათ დამოუკიდებელი, ბეჯითი შრომის დაწყება, რაც წმიდა წერილში დამალული საუნჯის ძებნას ნიშნავს. მაგრამ ადამიანის გამონაგონი არა მარტო საეჭვოა, არამედ სახიფათოც, რადგან იგი ადამიანს ღმერთის ადგილზე აყენებს, ადამიანის გამონათქვამს კი - იქ, სადაც “ასე ამბობს უფალი” უნდა იყოს.ქი 40.5

    ქრისტე ჭეშმარიტებაა და მის ჭეშმარიტ სიტყვებში უფრო ღრმა აზრია ჩადებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უდიდესი ფასი აქვს მაცხოვრის თითოეულ გამონათქვამს, თუმცა ჭეშმარიტება მეტად უბრალო სიტყვებითაა გამოთქმული. მაგრამ სულიწმიდის ძალით განმტკიცებულ და განწმედილ გონებას ძალუძს ამ უბრალო სიტყვებში დაფარული ჭეშმარიტების ძვირფასი მარგალიტის შეცნობა. ადამიანთა თეორიები და მოსაზრებები არასოდეს მიგვიყვანს ღვთის სიტყვის შემეცნებამდე. ხშირად ისინი, ვისაც თავი ფილოსოფიის ბრწყინვალე მცოდნედ მოაქვს, თვლიან, რომ მათი ფილოსოფიური ახსნაგანმარტება აუცილებელი და მეტად საჭიროა ღვთის სიტყვის შემეცნებისა და ეკლესიაში ერესის შემოსვლის თავიდან აცილებისათვის. მაგრამ ძალზე ხშირად მათი მცდელობა უფრო ბუნდოვანს ხდის იმას, რის ახსნასაც ისინი ცდილობენ.ქი 41.1

    მღვდელმსახურთ და ფარისეველთ ეგონათ, რომ ისინი, როგორც მოძღვრები, დიდ საქმეს აკეთებდნენ, როდესაც ღვთის სიტყვას თავისებურად განმარტავდნენ. მაგრამ ქრისტემ უთხრა მათ: “ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა” (მათ. 22:29). და ამხილა იმაში, რომ ისინი “ასწავლიან… ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს” (მარკ. 7:7). მართალია, ისინი ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ, მაგრამ თავად არ იყვნენ მისი აღმსრულებელნი. სატანამ დაუბინდა მათ გონება, რომ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი აზრი დაეფარა მათგან.ქი 41.2

    ასეა დღესაც: ბევრ ეკლესიაში ტრიალებს ასეთი ცოდვა; წუთისოფელში დიდი საშიშროება არსებობს იმისა, რომ თანამედროვე ბრძენკაცები იუდეველ მოძღვართა შეცდომებს გაიმეორებენ. ისინი ხშირად ცრუდ განმარტავენ ღვთის სიტყვას, რის შედეგადაც დაბნეული ადამიანები უფრო დიდ წყვდიადში ეფლობიან და ღვთიურ ჭეშმარიტებებში ვეღარ ერკვევიან.ქი 41.3

    ამიტომ წმიდა წერილები არ უნდა წავიკითხოთ ტრადიციული წარმოდგენებისა და ადამიანთა გამონაგონის ნათელში. წმიდა წერილის ადამიანთა გადმოცემებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით განმარტების მცდელობა - ეს იგივეა, რომ ბრწყინვალების გასაძლიერებლად მზეს სანთლის სუსტი შუქი დავუმატოთ. ღვთის წმიდა სიტყვა მიწიერი სანთლის სუსტ შუქს არ საჭიროებს. იგი თავად არის სინათლის ძლიერი წყარო - ადამიანთა წინაშე გამოცხადებული უფლის დიდება და მის გვერდით სხვა ნებისმიერი სინათლე არარაობას წარმოადგენს.ქი 41.4

    ღვთის სიტყვის შესწავლა ღვთიურ ჭეშმარიტებათა ღრმა და გულმოდგინე გამოკვლევას ნიშნავს. ზარმაცი და უქნარა გონება ვერასოდეს ჩასწვდება მის ნათელ ჭეშმარიტებებს. საერო განათლების მიღებასაც ხომ გულმოდგინე, თავდადებული შრომა, გონების ძალთა მოკრება და დიდი მოთმინება სჭირდება. ადამიანს, რომელსაც რაიმე საქმის წარმატებით დაგვირგვინება სურს, შრომის დიდი სურვილი და დასახულის განხორციელების იმედიც უნდა ჰქონდეს. ასევეა სულიერ სფეროშიც: გულმოდგინების გარეშე სულიერი ცოდნის მიღება შეუძლებელია. მან, ვისაც უხრწნად ჭეშმარიტებათა განძის აღმოჩენა სურს, უნდა თხაროს და ეძებოს, როგორც ამას მიწაში ჩაფლული განძის მძებნელი აკეთებს. უგულო, გულგრილი მუშაობა სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ყოველი ადამიანისათვის, მიუხედავად ასაკისა, აუცილებელია ღვთის სიტყვის არა მხოლოდ უბრალოდ წაკითხვა, არამედ მისი საგულდაგულოდ,ლოცვით გამოკვლევა, როგორც დაფარული საუნჯისა. ამგვარად მოქმედნი შესაბამის საზღაურს მიიღებენ, რადგან თავად ქრისტე მისცემთ ამისათვის ნიჭსა და ძალას.ქი 41.5

    ჩვენი გადარჩენა დიდადაა დამოკიდებული წმიდა წერილებში მოცემული ჭეშმარიტების შეცნობაზე. უფალს სურს, ვიცოდეთ იგი. მწყურვალე გულით ეძებეთ ბიბლიური ჭეშმარიტებანი. გამოიკვლიეთ უფლის სიტყვა. დაემსგავსეთ მიწის სიღრმეებში ოქროს მაძიებელთ. ნუ შეწყვეტთ ძიებას, სანამ არ განმტკიცდებით უფალთან ურთიერთობაში, სანამ თქვენ მიმართ მის ნებას არ შეიტყობთ. მაცხოვარი ამბობს: “რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ” (იოან. 14:13,14).ქი 42.1

    ღვთისმოსავ და ნიჭიერ ადამიანს მეტნაკლებად შეუძლია მარადიულ ფასეულობათა აღქმა, მაგრამ ხშირად მასაც უჭირს ეს, ვინაიდან ხილულს უხილავის დაჩრდილვა შეუძლია. ის, ვისაც დაფარული განძის პოვნა სურს, მისი ძებნისას ამქვეყნიურ ფასეულობებზე მაღლა უნდა დადგეს და უფრო ამაღლებული მიზნები უნდა დაისახოს. მთელი თავისი ნიჭი და შესაძლებლობები მან ამ გამოკვლევას უნდა მიუძღვნას.ქი 42.2

    ადამიანის ურჩობა ხშირად კარს უკეტავს იმ ცოდნას, რომლის მიღებაც მას წმიდა წერილებიდან შეეძლო. წერილების ჭეშმარიტი შეცნობა ღვთის მცნებებისადმი მორჩილებას ითვალისწინებს. სრულიად მიუღებელია წერილების შეთავსება ადამიანთა ცრურწმენასა და ბოროტ მისწრაფებებთან. ღვთის წერილების შეცნობა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას და უფლის ნების შესრულება სწადია.ქი 42.3

    თქვენ, ალბათ, იკითხავთ: რა უნდა გავაკეთო, რომ გადავრჩე? უპირველეს ყოვლისა, დაიწყეთ ბიბლიის გამოკვლევა; უკან მოიტოვეთ ყოველი მიკერძოებული თვალსაზრისი და თანდაყოლილი თუ შეძენილი წარმოდგენა. თუკი ბიბლიის გამოკვლევას მხოლოდ თქვენი საკუთარი აზრის დასამტკიცებლად შეუდგებით, ჭეშმარიტებას ვერასოდეს შეიძენთ. დამოიკვლიეთ ბიბლია მხოლოდ იმისათვის, რომ გაიგოთ, რას ამბობს უფალი. თუკი კვლევის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ჭეშმარიტება თქვენს რწმენას არ ეთანხმება, ნუ შეეცდებით, ბიბლიური სიმართლე თქვენს წარმოდგენებს დაუქვემდებაროთ, არამედ მიიღეთ მასში მოცემული ნათელი. შემოუშვით თქვენს გულსა და გონებაში ღვთის სიტყვის საოცარი ჭეშმარიტებანი.ქი 42.4

    ქრისტეს, როგორც კაცობრიობის მხსნელის, რწმენა გვთავაზობს ჭეშმარიტების მიღებას განწმედილი გონებითა და წრფელი გულით, რათა სათანადოდ შევიცნოთ და შევაფასოთ ზეციური საუნჯე. ასეთი რწმენა დაკავშირებულია მუდმივ მონანიებასა და ადამიანის ხასიათის გარდაქმნასთან. რწმენა სახარებისეული განძის პოვნას, დაუფარავად მიღებასა და მასთან დაკავშირებული ყოველი მოვალეობის შესრულებას ნიშნავს.ქი 42.5

    “ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს” (იოან. 3:3). შესაძლოა, ადამიანს რაიმე ვარაუდი ან წარმოდგენა გააჩნდეს ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ სულიერი თვალთახედვის გარეშე, რომელიც მას რწმენით ეძლევა, განძის დანახვა შეუძლებელია. ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაწირა იმისათვის, რომ ეს საუნჯე ჩვენთვის მოეძღვნა; მაგრამ იმ აღორძინების გარეშე, რომელსაც ქრისტეს მიერ გაღებული სისხლისადმი რწმენა გვაძლევს, არ არსებობს არც მიტევება და არც ზეციური განძი.ქი 42.6

    ამგვარად, იმისათვის, რომ ღვთის წმიდა სიტყვაში ჭეშმარიტების დანახვა ვისწავლოთ, საჭიროა გული გავუხსნათ სულიწმიდას, რომელიც განწმედს და განაახლებს ჩვენს გონებას. გუნებაში არსებული ყოველი მშვენიერი ქმნილება მხოლოდ მაშინ ხდება ხილული, როდესაც მზის სხივები წყვდიადს გაფანტავს და ირგვლივ ყველაფერს გაასხივოსნებს. ასევეა ღვთის სიტყვის საუნჯეც: მისი სრულყოფილად შეფასება შეუძლებელია, სანამ სიმართლის მზის სხივი არ გაანათებს მას.ქი 42.7

    სულიწმიდა, რომელიც უფალმა ღმერთმა ჩვენდამი თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო გვიბოძა, განამტკიცებს ქრისტეს მინდობილი ყოველი ადამიანის გულში შემოსულ ღვთიურ ჭეშმარიტებას. ისე ძლიერად აღბეჭდავს იგი ადამიანის გულსა და გონებაში მისი გადარჩენისათვის ასე მნიშვნელოვან და საჭირო ჭეშმარიტებებს, ისე თვალსაჩინოდ დაანახებს ხსნის გზას, რომ მისი მორწმუნე ბნელ ლაბირინთებში აღარასოდეს დაიკარგება. წმიდა წერილის გამოკვლევისას მუდამ ლოცვით უნდა ვითხოვოთ ღვთის წმიდა სულის ნათელი, რათა თვალნათლივ დავინახოთ და შევაფასოთ მისი სიტყვის საუნჯე.ქი 42.8

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents