Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 15 - იგი “ცოდვილებს ღებულობს”

    ლუკ.15:1-10

    როდესაც ქრისტესთან მებაჟენი და ცოდვილნი მოდიოდნენ, “ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო”.ქი 73.4

    ასეთი ბრალდებით ისინი ცდილობდნენ, ჩაეგონებინათ ხალხისათვის, რომ ქრისტე ცოდვილ და უწმიდურ ადამიანებთან არჩევს მეგობრობას, არ თაკილობს მათთან ურთიერთობას და არც მათი ცოდვილი მდგომარეობა აღელვებს. იმედები გაუცრუა ქრისტემ ფარისეველთ: რატომ მხოლოდ მათთან არ მეგობრობს ასეთი კეთილშობილი ადამიანი და ხალხს მათი მეთოდებით არ ასწავლის? რატომ იჩენს იგი ასეთ თავმდაბლობას და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთ ასწავლის? “ის რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყოს, - ამბობდნენ ისინი, - ჩვენთან მოვიდოდა, მებაჟეთ და ცოდვილთ არაფრად ჩააგდებდა და ისე მოექცეოდა, როგორც იმსახურებენ”. საზოგადოების სადარაჯოზე მდგარ ამ მოღვაწეებს ძლიერ აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ ქრისტე, რომელსაც ისინი გამუდმებით ებრძოდნენ, რომლის წმიდა ცხოვრებაც მათ ამხილებდა და, იმავდროულად, პატივისცემასაც იწვევდა, დაუფარავი თანაგრძნობით ექცეოდა და ესაუბრებოდა საზოგადოებისაგან გარიყულ ადამიანებს. ისინი არ იწონებდნენ მისი მსახურების მეთოდებს, რადგან თავს დიდად განათლებულ, განსაკუთრებულ, სრულყოფილ და უაღრესად რელიგიურ ადამიანებად თვლიდნენ, ქრისტეს ცხოვრება და საქმეები კი თავისდაუნებურად ამხილებდა მათს ეგოიზმს ყველას წინაშე. ქრისტეს სიმართლე გაღიზიანებასა და გულისწყრომას იწვევდა მათში.ქი 73.5

    მათ ისიც აღაშფოთებდა, რომ ის ადამიანები, რომელნიც რაბინებს არად აგდებდნენ და სინაგოგაში არ დადიოდნენ, ახლა იესოსკენ ილტვოდნენ და დიდი გულისყურით უსმენდნენ მის თითოეულ სიტყვას. მწიგნობართ და ფარისეველთ მსჯავრს სდებდა მაცხოვრის სიწმიდე; როგორღა გრძნობდნენ თავს მის გვერდით მებაჟენი და ცოდვილნი?ქი 73.6

    ვერ ხვდებოდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი, თუ ასე რატომ ისწრაფოდნენ ცოდვილნი იესოსკენ. ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ ამ საიდუმლოს გასაღები მათივე სიტყვებში იყო დამალული, როცა ისინი სიძულვილით წარმოთქვამდნენ: იგი “ცოდვილებს ღებულობს”. ქრისტესთან მისულნი გრძნობდნენ, რომ მათთვისაც შესაძლებელია ხსნა ცოდვისაგან. ფარისეველნი მუდამ სიძულვილით ამხილებდნენ ამ ადამიანებს, მაცხოვარი კი მათ მამის სახლიდან დროებით წასულ ღვთის შვილებად თვლიდა, რომელნიც მამას არ დავიწყებია. ტწორედ მათმა უბედურებამ და ცოდვამ გამოიწვია ქრისტეში მათდამი თანაგრძნობა. რაც უფრო შორს იყვნენ ისინი ზეციური მამისაგან, მით უფრო დიდი მონდომებითა და თავგანწირვით ცდილობდა იგი მათ გადარჩენას.ქი 73.7

    ყველაფერი ეს ისრაელის რაბინებს იმ წმიდა გრაგნილებიდან უნდა სცოდნოდათ, რომელთა შენახვა და განმარტება მათ ჰქონდათ დავალებული და რითაც ისინი დიდად ამაყობდნენ. განა დავითი არ წერდა ამ სიტყვებს; დავითი, რომელმაც საშინელი ცოდვა ჩაიდინა: “დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი” (ფსალმ. 118:176). განა მიქა წინასწარმეტყველმა არ გააცხადა უფლის ცოდვილისადმი უსაზღვრო სიყვარული, როცა თქვა: “რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია” (მიქ. 7:18).ქი 74.1