Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 11 - ძველი და ახალი

    მათ.13:51,52

    ქრისტე ხალხს სახარებას ამცნობდა და, ამავე დროს, თავის მოციქულებს მომავალი მსახურებისათვის ამზადებდა. მისი ყოველი მოძღვრება თვალსაჩინო გაკვეთილი იყო მათთვის. უამბო იგავი ზღვაში გადაგდებული ბადის შესახებ და შემდეგ ჰკითხა: “თუ გაიგეთ ყოველივე ეს? - დიახო, - მიუგეს მას”. მაშინ შემდეგი იგავის მეშვეობით მან მიუთითა იმ უდიდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც მიღებული ჭეშმარიტების გამო ევალებოდათ. “ამიტომ, - თქვა მან, - ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი”.ქი 47.6

    სახლის პატრონი არ მალავს თავის განძს. არამედ გამოაქვს გარეთ, რათა ადამიანებს უამბოს მის შესახებ. განძი უფრო ძვირფასი მაშინ ხდება, როცა მისით სარგებლობენ. ამით ქრისტეს იმის თქმა უნდა, რომ მიბარებული ჭეშმარიტება მოწაფეებმა წუთისოფელს უნდა ამცნონ. და, როცა იგი სხვებს გადაეცემა, მათი ცოდნა უფრო გაიზრდება და გამრავლდება.ქი 47.7

    ყოველი ადამიანი, შეუშვებს რა გულში სახარების ჭეშმარიტებას, შეეცდება, სხვებს გადასცეს იგი. ზეციური ძღვენი - ქრისტეს სიყვარული, ადამიანთა გულში უნდა განხორციელდეს. ის, ვინც ქრისტე უკვე შეიცნო, აუცილებლად გაუზიარებს სხვებს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მიიღო ქრისტესკენ მიმავალ გზაზე; უამბობს, თუ როგორ სწყუროდა მას ჭეშმარიტების შეცნობა და როგორ ნაბიჯნაბიჯ მიჰყავდა ღვთის წმიდა სულს ამ გზაზე; თუ რა მტანჯველი იყო ძიება სიმართლისა წმიდა წერილებში; როგორ სტანჯავდა ეჭვი და როგორ გამუდმებით და დაჟინებით სთხოვდა ლოცვებში უფალს, დახმარებოდა იესო ქრისტეს შეცნობაში, რომელიც მან თავად გამოაგზავნა წუთისოფელში; და ბოლოს, თუ როგორ ნათლად ჩაესმა ქრისტეს სიტყვები: “მოგეტევა შენი ცოდვები”. უცნაური იქნებოდა მსგავსი განცდების დამალვა და ის, ვინც ქრისტეს სიყვარული უკვე იგემა, ვერც შეძლებს ამას. რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენენ ქრისტეს მოწაფეები, მით უფრო გაუძლიერდებათ მისი გაზიარების სურვილი, რათა სხვებმაც მიიღონ იგივე მადლი და კურთხევა. და, რაც უფრო მეტ ადამიანს გადასცემენ სიმართლეს უფლის მადლის საგანძურის შესახებ, მით უფრო კურთხეულნი იქნებიან თავად. ისინი დაემსგავსებიან პატარა ბავშვებს, რომლებიც ასე გულწრფელნი და მორჩილნი არიან. მათ გაუჩნდებათ უდიდესი სურვილი, იცხოვრონ წმიდა, ქრისტიანული ცხოვრებით. და მიეცემათ სულ უფრო მეტი და მეტი მადლი და ცოდნა სხვებისთვის გადასაცემად.ქი 48.1

    ჭეშმარიტების ყველაზე დიდი საგანძურია ღვთის სიტყვა - წმიდა წერილები, ბუნების წიგნი და უფლის საქმეები ადამიანის პირად ცხოვრებაში. სწორედ ამ საგანძურიდან უნდა შეიძინონ სიბრძნე ქრისტეს მიმდევრებმა და აკეთონ მისი საქმეები. ჭეშმარიტების ძებნაში კი ისინი უფალს უნდა ეყრდნობოდნენ და არა ადამიანთა სიბრძნეს, ვინაიდან იგი უაზრობაა ღვთის წინაშე. თავად უფალი გადასცემს საჭირო ცოდნას მის მიერვე განსაზღვრული ღვთიური გზებით ყველას, ვისაც უზენაესის შეცნობის სურვილი აქვს.ქი 48.2

    თუკი ქრისტეს მიმდევარი ღვთის სიტყვას შეისმენს და მისით იცხოვრებს, მაშინ თავის გარშემო ყოველივეს სწორად შეიცნობს და შეაფასებს. მაშინ ამ წუთისოფელში ვეღარაფერი შეუშლის ხელს ჭეშმარიტების გავრცელების საქმეში. ბუნების წიაღი — ეს ცოდნის ისეთი საუნჯეა, საიდანაც ქრისტეს სკოლის მოსწავლე ბევრ რამეს ისწავლის. როდესაც ბუნების გაკვეთილებსა და მის სილამაზეს ვეცნობით, როდესაც მიწას ვამუშავებთ, ხეებს ვრგავთ და ცისა და ზღვის საოცრებებს ვუმზერთ, - ჭეშმარიტებას ახლებურად ვაცნობიერებთ. ჩვენ წინაშე იხსნება საიდუმლო, რომელიც ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, მისი სიბრძნე და სამართლიანობა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ვლინდება. და ყოველივე ეს ზეციური საგანძურიდან გვეძლევა.ქი 48.3

    მხოლოდ წმიდა წერილების მეშვეობით შეიცნობს ნათლად ღმერთის ხასიათს ცოდვილი ადამიანი; დიახ, სწორედ იგია ქრისტეს სიმდიდრის უსასრულო საუნჯე.ქი 48.4

    როგორც ცნობილია, ღვთის სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება: ძველი და ახალი აღთქმისაგან. ცალცალკე არც ერთი მათგანი არ არის სრულყოფილი. მაცხოვარმა თავად განაცხადა, რომ ძველი აღთქმა ისევე ძვირფასი და მნიშვნელოვანია, როგორც ახალი. ქრისტე კაცობრიობის მხსნელად გვევლინება როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. სანამ იგი თავის ღვთიურ არსს ხორცით შემოსავდა, სახარება უკვე წარმოითქმებოდა ადამის, შეთის, ენოშის, მეთუშალახისა და ნოეს მიერ. სახარების მქადაგებელი იყო აბრაამიც ქანაანში და ლოტი - სოდომში; ყველა საუკუნეში თაობიდან თაობას გადასცემდნენ ღვთიური მაცნენი სახარებას ქრისტეს წუთისოფელში მოსვლის შესახებ. თავად ქრისტეს მიერ იქნა დაწესებული ებრაელთა ცხოვრების წესი და ღვთისმსახურების რიტუალები. სწორედ მან დააფუძნა იუდეველთა მსხვერპლშეწირვის სისტემა - ჭეშმარიტი შესაწირავის პირველსახეები. აღსავლენის დაღვრილი სისხლი ღვთის კრავის მსხვერპლზე მიუთითებდა. მსხვერპლშეწირვის ყველა რიტუალმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო იყო, საბოლოო განხორციელება ქრისტეში პოვა.ქი 48.5

    ქრისტე, რომელიც ეცხადებოდა პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს, რომელიც სიმბოლურად წარმოდგენილია მსხვერპლშეწირვის მსახურებაში და ასახულია რჯულში, ძველი აღთქმის ძვირფასი განძია. ხოლო მთელი თავისი სიცოცხლით, სიკვდილითა და აღდგომით, წარდგენილი სულიწმიდის მიერ, იგი ახალი აღთქმის საუნჯეს წარმოადგენს. ჩვენი მაცხოვარი, მამის დიდების ბრწყინვალება, მარადიული განძია, განძი “ძველი და ახალი”.ქი 49.1

    ქრისტეს ცხოვრება, მისი სიკვდილი და ზეცაში შუამდგომლური მსახურება, რომლის შესახებაც წინასწარ გვამცნეს წინასწარმეტყველებმა, მოციქულებმაც დაამოწმეს. მაცხოვრის მორჩილება და თავმდაბლობა, მისი სიწმიდე და შეუდარებელი სიყვარული მათი ქადაგების ძირითად თემად იქცა. სახარების სრულყოფილად ქადაგებისათვის საჭირო იყო, ხალხისათვის გაეცნოთ არა მხოლოდ ქრისტეს ხილული ცხოვრება და მისი მოძღვრებები, არამედ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ დანახული და მსხვერპლშეწირვის მსახურებაში სიმბოლოებით წარმოჩენილი მესია.ქი 49.2

    თავის მოძღვრებებში ქრისტე ხშირად უბრუნდებოდა ძველი აღთქმის ჭეშმარიტებებს, რომელთა სათავეც იგი თავად იყო. ჭეშმარიტებებს, რომელთაც ოდესღაც პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით გადასცემდა ადამიანებს და რომელთაც ახალი ნათელი მოჰფინა. რა ახლებურად ჟღერდა მათი მნიშვნელობა ახლა! რაოდენ დიდი სულიერება და სიახლე იყო ჩაქსოვილი მის სიტყვაში. და რა დიდებული იყო მაცხოვრის აღთქმა იმის შესახებ, რომ ღვთის წმიდა სული გაანათლებდა ქრისტეს მოწაფეებს; რომ უფლის სიტყვა თანდათან სულ უფრო გასაგები გახდებოდა მათთვის და მას ახალ ნათელში იქადაგებდნენ.ქი 49.3

    მას შემდეგ, რაც ედემში პირველად გაისმა აღთქმა კაცობრიობის გამოსყიდვის შესახებ, ქრისტეს სიცოცხლე, არსი და შუამდგომლური მსახურება ადამიანის მუდმივი მსჯელობის საგნად იქცა. სულიწმიდის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ყოველი ადამიანი მას ახლებურ ნათელში გადმოსცემდა, ვინაიდან ხსნის ჭეშმარიტებანი განვითარებისა და განვრცობის მუდმივ პროცესშია. თუმცა ეს ჭეშმარიტებანი შორეულ წარსულშია წარმოდგენილი, მაგრამ მარად ახალია და სიმართლის მძებნელი კაცი ახლებურად იხილავს მათში ღვთის სიდიადესა და ძლიერებას.ქი 49.4

    ჭეშმარიტება ყველა საუკუნეში ახლებურად, ახალი ძალით გადმოიცემა. ესაა ღვთის სიტყვა, განსაზღვრული დროისა და განსაზღვრული თაობებისათვის გადმოცემული, თუმცა ძველსაც თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ახალი არ არსებობს ძველისაგან დამოუკიდებლად, იგი ძველის გაგრძელება და განვითარებაა. მხოლოდ ძველ ჭეშმარიტებათა ღრმა და საფუძვლიანი შემეცნებით გახდება ახალი სიმართლის გაგება შესაძლებელი. როდესაც მაცხოვარმა გადაწყვიტა, მოწაფეებისათვის მისი მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო ემცნო, “დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს” (ლუკ. 24:27). მეორე მხრივ, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ძველ ჭეშმარიტებათა ახლებურად გაშუქება და განდიდება ახალი ზეციური სინათლის მეშვეობით ხდება. მას, ვინც ახალს უარყოფს, ფაქტობრივად, ძველიც არ გააჩნია, რადგან ძველს მისთვის ცხოველმყოფელი ძალა დაკარგული აქვს და მხოლოდ მკვდარ დოგმად არის ქცეული.ქი 49.5

    მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მხოლოდ ძველი აღთქმის სჯერათ და მას ქადაგებენ. და ვერ ხვდებიან, რომ ქრისტეს მოძღვრების უარყოფით, ფაქტობრივად, უნდობლობას უცხადებენ იმას, რასაც პატრიარქები და წინასწარმეტყველები ამბობენ. “თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, - ამბობდა მაცხოვარი, - მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა” (იოან. 5:46). ამიტომ ძველი აღთქმიდან მათს მოძღვრებასაც არა აქვს ძალა.ქი 49.6

    ასევე ცდებიან ის ეგრეთ წოდებული მორწმუნენიც, რომლებიც მხოლოდ სახარებას ასწავლიან, ვინაიდან უგულებელყოფენ ძველი აღთქმის წერილებს, რომლებზეც ქრისტემ თქვა: “ისინი კი ჩემზე მოწმობენ” (იოან. 5:39). ძველ ჭეშმარიტებათა უარყოფით ისინი, ფაქტობრივად, ახალსაც უარყოფენ, რადგან ეს ორი ერთმანეთისაგან განუყოფელია. არავის შეუძლია, უფლის რჯული ჭეშმარიტად წარმოაჩინოს სახარების გარეშე და პირიქით, სახარება - უფლის რჯულის გარეშე. რჯული ხორცშესხმული სახარებაა; სახარება კი - გახსნილი რჯული. რჯული არის ფესვი, სახარება კი - მისგან აღმოცენებული სურნელოვანი ყვავილი და ნაყოფი.ქი 50.1

    ახალი აღთქმა ნათელს ჰფენს ძველს, ძველი კი - ახალს. ერთიც და მეორეც ღვთიური დიდების ქრისტეში გამოცხადებაა. ორივე წარმოადგენს ჭეშმარიტებას, რომელიც სიმართლის მძებნელს სულ ახალახალ სიღრმეებს დაანახვებს.ქი 50.2

    აუწყველია ჭეშმარიტება, რომელსაც ქრისტეში და ქრისტეს მეოხებით შევიმეცნებთ. ჭეშმარიტების მძებნელი წმიდა წერილების კვლევისას აწყდება წყაროს, რომელიც მით უფრო ღრმავდება და ფართოვდება, რაც უფრო ღრმად იხედება იგი მასში. ამ ცხოვრებაში ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით იმ ღვთიური სიყვარულის საიდუმლოს, რომლის გამოც მოგვეცა უფლის ძე ჩვენი ცოდვებისაგან სახსნელად. ის, რაც მაცხოვარმა ჩვენთვის ამ დედამიწაზე გააკეთა, საოცარი და დიდებული საქმეა, რომელიც არის და მუდამ იქნება ჩვენი მსჯელობის საგანი და რომელსაც სრულად ვერასოდეს შევიცნობთ, რაგინდ უდიდესი წარმოდგენის უნარიც არ უნდა გაგვაჩნდეს. როგორც არ უნდა მოვიკრიბოთ ჩვენი გონებრივი ძალები ამ საიდუმლოს ამოსაცნობად, ვერაფერს გავხდებით. და ჭეშმარიტების ყოველი მძებნელი მიხვდება, რომ მის წინაშე უკიდეგანო, უსასრულო ოკეანეა.ქი 50.3

    იესოში ხორცშესხმული ჭეშმარიტება შეიძლება შევიგრძნოთ სულითა და ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებებით, მაგრამ მისი ახსნა შეუძლებელია. მისი სიმაღლე, სიგანე და სიღრმე ჩვენი შემეცნების შესაძლებლობებს აღემატება. შეიძლება, უაღრესად დავძაბოთ გონება და წარმოდგენის უნარი, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვან კონტურებს თუ ვიხილავთ მაცხოვრის იმ უსასრულო, ამოუხსნელი სიყვარულისა, რომელიც მაღალია, ვითარცა ზეცა, მაგრამ, ამავე დროს, - მოსული დედამიწაზე კაცობრიობისათვის ღვთიური ხატების აღსადგენად.ქი 50.4

    მაგრამ ღვთიური თანაგრძნობის დანახვა კი ნამდვილად შეგვიძლია. ამის უნარი ღვთისმორჩილ, მომნანიებელ ადამიანს ძალუძს მხოლოდ. ღვთიური თანაგრძნობის დანახვა მხოლოდ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის შეფასებითაა შესაძლებელი. ღვთის სიტყვის მორჩილი გულით შესწავლისას თვალსაჩინოდ წარმოგვიდგება ცოდვილი კაცობრიობის გამოსყიდვის უდიდესი ჭეშმარიტებანი. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო ნათლად ვხედავთ მის კაშკაშა ნათელს, სიღრმეებსა და ძლიერ ზეგავლენას.ქი 50.5

    ჩვენი ცხოვრება მტკიცედ უნდა იყოს დაკავშირებული ქრისტესთან, რათა გამუდმებით ვიკვებებოდეთ მისგან, ვინც თავად არის ცოცხალი პური, ზეცით მოსული და წყარო, რომელიც სულიერ წყურვილს დაგვიკმაყოფილებს თავისი უსასრულო საგანძურიდან. თუკი ჩვენი გონება მუდამ მაცხოვრით იქნება დაკავებული, რომელსაც მადლიერებით, გულწრფელად ვადიდებთ, რელიგიური ცხოვრების სიწმინდესა და სულის სიახლეს შევინარჩუნებთ. მაშინ ჩვენი ლოცვები უფალთან მეგობრულ საუბრებს დაემსგავსება და ისიც თითოეულ ჩვენგანს პირადად გაგვანდობს თავის საიდუმლოებებს. ამ დროს დაგვეუფლება სიხარულის განცდა უფალთან სიახლოვის შეგრძნების გამო. ცეცხლად აინთება სიხარული ჩვენს გულში, როცა იგი მოგვიახლოვდება და გაგვესაუბრება, როგორც ენოქს. და, როცა ქრისტიანის ცხოვრებაში ასეთი რამ ხდება, მისი სული იცვლება: მასში თავს იჩენს უბრალოება, თავმდაბლობა, სათნოება და მორჩილება, რაც ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ იგი ქრისტეს მოწაფეა.ქი 50.6

    ამ ადამიანებისათვის ქრისტიანული რწმენა არის მაცოცხლებელი ძალა, ყოვლისმომცველი ცხოვრებისეული პრინციპი და უდიდესი სულიერი ენერგია. ასეთ ადამიანში მუდამ შეიგრძნობა ძალა, სიცოცხლე და ახალგაზრდული სული. გული, რომელმაც ღვთის წმიდა სიტყვა მიიღო, არასოდეს დაემსგავსება წყლის გუბეს, რომელიც სიცხისგან აორთქლდება; ან გაბზარულ ჭურჭელს, საიდანაც მაცოცხლებელი სითხე ფუჭად იღვრება. იგი მიაგავს მთის დაუმშრალ წყაროს, რომლის კამკამა ნაკადი კლდის ნაპრალებიდან მოედინება და მწყურვალ, მაშვრალ, ტვირთმძიმე ადამიანებს არწყულებს.ქი 50.7

    რწმენის ასეთი გამოცდილება უფლებას აძლევს ჭეშმარიტების ყოველ მოძღვარს, თავს ქრისტეს წარმომადგენელი უწოდოს. ქრისტეს სიტყვის სული აძლიერებს და მიზანდასახულს ხდის ადამიანს, მის სხვებთან უშუალო ურთიერთობასა და ლოცვას. მისი მოწმობა ქრისტეს შესახებ არ იქნება ხალისს მოკლებული, უსიცოცხლო მოძღვრება და მუდამ ერთისა და იგივეს გამეორება. მისი გონება მუდამ განახლებული იქნება სულიწმიდის ზეგავლენით.ქი 51.1

    მაცხოვარმა თქვა: “ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს… როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში… სული ცხოველმყოფელია… სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა” (იოან. 6:54-63).ქი 51.2

    როდესაც ქრისტეს სხეულსა და სისხლს ვეზიარებით, ვხვდებით, რომ ამ მსახურებაში საუკუნო სიცოცხლის ნაწილია ჩაქსოვილი. ეს მსახურება არ არის მშრალი, მოძველებული, გაცვეთილი იდეა. ჩვეული რიტუალების ადგილს ამიერიდან სხვა, ახალი რამ იკავებს; ძალაში რჩება ძველი ჭეშმარიტებანი, ოღონდ ახალი ნათლით იმოსება; იგი ახლებურად გვესმის და ყველასათვის თვალსაჩინო სიწმიდითა და მიმზიდველობით გვევლინება. ის, ვისაც ასეთ მსახურებაში მონაწილეობის ბედნიერება ხვდა წილად და ვინც სულიწმიდის ზეგავლენას ემორჩილება, აუცილებლად იგრძნობს ახალი სიცოცხლის განმამტკიცებელ და განმაახლებელ ძალას; ღვთიური სიყვარულით აინთება მისი გული; აღქმის უნარი გაუმახვილდება და მთელი ძალითა და არსებით შეიგრძნობს ჭეშმარიტების მთელ სილამაზესა და სიდიადეს.ქი 51.3

    სახლის პატრონში, რომელზედაც ამ იგავშია საუბარი, იგულისხმება ჭეშმარიტი, ბრძენი მოძღვარი, რომელიც ასე სჭირდება ყმაწვილებსა და მოზარდებს. თუკი ასეთი ადამიანისათვის მთავარი საგანძური ღვთის სიტყვაა, იგი მუდამ ეცდება, ახლებურად აჩვენოს ადამიანებს სახარების უჩვეულო სილამაზე. როდესაც ასეთი მოძღვარი მხოლოდ ქრისტეს ხელმძღვანელობას ემორჩილება და განუწყვეტლივ ლოცულობს, ქრისტეს სული გადმოვა მასზე და თავად ღმერთი თავისი სულიწმიდის ძალით იმოქმედებს მისი მეშვეობით ადამიანთა გულებზე. ასეთი მასწავლებელი ღვთის წმიდა სულის მეშვეობით ადვილად ჩასწვდება ბიბლიურ პირველსახეთა მნიშვნელობას; ღვთის წმიდა სული გაუნათებს გულსა და გონებას; მხნეობას შემატებს, გული მომავლის იმედით აევსება და ყოველივეს ყმაწვილებს გადასცემს.ქი 51.4

    ზეციური სიმშვიდისა და სიხარულის წყაროები, რომლებსაც მასწავლებელი ღვთისმოსაური სიტყვის შესწავლის შედეგად იპოვის, მისი ზეგავლენისა და კურთხევის ძლიერ ნაკადად იქცევა ყველასთვის, ვისაც მასთან შეხება ექნება. მის მოწაფეებს არასოდეს მობეზრდებათ ბიბლიის კითხვა. ბრძენი მასწავლებლის ზეგავლენით ღვთის სიტყვა მარად სასურველი იქნება შემსწავლელთათვის. იგი მათთვის იქნება სიცოცხლის პური, რომელიც არასოდეს ძველდება. მისი სიახლე და სილამაზე მეტად მიმზიდველი და მომხიბვლელი იქნება ახალგაზრდობისათვის და ბავშვებისათვის. ღვთის სიტყვა არის მზის სხივი, რომელიც მუდამ ანათებს, ათბობს და არასოდეს ილევა.ქი 51.5

    ღვთის სიტყვა უზენაესის წმიდა, მანათობელი სულითაა აღვსილი. წმიდა წერილების ყოველი ფურცლიდან ახალი, ძვირფასი ნათელი ბრწყინავს. იქ ცხადდება უდიდესი ჭეშმარიტებანი, სიტყვები და წინადადებები კი ისეთი ნათელი და გასაგები ხდება და ისე ზუსტად გადმოგვცემს ღვთის ჩანაფიქრს, თითქოს, უფალი თავად, პირისპირ გვესაუბრება.ქი 51.6

    ღვთის წმიდა სული სიხარულით უცხადებს ახალგაზრდებს ღვთის სიტყვაში დაფარულ საუნჯეს და მის სილამაზეს. ზეციური მოძღვრის აღთქმები უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს მათ; თავისი ღვთიური ძალით კურნავს სულს და აღადგენს მასში სიმშვიდეს. ღვთიური მადლით განათებული გონება და სული სულ უფრო უახლოვდება ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ადამიანს მრავალი ცდუნებისაგან დაიცავს.ქი 51.7

    ჭეშმარიტების სიტყვა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს; მასში ჩაქსოვილი აზრი ისეთ გაქანებას პოვებს, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით. ღვთის სიტყვის სილამაზესა და სიმდიდრეს ადამიანის სულისა და ხასიათის გარდაქმნა ძალუძს. ზეციური სიყვარულის ნათელი კი შთაგონებისა და აღმაფრენის ფრთებს გაშლის მის გულში.ქი 52.1

    რაც უფრო ღრმად ვსწავლობთ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, მით უფრო იზრდება ჩვენი შემეცნების უნარი. ბიბლიის მკვლევარი მის ნებისმიერ მუხლში ღვთის უსასრულო სიბრძნესა და სიყვარულს იხილავს.ქი 52.2

    ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩავწვდით ძველ ებრაელთა ცხოვრების წესის მნიშვნელობას. მათი ღვთისმსახურების ცერემონიალებსა და რიტუალებში უდიდეს და უღრმეს ჭეშმარიტებათა სიმბოლოებია დაფარული. სახარება არის სწორედ ის გასაღები, რომელიც ამ რიტუალების საიდუმლოს ხსნის. მათში დაფარული ყოველი ჭეშმარიტება ადამიანის ხსნის გეგმის შეცნობით გაცხადდება. ჩვენ უპირატესობა გვეძლევა, შევისწავლოთ და ჩავწვდეთ ამ დიდებულ, მშვენიერ ღვთიურ ჭეშმარიტებებს. ეს ადამიანთა დიდი უპირატესობა და უფლებაა. თვით ანგელოზებიც ლამობენ, ჩაიხედონ იმ ჭეშმარიტებებში, რომელნიც გახსნილია მათთვის, ვინც მორჩილი გულით, ლოცვებით სწავლობს ღვთის სიტყვას და მის სიღრმეებში ჩასაწვდომად ითხოვს ნიჭს, რომლის მოცემაც მხოლოდ უზენაესს შეუძლია.ქი 52.3

    ვინაიდან ჩვენ კაცობრიობის ისტორიის დასასრულს ვუახლოვდებით, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ბოლო ჟამთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებანი, რომლებიც ახალი აღთქმის ბოლო წიგნშია ჩაწერილი. სატანამ იმდენად დაუბრმავა გონება ადამიანებს, რომ ისინი ათასგვარ მიზეზს ასახელებენ, რათა არ შეისწავლონ გამოცხადების წიგნი. მაგრამ ჩვენი მაცხოვარი გვამცნობს იმის შესახებ, თუ რა იქნება ბოლო ჟამს და გვაფრთხილებს: “ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის შემნახველი” (გამოცხ. 1:3).ქი 52.4

    “ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს” (იოან. 17:3). მაშინ, რატომ ვერ ვხვდებით ამ ჭეშმარიტი წიგნის ასეთ დიდ მნიშვნელობას, რატომ ვერ ვაფასებთ მას? რატომ არ ვღებულობთ მთელი ჩვენი არსებით ამ წიგნის უდიდეს ჭეშმარიტებებს? რატომ არ ვატარებთ გულით და არ ვქადაგებთ მას?ქი 52.5

    უფალმა მოგვცა თავისი სიტყვა და მასში - ჩვენი გადარჩენისათვის აუცილებელი ყველა ჭეშმარიტება. ათასობით ადამიანი იკლავს წყურვილს ამ სიცოცხლის წყაროდან, მაგრამ იგი არ შრება, მას არაფერი აკლდება. ათასობით ადამიანი ღებულობს უფალს და იძენს მის ხასიათს. სულიწმიდით შთაგონებულნი, ისინი საუბრობენ ქრისტეს ხასიათის სილამაზეზე; იმაზე, თუ რა არის ქრისტე მათთვის და ისინი - ქრისტესთვის. მაგრამ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ღვთის სიტყვის მუდმივ კვლევაში არიან, მისი უწმიდესი და ულამაზესი ჭეშმარიტებანი ამოუწურავია. ათასობით ახალი ადამიანი შეიძლება ჩაებას წმიდა წერილების კვლევისა და გადარჩენის საიდუმლოთა ძებნის საქმეში. ზეციური ნათელი უფრო მეტად ბრწყინდება მათთვის, ვინც განუწყვეტლივ ფიქრობს ქრისტეს ცხოვრებასა და მისი მისიის არსზე და ვინც მუდამ ბიბლიურ ჭეშმარიტებათა ძიებაშია. ძებნის ყოველი ახალი მცდელობა წინანდელზე უფრო ამაღელვებელი და სიხარულის მომტანი იქნება. უძირო და უსასრულოა ჭეშმარიტების ღვთიური საუნჯე. ქრისტეს განკაცება, ადამიანის ხსნისათვის მის მიერ გაღებული მსხვერპლი, მისი შუამდგომლური მსახურება - აი საკითხები, რომლებიც მუდამ ადამიანის კვლევისა და მსჯელობის საგანი იქნება საუკუნის აღსასრულამდე. და, მიუხედავად ამისა, ურიცხვ წელთა მწვერვალებიდან ზეცისკენ გადახედვისას მას მაინც აღმოხდება: “დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო!”ქი 52.6

    მხოლოდ მარადიულობაში შევძლებთ იმის შეცნობას, რაც ამ ცოდვილ დედამიწაზე დაახლოებით, ბუნდოვნად შევიცანით. ადამიანის გამოსყიდვის თემა გამოსყიდულთა მარადიული ფიქრისა და მსჯელობის საგანი იქნება უსასრულო საუკუნეთა მანძილზე. მხოლოდ იქ გახდება გასაგები ბოლომდე მათთვის ის ჭეშმარიტებანი, რომლებსაც ქრისტე თავის მოწაფეებს ასწავლიდა და რომლებიც მაშინ რწმენის უქონლობის გამო ვერ მიიღეს. იქ ქრისტეს დიდებისა და სრულყოფილების ახალახალ მომენტებს მოეფინება ნათელი და დროთა უსასრულობაში სახლის ერთგული პატრონი თავისი საგანძურიდან გამოიტანს ძველსა და ახალს.ქი 53.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents