Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 3 - “პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს”

    მარკ.4:26-29

    იგავმა მთესველის შესახებ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გაჩნდა უამრავი კითხვა. ბევრი მიხვდა, რომ ქრისტე მიწიერი სამეფოს დასამყარებლად არ იყო მოსული და… დაიბნა. ამ შემცბარი ადამიანების გამოსაფხიზლებლად ქრისტემ სხვა ალეგორიებს მიმართა, რათა მათი ფიქრები მიწიერი სამეფოდან ზეციურისაკენ, ადამიანის სულში ღვთიური მადლის მუდმივი მსახურებისაკენ წარემართა.ქი 22.3

    “თქვა: ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში, ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”.ქი 22.4

    მომკელი, ვინც “გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”, - თვით ქრისტეა, რომელიც იმ უკანასკნელ, დიად დღეს დედამიწაზე სამკალს მოიმკის. მაგრამ მთესველი იგავში ყველა იმ ადამიანს წარმოადგენს, ვინც ქრისტესთვის შრომობს. იგავში ნათქვამია, რომ მთესველმა არ იცის, თესლი როგორ “აღმოცენდება და იზრდება”. მაგრამ ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, უფლის ძეს არ ეხება. მაცხოვარს არ სძინავს და არც თვლემს, არამედ დღედაღამ ფხიზლად დარაჯობს თავის სამწყსოს.ქი 22.5

    იგავი თესლის შესახებ გვიჩვენებს, რომ უფალი კვლავ განაგრძობს შრომას ბუნების წიაღში. მან თავად ჩაუდო თესლს მისი გაღვივებისა და აღმოცენების პრინციპები. მაგრამ უმეთვალყურეოდ დატოვებული, მზრუნველობას მოკლებული თესლი საკუთარი ძალისხმევით ვერ აღმოცენდება. ამიტომ განსაზღვრული როლი ამ პროცესში ადამიანს ეკუთვნის. მან უნდა მოამზადოს და გააფხვიეროს ნიადაგი, შემდეგ კი თესლი დათესოს. მანვე უნდა გაწმინდოს მიწა სარეველა ბალახებისაგან. მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც კაცი ვერაფერს გააწყობს; ვერც ადამიანთა ძალისხმევა, ვერც სიბრძნე თესლისაგან ცოცხალ მცენარეს ვერ აღმოაცენებს. ყოველგვარი მცდელობის შემდეგ მან, ბოლოსდაბოლოს, სხვა დანარჩენი უნდა მიანდოს მას, ვინც თავისი უსასრულო ძალითა და ძლიერებით, კარგად აწყობილი ჯაჭვით აკავშირებს ერთმანეთთან თესვისა და მოსავლის აღების პროცესებს.ქი 22.6

    თესლში ჩადებულია სიცოცხლე, ნიადაგში კი - მაცოცხლებელი ძალა. მაგრამ უფლის განუწყვეტელი შრომის, მისი უსაზღვრო ძალის გამოვლინებისა და მისი მზრუნველობის გარეშე თესლი მოსავალს არ მოგვცემს. გამომშრალი მინდვრები წვიმით უნდა მოირწყას, ჩამარხული თესლიც უნდა გამოიკვებოს. მაგრამ შემოქმედის მიერ თესლში ჩადებული სიცოცხლე თავად შემოქმედმა უნდა გააღვიძოს. ყოველი თესლის აღმოცენება, ყოველი მცენარის ზრდა და განვითარება მხოლოდ ღმერთის ძალით ხდება.ქი 23.1

    “როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი ზრდის თავის ნათესს, ისე უფალი ღმერთი ამოზრდის სამართალს და ქებადიდებას ყოველი ხალხის წინაშე” (ეს. 61:11). სულიერ ცხოვრებაშიც იგივე ხდება, რაც თესვის დროს: ჭეშმარიტების მოძღვარმა ადამიანის გული უნდა მოამზადოს, მანვე უნდა ჩათესოს მასში თესლი, მაგრამ მისი გაცოცხლება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ადამიანის ყოველგვარი ძალისხმევა ამაოა. ჩვენ შეგვიძლია, ვიქადაგოთ უფლის სიტყვა, მაგრამ არ გაგვაჩნია ძალა, რომელიც გააღვიძებს სულს და მასში სიმართლისა და დიდების ნაყოფს გამოიღებს. ღვთის სიტყვის ქადაგებაში უნდა მონაწილეობდეს ისეთი რამ, რაც ადამიანის შესაძლებლობებს უზომოდ აღემატება. მხოლოდ ღვთის სულის მეშვეობით ეძლევა სიტყვას სიცოცხლე და ძლიერება, რომელიც ადამიანს საუკუნო სიცოცხლისათვის აღადგენს. სწორედ ეს სურდა ქრისტეს, შთაეგონებინა თავისი მოწაფეებისათვის, როცა ასწავლიდა, რომ მათ არაფერი გააჩნიათ ისეთი, რაც მათს მცდელობასა და შრომას წარმატებას შესძენს; მხოლოდ ღმერთის სასწაულმოქმედ ძალას შესწევს უნარი, ძლიერება შემატოს თავისსავე სიტყვას.ქი 23.2

    მთესველის შრომა - ეს რწმენით შრომაა. მან არ იცის თესლის აღმოცენების, შემდეგ კი მცენარის ზრდისა და განვითარების საიდუმლო. მაგრამ მას აქვს რწმენა იმ ღვთიური ძალების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც მცენარე იზრდება. თესლის მიწაში ჩამარხვით მთესველი თითქოსდა კარგავს ძვირფას მარცვალს, რომელსაც მისი ოჯახის გამოკვება შეეძლო. მაგრამ, სინამდვილეში, იგი მას ცვლის იმ უხვ მოსავალზე, რომელსაც მომავალში მიიღებს. იგი აბნევს მარცვლებს ბევრად უფრო მეტის მიღების იმედით. ასევე უნდა იშრომონ ქრისტეს მსახურებმა მათ მიერ გაბნეული თესლით უფრო უხვი მოსავლის მიღების მოლოდინში.ქი 23.3

    შესაძლოა, კეთილი თესლი ცივ, ეგოისტურ და ურწმუნო გულში მოხვდეს და ერთხანს სიცოცხლისა და მასში დაფუძნების რაიმე ნიშანწყალიც კი არ უჩანდეს; მაგრამ გაივლის დრო და, როდესაც მას ღვთის სული სიცოცხლეს შთაბერავს, დამარხული თესლი გაიღვიძებს, აღმოცენდება და გამოიღებს ნანატრ ნაყოფს ღვთის სადიდებლად. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად, შესაძლოა, არ ვიცოდეთ, რა მოგვიტანს სასურველ შედეგს: ესა თუ ის. მაგრამ ეს სულაც არ უნდა იყოს ჩვენთვის საინტერესო საკითხი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, შედეგი კი ღმერთს მივანდოთ. “დილით დათესე შენი თესლი და საღამოს ნუ დაასვენებ შენს ხელს” (ეკლ. 11:6). უფლის დიდებული აღთქმა გვაუწყებს, რომ “ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა” (დაბ. 8:22). ამ აღთქმისამებრ ხნავს და თესავს მიწათმოქმედი. მის მიმართ არანაკლები რწმენით უნდა ვიშრომოთ ჩვენც და ვაკეთოთ სულიერი საქმეები. “ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე” (ეს. 55:11). “მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები” (ფსალმ. 125:6).ქი 23.4

    თესლის აღმოცენება სულიერი ცხოვრების დასაწყისის მაჩვენებელია, მცენარის ზრდა და განვითარება კი - სრულფასოვანი ქრისტიანის ჩამოყალიბების მშვენიერი სურათი. აქაც ისევე, როგორც ბუნების სამყაროში, არ არსებობს სიცოცხლე ზრდის გარეშე. ნიადაგიდან უკვე ამოწვერილი მცენარე ან იზრდება, ან კვდება. ზრდა ჩუმად, შეუმჩნევლად, მაგრამ უწყვეტად მიმდინარეობს. ასევე ხდება ქრისტიანული სულის განვითარებაც. ზრდის ყოველ საფეხურზე ჩვენი ცხოვრება ამ მომენტისათვის შეიძლება იყოს სრულყოფილი. და, თუმცა უფლის ჩვენ მიმართ ჩანაფიქრი ამ ეტაპზე შეიძლება აღსრულებული იყოს, მაგრამ სულიერი ზრდისათვის მოძრაობა არ წყდება. სულიერი განწმედა ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს. ჩვენი შესაძლებლობების ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი შემეცნებაც და გამოცდილებაც; ვიძენთ უფრო მეტი პასუხისმგებლობის უნარს და დასახული ამოცანების გართულებასთან ერთად მიმდინარეობს ჩვენი სულიერი მომწიფებაც.ქი 23.5

    მცენარე იზრდება იმ საკვებით, რასაც მას უფალი აძლევს. იგი ფესვს იდგამს მიწაში, შთანთქავს მზის სხივებს, შეიწოვს ცვარსა და წვიმას და ჰაერიდან სიცოცხლისათვის აუცილებელ ნივთიერებებს იღებს. ასევე ხდება ქრისტიანის ცხოვრებაშიც: იგი სულიერად იზრდება ღვთიურ ძალებთან ურთიერთობაში. შევიცნობთ რა საკუთარ უძლურებას, უნდა განვავითაროთ ჩვენთვის ბოძებული ყველა ნიჭი, რათა უფალთან ურთიერთობის უფრო მეტი გამოცდილება შევიძინოთ. მიწაში ფესვგადგმული მცენარის მსგავსად ჩვენც უფრო ღრმად უნდა დავფუძნდეთ ქრისტეში. როგორც მცენარე იღებს და შთანთქავს მზის ენერგიას, ცვარსა და წვიმას, ასევე ფართოდ უნდა გავუხსნათ გული ღვთის წმიდა სულს. ეს უნდა ხდებოდეს “არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, - ამბობს ცაბაოთ უფალი” (ზაქ. 4:6). თუკი ჩვენ მთელი ჩვენი არსებით მივენდობით ქრისტეს, იგი “წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს” (ოს. 6:3). სიმართლის მზესავით ამობრწყინდება ჩვენთვის და “კურნება იქნება მის ფრთებზე” (მალ. 4:2). მაშინ მისი ხალხი “აყვავდება, როგორც შროშანი”, მისი მორწმუნენი “სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან” (ოს. 14:6,8). და დასასრული არ ექნება ჩვენს სულიერ ზრდას, თუკი სრულად მივენდობით ქრისტეს, როგორც ჩვენს პირად მხსნელს.ქი 24.1

    ხორბალი “გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში”. მიწათმოქმედის ამგვარი შრომის - თესლის დათესვისა და მცენარის ზრდის - მიზანი ერთია: სრულფასოვანი და უხვი მოსავლის მიღება. მთესველს სჭირდება პური საკვებად და თესლი - მომავალში დასათესად. ასევე ელის ზეციური მთესველი მოსავლის აღებას, როგორც ჯილდოს მისი განუწყვეტელი შრომისა და ზრუნვისათვის. ღრისტეს სურს, დაფუძნდეს ადამიანთა გულში. და ამას იგი თავის მორწმუნეთა მეშვეობით აკეთებს. მთელი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი მდგომარეობს ნაყოფის გამოღებაში - მორწმუნის გულში ქრისტეს ხასიათის დამკვიდრებაში, რათა შემდგომში იგივე თესლი სხვებში დაითესოს.ქი 24.2

    მცენარე იზრდება, ვითარდება და ნაყოფს იძლევა არა თავისთვის, არამედ იმისათვის, რომ მისცეს “თესლი მთესველს და პური მჭამელს” (ეს. 55:10). ადამიანიც არ უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ქრისტიანი არის ქრისტეს წარმომადგენელი ამ წუთისოფელში, რათა სხვებიც მოიყვანოს ხსნის წყაროსთან.ქი 24.3

    მაგრამ ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, არასოდეს ექნება სულიერი ზრდა და ვერც ჭეშმარიტ ნაყოფს გამოიღებს. თუკი ქრისტე ჩვენს პირად მხსნელად მივიღეთ, მაშინ საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა დავივიწყოთ და სხვებს უნდა დავეხმაროთ. ესაუბრეთ ადამიანებს ქრისტეს სიყვარულის, მოწყალებისა და თანაგრძნობის შესახებ. შეასრულეთ ყველა დავალება, რომელიც მოგეცათ. გაითავისეთ სხვისი ტვირთი და სიმძიმე და ყველა თქვენს ხელთ არსებული საშუალებებით ეცადეთ, გადაარჩინოთ დაკარგულნი. როდესაც თქვენში შემოდის ქრისტეს სული - სული უანგარო სიყვარულისა და სხვებისადმი მსახურებისა, თავადაც გაიზრდებით და ნაყოფსაც გამოიღებთ. თქვენს ხასიათში სულის მშვენიერი ნაყოფი იმწიფებს. სულ უფრო და უფრო დაემსგავსებით ქრისტეს ყოველივე იმაში, რაც წმიდა, კეთილშობილური და მშვენიერია.ქი 24.4

    “ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება” (გალ. 5:22,23). ეს ნაყოფი არასოდეს დაიღუპება, არამედ თავის მსგავს მრავალ ახალ ნაყოფს გამოიღებს საუკუნო სიცოცხლის სამკალისათვის.ქი 24.5

    “რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”. მოუთმენლად ელის ამას მაცხოვარი თავის ეკლესიაში. როდესაც მისი ერთგული ხალხი სრულად აირეკლავს მის ხასიათს, მოვა იესო, რათა თავისი შვილები უწოდოს მათ.ქი 25.1

    ყოველი ქრისტიანის უპირატესობაა, არა მხოლოდ ელოდოს მაცხოვრის მეორედ მოსვლას, არამედ ყოველმხრივ ხელი შეუწყოს ამ დიდებული მომენტის მოახლოებას (2პეტრ. 3:12). ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი, ღვთის სადიდებლად რომ გამოეღო ნაყოფი, სწრაფად დაითესებოდა სახარების თესლი მთელ მსოფლიოში; სწრაფად მომწიფდებოდა საყოველთაო, უკანასკნელი სამკალი და ქრისტე ძვირფასი ხორბლის შესაგროვებლად მოვიდოდა.ქი 25.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents