Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 22 - სიტყვა და საქმე

    მათ.21:23-32

    “ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მიუგო და უთხრა: არ მინდა. ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება? უთხრეს: პირველმა”.ქი 111.4

    მთაზე ქადაგებისას მაცხოვარმა თქვა: “ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას” (მათ. 7:21). ღვთისადმი გულწრფელი სიყვარული დასტურდება არა სიტყვებით, არამედ საქმეებით. ქრისტე არ გვეკითხება: “განსაკუთრებულს რას ამბობთ?” არამედ - “განსაკუთრებულს რას გააკეთებთ?” (მათ. 5:47). რამდენად მნიშვნელოვანია მისი სიტყვები: “რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ” (იოან. 13:17). სიტყვას არავითარი ფასი არა აქვს, თუ იგი საქმეებით არ არის განმტკიცებული. სწორედ ეს გაკვეთილია მოცემული იგავში ორი ძის შესახებ.ქი 111.5

    ეს იგავი ქრისტემ იერუსალიმში უკანასკნელად ყოფნისას, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თქვა. იქამდე კი ტაძრიდან მოვაჭრენი გააძევა, რომელთაც იგრძნეს, რომ მაცხოვარი ღვთიური ხელმწიფებით ელაპარაკებოდათ. განცვიფრებულნი და შეშინებულნი, ისინი ყოველგვარი შეკამათებისა და წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილნენ მის ბრძანებას.ქი 112.1

    როცა მღვდელმსახურთ და უხუცესთ შიშმა გადაუარა და ისინი ტაძარში დაბრუნდნენ, დაინახეს, თუ როგორ კურნავდა ქრისტე სნეულთ და მომაკვდავთ. სიხარულის შეძახილები და ქებადიდების საგალობლები შემოესმათ. განკურნებული ბავშვები პალმის ტოტებით ხელში გალობდნენ: “ოსანა დავითის ძეს!” ისინი თავიანთი ბავშვური შეძახილებით ადიდებდნენ დიდებულ მკურნალს. მაგრამ მღვდელმსახურთა და მწიგნობართა ცრურწმენისა და შურის გასაქარვებლად ყველა ეს მოწმობა საკმარისი არ აღმოჩნდა.ქი 112.2

    მეორე დღეს, როცა ქრისტე ტაძარში ასწავლიდა, მღვდელმთავარნი და ერის უხუცესნი მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: “რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”ქი 112.3

    მღვდელმთავარნი და უხუცესნი კარგად ხედავდნენ ქრისტეს ხელმწიფების უტყუარ მტკიცებებს; ნათლად იხილეს მის სახეზე არეკლილი ზეციური უფლებამოსილება და ძალა; წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მის სიტყვებს, რომლებიც ზებუნებრივი ძალითა და ძლიერებით იყო წარმოთქმული. თავისი განკურნების სასწაულებით კი იგი სრულად პასუხობდა მათს ამ შეკითხვებს. მან დაუმტკიცა მათ თავისი ხელმწიფება, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იყო. მაგრამ ეს არ იყო ის მოწმობა, რომელიც მათ სურდათ. მღვდელმსახურთ და უხუცესთ უნდოდათ, იესოსგან მოესმინათ მისი განცხადება იმის შესახებ, რომ იგი არის მესია, რათა შემდგომ მისი სიტყვები დაემახინჯებინათ და ხალხი მაცხოვრის წინააღმდეგ წაექეზებინათ. მათ მაცხოვრისა და მისი სიტყვის ავტორიტეტის შელახვა და თვით ქრისტეს მოკვლაც სურდათ.ქი 112.4

    კარგად იცოდა მაცხოვარმა, რომ, თუკი ამ ხალხმა მის საქმეებსა და მოწმობებში ადრე ვერ შეიცნო მისი ღვთიური არსი, არც ახლა დაუჯერებენ, რომ განაცხადოს, ჭეშმარიტად ქრისტე ვარო. ამიტომ თავს არიდებს პირდაპირი პასუხის გაცემას, რასაც ისინი ასე მოუთმენლად ელოდნენ და, პირიქით, მათ სდებს ბრალს.ქი 112.5

    “მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?”ქი 112.6

    დიდად დაიბნენ მღვდელმთავარნი და უხუცესნი. “ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას”.ქი 112.7

    მათი პასუხი: “არ ვიცითო”, სიცრუე იყო. მიხვდნენ მღვდელმსახურნი, რა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით იცრუეს. იოანე ნათლისმცემელი მოვიდა, რათა გამოეცხადებინა მისი მოსვლა, ვის ხელმწიფებასაც ისინი ახლა ეჭვის თვალით უყურებდნენ. იგი მიუთითებდა მასზე და ამბობდა: “აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა” (იოან. 1:29). იოანემ მონათლა იგი; ნათლობის შემდეგ კი, როცა ქრისტე ლოცულობდა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. “აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე” (მათ. 3:17).ქი 112.8

    კარგად ახსოვდათ იოანეს წინასწარმეტყველება მესიის შესახებ და თვით ნათლობის მომენტიც, მაგრამ მღვდელმსახურებმა და უხუცესებმა მაინც ვერ გაბედეს, ეთქვათ, რომ იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო. იოანე რომ წინასწარმეტყველად ეღიარებინათ, რაც გულში სჯეროდათ კიდეც, მაშინ როგორღა უარყოფდნენ იმას, რომ იესო ნაზარეველი ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო? მაგრამ იმის თქმაც არ შეეძლოთ, რომ იოანეს ნათლისცემა კაცთაგან იყო, ვინაიდან ეშინოდათ ხალხისა, რომელსაც სწამდა, რომ იოანე ღვთის წინასწარმეტყველი იყო. ამიტომ უპასუხეს: “არ ვიცითო”.ქი 112.9

    მაშინ ქრისტემ უამბო მათ მეორე იგავი მამისა და მისი ორი ვაჟის შესახებ. როცა მამა მივიდა პირველთან და უთხრა: “შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში”, შვილმა მაშინვე უპასუხა: “არ მინდა”; არ დაემორჩილა და კვლავინდებურად უწმიდური და ბოროტი გზით სიარული არჩია. მაგრამ შემდეგ ინანა და მამის ნებას დაჰყვა.ქი 113.1

    შემდეგ მამა მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა: “შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში”. მან კი პასუხად უთხრა: “წავალ, ბატონო”, მაგრამ არ წავიდა.ქი 113.2

    ამ იგავში მამა განასახიერებს უფალს, ვენახი კი - მის ეკლესიას. ორი ვაჟით სიმბოლურად ადამიანთა ორი ჯგუფია წარმოდგენილი. პირველი ვაჟი, რომელიც ეურჩა მამას და თქვა: “არ მინდა”, განასახიერებს მათ, ვინც ცხადად, დაუფარავად ეწინააღმდეგებოდა ღმერთს და არც გარეგნული ღვთისმოსაობის სახის მიღება უცდია; ვინც აშკარად ამბობდა უარს იმ შეზღუდვებსა და მორჩილებაზე, რომელსაც უფლის რჯული ითხოვდა. მაგრამ შემდგომ მრავალი ასეთი ადამიანი მიხვდა თავის შეცდომას, ინანა და უფლის მოწოდებაც მიიღო. და, როცა მოისმინეს იოანეს ქადაგება: “მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი”, მოინანიეს და თავისი ცოდვებიც აღიარეს (მათ. 3:2).ქი 113.3

    ხოლო მეორე ვაჟში, რომელმაც მამას უპასუხა: “წავალ, ბატონო”, მაგრამ არ წავიდა, ფარისეველთა ბუნება გამოვლინდა. იუდეველმა წინამძღოლებმა ამ ძის მსგავსად გამოავლინეს თავიანთი დაუმორჩილებლობა და თვითკმაყოფილება. ებრაელი ხალხის რელიგიური ცხოვრება მათ მიერ საკუთარი უპირატესობის შეგრძნების გამო ფორმალობად იქცა. სოდესაც სინაის მთაზე უფალმა ღმერთმა მათ თავად გამოუცხადა თავისი რჯული, მთელმა ხალხმა საზეიმოდ დადო ფიცი, რომ მორჩილებით აღასრულებდა მას. მაშინ ყველამ თქვა: “წავალ, ბატონო”, მაგრამ არ წავიდნენ. ხოლო როცა ქრისტე თავად მივიდა მათთან, რათა უფლის რჯული გაემყარებინა, უარყვეს იგი. იმ დღეებში ქრისტემ თავისი ღვთიური ხელმწიფებისა და ძლიერების საკმარისზე მეტი მტკიცება მისცა ებრაელ ხალხს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სავსებით დარწმუნდნენ, მაინც არ მიიღეს იგი. ქრისტემ ამხილა მათი ურწმუნოება და მათში მყოფი დაუმორჩილებლობის სული. “თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით… ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან” (მათ. 15:6,9).ქი 113.4

    ქრისტეს მსმენელთა შორის იყვნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი, მღვდელმსახურნი და მმართველნიც. დაამთავრა რა იგავის მოყოლა, მაცხოვარმა სწორედ მათ მიმართა: “ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” “პირველმა”, - დაუფიქრებლად უპასუხეს მათ. და არც იმაზე დაფიქრებულან, რომ ასეთი პასუხით საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განაჩენი. და მაშინ მაცხოვარი მეტად მკაცრ განცხადებას აკეთებს: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი”.ქი 113.5

    ჭეშმარიტება, რომლის საქადაგებლადაც იოანე ნათლისმცემელი მოვიდა, არწმუნებდა ცოდვილთ, რომ საჭიროა მონანიება. მაშინ ისინი მათზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში, ვინც საკუთარი სიმართლით იკვეხნის და ვინც ეს გაფრთხილება უარყო. მებაჟეები და მეძავები, ფარისეველთაგან განსხვავებით, გაუნათლებელი, უვიცი ადამიანები იყვნენ. ქარისევლებმა კი კარგად იცოდნენ ჭეშმარიტი გზა. და, მიუხედავად ამისა, მათ მაინც უარყვეს ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალი გზით სიარული. ჭეშმარიტება, რომელიც მათთვის სიცოცხლის სუნთქვა უნდა ყოფილიყო, სასიკვდილო სუნთქვად ექცათ. ყველაზე დაცემული ცოდვილები, შეიძულეს რა საკუთარი ცოდვილი ცხოვრება, მოინათლნენ იოანესგან და მოიპოვეს ხსნა. ებრაელი ხალხის მოძღვარნი კი პირმოთნენი და თვალთმაქცნი აღმოჩნდნენ. საკუთარი გულის სისასტიკემ შეუშალა მათ ხელი ჭეშმარიტების მიღებაში; არ შეისმინეს სულიწმიდის ხმა და არც უფლის მოთხოვნების შესრულება მოისურვეს.ქი 113.6

    ქრისტეს პირდაპირ არ უთქვამს მათთვის: “თქვენ ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში”. ნაგრამ უჩვენა, რომ ისინი თავად იქმნიან დაბრკოლებას მის გზაზე. ღვთის სასუფევლის კარი ჯერ კიდევ გახსნილი იყო ებრაელი ხალხის წინამძღოლთათვის: მიწვევა ჯერ კიდევ ძალაში იყო და ქრისტეს ძლიერ სურდა, ერწმუნათ მისი და გადარჩენილიყვნენ.ქი 114.1

    ისრაელის მღვდელმსახურნი და წინამძღოლნი დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს, რომლებიც, მათი აზრით, იმდენად წმიდა იყო, რომ ჩვეულებრივ საქმიანობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. ამის გამო მათი ცხოვრება გარეგნულად მეტად სრულყოფილი და წმიდა ჩანდა. ისინი ამ რელიგიურ ცერემონიებს ხალხის თვალწინ ასრულებდნენ, რათა ადამიანებს ეთქვათ, რა დიდად მორწმუნე და ღვთისმოსავი ხალხი ყოფილანო. მაგრამ ღვთისადმი ამ მოჩვენებითი მორჩილების ნიღბის ქვეშ, ფაქტობრივად, დაუმორჩილებლობა იმალებოდა. მათი გარეგნული ღვთისმოსაობა სრულიად არ ეთანხმებოდა მათს საქმეებს.ქი 114.2

    ქრისტემ იოანე ნათლისმცემელი ერთერთ უდიდეს წინასწარმეტყველად გამოაცხადა, რაც მის მსმენელთათვის უდიდესი მოწმობა იყო იმისა, რომ იოანე ჭეშმარიტად ღვთის მაცნე იყო. მეუდაბნოეს სიტყვას უჩვეულო, ზებუნებრივი ძალა ჰქონდა. იგი გაბედულად ქადაგებდა სიმართლეს, ამხელდა მღვდელმსახურთა და ერის მთავართა ცოდვებს და მოუწოდებდა, ღვთიური საქმეები ეკეთებინათ. იოანე პირდაპირ უცხადებდა მათ თავიანთ დანაშაულს ზეციერი მამის ხელმწიფებისა და ავტორიტეტის უგულებელყოფაში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი უფლის დავალებას არ ასრულებდნენ. იოანეს არასოდეს დაუშვია კომპრომისი ცოდვასთან, რის შედეგადაც მრავალმა დატოვა ურჯულოების გზა.ქი 114.3

    ებრაელი ერის წინამძღოლები ნამდვილად რომ ისეთნი ყოფილიყვნენ, როგორადაც ხალხს თავს აჩვენებდნენ, შეისმენდნენ იოანეს სიტყვას და იესოსაც მიიღებდნენ, როგორც მესიას. მაგრამ ვერ აღმოცენდა მათს სულში მონანიებისა და სიმართლის ნაყოფი. ამიტომ ცათა სასუფეველში მათზე წინ სწორედ ისინი შევლენ, ვინც მათ ასე ძლიერ სძულდათ.ქი 114.4

    იგავში ვაჟი, რომელმაც მამას უთხრა: “წავალ, ბატონო”, თავისი სიტყვით ერთგულებასა და მორჩილებას გამოხატავს; მაგრამ დრომ სრულიად საწინააღმდეგო აჩვენა. ტინამდვილეში, მას არ უყვარდა თავისი მამა. ფარისეველნი ტრაბახობდნენ თავიანთი წმიდა ცხოვრებით, მაგრამ გამოცდის ჟამს იგი საკმარისი არ აღმოჩნდა. ისინი დიდად ამძიმებდნენ უფლის რჯულს საკუთარი ინტერესების გამო; მაგრამ როდესაც რჯული თავად მათგან ითხოვდა მორჩილებას, ისინი თვალთმაქცურად, მაგრამ დასაბუთებით, ხშირად სოფიზმის ცბიერ ხრიკთა გამოყენებითაც კი, გვერდს უვლიდნენ უფლის დადგენილებათა აღსრულებას. ეს სიტყვები მათზე თქვა მაცხოვარმა: “მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ” (მათ. 23:3). მათში არ იყო ჭეშმარიტი სიყვარული არც ღმერთისა და არც ადამიანის მიმართ. უფალმა მასთან თანამშრომლობა შესთავაზა მათ წუთისოფელში ღვთიური მადლისა და წყალობის გავრცელების საქმეში. მათ ეს გარეგნულად მიიღეს, სინამდვილეში კი ურჩობა გამოიჩინეს. ისინი საკუთარი ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეებით ტრაბახობდნენ, უფლის მცნებების შესრულებაზე კი უარი თქვეს. მათ არ შეასრულეს უფლის დავალება. და სწორედ მათი ამ დაუმორჩილებლობის გამო იყო უფალი მზად, ზურგი ექცია ამ ურჩი, ჯიუტი ხალხისათვის.ქი 114.5

    ადამიანთა სიმართლე - ეს არ არის ჭეშმარიტი სიმართლე. ისინი, ვინც საკუთარი სიმართლითაა მოხიბლული, დატოვებულ იქნებიან, რათა ამ დამღუპველი შეცდომის შედეგი იხილონ. დღესაც ბევრი ხმამაღლა და ამაყად აცხადებს, რომ ღვთის მცნებების ერთგული შემსრულებელია, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი გულით არ ატარებენ ღვთიურ სიყვარულს, რათა შემდგომ იგი სხვებს გაუზიარონ. ქრისტე იხმობს მათ თავისთან თანამშრომლობისათვის, რათა ერთად იშრომონ წუთისოფლის გადარჩენისათვის, მაგრამ ისინი მხოლოდ ამ პასუხით კმაყოფილდებიან: “წავალ, ბატონო”, მაგრამ არ მიდიან. და არ სურთ მათთან თანამშრომლობა, ვინც ჭეშმარიტად ემსახურება ღმერთს. ისინი კვლავ უქმად ხარჯავენ დროს. ორგული შვილის მსგავსად, ღმერთს ცრუ დაპირებებით ატყუებენ. ამ ადამიანებმა წმიდა აღთქმა დაუდეს უფალს მთელი ეკლესიის წინაშე, რომ სრულად მიიღებენ და დაემორჩილებიან ღვთის სიტყვას; მთელ ცხოვრებას ღვთის სამსახურს მიუძღვნიან; ისინი აცხადებენ, რომ ღვთის შვილნი არიან, მაგრამ თავიანთი ცხოვრებითა და ხასიათით, ფაქტობრივად, უარს ამბობენ მის შვილობაზე; საკუთარ ნებას ღვთის ნებასურვილს არ უმორჩილებენ და თავიანთი ცხოვრება და საქციელი თავად ამხილებს მათს სიცრუეს.ქი 114.6

    ეს ადამიანები გარეგნულად, შესაძლოა, თავიანთი აღთქმის ერთგული აღმსრულებელნი ჩანდნენ; მაგრამ ეს მანამ, სანამ რაიმე მსხვერპლის გაღება არ არის საჭირო. როცა თავდადებისა და თავგანწირვის აუცილებლობის მომენტი უდგებათ; როცა ხედავენ მძიმე ჯვარს, რომელიც უნდა ატარონ, - ისინი უკან იხევენ. ამრიგად, მოვალეობის გრძნობა უსუსტდებათ და უფლის მცნებების შეგნებული დარღვევა ჩვეულებად ექცევათ. ამ დროს ყურით კი ისმენენ ღვთის სიტყვას, მაგრამ მისი მიღებისა და გათავისების უნარი აღარ შესწევთ. გული გასასტიკდა, სინდისმაც მიიძინა.ქი 115.1

    ნუ გგონიათ, რომ, თუკი ქრისტეს მიმართ მტრული განწყობა არა გვაქვს, ამით უკვე მას ვემსახურებით. ამით მხოლოდ თავს ვიტყუებთ. როდესაც სათანადოდ არ ვიყენებთ იმას, რაც უფალმა მისი მსახურებისათვის მოგვცა: იქნება ეს ჩვენი დრო, ქონება, ნიჭი თუ სხვა საბოძვარი, უფლის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ.ქი 115.2

    სატანა საკმაოდ ოსტატურად იყენებს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა გულგრილ, მძინარე მდგომარეობას საკუთარი ძალის განსამტკიცებლად და ადამიანთა საცდუნებლად. ბევრს ჰგონია, რომ კვლავ ქრისტეს მხარეზეა, თუმცა უფლის რეალურ საქმეებში არ მონაწილეობს. სინამდვილეში, ისინი მტერს უთმობენ დაუკავებელ ტერიტორიებს და ამით უპირატესობას ანიჭებენ მას. როცა ქრისტიანი უფლის მსახურებისადმი გულმოდგინებას არ იჩენს, როცა მის დავალებებს არ ასრულებს და მის სიტყვას არ გადასცემს, - იგი ხელს უწყობს სატანას, დაისაკუთროს ადამიანები, რომელთა ქრისტესკენ მოქცევა და გადარჩენა თავად შეეძლო.ქი 115.3

    ნუ გვექნება იმედი გადარჩენისა, თუკი სიცოცხლის დღეებს უქმად და უზრუნველად ვატარებთ. ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერასოდეს შეძლებს უაზრო, უსარგებლო ცხოვრებით ცხოვრებას. ვერც საუკუნო სიცოცხლეში შევალთ, თუკი უბრალოდ დინებას მივყვებით. ვერც ერთი უსაქმური ვერ მოხვდება იქ. თუკი არ ვეცდებით ღვთის სასუფეველში შესვლის უფლებამოსილების მოპოვებას; თუკი გულწრფელად არ გვსურს ამ სამეფოს კანონების შეცნობა, - მასში საცხოვრებლად ვერ გამოვდგებით. ის, ვისაც უფალთან თანამშრომლობა დედამიწაზე არ სურს, არც ზეცაში ითანამშრომლებს. ასეთ ადამიანთა იქ დაშვება დიდად სახიფათოა.ქი 115.4

    მებაჟეთ და ცოდვილთ უფრო დიდი იმედი აქვთ ღვთის სასუფეველში შესვლისა, ვიდრე ღვთის სიტყვის მცოდნეთ, რომელთაც ღვთის გზით სიარული არ სურთ. ის, ვინც ხედავს თავის ცოდვილ მდგომარეობას, ვინაიდან მისი ცოდვა დაფარული არ არის, ვინც გრძნობს თავისი სულისა და სხეულის უწმიდურებას ღვთის წინაშე, მას უფალთან სამუდამო განშორების შიში ეპარება; იგი კარგად ხედავს თავის დასნეულებულ სულსა და სხეულს და განკურნებას უზენაეს მკურნალთან ეძებს, რომელმაც ბრძანა: “ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ” (იოან. 6:37). ასეთ ადამიანთა გამოყენება უფლის ვენახში სამუშაოდ ჯერ კიდევ შესაძლებელია.ქი 115.5

    მაცხოვარმა არ გაკიცხა საქციელი შვილისა, რომელმაც თავიდან მამის დავალების შესრულებაზე უარი თქვა, მაგრამ არც მოიწონა. თავდაპირველი წინააღმდეგობისათვის, რა თქმა უნდა, მოწონებას არ იმსახურებენ ის ადამიანები, რომელთაც იგავში პირველი შვი ლი წარმოადგენს. არც დაუმორჩილებლობის ასეთი გულწრფელი აღიარება ჩაეთვლებათ დამსახურებად. მხოლოდ ჭეშმარიტებითა და ღვთიური სიმართლით განწმედილი გულწრფელობა აქცევს ადამიანს ქრისტეს გაბედულ მოწმედ. მაგრამ ცოდვილის ბაგეში იგი მეტად შეურაცხმყოფელი, გამომწვევი და მკრეხელურია. ის ფაქტი, რომ ურწმუნო ადამიანი პირმოთნე არ არის, უფრო ღირსეულ ცოდვილად ვერ აქცევს მას. ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როცა მოხმობისთანავე დაუყოვნებლივ გავუხსნით გულის კარს ღვთის წმიდა სულს. როდესაც გაიგონებთ მოწოდებას: “წადი დღეს და იმუშავე ვენახში”, უარს ნუ იტყვით მიწვევაზე. “დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს” (ებრ. 4:7). აქ საშიშია შეყოვნება და დაუმორჩილებლობა. შესაძლოა, კვლავ აღარასოდეს განმეორდეს ეს ხმა ხსნისა.ქი 115.6

    ნურც იმ იმედით დაიმშვიდებთ გულს, რომ მოვა დრო და ადვილად დატოვებთ ცოდვებს, რომელნიც დღეს არ გეთმობათ. ეს სიცრუეა. ყოველი მიუტოვებელი ცოდვა ასუსტებს ადამიანის ხასიათს და განამტკიცებს დამღუპველ თვისებებს, რის შედეგადაც თანდათანობით უწმიდურდება და იხრწნება ადამიანის სული, გონება და სხეული. თქვენ შეგიძლიათ, მოინანიოთ თქვენი არასწორი საქციელი და ჭეშმარიტების გზას დაუბრუნდეთ, მაგრამ ცოდვასთან ხანგრძლივი ურთიერთობით ჩამოყალიბებული თქვენი გონებისათვის მეტად ძნელი იქნება ბოროტისა და კეთილის ზუსტად გარჩევა, ხოლო თქვენს ხასიათში ჩამოყალიბებულ მავნე ჩვევებს სატანა კვლავ და კვლავ თქვენზე იერიშისათვის გამოიყენებს.ქი 116.1

    მოწოდება: “წადი დღეს და იმუშავე ვენახში”, ყოველი სულის გულწრფელობის გამოცდაა. მოჰყვება თუ არა სიტყვას საქმე? გამოიყენებს თუ არა ღვთისაგან მოწოდებული ადამიანი მთელ თავის ცოდნასა და გამჭრიახობას, რათა გულწრფელად, ერთგულად ემსახუროს ვენახის პატრონს?ქი 116.2

    პეტრე მოციქული გვთავაზობს მოქმედების გეგმას, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ. “მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს ცოდნით, - ამბობს იგი, - ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას. ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება და სათნოებას - ცოდნა, ცოდნას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას - სიყვარული” (2პეტრ. 1:2-7).ქი 116.3

    თუკი გულმოდგინებით იზრუნებთ თქვენი სულის ვენახზე, უფალი ღმერთი თანამშრომლობას შემოგთავაზებთ მისი საქმეების აღსრულებაში. და თქვენ იშრომებთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ვენახი ღვთის ეკლესიაა, მაგრამ მაცხოვარი იმას კი არ გვასწავლის, რომ ჩვენი თანაგრძნობა და თანადგომა მხოლოდ ეკლესიის წევრებზე ზრუნვით შემოიფარგლოს და მხოლოდ მათთვის ვიშრომოთ. უფლის ვენახი უნდა გაიზარდოს და გაფართოვდეს. უფალს სურს, რომ მისმა ვენახმა მთელ დედამიწაზე გაიდგას ფესვი. უფლის მადლით მიღებული ცოდნა სხვებსაც უნდა გავუზიაროთ, რათა სხვებმაც ისწავლონ ძვირფასი ვაზის მოვლა. უფლის ვენახის გაზრდა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. უფალი ელის ჩვენგან მტკიცე რწმენის, სიყვარულისა და მოთმინების გამოვლინებას. მას სურს, დაინახოს, თუ როგორ ვიყენებთ იმ სულიერ უპირატესობებს, რომელიც აქ, ამ დედამიწაზე, უფლის ვენახში სამუშაოდ მოგვეცა, რათა შემდგომ უფლის სამოთხეში, იმ ედემში შევძლოთ შესვლა, საიდანაც თავიანთი ცოდვის გამო ოდესღაც ადამი და ევა გააძევეს.ქი 116.4

    უფლის თავის ხალხთან ურთიერთობა მამაშვილის ურთიერთდამოკიდებულებას ემსგავსება, ამიტომ ღმერთს აქვს უფლება, ჩვენი ერთგულად მსახურების იმედი ჰქონდეს. შეხედეთ ქრისტეს ცხოვრებას: გახდა რა კაცობრიობის წინამძღოლი, იგი ასრულებდა მამის ნებას და ჩვენც მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს და შეიძლება იყოს მამის ყოველი ძე. დღეს უფალი ადამიანებისაგან ითხოვს მორჩილებას, რომლის მაგალითიც მაცხოვარმა წუთისოფელში ხორციელად მოსვლისას გვიჩვენა. იგი მამას თავისი ნებით, მოშურნეობითა და სიყვარულით ემსახურებოდა. “შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, - ამბობს იგი, - და რჯული შენი ჩემს გულშია” (ფსალმ. 39:9). ამისთვის გაღებულ არც ერთ მსხვერპლს არ თვლიდა ქრისტე ძალზე დიდად და ამისთვის გაწეულ არანაირ შრომას - მძიმე ტვირთად. იგი მზად იყო, ყოველგვარი ტანჯვა აეტანა იმ მისიის შესასრულებლად, რისთვისაც იგი დედამიწაზე მოვიდა. თორმეტი წლის ასაკში მან განაცხადა: “ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?” (ლუკ. 2:49). მან შეისმინა მოწოდება და საქმეს შეუდგა. “ჩემი საჭმელია, - თქვა მან, - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე” (იოან. 4:34).ქი 116.5

    ამგვარად, ჩვენ ღმერთს უნდა ვემსახუროთ. მისი ჭეშმარიტი მსახური კი არის ის, ვინც უფლის უზენაეს რჯულს ემორჩილება. ვისაც უფლის შვილობა სურს, თავი ღმერთთან, ქრისტესთან და მის ანგელოზებთან თანამშრომლობაში უნდა გამოიჩინოს. ასე გამოიცდება ყოველი ადამიანი. თავის ერთგულ მსახურთა შესახებ უფალი ღმერთი ამბობს: “ჩემი იქნებიან ისინი… იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს” (მალ. 3:17).ქი 117.1

    უფალი მიზნად ისახავს ადამიანთა გამოცდას, რითაც გამოიწრთობა, სწორად ჩამოყალიბდება და განვითარდება მათი ხასიათი. ამგვარად საზღვრავს იგი, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი მისი ნების აღმსრულებელი. უფლის სიყვარულს ჩვენი კეთილი საქმეებით ვერ მოვიპოვებთ; ეს კეთილი საქმეები უფრო იმის მაჩვენებელია, რომ უკვე გვაქვს ეს სიყვარული. უფლის ნებისადმი მორჩილება და მისი საქმეების კეთება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით მის სიყვარულს დავიმსახურებთ; ჩვენ უკვე მივიღეთ მისი სიყვარული, როგორც ძვირფასი ძღვენი და სწორედ ამ სიყვარულის გამო სიხარულით ვასრულებთ მის მცნებებს.ქი 117.2

    დღევანდელ წუთისოფელში არსებობს ორი კატეგორია ადამიანებისა და უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგება მხოლოდ ეს ორი ჯგუფი - ის, ვინც უფლის მცნებებს არღვევს და ის, ვინც მას ასრულებს. მაცხოვარი მკვეთრ ზღვარს ავლებს ჩვენს ერთგულებასა და დაუმორჩილებლობას შორის. “თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით, - ბრძანებს იგი, - ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები… ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისა”. “თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში” (იოან. 14:15-24; 15:10).ქი 117.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents