Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ერთი ტალანტი

    კაცი, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო, “წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი”.ქი 153.3

    ამ უმცირესი ძღვნის მიმღებმა თავისი ტალანტი ვერ გამოიყენა. ეს გაფრთხილებაა ყველასათვის, ვისაც თავისი ნიჭი იმდენად მცირედ მიაჩნია, რომ ამართლებს თავის საქციელს, როცა ქრისტესათვის მსახურებას გაურბის. მათ რომ დიდი საქმეების კეთების შესაძლებლობა და ნიჭი ჰქონოდათ, ფიქრობენ ისინი, რა დიდი სიხარულით შეუდგებოდნენ მას. მაგრამ, მათი აზრით, იმდენად მცირე ნიჭი აქვთ, რომ ქრისტესადმი მათი მსახურება სრულიად უმნიშვნელოა, ამიტომ მათს ძალისხმევას არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ აქ ისინი დიდად ცდებიან. ტალანტების განაწილებით უფალი ჩვენს ხასიათს სცდის. კაცმა, რომელმაც თავისი ერთი ტალანტის გამრავლებაზე არ იზრუნა, თავი ორგულ მსახურად გამოავლინა. ამ ადამიანს ხუთი ტალანტიც რომ მიეღო, ხუთივეს იმ ერთის მსგავსად მიწაში ჩაფლავდა. მისი დამოკიდებულება თავისი ერთადერთი ტალანტისადმი ცხადყოფს, რომ იგი საერთოდ უგულებელყოფს ზეციურ საგანძურს.ქი 153.4

    “მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია” (ლუკ. 16:10). მცირედის მნიშვნელობა ხშირად შეუფასებელია მისი სიმცირის გამო. მაგრამ სწორედ მცირედზეა დაფუძნებული ცხოვრების ჭეშმარიტი წესრიგი და პრინციპები. ქრისტიანის ცხოვრებაში არ არსებობს მეორეხარისხოვანი საგნები და საკითხები. და თუკი ჩვენ მცირედის შეფასების უნარი დავკარგეთ, ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბების საქმეს უდიდესი საფრთხე დაემუქრება.ქი 153.5

    “ვინც მცირედში უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა”. თუნდაც მცირედში ორგული ადამიანი, ფაქტობრივად, ძარცვავს ღმერთს მსახურებაში, რომელიც მას შემოქმედმა უბოძა. ადამიანის ორგულობა თავადვე მას უბრუნდება. მას ეკარგება ღვთიური მადლი, ძალა, ხასიათის სიმტკიცე, რისი მოპოვებაც მხოლოდ უფლისადმი ერთგული მსახურებითაა შესაძლებელი. ქრისტესთან დაშორებით კი ადამიანი დაუცველი ხდება სატანის ცდუნების წინაშე და მრავალ შეცდომას უშვებს უფლის საქმეების კეთებისას. ვინაიდან ადამიანი მცირე საქმეებში უდიდესი ღვთიური პრინციპებით არ ხელმძღვანელობს, ვერც დიდ საქმეებში შეძლებს უფლისადმი მორჩილების გამოვლენას, რომელსაც თავის განსაკუთრებულ მოვალეობად მიიჩნევს. მცირე, უმნიშვნელო ცხოვრებისეულ საქმეებში გამოვლენილი მანკიერებანი უფრო მნიშვნელოვან საქმეებში გაჰყვება მას, ვინაიდან იგი შემდგომაც მისთვის ჩვეული პრინციპებით იმოქმედებს. მსგავსი მოქმედებები თანდათანობით ჩამოუყალიბებს მანკიერ თვისებებს, თვისებები - შესაბამის ხასიათს, ხასიათი კი განსაზღვრავს ჩვენს ხვედრს როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ასევე საუკუნო სასუფეველში.ქი 153.6

    მხოლოდ მცირედში ერთგულებითაა შესაძლებელი, მიაჩვიო საკუთარი თავი სწორ მოქმედებას უდიდესი და საპასუხისმგებლო საქმის შესრულებისას. ღმერთმა წაიყვანა დანიელი და მისი მეგობრები წარმართთა ქვეყანაში ბაბილონელ დიდებულებთან შესახვედრად, რათა ეს კერპთაყვანისმცემელი ხალხი ჭეშმარიტი რელიგიის პრინციპებს გასცნობოდა. და იქ, წარმართთა წინაშე, დანიელს უნდა გამოევლინა ღვთიური ხასიათი. როგორ გახდა იგი ასეთი დიდი ნდობისა და პატივის ღირსი? სწორედ მცირე საქმეებში გამოვლენილმა ერთგულებამ დაუდო საფუძველი მის შემდგომ მართალ ცხოვრებას. იგი პატივს მიაგებდა ღმერთს სულ მცირე საქმეებშიც კი და უფალიც ეხმარებოდა. “მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი” (დან. 1:17).ქი 154.1

    როგორც დანიელს მოუხმო უფალმა თავის მოწმედ ბაბილონში, ასევე მოგვიწოდებს დღეს ჩვენც, ვიყოთ მისი მოწმენი დღევანდელ წუთისოფელში. როგორც მცირე, ასევე დიდ საქმეებშიც უფალს სურს, ჩვენი მეშვეობით დაანახოს ადამიანებს მისი სასუფევლის პრინციპები.ქი 154.2

    დედამიწაზე ცხოვრებისას ქრისტეს არაერთხელ უჩვენებია პირადი მაგალითი თავისი მეტად სერიოზული და ყურადღებიანი დამოკიდებულებისა მცირე საქმეების მიმართ. კაცობრიობის გამოსყიდვის უდიდესი საქმისადმი პასუხისმგებლობა მუდმივ ტვირთად აწვა მის სულს. მთელ თავის გონებრივ და ფიზიკურ ძალებს სრულად ახმარდა იგი ადამიანთა დამოძღვრასა და განკურნებას; და, მიუხედავად ამისა, არასოდეს რჩებოდა შეუმჩნეველი სულ მცირე საგნები ბუნებასა თუ მის ირგვლივ მიმდინარე ცხოვრებაში. თავის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს გაკვეთილებს იგი ხშირად ბუნების უბრალო მოვლენებით ხსნიდა, რითაც ღვთიური სასუფევლის ჭეშმარიტების უდიდეს პრინციპებს უცხადებდა ადამიანებს. მას არასოდეს დარჩენია შეუმჩნეველი მისი ყველაზე მცირე, მოკრძალებული მსახურის საჭიროებანი და უდიდესი მზრუნველობით ეხმარებოდა ყველა მთხოვნელს. მაცხოვარმა მაშინვე შეიგრძნო სნეული დედაკაცის შეხება ბრბოში და მყისვე უპასუხა ამ გატანჯულ ქალში რწმენის მსუბუქ გამოღვიძებას. ხოლო როდესაც იაიროსის ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა, არ დავიწყებია, ერჩია მისი მშობლებისათვის, რომ გოგონა დაეპურებინათ. როდესაც თავისი ძლიერი ძალით იგი თავად აღდგა მკვდრეთით, მაშინაც არ დავიწყებია იმ ტილოების ფაქიზად დაკეცვა და დადება, რომლებშიც იგი სამარხში ჩასვენებისას გაახვიეს.ქი 154.3

    მსახურება, რისთვისაც ჩვენ, ქრისტიანები, ვართ მოწოდებულნი, - ესაა ქრისტესთან თანამშრომლობა ადამიანთა გადარჩენის საქმეში. ჩვენ აღთქმა დავუდეთ უფალს და ამ მსახურებაზე უარის თქმა ქრისტეს ღალატს ნიშნავს. ნაგრამ ამ საქმის აღსრულებისათვის, უპირველეს ყოვლისა, მცირე საქმეების მიმართ ყურადღება და ერთგულება მისგან უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამაშია ქრისტიანული ზეგავლენისა და წარმატებების მოპოვების საიდუმლო.ქი 154.4

    უფალს სურს, მისცეს თავის ხალხს უდიდესი ნიჭები და შესაძლებლობანი, რათა მან წარმატების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს და თავისი მბრძანებელი განადიდოს. უფლის მადლით ყველაფერი მოგვეცა იმისათვის, რომ ვაჩვენოთ წუთისოფელს ჩვენი მსახურება უდიდესი ღვთიური გეგმების შესასრულებლად, რომლებიც წუთისოფლის საქმეებზე ბევრად უკეთესია. ჩვენ უნდა ვუჩვენოთ წუთისოფელს უპირატესობანი ჩვენი ინტელექტისა, შემეცნებისა, დახვეწილი ცოდნისა, ვინაიდან გვაქვს რწმენა უფლისა და ვიცით, თუ რა დიდი ზეგავლენა აქვს მის ძალას ადამიანის გულზე.ქი 154.5

    მაგრამ გულს ნუ გაიტეხენ ისინი, ვისაც დიდი და მრავალმხრივი ნიჭები არ გააჩნია. დაე მათ გამოიყენონ ის, რაც აქვთ; ერთგულად იშრომონ საკუთარი ხასიათის ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად და ითხოვონ ღვთის მადლი სულიერი განმტკიცებისათვის. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ღვთისადმი ერთგულება და გულმოდგინება უნდა ჩავაქსოვოთ, რათა საკუთარ თავში ის თვისებები განვავითაროთ და განვამტკიცოთ, რომლებიც უზენაესის საქმეების შესრულებაში დაგვეხმარება.ქი 155.1

    თვისებები, რომლებიც უფლის საქმეების კეთებაში ხელს გვიშლის, ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. ბევრი ადამიანი, იმიზეზებს რა ცუდ მეხსიერებას, ამით თავის ცუდ თვისებებს ამართლებს. მაგრამ განა მათ სხვების მსგავსად არ მიეცათ ინტელექტუალური შესაძლებლობანი? ამ ადამიანებმა უნდა მოიწესრიგონ გონება და ინტელექტი და, აქედან გამომდინარე, - მეხსიერებაც. აუცილებელი საქმისა და მოვალეობის აღსრულების დავიწყება ცოდვაა ღვთის წინაშე. და თუკი თქვენ ამ თვისებათა შემწყნარებელი გახდებით, შესაძლოა, საკუთარი სულის გადარჩენის ინტერესიც გაგიქრეთ და ბოლოს აღმოაჩინოთ, რომ ღვთის სასუფევლისათვის სრულიად მოუმზადებელი ხართ.ქი 155.2

    უდიდესმა ჭეშმარიტებებმა თავისი ანარეკლი მცირე საქმეებში უნდა პოვოს. Íრაქტიკულმა რელიგიამ თავი ადამიანის ყოველდღიურ, წვრილმან საქმიანობებში უნდა იჩინოს. ყოველი ადამიანის დიდებასა და ღირსებას წარმოადგენს უნარი, უსიტყვოდ დაემორჩილოს ღვთის სიტყვას.ქი 155.3

    მრავალი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უსარგებლოდ თვლის იმის გამო, რომ უშუალოდ არ მონაწილეობს რომელიმე მნიშვნელოვან რელიგიურ მსახურებაში და არაფერს აკეთებს უფლის დღის მოახლოებისათვის. მაგრამ ეს მცდარი აზრია. თუკი ისინი აკეთებენ რაიმეს, რაც ვინმეს უნდა გაეკეთებინა, მაშინ არ უნდა იფიქრონ, რომ უფლის საქმეებისათვის უსარგებლონი არიან. არც ერთი სულ მცირე, უმნიშვნელო საქმეც კი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ნებისმიერი მართალი, პატიოსანი საქმე კურთხეულია, მისი ერთგულად და გულმოდგინედ შესრულება კი შეიძლება გახდეს დასაწყისი შემდგომში უფრო დიდ მოვალეობათა შესრულებისა.ქი 155.4

    თავდადებით, გულწრფელად გაკეთებული საქმე, რა უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი, ისევე მისაღებია უფლისათვის, როგორც უმაღლესი და უზენაესი მსახურება. მცირედ არ ჩაითვლება არც ერთი ძღვენი, ადამიანის მიერ მთელი სულითა და გულით გაღებული.ქი 155.5

    მაცხოვარი გვაკისრებს ვალდებულებებს და, ჩვენი ადგილსამყოფლის მიუხედავად, მათ შესრულებას გვავალებს. თუკი ეს თქვენს სახლს ეხება, გულმოდგინედ და ხალისით შეუდექით მის კეთილმოწყობასა და გალამაზებას. თუ დედა ხართ, აღზარდეთ თქვენი შვილები ქრისტიანული სულისკვეთებით. ეს ყოველივე მქადაგებლის კათედრიდან მსახურების ტოლფასია. თუკი სამზარეულოში საქმიანობა გევალებათ, შეეცადეთ, კარგი მზარეული გახდეთ, რათა თქვენი მომზადებული საჭმელი იყოს სასარგებლოც, ყუათიანიც და გემრიელიც. და იმ სასარგებლო, ჯანსაღი პროდუქტების მსგავსად, სამზარეულოში სადილის მოსამზადებლად რომ იყენებთ, თქვენი გონებაც სასარგებლო, ჯანმრთელი აზრებით გამოკვებეთ. თუკი ნიადაგის დამუშავებით ან სხვა სასარგებლო საქმითა ხართ დაკავებული, ეცადეთ, საუკეთესოდ შეასრულოთ თქვენი მოვალეობები. ჩააქსოვეთ თქვენს საქმეებში მთელი თქვენი გონება და გულისხმიერება. წარმოაჩინეთ ქრისტე თქვენს ნებისმიერ მოქმედებაში. და ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც ამას თავად მაცხოვარი გააკეთებდა თქვენს ადგილას.ქი 155.6

    თქვენი უმცირესი ტალანტისთვისაც აქვს უფალს გამოძებნილი განსაზღვრული ადგილი. თქვენთვის ბოძებული იმ ერთადერთი ტალანტის ბრძნულად გამოყენება შესანიშნავად შეასრულებს მისთვის განკუთვნილ საქმეს. უმნიშვნელო დავალების შესრულებისას სიბეჯითის გამოვლენასთან ერთად ჩვენი ნიჭების ზრდისათვისაც უნდა ვიზრუნოთ და უფალი ღმერთიც გაგვიმრავლებს მათ. და ეს მცირე საქმეები, საერთო ჯამში, უფლის საქმეში ჩადებულ ძვირფას განძად იქცევა.ქი 155.7

    აქციეთ თქვენი ცოცხალი რწმენა იმ ოქროს ჯაჭვად, რომელიც მუდამ იბრწყინებს უფლისათვის სულ მცირე საქმეების კეთებისას. და მაშინ თქვენი ნებისმიერი ყოველდღიური საქმიანობა ხელს შეუწყობს ქრისტიანობის ზრდასა და განმტკიცებას. მაშინ მთელი თქვენი ყურადღება ქრისტესკენ იქნება მიპყრობილი. მისი სიყვარული სიცოცხლეს შემატებს თქვენს ყოველ საქმიანობას. ტალანტების სწორი გამოყენებით შეგვიძლია, თავად ვიქცეთ იმ ოქროს ჯაჭვად, რომელიც წუთისოფელთან დაგვაკავშირებს. სწორედ ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი კურთხევა და განწმედა, ვინაიდან განწმედა - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის სიხარულით აღსრულება და უფლის ნებისადმი სრული მორჩილებაა.ქი 156.1

    მაგრამ ხშირად ბევრი ქრისტიანი მხოლოდ იმ მოლოდინით ცხოვრობს, თუ როდის მიანდობენ რაიმე დიდ საქმეს. ისინი ვერ პოულობენ საკმაოდ ფართო ასპარეზს საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და არ ზრუნავენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობების სათანადოდ, ღირსეულად შესრულებაზე. ეს მათთვის უინტერესოა. ასე დღითი დღე უშვებენ ხელიდან შესაძლებლობას, უჩვენონ უფალს თავიანთი ერთგულება. და, სანამ ისინი ამ დიდ საქმეებს ელიან, დრო გადის, სიცოცხლის დღეები გარბიან, მიზანი კვლავ მიუღწეველია, სამუშაო კი - შეუსრულებელი.ქი 156.2