Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 27 - “ვინ არის ჩემი მოყვასი?”

    ლუკ.10:25-37

    კითხვა: “ვინ არის ჩემი მოყვასი?” - ებრაელთა შორის დაუსრულებელი კამათის საგანს წარმოადგენდა. წარმართებსა და სამარიელებთან დაკავშირებით ეს კითხვა ეჭვს არ იწვევდა; ისინი მათ უცხოელებად და მტრებად თვლიდნენ. მაგრამ სად იყო ზღვარი მოყვასსა და უცხოს შორის მათივე ერში და საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის? ვინ უნდა ჩათვალოს თავის მოყვასად მღვდელმსახურმა, მოძღვარმა, უხუცესმა? ისინი მთელ თავის ცხოვრებას ურიცხვ ცერემონიალთა აღსრულებას ანდომებდნენ, რათა მათი მეშვეობით განწმედილიყვნენ. ისინი ასწავლიდნენ, რომ ადამიანთა გაუნათლებელ, უმეცარ, წმიდა რიტუალების მიმართ გულგრილ ბრბოსთან ურთიერთობა მათ აუწმიდურებს და ამ უწმიდურებისაგან განწმენდა მხოლოდ მრავალი დამღლელი რიტუალითაა შესაძლებელი. და განა შეიძლება, ეს უწმიდური ადამიანები მოყვასად ჩათვალონ?ქი 164.1

    ამ კითხვას ქრისტე პასუხობს იგავით გულმოწყალე სამარიელზე და გვასწავლის, რომ ჩვენი მოყვასი მხოლოდ ის ადამიანი როდია, რომელიც ჩვენი ეკლესიის წევრი ან ჩვენი რელიგიის მიმდევარია. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც წარმოშობას, არც კანის ფერს და არც იმას, თუ საზოგადოების რომელ ფენას წარმოადგენს ადამიანი. ჩვენი მოყვასი არის ყოველი, ვინც ჩვენს დახმარებას საჭიროებს. ჩვენი მოყვასი არის მტრისაგან დაჩაგრული და დაჭრილი ყოველი სული; ჩვენი მოყვასი არის ყველა ადამიანი, ვინაიდან ყველანი ღვთის შექმნილნი ვართ.ქი 164.2

    იგავით კეთილი სამარიელის შესახებ ქრისტემ პასუხი გასცა კითხვას, რომელიც მას რჯულის მცოდნემ დაუსვა. როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა, “აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?” ეს შეკითხვა ფარისევლებმა უკარნახეს მას იმ იმედით, რომ ქრისტეს სიტყვაში გამოიჭერდნენ და პასუხს მთელი გულისყურით ელოდნენ. მაცხოვარი არ შეეკამათა, არამედ კითხვას კითხვითვე უპასუხა: “რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?” ებრაელები კვლავაც ბრალს სდებდნენ ქრისტეს მათთვის სინაის მთაზე მიცემული უფლის რჯულის მიმართ უპატივცემულობაში, მაგრამ მაცხოვარმა კითხვა გადარჩენის შესახებ სწორედ ღვთის მცნებების აღსრულებას დაუკავშირა.ქი 164.3

    “შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, - მიუგო რჯულის მცოდნემ, - და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”. “სწორად მიპასუხე, - უთხრა მას იესომ, - ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ”.ქი 164.4

    ამ რჯულის მცოდნეს არ აკმაყოფილებდა ფარისეველთა პოზიცია და მათი საქმეები. ამიტომ გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილებს, რათა ჭეშმარიტებისათვის მიეკვლია. მას გულწრფელად აინტერესებდა პასუხი კითხვაზე, რომელიც ქრისტეს დაუსვა: “რა უნდა გავაკეთო?” თავის პასუხში რჯულთან დაკავშირებით მას არ ჩამოუთვლია მთელი რიგი ცერემონიალური და რიტუალური მოთხოვნები; მან იგი უმნიშვნელოდ ჩათვალა და წარმოთქვა მხოლოდ ორი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. მოუწონა რა პასუხი, ებრაელმა რაბინებმა ბრალი ვერაფერში დასდეს მაცხოვარს. განა შეეძლოთ მათ რჯულის მცოდნის პასუხის უარყოფა?ქი 164.5

    “ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ”, - თქვა მაცხოვარმა. თავის მოძღვრებებში ქრისტე რჯულს მუდამ ერთიან ღვთიურ კანონად წარმოადგენდა, რითაც ასწავლიდა, რომ შეუძლებელია ერთი რომელიმე მათგანის დარღვევა და მეორის აღსრულება, ვინაიდან ყველა მცნებას ერთი საერთო საფუძველი გააჩნია. ადამიანის საბოლოო ბედი იმით გადაწყდება, თუ როგორ იცავს იგი უფლის ყველა მცნებას.ქი 164.6

    მაცხოვარმა კარგად უწყოდა, რომ რჯულის დაცვა მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეუძლებელია. მას სურდა, რომ ეს საკითხი რჯულის მცოდნეს უფრო დაწვრილებით, გულმოდგინედ გამოეკვლია, რათა ჭეშმარიტებისათვის მიეგნო. მხოლოდ ქრისტეს მადლისა და დამსახურების მეშვეობითაა შესაძლებელი უფლის რჯულის აღსრულება. ცოდვისაგან გამოსყიდვის რწმენა უღვიძებს დაცემულ ადამიანს უფლისადმი უდიდეს სიყვარულს, რათა უყვარდეს ღმერთი მთელი გულით და მოყვასი, როგორც თავისი თავი.ქი 164.7

    რჯულის მცოდნემ კარგად იცოდა, რომ იგი არც პირველ ოთხ მცნებას იცავდა და არც ბოლო ექვსს. იგი მიხვდა, რომ ქრისტეს სიტყვა ამხილებდა მას, მაგრამ თავისი ცოდვის აღიარების ნაცვლად მან თავის გამართლება სცადა. ჭეშმარიტების მიღების ნაცვლად იგი შეეცადა, აეხსნა, თუ რა ძნელია ამ მცნების შესრულება. ამგვარად სურდა მას ბრალდების თავიდან აცილება და ხალხის თვალში გამართლება. მაცხოვრის სიტყვებმა ცხადყო, რომ ამ რჯულის მცოდნე იუდეველის შეკითხვა ამაო იყო, რადგან მან თავადვე უპასუხა მას. მაგრამ იგი კვლავ სვამს კითხვას: “ვინ არის ჩემი მოყვასი?”ქი 165.1

    და ქრისტე კვლავ ცდილობს, კამათში არ ჩაებას. პასუხად იგი იხსენებს ერთ შემთხვევას, რომელიც ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ მის მსმენელთ. “ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს”.ქი 165.2

    იერუსალიმიდან იერიხოსაკენ მიმავალ მგზავრს გზად უდაბნოზე უნდა გაევლო, სადაც კლდოვან, მიუვალ ხეობებში უამრავი ყაჩაღი ბინადრობდა. ისინი თავს ესხმოდნენ გამვლელთ და ძარცვავდნენ. სწორედ ამ ადგილას დაესხნენ ისინი თავს მგზავრს, ყველაფერი წაართვეს და ცოცხალმკვდარი გზაზე მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა დაჭრილი, გასისხლიანებული კაცი, მაგრამ გვერდი აუქცია და დახმარებაზე არც უფიქრია. შემდეგ ლევიანმა ჩაიარა, ცნობისმოყვარეობამ სძლია, შეჩერდა და დაჭრილს შეხედა. მან კარგად იცოდა, რომ გაჭირვებულს უნდა დახმარებოდა, მაგრამ მანაც თავი აარიდა. ინანა, რომ ამ გზით წამოვიდა და დაჭრილი იხილა; დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ეს მისი საქმე არ იყო და გზა განაგრძო.ქი 165.3

    მერე ვიღაც სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა დაჭრილი და გააკეთა ის, რაც მასზე ადრე სხვებს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ ისურვეს. გულწრფელად შეეცოდა მას გაჭირვებული, “მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო”. მღვდელი და ლევიანი საჯაროდ გაჰყვიროდნენ თავიანთი ღვთისმოსაობის შესახებ, მაგრამ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა მხოლოდ სამარიელმა გამოიჩინა. თავისი სულითა და საქმეებით მან ჭეშმარიტად დაამოწმა თავისი ღვთისნიერება.ქი 165.4

    ამ იგავით ქრისტე ნათლად და დამაჯერებლად გვიჩვენებს, თუ რა პრინციპებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ უფლის რჯულის აღსრულებისას და ამხილებს თავის მსახურთ ამ პრინციპების დარღვევაში. მისი სიტყვები იმდენად ზუსტი და მიზანმიმართული იყო, რომ მსმენელებმა თავი ვერაფრით გაიმართლეს. რჯულის მცოდნემაც ვერაფერი ნახა მაცხოვრის მოძღვრებაში მიუღებელი და გაუქრა ყოველგვარი ეჭვი მის მიმართ. მაგრამ მაინც იმდენად ვერ დამალა სამარიელთა მიმართ თავისი მტრული განწყობა, რომ ნამდვილი სახელითაც კი არ მოიხსენია სამარიელი, რომელმაც დაჭრილის მიმართ ასეთი გულმოწყალება გამოიჩინა და მაცხოვრის კითხვაზე: “რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?” - უპასუხა: “რომელმაც წყალობა უყო მას”.ქი 165.5

    “უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი”. გამოიჩინე ასეთივე გულმოწყალება და თანაგრძნობა გაჭირვებულთა მიმართ და ამით დაამტკიცებ, რომ მთელ რჯულს იცავ.ქი 165.6

    ებრაელები რწმენის საკითხში დიდად განსხვავდებოდნენ სამარიელთაგან. განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. ფარისეველნი სამარიელებს მუდამ აუგად იხსენიებდნენ და წყევლიდნენ. მათ იმდენად რთული და მტრული ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ, რომ სამარიელ ქალს ძლიერ გაუკვირდა, ქრისტემ წყალი რომ სთხოვა. “როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, - ჰკითხა ქალმა, - სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?” “რადგან იუდეველებს, - განმარტავს იოანე მოციქული, - არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან” (იოან. 4:9). ებრაელებმა, რომელთაც ისე ძლიერ სძულდათ მაცხოვარი, რომ მზად იყვნენ, იგი ტაძარში ჩაექოლათ, თავიანთი სიძულვილის გამოსახატავად სხვა, უფრო სასტიკი სიტყვები რომ ვერ მონახეს, წამოიძახეს: “განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?” (იოან. 8:48). და მაინც, მღვდელმა და ლევიანმა არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა უფლის წინაშე და თანამემამულეზე ზრუნვა გადაულოცეს სამარიელს, რომელიც ასე სძულდათ. სამარიელმა კი შეასრულა მცნება: “შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”, რითაც აჩვენა, რომ იგი უფრო ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ვიდრე მისი მოძულენი. საკუთარი სიცოცხლეც კი არ დაიშურა მან (ის ხევი ხომ ყაჩაღთა ბუნაგი იყო) დაჭრილის გადასარჩენად: ჭრილობები შეუხვია და ისე იზრუნა მასზე, როგორც საკუთარ ძმაზე. ეს გულმოწყალე სამარიელი ქრისტეს განსახიერებაა. ჩვენმა მაცხოვარმა ჩვენ მიმართ ხომ ისეთი სიყვარული გამოავლინა, რომელსაც ვერავითარი ადამიანური სიყვარული ვერ შეედრება; შეგვიცოდა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა ჩვენ, სასიკვდილოდ განწირულთ. გვერდი არ აუვლია, უსუსურნი, უიმედოდ არ დავუტოვებივართ; დატოვა თავისი წმიდა, ბედნიერი სავანე, სადაც მთელი ზეციური მხედრობა სიყვარულით თაყვანს სცემდა; იხილა ჩვენი უბედურება, გაითავისა ჩვენი დუხჭირი მდგომარეობა და კაცობრიობის ინტერესები; იგი მოკვდა თავისი მტრების გადასარჩენად. იგი ლოცულობდა მათთვის, რომლებმაც ჯვარს აცვეს. და საკუთარ მაგალითს ანდერძად უტოვებს თავის მიმდევართ: “ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი”, “როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი” (იოან. 15:17; 13:34).ქი 165.7

    თავად უფალმა განაწესა მღვდელი და ლევიანი ტაძრის მსახურებად. თავად უფალმა განუსაზღვრა მათ წესები და მოვალეობანი. ტაძრის ღვთისმსახურებაში მონაწილეობა უდიდესი და უმაღლესი უპირატესობა იყო და ასეთი პატივისა და დიდების მფლობელთ, როგორც ისინი თვლიდნენ, ვიღაც მათთვის უცნობი, გზაზე უპატრონოდ მიტოვებული და გაჭირვებული კაცისათვის დახმარების გაწევა სამარცხვინო საქმედ მიაჩნდათ. მათ არ გამოიყენეს შესაძლებლობა, რომელიც უფალმა მისცათ, როგორც თავის მსახურთ, მოყვასის კურთხევისათვის.ქი 166.1

    დღესაც ბევრი იმეორებს მსგავს შეცდომას. ადამიანები თავიანთ მოვალეობებს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროდ ყოფენ. ერთი მოიცავს დიდ საქმეებს, რომლებიც ღმერთის რჯულით რეგულირდება; მეორე კი - ეგრეთ წოდებულ მცირე საქმეებს, რომლებსაც მცნება: “შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” - თითქოს არ ეხება. ხშირად მოღვაწეობის ეს სფერო ეთმობა კაპრიზს, გატაცების საგანს ან წუთიერ გრძნობებს, რაც დიდად აზიანებს ადამიანის ხასიათს და ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგიის არასწორ აღქმას იწვევს.ქი 166.2

    არიან ისეთებიც, რომლებიც გასაჭირში მყოფი ადამიანებისათვის სამსახურის გაწევას საკუთარი ღირსების შელახვად და სამარცხვინო საქმედ მიიჩნევენ. ბევრიც გულგრილად, ათვალწუნებით ეკიდება იმ გაჭირვებულთ, რომლებმაც საკუთარი სულის ტაძარი თავადვე დაინგრიეს. სხვები კი უპატივცემულობას საწყალთა მიმართ სხვა მიზეზთა გამო გამოხატავენ. ისინი თვლიან, რომ აკეთებენ დიდ, ღირსეულ ქრისტიანულ საქმეს, რომელსაც ვერ შეწყვეტენ იმისათვის, რომ გაჭირვებულთა და სასოწარკვეთილთა გასაჭირი შეამჩნიონ. იავიანთი დიდი საქმის (როგორც თავად თვლიან) წინ წაწევისათვის მათ ღარიბთა და საწყალთა შევიწროებაც კი შეუძლიათ და ფიქრობენ, რომ უფლებამოსილნი არიან, წაართვან მათ საკუთარი უფლებები, შეუქმნან მძიმე მდგომარეობა და გულგრილად მოეკიდონ მათს საჭიროებებს. მათ მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს გამართლებულია, ვინაიდან ისინი ქრისტეს საქმის წინსვლისათვის შრომობენ.ქი 166.3

    ბევრს სავსებით გულგრილად შეუძლია, გაჭირვებაში მიატოვოს თავისი მოყვასი. ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ამგვარი თავშეკავებულობითა და ადამიანებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ქრისტეს ხასიათს უჩვენებენ. მაგრამ ქრისტეს ეს ეგრეთ წოდებული მსახურნი სინამდვილეში სულაც არ არიან მისი თანამშრომელნი, ამიტომ ის ღვთიური სიყვარული, რომელიც მათი მეშვეობით წუთისოფელს უნდა ეხილა, ვერ აღწევს მოყვასის გულამდე. ამის გამო ადამიანის გულწრფელი სამადლობელი და ღვთის სადიდებელი სიტყვები არ უბრუნდება ღმერთს. და იძარცვება უფალი იმით, რომ სრულყოფილად არ ღებულობს იმ დიდებას, რასაც მისი წმიდა სახელი იმსახურებს. მისთვის დაკარგული არიან ადამიანები, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა; ვისი გადარჩენა და თავის სასუფეველში მოყვანა მას ასე ძლიერ სურს, რათა მასთან იცხოვრონ უსასრულო საუკუნეთა განმავლობაში.ქი 167.1

    ჯერ კიდევ არ არის წუთისოფელში საკმაოდ გავრცელებული და განმტკიცებული ღვთიური ჭეშმარიტება, რომელმაც ჩვენი ძალისხმევით უფრო მეტი ზეგავლენა უნდა იქონიოს კაცობრიობაზე. ბევრნი საჯაროდ, ამაყად აცხადებენ საკუთარი რელიგიურობის შესახებ, მაგრამ ეს სრულებით არაფერს ნიშნავს. ჩვენ, შესაძლოა, გულწრფელად ჩავთვალოთ თავი ქრისტეს მიმდევრებად, დავარწმუნოთ ადამიანები, რომ გვჯერა ღვთის ყოველი სიტყვის ჭეშმარიტებისა, მაგრამ ეს ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანს ჩვენს მოყვასს, თუ თავად ჩვენ ჩვენს რწმენას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით არ დავამტკიცებთ. ცვენი რწმენის აღმსარებლობა, შესაძლოა, მაღალი იყოს, როგორც თვით ზეცა, მაგრამ იგი ვერ გადაგვარჩენს ვერც ჩვენ და ვერც ჩვენს ძმებს, თუ ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებით არ ვიცხოვრებთ. ჭეშმარიტ, კეთილ მაგალითს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია წუთისოფლის კეთილდღეობისათვის, ვიდრე ჩვენს ყველა განცხადებას საკუთარი რწმენის შესახებ.ქი 167.2

    შეუძლებელია, ქრისტესადმი მსახურებას შეუთავსო საკუთარი ეგოისტური აზრები და საქციელი. თუკი მაცხოვრის მიზანი ღარიბთა და ჩაგრულთა კეთილდღეობაა, მის მიმდევართა გულშიც უფრო ღრმა, ქრისტესმიერი თანაგრძნობა და სიყვარული უნდა არსებობდეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მისთვის ისე ძვირფასი არიან, რომ მათ გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლეც კი არ დაიშურა. მათი ფასი ღვთისათვის აღვლენილ ჩვენს ნებისმიერ შესაწირავს აღემატება. მოახმარო მთელი შენი ენერგია, შესაძლოა, მართლაც რომ მნიშვნელოვან, დიდ ღვთიურ საქმეს, მაგრამ იმავდროულად გულგრილად მოეკიდო და აითვალწუნო გაჭირვებული და ხიზანი, არ ნიშნავს ჭეშმარიტ მსახურებას, რომელსაც ღმერთი მოიწონებს.ქი 167.3

    სულიწმიდის მეშვეობით სულის განწმედა - ეს ქრისტეს ხასიათისა და ბუნების ადამიანის სულში დანერგვას ნიშნავს. სახარებისეული რელიგია - ეს ჩვენს ცხოვრებაში შემოსული ქრისტეა, ჩვენი ცხოვრების ცოცხალი, მოქმედი საფუძველი. ესაა ქრისტეს მადლი, რომელიც ადამიანის ხასიათში და მის კეთილ საქმეებში ვლინდება. სახარებისეული პრინციპების ჩვენი პრაქტიკული მოღვაწეობისაგან განცალკევება სრულიად შეუძლებელია. ქრისტიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყოველი სფერო ქრისტეს ხასიათს უნდა ირეკლავდეს.ქი 167.4

    სიყვარული ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის საფუძველია. რასაც არ უნდა ამბობდეს ადამიანი, მასში არ იქნება ღვთისადმი წმიდა სიყვარული, თუკი გულწრფელად არ უყვარს თვისი მოყვასი. მაგრამ ჩვენ არასოდეს გვექნება სიყვარულის ეს სული, თუკი “შევეცდებით” სხვების შეყვარებას. ერთადერთი, რაც ჩვენს გულს სჭირდება, ქრისტეს სიყვარულია. როდესაც ჩვენი “მე” ქრისტეში უჩინარდება, ჩვენს გულში სიყვარული ბუნებრივად შემოდის. ქრისტიანული ხასიათი სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც სხვების დახმარებისა და გულმოწყალების გამოჩენის სურვილი პრინციპულ და ბუნებრივ, და რაც მთავარია, აუცილებელ შინაგან მოთხოვნილებად იქცევა; როცა ზეციური ნათელი გულს ეფინება და ადამიანის სახეზეც აღიბეჭდება.ქი 167.5

    გული, რომელშიც ქრისტე მკვიდრობს, არასოდეს გაუცხოვდება სიყვარულისათვის. თუკი ჭეშმარიტად გვიყვარს ღმერთი იმის გამო, რომ თავდაპირველად მან შეგვიყვარა, მაშინ გვეყვარება ყოველი, ვისთვისაც მაცხოვარმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა. შეუძლებელია ღმერთთან სიახლოვე მოყვასთან სიახლოვის გარეშე, ვინაიდან თავად მასში, სამყაროს მბრძანებელში, შერწყმულია არსი ღვთიური და ადამიანური. ქრისტესთან სიახლოვე სიყვარულის ოქროს ჯაჭვით მოყვასთანაც გვაერთიანებს. მაშინ ქრისტიანული თანაგრძნობა და გულმოწყალება ჩვენი ცხოვრების არსსაც განსაზღვრავს. მაშინ აღარ დაველოდებით, როდის მოვლენ ჩვენთან გაჭირვებულნი და დაჩაგრულნი; მაშინ აღარ დაგვჭირდება თხოვნა, გავითავისოთ სხვისი მწუხარება; მაშინ გაჭირვებულთა და ტანჯულთათვის მსახურება ისეთივე ბუნებრივი საქმე იქნება ჩვენთვის, როგორც სიკეთე - მაცხოვრისათვის.ქი 168.1

    მუდამჟამს, როდესაც სიყვარულისა და თანაგრძნობის, სხვათა დახმარებისა და კურთხევის მოზღვავებული გრძნობა გვიპყრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენში ღვთის წმიდა სულის მოქმედების ნიშანია. თვით წარმართთა შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც კეთილად ექცეოდნენ თავის მსახურთ და ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი იცავდნენ მათ, თუმცა არაფერი იცოდნენ დაწერილი ღვთის რჯულის არსებობის შესახებ და არც ქრისტეს სახელი გაეგონათ. მათი საქციელი მათში ღვთიური ძალის მოქმედებაზე მიუთითებდა. ღვთის წმიდა სულმა ქრისტეს მადლი ჩაუნერგა გულში ამ ველურ ხალხს; მათი ბუნებისა და აღზრდისათვის სრულიად უცხო გრძნობა - სხვისი გასაჭირისა და ტკივილის გაზიარება - გაუღვიძა მათ. “ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს” (იოან. 1:9), მათს სულში გაბრწყინდება და ღვთის სასუფევლისაკენ გაუძღვება მათ.ქი 168.2

    ზეციური დიდება დაცემულის წამოყენებასა და დაჩაგრულის ნუგეშისცემაში ვლინდება. ადამიანთა გულში დამკვიდრებული ქრისტეც ამგვარად ევლინება კაცობრიობას. ქრისტეს რელიგია კურთხევა და სინათლეა ყველგან, სადაც ის მოქმედებს.ქი 168.3

    უფლისთვის არ არსებობს განსხვავება ადამიანებს შორის მათი ეროვნულობის, რასისა თუ საზოგადოებრივი ფენის მიხედვით. იგი მთელი სამყაროს შემოქმედია. მთელი კაცობრიობა უფლის ერთი საერთო ოჯახია არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ გამოსყიდვის წყალობითაც. ქრისტე მოვიდა, რათა დაენგრია ადამიანთა ტომებსა და ერებს შორის აღმართული ყოველი კედელი, რათა ფართოდ გაეხსნა სივრცეში თავისი ტაძრის ყველა კარი და გზა, მიმავალი ღვთის სასუფევლისაკენ. მისი სიყვარული იმდენად ფართოა, იმდენად ღრმა, იმდენად სრული და ყოვლისმომცველი, რომ ყველგან შეუძლია შეღწევა. იგი ხელიდან სტაცებს სატანას მის კლანჭებში მოხვედრილ, მისი ხრიკებით მოტყუებულ ადამიანებს, ათავისუფლებს მათ და მიუძღვის უფლის ტახტისაკენ, რომელსაც აღთქმის ცისარტყელა აცისკროვნებს.ქი 168.4

    ქრისტეში “უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი”, ვინაიდან ყველანი ერთი გავხდით მისი ძვირფასი სისხლით (გალ. 3:28; ეფეს. 2:13).ქი 168.5

    განსხვავებული რელიგიური რწმენის მიუხედავად, ყოველი გაჭირვებული ადამიანის ხმა შესმენილ უნდა იქნას და პასუხი გაეცეს. იქ, სადაც მეტად გამწვავებულია ურთიერთობა რელიგიური თვალსაზრისის სხვადასხვაობის გამო, მნიშვნელოვან გამაერთიანებელ როლს ითამაშებს მორწმუნის პირადი მსახურება. ქრისტიანის ასეთი გულითადი, სიყვარულით გამსჭვალული მსახურება დაამსხვრევს ცრურწმენის ბორკილებს და ღვთისაკენ მოაბრუნებს ადამიანებს.ქი 168.6

    ჩვენ უნდა ჩავწვდეთ სხვათა წუხილს, სიძნელეებსა და მწუხარებას; გავიზიაროთ ჭირი და ლხინი დიდისა თუ მცირისა, ღარიბისა თუ მდიდრისა. “უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით”, - ამბობს მაცხოვარი (მათ. 10:8). ჩვენ ირგვლივ არიან ღარიბი და საცოდავი ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება სიტყვითა თუ საქმით; ქვრივნი, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ; ობოლნი, რომლებზე ზრუნვაც ქრისტემ თავის მიმდევართ დაავალა. რა ხშირად უვლიან გვერდს მათ ადამიანები! ძონძებში გახვეული, მოუვლელი, ისინი ხშირად საშინლად გამოიყურებიან, მაგრამ განა ისინიც უფლისანი არ არიან? ისინიც ხომ უდიდესი ფასით არიან გამოსყიდულნი და ისეთივე ძვირფასნი არიან უფლისათვის, როგორც ჩვენ. ისინიც უფლის დიდი ოჯახის წევრები არიან და ჩვენ, უფლის მნეები, პასუხისმგებელნი ვართ მათ გამო. “მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ”, - ამბობს უფალი.ქი 168.7

    ცოდვა - ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა, მაგრამ ცოდვილის დახმარება, მის მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ყველა ცოდვილისადმი ერთნაირი მიდგომა შეუძლებელია. ბევრი მათგანი დიდი ხანია, გრძნობს სულიერ შიმშილს. მათ ძლიერ დაეხმარებათ თბილი სიტყვა და ფრთხილი შეხსენება. ზოგი კი ცოდვის მორევში უფრო ღრმადაა ჩაფლული და ვერც კი გრძნობს თავის საშინელ მდგომარეობას. ზოგი ისე დაეცა, რომ სრულიად დაკარგა წარმოდგენა მარადიულ ფასეულობებზე და იმაზე, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ყოფნაარყოფნისა და გადარჩენის საკითხიც აღარ აღელვებს. ასეთ ადამიანებს აღარც ღვთის რწმენა აქვთ და აღარც ადამიანებს ენდობიან. ასეთების დახმარება მხოლოდ უანგარო, კეთილი საქმეებითაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, მათს ფიზიკურ საჭიროებებზე: კვებაზე, სისუფთავესა და შემოსვაზე უნდა ვიზრუნოთ. და როდესაც ისინი ჩვენს უანგარო სიყვარულს დაინახავენ, ქრისტეს სიყვარულსაც უფრო ადვილად მიენდობიან.ქი 169.1

    ბევრი ადამიანი ცდება. ბევრი გრძნობს თავის დანაშაულსა და სირცხვილს, ხედავს თავის შეცდომებს და სასოწარკვეთილება იპყრობს. ასეთები უნდა გავამხნეოთ და გავაძლიეროთ. დინების საწინააღმდეგოდ მცურავი სრულად გრძნობს ნაკადის ძალას, რომელიც უკან ეწევა. გაუწოდეთ მას დახმარების ხელი ისე, როგორც წყალში ჩაძირულ პეტრეს - უფროსმა ძმამ, იესომ. უთხარით იმედის სიტყვა, რომელიც რწმენასა და სიყვარულს დაუბრუნებს მას.ქი 169.2

    შენს ძმას, დასუსტებულსა და სულით დაცემულს, სჭირდები შენ; ისევე, როგორც თავად გჭირდება ძმის სიყვარული. მას ძლიერ სჭირდება გამოცდილება იმ ადამიანისა, რომელიც ოდესღაც მასავით სუსტი იყო, ვისაც მისი დახმარება და ფეხზე დაყენება შეუძლია. საკუთარი უძლურების შეგრძნება დაგვეხმარება ჩვენსავით უძლურის შველაში. არასოდეს აუაროთ გვერდი გაჭირვებულ ადამიანს და არ მიატოვოთ უყურადღებოდ. არამედ დაეხმარეთ ისე, როგორც უფალი გვეხმარება ჩვენ.ქი 169.3

    ქრისტესთან ერთიანობა, ცოცხალ მაცხოვართან ახლო ურთიერთობა საშუალებას აძლევს გონებას, გულსა და სულს, ამაღლდეს და სიმდაბლეზე გაიმარჯვოს. უამბეთ დასუსტებულ მგზავრს იმ ყოვლისშემძლე ხელის შესახებ, რომელიც ფეხზე დააყენებს მას; თავისი შვილების უზომოდ მოყვარულ ქრისტეზე, რომელიც უთუოდ შეიბრალებს და შეიწყალებს. აუხსენით, რომ საკმარისი არაა, გჯეროდეს მხოლოდ კანონისა და საკუთარი ძალისა, ან ბუნებრივი სუბსტანციებისა, რომელთაც არც თანაგრძნობა შეუძლიათ და არც მათი ხმის მოსმენა, შველას რომ ითხოვენ. მათ ადამიანთა სითბო და ნდობითა და სიყვარულით აღსავსე გული სჭირდებათ. დაე იგრძნოს მან უფლის სიახლოვე, რომლის სიყვარული არასოდეს დატოვებს მას. დაე იცოდეს მან, თუ როგორ ზრუნავს მასზე ზეციერი მამა; თუ როგორ ტკივილს აყენებს მას მისი ყოველი ცოდვა; დაე დაინახოს მისკენ კვლავ გამოწვდილი მამის ხელი; დაე ისმინოს მამის ხმა, რომელიც კვლავ ამბობს: “თუ ჩაეჭიდება ჩემს სიმტკიცეს, რათა ქმნას ჩემთან მშვიდობა, ქმნას მშვიდობა ჩემთან” (ეს. 27:5).ქი 169.4

    თუკი თქვენ ამგვარ ძალისხმევას გამოიჩენთ და დახმარების ხელს გაუწვდით დაცემულთ, თქვენ გვერდით მუდამ იქნებიან თქვენი უხილავი დამხმარენი. ზეციურ ანგელოზებს წამითაც არ დაუტოვებიათ ის სამარიელი, იმ უცნობ დაჭრილზე რომ იზრუნა. ზეციური სავანეებიდან ჩამოსული ანგელოზნი მუდამ მის გვერდით არიან, ვინც უფლისა და მოყვასისათვის იღვწის. თავად მაცხოვარი იქნება თქვენ გვერდით. იგია უდიდესი მკურნალი; იგი დაგიფარავთ თქვენ ყოველი მსახურებისას და შედეგიც საოცრად მნიშვნელოვანი იქნება.ქი 169.5

    ამ საქმის ერთგულად შესრულებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ სხვების კეთილდღეობა, არამედ თქვენი საუკუნო მომავალიც. ქრისტე ცდილობს, აამაღლოს ყველა, ვინც მასთან თანამშრომლობს, რათა ჩვენ ისევე ვიყოთ მასში, როგორც თავად იგია მამაში. იგი ხშირად უშვებს ჩვენს ცხოვრებაში ტანჯვასა და უბედურ შემთხვევებს, რათა ეგოიზმის ტყვეობიდან გაგვათავისუფლოს. მას სურს, თავისი კეთილი თვისებები - თანაგრძნობა, სიყვარული და მზრუნველობა - დანერგოს ჩვენში. სხვებისადმი გულმოდგინე მსახურებისას თავად ვღებულობთ უზენაესის გარდამქმნელ ძალას, რომელიც ღვთის სამეფოს ღირსეულ მოქალაქედ გვაქცევს. მოყვასისადმი ჩვენი მოვალეობის უგულებელყოფით კი უარვყოფთ მის რჩევადარიგებებს, რითაც მასთან მარადიულ განხეთქილებას ვირჩევთ.ქი 170.1

    “თუ ჩემი გზებით ივლი... - ამბობს უფალი ღმერთი, - მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა (ანგელოზთა) შორის” (ზაქ. 3:7). აქ, დედამიწაზე, ზეციურ ძალებთან თანამშრომლობით ჩვენ მათთან ზეცაში თანამშრომლობისათვის ვემზადებით. ზეციური ანგელოზები - “მომსახურე სულები… მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს” (ებრ. 1:14) - თავად მიეახლებიან მათ, ვინც დედამიწაზე იმიტომ კი არ ცხოვრობდა, რომ მისთვის ემსახურათ, არამედ იმისათვის, რომ სხვების მსახური ყოფილიყო (მათ. 20:28). და ამ კურთხეული თანამშრომლობისას ჩვენ, ჩვენდა სასიხარულოდ, საბოლოოდ ვუპასუხებთ კითხვას: “ვინ არის ჩემი მოყვასი?”ქი 170.2