Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 5 - “წააგავს მდოგვის მარცვალს”

    მათ. 13:31,32; მარკ. 4:30-32; ლუკ. 13:18,19

    ქრისტეს მსმენელთა შორის ბევრი ფარისეველი იყო. ისინი ღვარძლიანად აღნიშნავდნენ, თუ რა ცოტა იყო მათ შორის ისეთი, ვინც ქრისტეს ჭეშმარიტ მესიად აღიარებდა. გაკვირვებას გამოთქვამდნენ ისინი, თუ როგორ შეძლებდა ეს უბრალო მასწავლებელი ისრაელის აღზევებასა და გაძლიერებას; ხელმწიფების, სიმდიდრისა და დიდების გარეშე ახალი სამეფოს დამკვიდრებას?ქი 27.5

    “რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ?” წუთისოფელში არაფერია ისეთი, რომ მისი შედარება შეიძლებოდეს. არც რაიმე სამოქალაქო საზოგადოება გამოდგება ღვთის სასუფევლის სიმბოლოდ. “იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, - თქვა მაცხოვარმა, - რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ” (მარკ. 4:31,32).ქი 27.6

    მიწაში ჩათესილი თესლი თვით ღვთის მიერ მასში ჩადებული სიცოცხლის პრინციპის ამოქმედების წყალობით იზრდება. იგი სულაც არ არის დამოკიდებული ადამიანის ძალისხმევაზე. იგივე შეიძლება ითქვას ქრისტეს სასუფეველზეც. ეს სრულიად ახალი ცნებაა. მისი განვითარების პრინციპები მიწიერ სამეფოთა მმართველობის პრინციპებისაგან სრულიად განსხვავებულია. მიწიერი მმართველნი თავიანთ ხელმწიფებას ფიზიკური ძალის გამოყენებით, ომებით ამკვიდრებენ და სამხედრო ძალებით იცავენ. ახალი სამეფოს ფუძემდებელი კი მშვიდობის მეფეა. წმიდა წერილი მიწიერ სამეფოებს გარეულ ნადირთა - მტაცებელთა სახით წარმოგვიდგენს; ქრისტე კი არის “ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა” (იოან. 1:29). იგი არ იყენებს მმართველობის უხეშ ფორმებს, რომლებიც ადამიანის სინდისის თავისუფლებას შეურაცხყოფს. ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ღვთის სასუფეველი ისეთივე ჩვეულებრივი გზით დამკვიდრდება, როგორც ეს წუთისოფელში ხდებოდა. ისინი ძალის გამოყენებით ახვევდნენ თავს ადამიანებს ღვთისმოსაურ ცხოვრებას და ამისათვის სხვადასხვა გეგმასა და მეთოდს მიმართავდნენ. ქრისტე კი ახალ ცხოვრებას ღვთიური სიმართლის საფუძველს უდებს. უცვლელი ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დაფუძნებით ამარცხებს იგი სიცრუესა და ცოდვას.ქი 27.7

    როდესაც იესო ამ იგავს ამბობდა, ყველგან შეიძლებოდა მდოგვის მცენარეთა დანახვა. ნდოგვი მაღლიდან დაჰყურებდა მწვანილსა და ჯეჯილს, მის ტოტებს ნიავი აქეთიქით არწევდა, მის ხშირ ფოთლებში კი ჩიტები დახტოდნენ და მხიარულად ჟივჟივებდნენ. თესლი, რომლისგანაც ეს გიგანტური მცენარე აღმოცენდება, სხვადასხვა მარცვლებს შორის ყველაზე მცირეა. თავიდან ამ თესლისაგან პატარა, ნაზი ყლორტი ამოიწვერება. გარეგნულად იგი ძლიერ სუსტია, სინამდვილეში კი უდიდესი მაცოცხლებელი ძალა გააჩნია; სწრაფად იზრდება და ფოთლებით იმოსება, სანამ გიგანტურ სიმაღლეებს არ მიაღწევს. ასევეა ქრისტეს სასუფეველიც: თავიდან თითქოს უმნიშვნელო და უბრალო. მიწიერი სამეფოების გვერდით იგი მეტად სუსტად გამოიყურება. ამქვეყნიური კანონებითა და სტანდარტებით ქრისტეს სიტყვები, შესაძლოა, სასაცილოდ მოსჩვენებოდათ. მაგრამ სახარების სასუფევლის ამ უდიდეს ჭეშმარიტებებში, რომელნიც ქრისტეს მიმდევრებს მიეცათ, უძლიერესი ღვთიური სიცოცხლე იყო ჩადებული. რა სწრაფად გაიზარდა იგი, რა სწრაფად გავრცელდა მთელ დედამიწაზე! როდესაც ქრისტე მდოგვის მარცვლის შესახებ იგავს ამბობდა, ახალ სასუფეველში მხოლოდ რამდენიმე გალილეველი გლეხი შედიოდა. მათი სიღარიბე და რიცხობრივი სიმცირე კიდევ ერთი საბაბი იყო, რომელსაც იმისათვის იყენებდნენ, რომ ამ უბრალო, გონებაშეზღუდულ მეთევზეთ, რომელნიც ქრისტეს მიმდევრებად იწოდებოდნენ, ხალხი არ გაჰყოლოდა. მაგრამ მდოგვის თესლი უნდა გაზრდილიყო და მთელ წუთისოფელში უნდა გავრცელებულიყო. მიწიერი სამეფოები, რომელთა დიდებაც ასე ხიბლავდა ადამიანებს, ადრე თუ გვიან ინგრეოდა და იღუპებოდა, ქრისტეს სამეფო კი მარადიული, ძლიერი და ყოვლისმომცველია.ქი 28.1

    იგივე შეიძლება ითქვას მადლზეც. იგი თავიდან თითქოსდა შეუმჩნევლად ფუძნდება ადამიანის გულში. მაგრამ სიტყვა უკვე ითქვა, სინათლის სხივმაც სულში უკვე შეაღწია და მოქმედება დაიწყო, რაც ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. ვის ძალუძს მისი შედეგების დათვლა?!ქი 28.2

    იგავი მდოგვის თესლის შესახებ არა მხოლოდ ქრისტეს სასუფევლის საერთოდ ზრდას გვიჩვენებს, არამედ ზრდის ამ პროცესის ყოველი საფეხური იგავში აღწერილი განვითარების მომენტებს იმეორებს. ღვთის ეკლესიის ყოველ თაობას უფალი განსაკუთრებულ ჭეშმარიტებასა და განსაკუთრებულ ამოცანებს აძლევს. და ყოველ საფეხურზე ამა სოფლის წინდახედულ და მეტად ფრთხილ ბრძენთაგან დაფარული ჭეშმარიტება ბავშვივით გულღია და უბრალო ადამიანებს ეხსნებათ. ჭეშმარიტება თავდადებას ითხოვს; ბრძოლისა და გამარჯვებისაკენ მოუწოდებს. თავიდან მას ერთეულები ისმენენ. მათ დასცინიან წუთისოფლის ძლიერნი და მასთან შერწყმული ეკლესია. ასევე ექცეოდნენ ქრისტეს წინამორბედს, იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც გაბედულად ამხილა იუდეველთა პატივმოყვარეობა და ფორმალიზმი. ასევე მოექცნენ ევროპაში სახარების პირველ მქადაგებელთ. რა ბუნდოვნად და უიმედოდ გამოიყურებოდა ტროადან ფილიპეში გემით მიმავალი უბრალო მეკარვეების - პავლესა და სილას - მისია! ასევე მოექცნენ პავლეს, ბორკილგაყრილი ცეზართა სასახლეებში ქრისტეს სახარებას რომ ქადაგებდა. იგივე ხდებოდა მონებისა და უბრალო გლეხთა მცირე საკრებულოების მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ რომის იმპერიის წარმართულ რელიგიას. ასევე ექცეოდნენ მარტინ ლუთერს, რომელიც წინ აღუდგა უძლიერეს კათოლიკურ ეკლესიას, იმ დროისათვის ამქვეყნიური სიბრძნით გაბრწყინებულს. რა მტკიცედ იცავდა ღვთის სიტყვას იმპერატორისა და პაპის წინაშე: “ჩემს აზრზე ვრჩები. სხვაგვარად არ შემიძლია. უფალს ვთხოვ, დამეხმაროს!” ასევე იყო ჯონ უესლისთან დაკავშირებით, რომელიც საერთო საეკლესიო ფორმალიზმის, სენსუალიზმისა და ურწმუნოების ეპოქაში ქრისტეს სიტყვას და მის სიმართლეს ავრცელებდა. გონების თვალით გადახედეთ ამ წარმართული სამყაროს უბედურებით სულდამძიმებულ ადამიანს, რომელიც წუთისოფელს მაცხოვრის სიყვარულზე ესაუბრებოდა, პასუხად კი თავისი სულიერი მოძღვრის ასეთი სიტყვები ესმოდა: “დაბრძანდით, ყმაწვილო. როდესაც უფალი ღმერთი წარმართთა მოქცევას განიზრახავს, ამას იგი უთქვენოდ გააკეთებს”.ქი 28.3

    დღევანდელი რელიგიური ხელმძღვანელები ქებადიდებით ამკობენ და ძეგლებს უგებენ წარსულ საუკუნეთა ჭეშმარიტების მთესველთ. მაგრამ განა ამ დროს ხშირად ფეხით არ თელავენ იმ თესლიდან თანამედროვე სამყაროში აღმოცენებულ ყლორტებს? დღეს კვლავ ძველებურად ამბობენ: “ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი” (იოან. 9:29). ისევე, როგორც ადრეულ საუკუნეებში, ჩვენი დროისათვის განკუთვნილი ჭეშმარიტებანი გვეცხადება არა სამღვდელოების ავტორიტეტით, არამედ იმ ადამიანების - მამაკაცებისა და ქალების - მეშვეობით, რომლებიც არც სწავლულები არიან, არც ამა სოფლის ბრძენნი, არამედ ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზთა გამო შეინარჩუნეს ცოცხალი რწმენა ღვთის სიტყვის მიმართ.ქი 29.1

    “ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული. არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული” (1კორ. 1:26-28). “რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით” (1კორ. 2:5).ქი 29.2

    ჭეშმარიტ ქრისტიანთა ამ უკანასკნელ თაობაში პოვებს თავის ბრწყინვალე განხორციელებას იგავი მდოგვის თესლის შესახებ. და მაშინ პატარა მარცვალი უზარმაზარ ხედ იქცევა. ღვთიური მოწყალებისა და გაფრთხილების ხმა “ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად” გაისმის (გამოცხ. 14:6), რათა გამოკრიბოს “ხალხი თავისი სახელისათვის” (საქმე. 15:14; გამოცხ. 18:1). და მაშინ მისი დიდებით გაბრწყინდება მთელი დედამიწა.ქი 29.3