Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 26 - “შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისაგან”

    ლუკ.16:1-9

    ქრისტეს პირველი მოსვლის პერიოდი - ეს იყო დრო ამქვეყნიურ ინტერესთა გაძლიერებული ბატონობისა. ადამიანები ზეციურს მიწიერს ამჯობინებდნენ, მომავალ ცხოვრებას კი - ყოველდღიურ საქმეებსა და ინტერესებს; აჩრდილებს რეალობად ღებულობდნენ, რეალურ ფასეულობებს კი აჩრდილად თვლიდნენ. მათ არ იცოდნენ, როგორ ერწმუნათ უხილავი სამყარო. სატანა მეტად მომხიბვლელად და მიმზიდველად წარმოუდგენდა მათ ამქვეყნიურ ფასეულობებს და ადამიანებიც ადვილად ებმებოდნენ მისი ცდუნების მახეში.ქი 159.3

    ქრისტე მოვიდა, რათა შეეცვალა ყოველივე ეს. მას სურდა, თვალი აეხილა ამ ცდუნებით დაბრმავებული ადამიანებისათვის. თავის მოძღვრებებში იგი ცდილობდა, ადამიანებისათვის თვალსაჩინოდ ეჩვენებინა განსხვავება ზეციურსა და მიწიერს შორის და მსმენელთა ყურადღება აწმყოდან მომავლისაკენ გადაეტანა. იგი მოუწოდებდა, მიეტოვებინათ დროებით კეთილდღეობაზე განუწყვეტელი ზრუნვა და საუკუნო სიცოცხლისათვის მომზადებულიყვნენ.ქი 159.4

    “იყო ერთი მდიდარი კაცი, - თქვა მაცხოვარმა, - და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა”. მდიდარმა მთელი თავისი ქონება მოსავლელად თავის მსახურს ჩააბარა, მაგრამ მსახური ორგული იყო და ბატონს შეატყობინეს, რომ იგი სისტემატურად ძარცვავდა მას. აღარ მოინდომა ბატონმა მისი მნეობა, დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა. “ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე”.ქი 159.5

    სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დარჩენილ მნეს სამგვარი შესაძლო გამოსავალი ჰქონდა. ან თავად უნდა ემუშავა, ან მოწყალება უნდა ეთხოვა, ან უნდა ეშიმშილა. “მნემ თქვა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? მან თქვა: ასი საწყაული ზეთი. უთხრა მას: მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე - ორმოცდაათი. მერე სხვას უთხრა: შენ რამდენი გმართებს? მან თქვა: ასი კოდი ხორბალი. მან უთხრა: მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე - ოთხმოცი”.ქი 159.6

    ორგულმა მნემ სხვა მსახურნიც თავისი სიცრუის თანამონაწილედ აქცია. მან მოატყუა თავისი ბატონი მის მევალეთა სასარგებლოდ, მათ კი, თავის მხრივ, დათანხმდნენ რა ამ სიცრუეზე, ვალდებულად იგრძნეს თავი, იგი ოჯახის მეგობრად მიეღოთ.ქი 160.1

    “შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა”. ამ მდიდარმა კაცმა მოუწონა თავის მნეს თვალთმაქცური საქციელი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ღმერთი იწონებს.ქი 160.2

    ქრისტემ არ მოიწონა ორგული მსახურის საქციელი, მაგრამ თავის იგავში გაკვეთილად გამოიყენა ეს კარგად ცნობილი ამბავი. “შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისაგან”, - ბრძანა მან, - რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში”.ქი 160.3

    ფარისევლები, როგორც ცნობილია, კიცხავდნენ მაცხოვარს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ურთიერთობის გამო. მაგრამ ამით მისი მათ მიმართ არც ყურადღება შენელებულა და არც ძალისხმევა შესუსტებულა. იგი ხედავდა, რომ მებაჟეთა საქმიანობა საცდური იყო მათთვის. და ეს ბოროტება მუდამ იპყრობდა მათს ყურადღებას. სიცრუისაკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ადვილი იყო, შემდეგ კი უფრო სერიოზული დანაშაულისა და უწმიდურობის ჩადენა, შესაძლოა, კატასტროფული სისწრაფით მომხდარიყო. ქრისტე ცდილობდა, ნებისმიერი მეთოდებით გამოეთავისუფლებინა მებაჟენი ცოდვის საშინელი ბადისაგან და მათში ზეციური მიზნებისა და კეთილშობილური პრინციპებისაკენ სწრაფვა გაეღვიძებინა. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა მაცხოვარს, როცა ამ უზნეო მსახურის ამბავი უამბო მათ. მებაჟეთათვის, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგად იყო ცნობილი მსგავსი შემთხვევები და ქრისტეს იგავში საკუთარი საქმეებიც მშვენივრად დაინახეს. ისინი დიდი გულისყურით უსმენდნენ მაცხოვარს და საკუთარ უწმიდურ, უპატიოსნო საქმეთა ამბავიც სულიერი ჭეშმარიტების უდიდესი გაკვეთილი იყო მათთვის.ქი 160.4

    მაგრამ იგავი უშუალოდ ქრისტეს მოწაფეების ყურადსაღებად იყო ნათქვამი. ჭეშმარიტების საფუარი უპირველესად მათთვის იყო განკუთვნილი, მათ კი შემდგომ სხვებისთვის უნდა გადაეცათ იგი. ქრისტეს ბევრი მოძღვრება თავდაპირველად სრულიად გაუგებარი იყო მოწაფეთათვის და მაცხოვრის ნათქვამი ხშირად დროებით დავიწყებას ეძლეოდა. მაგრამ ქრისტეს მოწაფენი სულიწმიდის ზემოქმედებით დროთა განმავლობაში აღიდგენდნენ მათ და გადასცემდნენ ახალმოქცეულთ, რომლებიც ეკლესიას უერთდებოდნენ.ქი 160.5

    ამ იგავით მაცხოვარი, რა თქმა უნდა, ფარისევლებსაც მიმართავდა. იგი არ კარგავდა იმედს, რომ თავისი სიტყვის ძალით მათს გულსაც დაიპყრობდა. და, მართლაც, ბევრი მათგანი ხვდებოდა თავის დანაშაულს და, როდესაც სულიწმიდის ზემოქმედებით უფლის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა, სჯეროდა მისი.ქი 160.6

    ფარისეველნი, კიცხავდნენ რა მაცხოვარს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ურთიერთობის გამო, მსმენელთა წინაშე მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ. ახლა კი იესო თავად კიცხავს თავის ბრალმდებელთ. მებაჟეთა უზნეო საქმეების ისტორია მან ფარისეველთა გასაგონადაც წარმოთქვა ალეგორიის სახით, რითაც ნათლად დაანახა მათ თავიანთი საქციელი და ერთადერთი გზა საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვისა.ქი 160.7

    იგავში ბატონმა თავისი ქონება თავის ორგულ მნეს კეთილ საქმეებში გამოსაყენებლად მიანდო. მან კი ის თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ასევე მოიქცა ისრაელიც. უფალმა თავის ერად აირჩია აბრაამის თესლი, თავისი ძლიერი მკლავით გაათავისუფლა ეგვიპტის ტყვეობიდან, აქცია იგი შემნახველად და დამცველად წმიდა მსახურებისა, რომლის მიზანიც მთელი წუთისოფლის კურთხევა იყო. მან ამ ერს მიანდო თავისი წმიდა წერილები, რათა მისი ნათელი სხვებისთვისაც გადაეცათ. მაგრამ მისმა მნეებმა ეს საბოძვარი არა დანიშნულებისამებრ, არამედ საკუთარი განდიდებისა და გამდიდრებისათვის გამოიყენეს.ქი 160.8

    საკუთარი არსებობის მნიშვნელობასა და სიმართლეში დარწმუნებულმა ფარისევლებმა ბოროტად გამოიყენეს უფლის მიერ მიბარებული ქონება, რომელიც უზენაესის განსადიდებლად იყო გამიზნული.ქი 161.1

    უგუნურმა მსახურმა იგავში ამ თავისი საქციელით საკუთარი მომავალიც კი ვერ უზრუნველყო. სიმდიდრე, რომელიც მას მიანდეს, მან მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიყენა, მაგრამ მან მხოლოდ აწმყოზე იზრუნა. როდესაც თავისი სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, აღმოჩნდა, რომ თავისი არაფერი გააჩნია. მაგრამ ბატონის ქონება კვლავაც მის ხელთ იყო და გადაწყვიტა, თავისი ხელმწიფება ამ უკანასკნელადაც ბოროტად გამოეყენებინა, რათა გაჭირვების ჟამს თავის თავზე ეზრუნა. მიზნის მისაღწევად მას მოქმედების ახალი გეგმა უნდა შეემუშავებინა. მხოლოდ საკუთარი თავისთვის სიმდიდრის მოხვეჭის ნაცვლად ახლა იგი იძულებული გახდა, სხვებისთვის გაეზიარებინა ის, რათა შეეძინა მეგობრები, რომლებიც, თანამდებობის დაკარგვის შემთხვევაში, შეიფარებდნენ და დაეხმარებოდნენ. ასევე იყვნენ ფარისეველნიც, რომელთაც სულ მალე უფლის მნეობა უნდა წართმეოდათ, მაგრამ მოესმათ მოწოდება, რომლის შესმენაც თავიანთი მომავლის უზრუნველყოფას შეაძლებინებდათ. საკუთარი კეთილდღეობის მოპოვებას ისინი მხოლოდ და მხოლოდ სხვებისთვის კეთილი სამსახურის გაწევით შეძლებდნენ. საუკუნო სიცოცხლეს მხოლოდ ღვთით ბოძებული ნიჭების ირგვლივ მყოფთათვის გაზიარებით დაიმკვიდრებდნენ.ქი 161.2

    დაასრულა რა იგავი, მაცხოვარმა თქვა: “ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში”, რაც ნიშნავს: ამქვეყნიური სიბრძნის მქონე ადამიანები ზოგჯერ მეტ გონიერებასა და გულმოდგინებას ამჟღავნებენ საკუთარ თავზე ზრუნვისას, ვიდრე ღვთის შვილნი - უფლის მსახურებისას. ასე იყო ქრისტეს დღეებში; ასეა დღესაც. შეხედეთ იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომელნიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ. უფალმა ყველაფერი მისცა მათ: ნიჭი, ძალა, გავლენა; მიანდო სიმდიდრე და ფული, რათა მაცხოვართან ერთად ეშრომათ კაცობრიობის გადარჩენის უმნიშვნელოვანეს საქმეში. მათი ყოველი ნიჭი ადამიანთა სასიკეთოდ, გაჭირვებულთა დასახმარებლად და მათი მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ უნდა დავაპუროთ მშიერნი, შევმოსოთ შიშველნი, ვიზრუნოთ ქვრივობოლზე, ვემსახუროთ სასოწარკვეთილთ და დაჩაგრულთ. უფალს არასოდეს ჰქონია სურვილი იმისა, რომ ზოგმა ფუფუნებაში იცხოვროს, ზოგს კი ლუკმაპური ენატრებოდეს. იგი ყოველთვის იმდენს აძლევს ადამიანს, რამდენიც მის აუცილებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას სჭირდება, ზედმეტი კი იმისათვის ეძლევა, რომ კეთილი საქმეები აკეთოს და კაცობრიობისათვის კურთხევად იქცეს. “გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება” (ლუკ. 12:33); იყავით “გულუხვნი და გამზიარებელნი” (1ტიმ. 6:18). “როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები” (ლუკ. 14:13); “გახსენი საბელნი ბოროტეულთა”, “შეხსენი ბორკილნი უღლისა”, “გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად”, “ყველა უღელი გაწყვიტეთ”. გაუნაწილე შენი პური მშიერს, ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანე სახლში. “როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი”. წამებულის სული გააძღე (ეს. 58:6,7,10). “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას” (მარკ. 16:15). ასეთია უფლის ბრძანება. ასრულებენ კი ყოველივე ამას ისინი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს?ქი 161.3

    სამწუხაროდ, არა! რამდენი ადამიანია წუთისოფელში, უფლის უხვ საბოძვარს რომ ითვისებს და თავის საკუთრებად ასაღებს! რამდენი ვინმე ვერ კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია, რაც მეტი აქვს, მით უფრო მეტის მოხვეჭა სურს და სახლს სახლზე ამატებს და მიწაზე - მიწას. რამდენი ადამიანი ფლანგავს ფულს გართობებზე, უზომო მადის დაკ- მაყოფილებაში, მდიდრული სახლების, ავეჯისა და ტანსაცმლის შეძენაში. მათი მოყვასნი კი ამ დროს, გაჭირვებულნი, იტანჯებიან, დანაშაულს სჩადიან, სნეულდებიან და კვდებიან. რამდენი ადამიანი იღუპება ისე, რომ მათთვის თანაგრძნობით ერთხელაც არავის შეუხედავს, არც კეთილი სიტყვით მიუმართავს და არც საქმით დახმარებია.ქი 161.4

    ბევრი ადამიანი დანაშაულს ჩადის იმით, რომ უფალს ძარცვავს. ღვთისაგან ბოძებული ქონების მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება ართმევს ღმერთს დიდებას, რომელიც მას უნდა დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც იგი გაჭირვებულთა დახმარებასა და ადამიანთა გადარჩენას მოხმარდება. ისინი ისაკუთრებენ იმას, რაც დროებით მიანდეს. უფალი კი აცხადებს: “მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე… ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ… განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში. წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ერი” (მალ. 3:5,8,9). “მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო… თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ… დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის”. “თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით”… “აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს” (იაკ. 5:1-3,5,4).ქი 162.1

    ყველას მოეთხოვება ანგარიში ბოძებული ნიჭების მიხედვით. უკანასკნელი სამსჯავროს დღეს ადამიანთა მიერ დაგროვილი მიწიერი სიმდიდრე სრულიად უსარგებლო იქნება მათთვის, ვინაიდან თავისი საკუთარი მათ არაფერი ექნებათ.ქი 162.2

    მათ, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ამქვეყნიურ სიმდიდრეთა დაგროვებას შეალია, ნაკლები სიბრძნე გამოიჩინეს და ნაკლებად იზრუნეს საკუთარ კეთილდღეობაზე, ვიდრე იმ ორგულმა მნემ - თავისი მიწიერი ცხოვრების უზრუნველყოფაზე. ამ წუთისოფლის შვილები თავიანთ მოდგმაში უფრო მეტ გონიერებას იჩენენ, ვიდრე ნათლის შვილნი. სწორედ ამას ამბობს წინასწარმეტყველი ხილვაში, რომელიც უკანასკნელი სამსჯავროს დიად დღეს ეხება: “იმ დღეს გადაყრის ადამიანი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც გაიკეთა მან თხუნელებისა და ღამურების თაყვანის საცემად. და ჩაიმალებიან მთის ბზარებში და კლდეთა ნაპრალებში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან, როცა ის აღდგება ქვეყნის მოსასპობად” (ეს. 2:20,21).ქი 162.3

    “შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისაგან, - ამბობს მაცხოვარი, - რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში”. უფალი ღმერთი, ქრისტე და ანგელოზები ეხმარებიან დაჩაგრულთ, ტანჯულთ და ცოდვილთ. მიუძღვენით თქვენი თავი ღმერთს ამ მსახურების აღსასრულებლად, გამოიყენეთ მის მიერ მოცემული ტალანტები და შეძლებთ ზეციურ ოჯახში შესვლას. და თქვენი გულიც ზეციურ მკვიდრთა გულივით აძგერდება, თქვენს სულსაც იგივე გრძნობები მოიცავს, რასაც ისინი განიცდიან და ხასიათითაც მათ დაემსგავსებით. თქვენ არ იქნებით უცხონი ზეციურ მკვიდრთათვის და მიწიერ დღეთა გარდასვლისას ზეციურ კარიბჭეთა მცველნი ზეციურ სავანეებში შეგიძღვებიან.ქი 162.4

    სხვათა საკეთილდღეოდ და საკურთხებლად გამოყენებული სიმდიდრე სარგებელს მოიტანს. მისი სწორად გამოყენება კეთილ ნაყოფს გამოიღებს და ქრისტეს მრავალ ადამიანს შესძენს. ის, ვინც ქრისტეს სიტყვით ცხოვრობს, უფლის სავანეში უთუოდ იხილავს მათ, ვისთვისაც შრომობდნენ და იღვწოდნენ აქ, დედამიწაზე. დიდი მადლიერებით გაიხსენებენ გამოსყიდულნი მათ, ვინც უფალმა მათი ხსნის იარაღად გამოიყენა. ზეციური სავანეები კი მეტად ძვირფასი ადგილი იქნება მათთვის, ვინც ერთგულად შრომობდა ადამიანთა გადასარჩენად.ქი 162.5

    ეს იგავი თვალსაჩინო გაკვეთილია ყველასათვის. თითოეული ადამიანი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ მადლზე, რომელიც მაცხოვრისაგან მიეცა. სიცოცხლე მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი რამ არის იმისათვის, რომ წარმავალმა მიწიერმა საქმეებმა შთანთქას იგი. უფლის სურვილია, გადავცეთ სხვებს ის, რაც უხილავმა და მარადიულმა ჩვენ გადმოგვცა.ქი 162.6

    ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ტოვებს სიცოცხლეს და სამუდამოდ იღუპება იმის გამო, რომ დროულად არ გააფრთხილეს და ღვთის სიტყვა არ მიაწოდეს. ჩვენს ცვალებად, მრავალფეროვან ცხოვრებაში ყოველდღე მრავალგვარი შესაძლებლობა გვეძლევა, ადამიანებს ღვთის წმიდა სიტყვა მივაწვდინოთ და მათს გულებს ჩავწვდეთ. ეს შესაძლებლობანი მუდმივი არაა და უფალს სურს, მათი სრულყოფილად გამოყენება შევძლოთ. დრო სწრაფად მიქრის, დღე დღეს მისდევს და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება ჩვენი სამუშაოს აღსრულებისათვის. სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადი და ხმა, რომელსაც ვერსად გავექცევით, რომ არ ვუპასუხოთ, გვეტყვის: “ჩამაბარე შენი სამნეო ანგარიში”.ქი 163.1

    მაცხოვარი გვირჩევს, დავუფიქრდეთ ამას. დაე თითოეულმა აწონდაწონოს ყოველივე. სასწორის ერთ მხარეზეა იესო, ესე იგი მარადიული საგანძური, სიცოცხლე, ჭეშმარიტება, ზეციური სიმაღლეები და სიხარული გამოსყიდულთა გამო; მეორეზე კი - ყველა ცდუნება და ამქვეყნიური სიამენი, რომლებსაც წუთისოფელი გვთავაზობს. სასწორის ერთ მხარეს - საკუთარი სულისა და იმ ადამიანთა სიცოცხლის მარადიული დანაკარგი, რომელთა გადარჩენაც ჩვენ შეგვეძლო; მეორე მხარეს - საუკუნო სიცოცხლე; ერთ მხარეს - დროებითი და წარმავალი, მეორე მხარეს - მარადიული. დაფიქრდით ყოველივე ამაზე და უსმინეთ ქრისტეს ხმას: “რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?” (მარკ. 8:36).ქი 163.2

    უფალ ღმერთს სურს, რომ მიწიერს ზეციური ვამჯობინოთ. იგი შესაძლებლობას გვაძლევს, დავაუნჯოთ ჩვენი სიმდიდრე ზეციურ საგანძურში; იგი მოგვცემს ძალას ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების აღსრულებისათვის და თავად დაიცავს ჩვენს საუნჯეს ზეცაში. “კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ, - აცხადებს უფალი, - და ადამიანს - ოფირის ოქროზე” (ეს. 13:12). როდესაც სამუდამოდ გაქრება ხრწნადი სიმდიდრე, რომელსაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს, დიდად გაიხარებენ ქრისტეს ერთგულნი, ვინაიდან ზეციური განძის - უხრწნადი სიმდიდრის მფლობელნი გახდებიან.ქი 163.3

    ქრისტეს მიერ გამოსყიდულთა მეგობრობა ყოველგვარ ამქვეყნიურ მეგობრობაზე უკეთესია. რამდენად უფრო მშვენიერი და ძვირფასია, გავხდეთ იმ სავანეებში შესვლის ღირსი, რომლებიც მაცხოვარმა მოგვიმზადა, ვიდრე ვიქცეთ ყველაზე მდიდრული სასახლის მფლობელებად დედამიწაზე. ნებისმიერ ამქვეყნიურ დიდებაზე უფრო ძვირფასი იქნება ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის სიტყვები, თავის ერთგულ მნეთა მისამართით ნათქვამი: “მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი” (მათ. 25:34).ქი 163.4

    მაგრამ ჩვენი მაცხოვარი კვლავ აძლევს ჭეშმარიტი საუნჯის შეძენის შესაძლებლობას მათ, ვინც უფლის მიბარებული ქონება ასე გაანიავა. იგი ბრძანებს: “მიეცით და თქვენც მოგეცემათ”. “დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს” (ლუკ. 6:38; 12:33). “ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე… რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს” (1ტიმ. 6:17-19).ქი 163.5

    ამგვარად შეძენილი სიმდიდრე თქვენზე ადრე მიაღწევს ზეცას. მიანდეთ მას თქვენი ქონება. განამტკიცეთ თქვენი უფლება ქრისტეს უთვალავ სიმდიდრეზე. “შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისაგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში”.ქი 163.6

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents