Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 29 - ნეფესთან შესახვედრად

    მათ.25:1-13

    ზეთისხილის მთაზე იჯდა მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად. მთების გადაღმა მზე ჩაესვენა და ცის თაღქვეშ საღამოს ბინდი ჩამოწვა. წინა მხარეს, მოშორებით, ვიღაცის კარგად განათებული, თითქოსდა სადღესასწაულოდ გამზადებული სახლი მოჩანს. მისი ფანჯრებიდან გამოსული კაშკაშა სინათლის ნაკადი გარემოს ეფინება. სახლთან უამრავი ხალხია, რომელიც, როგორც ჩანს, საქორწილო პროცესიას ელის. აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბევრგან, საქორწილო ზეიმი შებინდებისას იწყება. ნეფე წინასწარ გადის სასძლოს შესახვედრად და იგი თავის სახლში მოჰყავს. ჩირაღდნების შუქზე საქორწილო პროცესია სასძლოს მამის სახლიდან ნეფის სახლისაკენ მიემართება, სადაც სტუმრებისათვის საქორწილო ნადიმია მომზადებული. და აი სცენა, რომელსაც ქრისტე უყურებს: სტუმრები მოუთმენლად ელიან საქორწინო პროცესიის გამოჩენას, რათა შეუერთდნენ მას.ქი 177.4

    პატარძლის სახლთან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ათი ქალწული ზის. თითოეულს ხელში ლამპარი და ზეთის პატარა ჭურჭელი უჭირავს. ისინი ნეფის გამოჩენას ელიან, რომელიც მოსვლას აყოვნებს. უკვე დიდი დრო გავიდა და მოლოდინში ქალწულებმა ჩათვლიმეს. და აი შუაღამისას ისმის ყვირილი: “აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!” მძინარეთ გაეღვიძათ, ფეხზე წამოხტნენ და იხილეს მათკენ ანთებული ლამპრებითა და მხიარული მუსიკით მომავალი საქორწინო პროცესია. მათ გარკვევით ესმით ნეფისა და პატარძლის ხმები. ქალწულებმა სცადეს თავიანთი ლამპრების გამართვა, რათა მოახლოებულ პროცესიას შეერთებოდნენ, მაგრამ ხუთ მათგანს ჭურჭელში ზეთი არ აღმოაჩნდა. არ იცოდნენ მათ, რომ ასე დიდხანს მოუწევდათ ლოდინი და ლამპრებში ზეთი დაუმთავრდებოდათ. და სასოწარკვეთილნი, ზეთს მეგობარ ქალწულებს სთხოვენ: “გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება”. მაგრამ მათ უკვე გამართეს თავიანთი ლამპრები და ზეთის ჭურჭლებიც გამოცალეს. ზეთი აღარა აქვთ და მეგობრებს პასუხობენ: “რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის”.ქი 178.1

    როცა ზეთის საყიდლად წავიდნენ, პროცესიამ უკან მოიტოვა ისინი და გზა განაგრძო. ხუთი გონიერი ქალწული ანთებული ლამპრებით ხელში მიეგება პროცესიას და მასთან ერთად ნეფის სახლში შევიდა. და კარიც ჩაიკეტა. ხოლო როცა უგუნური ქალწულები მოვიდნენ, ისინი შიგნით არ შეუშვეს. სახლის პატრონმა მათ განუცხადა: “არ გიცნობთ”. და დარჩნენ ისინი დაცარიელებული ქუჩის წყვდიადში.ქი 178.2

    იხილა რა ნეფის მომლოდინენი, მაცხოვარმა მოწაფეებს უამბო ისტორია ათი ქალწულისა, რათა მათს მაგალითზე ეჩვენებინა, თუ რა მოხდება ეკლესიაში მისი მეორედ მოსვლის წინ.ქი 178.3

    ნეფის მომლოდინე ქალწულთა ეს ორი ჯგუფი განასახიერებს ადამიანთა ორ კატეგორიას, რომლებიც თავიანთი უფლის გამოჩენას ელიან. იგავში ისინი ქალწულთა სახით არიან წარმოდგენილნი, ვინაიდან თავად აცხადებენ, რომ ჭეშმარიტი რწმენა აქვთ. მამპრები კი ღვთის სიტყვაა. მეფსალმუნე ამბობს: “სანთელია ჩემი ფეხისათვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის” (ფსალმ. 118:105). ზეთი სულიწმიდის სიმბოლოა. ტულიწმიდა ამგვარადვეა წარმოდგენილი ზაქარია წინასწარმეტყველის სიტყვებში: “მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა. ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი ჯამი მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: რა არის ესენი, ჩემო ბატონო?.. მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, - ამბობს ცაბაოთ უფალი… მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ? მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილაკის გვერდით, საიდანაც ზეითუნის ზეთი იღვრება?.. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი” (ზაქ. 4:1-14).ქი 178.4

    ორი ზეთისხილის ხიდან ოქროს მილებით ოქროს ზეთი სასანთლის ჯამებში იღვრება, იქიდან კი - ოქროს ლამპრებში, რომლებიც საწმიდარს ანათებს. ამგვარად ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ღვთის წინაშე მდგომ წმიდათა მეშვეობით ღმერთი თავის სულიწმიდას იმ ადამიანებს გადასცემს, რომლებმაც საკუთარი თავი უფლისადმი მსახურებას მიუძღვნეს. “ორი ცხებულის” დანიშნულებაა ღვთის ხალხისათვის იმ ზეციური მადლის გადაცემა, რომელსაც ერთადერთს შეუძლია უფლის სიტყვა ფეხისათვის ანთებულ სანთლად და ბილიკისათვის სინათლედ აქციოს. “არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, - ამბობს ცაბაოთ უფალი” (ზაქ. 4:6).ქი 178.5

    იგავში ნეფის შესახვედრად ათი ქალწული გამოვიდა. ყოველ მათგანს ჰქონდა ლამპარი და ზეთის ჭურჭელი. თავიდან ისინი ერთურთისაგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ასევე იქნება უფლის ეკლესია ქრისტეს მოსვლამდე: ყოველ ადამიანს მიეცა ღვთის სიტყვა, ის ყველამ იცის; ყველას სმენია ქრისტეს მოსვლის მოახლოების შესახებ, ყოველი მათგანი რწმენით ელის მის გამოჩენას.ქი 179.1

    ასეა დღესაც. მოლოდინის დრო იწურება. დგება რწმენის გამოცდის ჟამი. მაგრამ როდესაც გაისმის ხმა: “აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად”, ბევრი არ იქნება ამისათვის მომზადებული, არ ექნებათ ჭურჭლებში ზეთი - ღვთის წმიდა სული - თავიანთი ლამპრების გასამართავად.ქი 179.2

    ღვთის სიტყვის ცოდნა მისი სულიწმიდის გარეშე სრულიად უსარგებლოა. მხოლოდ გონებით შეძენილი, უფლის წმიდა სულით განუმტკიცებელი თეორიული ჭეშმარიტება ვერ გააცოცხლებს გულს და ვერც ცოდვილ სულს განწმედს. ადამიანმა, შესაძლოა, კარგად იცოდეს ბიბლიური მცნებანი და აღთქმანი, მაგრამ სანამ მის გულში იგი სულიწმიდით არ განმტკიცდება, ადამიანის ხასიათი არ გარდაიქმნება. სულიწმიდით განათლების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ჭეშმარიტების სიცრუისაგან გარჩევას და სატანა თავისი ეშმაკური ხრიკებით ადვილად აცდუნებს მას.ქი 179.3

    ამ იგავში მოყვანილი ქალწულები არ არიან პირმოთნეები და თვალთმაქცნი. ისინი პატივს სცემენ ჭეშმარიტებას, იცავენ მას და ჭეშმარიტ მორწმუნეებთან ურთიერთობა სურთ; მაგრამ თავად ბოლომდე არ დაემორჩილნენ სულიწმიდის გარდამქმნელ ძალას და არ დაამსხვრიეს კლდეზე - იესო ქრისტეზე - თავისი ძველი ხასიათი და ცოდვილი ბუნება.ქი 179.4

    ასეთი ტიპის ადამიანები ემსგავსებიან მათ, ვინც ალეგორიულად ქვიან ნიადაგად არის წარმოდგენილი იგავში მთესველის შესახებ. მათ მზადყოფნით მიიღეს ღვთის სიტყვა, მაგრამ მისი პრინციპები ვერ გაითავისეს. ღვთის სიტყვის ზეგავლენამ ვერ განამტკიცა მათი სული. სულიწმიდის ადამიანის გულზე ზემოქმედება ამ უკანასკნელის სურვილითა და ახალი ხასიათის შეძენისაკენ სწრაფვითაა განპირობებული. უგუნურ ქალწულთა სახით წარმოდგენილი ადამიანები კი მისი მხოლოდ გარეგნული, ზედაპირული ზემოქმედებით კმაყოფილდებიან. ისინი არ იცნობენ ღმერთს, მის ხასიათს, არ არიან მასთან ახლოს და ამის გამო არ იციან, როგორ მიენდონ ან როგორ იცხოვრონ მასში. მათი ღვთისადმი მსახურება მხოლოდ ფორმალობაა. “მოდიან შენთან, როგორც მოდის ერი, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით. ანგარებას უკან მიჰყვება მათი გული” (ეზეკ. 33:31).ქი 179.5

    პავლე მოციქული ამბობს, რომ ადამიანების ასეთი დამოკიდებულება უფლისადმი განსაკუთრებით საყოველთაო ხასიათს მიიღებს უშუალოდ მეორედ მოსვლის წინ: “უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი… უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ” (2ტიმ. 3:1-5).ქი 179.6

    ეს ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც გაჭირვებისა და შფოთის ჟამს გულგრილად აცხადებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ისინი გულს იმშვიდებენ, რათა არ იფიქრონ მოახლოებულ საშიშროებასა და გადარჩენაზე. ძილისაგან უეცრად გამოფხიზლებულნი, ისინი ხედავენ თავიანთ სავალალო მდგომარეობას და ახლა სხვებს სთხოვენ იმას, რისი მომარაგებაც მათ ადრე თავად შეეძლოთ. საქმე იმაშია, რომ ადამიანს ვერვინ აღუდგენს სულიერ დანაკარგს. ღვთის მადლი ყველას თანაბრად ეძლეოდა; ყველასათვის ერთნაირად ისმოდა უფლისაგან მოსული სიტყვა: “მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი” (გამოცხ. 22:17). შეუძლებელია, ვინმემ სხვას გადასცეს თავისი ხასიათის თვისებები; ვერვინ ირწმუნებს და ვერვინ მიიღებს სულს სხვის ნაცვლად; და ვერვინ აჩუქებს სხვას თავის ხასიათს - სულიწმიდის ზემოქმედების ნაყოფს. “ნოე, დანიელი და იობი… - სიტყვა უფალი ღმერთისა, - ვერც ძეს და ვერც ასულს ვერ გადაარჩენენ. ისინი თავიანთი სიმართლით გადაარჩენენ მხოლოდ თავიანთ სულებს” (ეზეკ. 14:20).ქი 179.7

    ადამიანის ხასიათი განსაცდელის ჟამს გამოიცდება. როდესაც შუაღამით გაისმა ყვირილი: “აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად” და მთვლემარე ქალწულნიც გამოფხიზლდნენ, მაშინვე ცხადი გახდა, თუ ვინ იყო ამისათვის მომზადებული. არც ერთი ჯგუფი არ იყო წინასწარ სპეციალურად, სხვაგვარად გაფრთხილებული. ერთნიც და მეორენიც მოულოდნელად წამოდგნენ, მაგრამ ერთნი წინასწარ მოემზადნენ ყოველგვარი მოულოდნელობისათვის, მეორენი კი სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. ასეა დღესაც: მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც ადამიანს სიკვდილის საფრთხეს უქმნის, უთუოდ გამოაჩენს, აქვს თუ არა მას რეალური რწმენა უფლის აღთქმების მიმართ; არის თუ არა მისი სული ღვთის მადლით განმტკიცებული. უკანასკნელი, უდიდესი გამოცდა ადამიანს მისი მიწიერი გზის დასასრულს ელის, როდესაც სულის საჭიროებათა შევსება უკვე გვიანია.ქი 180.1

    ათი ქალწული ნეფეს წუთისოფლის ისტორიის დასასრულს - ღამის ბინდბუნდში ელის. შოველი მათგანი აცხადებს, რომ მტკიცე რწმენა აქვს; ყოველმა მათგანმა გაიგონა მოწოდება, მიიღო ქრისტიანის წოდება, ლამპარი; ყოველი მათგანი თავს ქრისტიანად აცხადებს და მოუთმენლად ელის ქრისტეს გამოჩენას. მაგრამ ხუთი მათგანი მაინც მზად არ არის. ჯუთი მათგანი დარჩება შეძრწუნებული, შეცბუნებული და იმედგაცრუებული იმის გამო, რომ ნადიმზე ვერ მოხვდა.ქი 180.2

    უკანასკნელ დღეს ბევრი დარწმუნებით განაცხადებს, რომ უფლება აქვს ღვთის სასუფეველში შესვლისა და იტყვის: “შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი”. “უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით?.. განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?” მაგრამ ის ეტყვით: “გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო” (ლუკ. 13:26,27; მათ. 7:22). მათ არ იციან ზეცის ენა, ვინაიდან არ ჰქონდათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მაცხოვრის ნდობა და მასთან სიახლოვე; უცხოა მათთვის ზეციური სიხარული, “ვინაიდან, რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღვთის სულისა” (1კორ. 2:11).ქი 180.3

    ყველაზე სამწუხარო იმ სიტყვათაგან, რაც კი ოდესმე მოუსმენია მომაკვდავ ადამიანს, იქნება განაჩენი: “არ გიცნობთ”. საქორწინო ნადიმის უამრავ მხიარულ სტუმართან თქვენი გაერთიანება შეეძლო მხოლოდ იმ სულთან მოზიარეობას, რომელიც თქვენ შეურაცხყავით. მაგრამ ამ ნადიმში თქვენ მონაწილეობას ვერ მიიღებთ. მისი ნათელი ვერ მისწვდება თქვენს დაბრმავებულ თვალებს; ვერც მის ჰანგებს მოისმენს თქვენი სმენადაკარგული ყური. ამ ნადიმისაგან გამოსხივებული სიყვარული და სიხარული ვეღარ გაუღვიძებს საპასუხო გრძნობებს თქვენს ხორციელ, გაქვავებულ გულებს. თქვენ გაეთიშეთ ზეცას მასთან ურთიერთობისათვის მოუმზადებლობის გამო.ქი 180.4

    ჩვენ ვეღარ მოვასწრებთ ამ შეხვედრისათვის მომზადებას მაშინ, როცა გაგვაღვიძებს ყვირილი: “აჰა, ნეფე მოდის” და ვერც მაშინ, როცა ჩვენი ცარიელი ლამპრების შევსებას შევუდგებით. შეუძლებელია, წუთისოფელში ქრისტეს გარეშე იცხოვრო და იმავდროულად ზეცაში მასთან ურთიერთობისათვის მოემზადო.ქი 180.5

    გონიერმა ქალწულებმა წინასწარ გაავსეს ჭურჭლები ზეთით თავიანთი ლამპრებისათვის, რომელთა ნათელი მუდმივი ცეცხლით ანათებდა მათი მოლოდინის ღამეს. მათი ცეცხლი ნათელს ჰფენდა გარემოს ნეფის სადიდებლად, წყვდიადს კვეთდა და ნეფის სახლისაკენ - საქორწინო ნადიმზე მიმავალ გზას ანათებდა.ქი 180.6

    სწორედ ამგვარად უნდა გაავრცელონ ღვთიური ნათელი ამ ბნელ წუთისოფელში ქრისტეს მიმდევრებმა. მაშინ სულიწმიდის მეშვეობით ღვთის სიტყვა იქცევა წუთისოფლის ნათლად, რომელიც განაახლებს და გარდაქმნის ყოველი მისი მიმღების ცხოვრებას და ჩაუნერგავს მას ღვთის სიტყვის პრინციპებსა და ღვთიურ ხასიათს. უზენაესის დიდების ნათელი - მისი ხასიათი და ბუნება - მუდამ უნდა ენთოს მის მიმდევართა გულში, რითაც ისინი განადიდებენ ღმერთს და გაუნათებენ ადამიანებს გზას ნეფის სახლისაკენ - უფლის ქალაქისაკენ, კრავის საქორწინო ნადიმზე.ქი 180.7

    იგავში ნეფე შუაღამისას - ღამის ყველაზე ბნელ მონაკვეთში გამოჩნდა. ასევე მოხდება ქრისტეს მოსვლის დროსაც, როდესაც მაცხოვარი წუთისოფლის ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში მოვა. ნოესა და ლოტის დღეები ნათლად გვიხატავს წუთისოფლის მდგომარეობას “კაცის ძის” დედამიწაზე მეორედ მოსვლის წინ. წმიდა წერილი გვამცნობს, რომ იმ დროს სატანა იმოქმედებს “ყოველგვარი ყალბი ძალით… და უსამართლობის ყველა საცდურით” (2თეს. 2:9,10). მის მზაკვრულ საქმეებს უკანასკნელ დღეებში თან მოჰყვება დიდი სულიერი სიბნელე, ყოველგვარ უჩვეულო ცდუნებათა ზეიმი, მწვალებლობა და სიცრუე. სატანა არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა თავის მაცდურ ბადეში გაბმას შეეცდება, არამედ უდიდეს გავლენას მოიპოვებს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ეკლესიებზე. ეს უდიდესი განდგომილება გამოიწვევს სიბნელეს, შუაღამის წყვდიადის მსგავსს, რომელშიც სინათლის სხივი ვერ აღწევს. ღვთის ხალხისათვის ეს იქნება ღამე უდიდესი გამოცდისა, განსაცდელისა, გლოვისა და ტირილისა, ჭეშმარიტებისათვის დევნისა. მაგრამ ამ უკუნეთიდან მალე სინათლის სხივი ამობრწყინდება.ქი 181.1

    “ვინაიდან ღმერთმა... ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო” (2კორ. 4:6). “და მიწა იყო უსახურუდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე. და თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი” (დაბ. 1:2,3). ასევე ბრძანებს უფალი ღმერთი სულიერი სიბნელის დადგომისას: “იყოს ნათელი!” და ეტყვის თავის ხალხს: “ადექი, განათდი... რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე გაბრწყინდა” (ეს. 60:1).ქი 181.2

    “რადგან აჰა, ბნელი დაფარავს დედამიწას, - ამბობს წმიდა წერილი, - და ბურუსი - ხალხებს; შენზე კი გაბრწყინდება უფალი და მისი დიდება შენზე გამოჩნდება” (ეს. 60:2).ქი 181.3

    ესაა სიბნელე უფლის შეუცნობლობისა, რომელიც მთელ წუთისოფელს მოიცავს. აღარ ესმით ადამიანებს უფლისა, ვინაიდან მასზე ჭეშმარიტი ცოდნა დაკარგეს. ცრუდ სახავენ მას. ამიტომ დღეს ხალხს უნდა ეუწყოს სახარება უფლისა, რომელსაც ჭეშმარიტი ნათელი და გადარჩენის ძალა აქვს. უეჭველად უნდა გამოეცხადოს წუთისოფელს უზენაესის ჭეშმარიტი ხასიათი და ბუნება. და ეს უმეცრების ღამის წყვდიადი მისი დიდების, სიკეთის, გულმოწყალებისა და ჭეშმარიტების სხივმა უნდა გაკვეთოს. სწორედ ამას გულისხმობს ესაია წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობს: “მაღალ მთაზე ადი, სიონო, მახარობელო! ძლიერად აიმაღლე ხმა, იერუსალიმო, მახარობელო! აამაღლე, ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: აჰა, თქვენი ღმერთი! აჰა, უფალი ღმერთი ძლიერებით მოვა, და მისი მკლავი იხელმწიფებს; აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა” (ეს. 40:9,10).ქი 181.4

    ნეფის მომლოდინეებმა ადამიანებს უნდა უთხრან: “აჰა, თქვენი ღმერთი!” უფლის მადლისა და მოწყალების უკანასკნელი სხივი, დაღუპული კაცობრიობისათვის გაგზავნილი, - ეს შემოქმედის ხასიათის, უსაზღვრო სიყვარულის, გამოვლინებაა. და ეს სიყვარული ღვთის ერთგულმა შვილებმა მსოფლიოს უნდა ამცნონ; საკუთარი ცხოვრებითა და ხასიათის ღირსებებით უნდა უჩვენონ ხალხს ყველაფერი, რაც მათთვის ღვთიურმა მადლმა ქმნა. ფფლის სიმართლის მზე უნდა გაბრწყინდეს მათს საქმეებში - ჭეშმარიტების სიტყვებსა და მსახურებაში.ქი 181.5

    ქრისტე - მამის დიდების ბრწყინვალება - მოევლინა ქვეყანას, როგორც წუთისოფლის ნათელი. იგი ადამიანისათვის ღმერთის ხასიათის გამოსაცხადებლად მოვიდა. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ მას “სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით... დადიოდა, ქველმოქმედებდა” (საქმე. 10:38). ნაზარეთის სინაგოგაში მან თქვა: “უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად” (ლუკ. 4:18,19). იგივე საქმის შესრულება დაავალა მან თავის მოწაფეთ: “თქვენ სოფლის ნათელი ხართ, - თქვა მან, - ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია” (მათ. 5:14,16).ქი 181.6

    ესაა მსახურება, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველი აღწერს: “რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში... როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე, და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება, წინ წაგიძღვება შენი სიმართლე. და უფლის დიდება გარემოგიცავს” (ეს. 58:7,8).ქი 182.1

    ამგვარად გაბრწყინდება უფლის დიდება სულიერი სიბნელის ღამეში მისი ეკლესიის მეშვეობით და გაანათებს მას, წამოაყენებს დაჩოქილთ და ანუგეშებს დამწუხრებულთ.ქი 182.2

    ირგვლივ ყველგან ამქვეყნიურ ცოდვებში ჩაფლულ ადამიანთა კვნესა გაისმის. ყველგან მრავლად არიან გაჭირვებულნი და წამებულნი. და ჩვენ, უფლის ერთგული მორწმუნენი, იმისთვის ვარსებობთ ამქვეყნად, რომ მათ თავიანთი დუხჭირი ყოფა შევუმსუბუქოთ.ქი 182.3

    ასეთი მსახურება უფრო დიდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე უბრალოდ ქადაგება. ჩვენი საქმეა, დავაპუროთ მშიერნი, შევმოსოთ შიშველნი, შევიფაროთ უსახლკარონი. მაგრამ, ამის გარდა, უფრო მეტის გაკეთებაც გვევალება. ადამიანის სულის დარწყულება მხოლოდ ქრისტეს შეუძლია და თუკი ქრისტე ჩვენშია, გულიც ღვთიური თანაგრძნობით გვექნება სავსე და ჩვენში დაფარული გულწრფელი, ქრისტიანული სიყვარულის წყაროებიც უწყვეტ ნაკადად იდენენ.ქი 182.4

    უფალი ღმერთი მოგვიწოდებს, გავიზიაროთ სხვების გაჭირვება, გავამხნეოთ და თანავუგრძნოთ ადამიანებს იმედის სიტყვითა და უანგარო დახმარებით. როდესაც ქრისტე სნეულთ კურნავდა, იგი ხელებით ეხებოდა მათ. ასეთი ახლო, მეგობრული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ მათთან, ვის დახმარებასაც ვაპირებთ.ქი 182.5

    ჩვენ ირგვლივ ბევრი იმედდაკარგული ადამიანია. დაუბრუნეთ მათ იმედის სხივი. ბევრი დაეცა სულით. გაამხნევეთ ისინი. ილოცეთ მათთვის. ბევრს სჭირდება სიცოცხლის პური. წაუკითხეთ მათ ღვთის სიტყვა. ბევრი სნეულის განკურნება შეუძლებელია ამქვეყნიური მალამოებითა და ექიმთა მეშვეობით. ილოცეთ მათი სულებისათვის. მიიყვანეთ ისინი იესოსთან; უთხარით, რომ არსებობს მალამო და მკურნალი გილყადში.ქი 182.6

    ნათელი საყოველთაო კურთხევა და უდიდესი განძია ამ უმადური, დაცემული, მანკიერი წუთისოფლისათვის. იგივე შეიძლება ითქვას სიმართლის მზის ნათელზე. ცოდვის, ტანჯვისა და მწუხარების წყვდიადში ჩაფლული წუთისოფელი უეჭველად უნდა განათდეს უფლის სიყვარულის შემეცნებით. ზეციური ტახტიდან გამოსული ეს სინათლის სხივი არ უნდა ასცდეს არც ერთ ადამიანს მისი სოციალური ჯგუფის, ფენისა და კლასის მიუხედავად.ქი 182.7

    დედამიწის ყოველ კუთხეს უნდა მისწვდეს მოწყალებისა და იმედის სახარება. მაშინ ყოველი მსურველი შეძლებს ღვთიური ძალის მიღებას, შეიგრძნობს მის გადამრჩენელ ძალას, მივა უფალთან, აღთქმას დაუდებს და სულის სიმშვიდეს პოვებს. აღარ დარჩებიან წარმართნი შუაღამის წყვდიადში. სიმართლის მზე თავისი კაშკაშა სხივებით გაარღვევს მას და დამარცხდებიან ჯოჯოხეთის ძალები.ქი 182.8

    მაგრამ ვერც ერთი ადამიანი ვერ გასცემს იმას, რაც თავად არ მიუღია. ღვთის საქმეში ადამიანი ვერასოდეს გახდება რაიმეს საწყისი. ვერავინ შეძლებს, საკუთარი ძალისხმევით გახდეს დამტარებელი ზეციური ნათლისა. ამისათვის ოქროს მილებში ოქროს ზეთი უნდა იყოს ჩასხმული, ოქროს ჯამებიდან ტაძრის ლამპრებისაკენ გამდინარე, ბრწყინვალე ნათლის გამომცემელი. ესაა ღვთიური სიყვარული ადამიანში, რომელსაც იგი სხვებს უზიარებს. სიყვარულის ოქროს ზეთი თავისუფლად ჩაედინება უფლის ერთგულ მსახურთა გულში, რაც ჭეშმარიტად კეთილი საქმეების კეთებაში ეხმარება მათ.ქი 182.9

    მთელი ზეციური წყაროები სულიწმიდის უსასრულო, უძვირფასეს ძღვენშია. და, თუკი ზოგჯერ მისი მადლის ნაკადი ადამიანებამდე ვერ აღწევს, ამაში უფალს ბრალი არ მიუძღვის. თუკი ადამიანები გულწრფელად მოისურვებენ ზეციური განძის შეძენას, სულიწმიდა ყოველთვის მიეცემა მათ.ქი 183.1

    ყოველ ადამიანს ეძლევა უპირატესობა, იყოს ცოცხალი არხი, რომლითაც უფალი ღმერთი თავისი მადლის განძს - ქრისტეს აურაცხელ სიმდიდრეს - წუთისოფელს გადასცემს. დიდი სურვილი აქვს მაცხოვარს, მრავლად შეიძინოს ასეთი არხები, რომელნიც ქვეყნიერებას უზენაესის არსსა და ხასიათს აუწყებენ. დღეს წუთისოფელს არაფერი სჭირდება ადამიანის მეშვეობით მაცხოვრის სიყვარულის გამოვლინებაზე მეტად. ზეცა მთელი გულისყურით ელის ახალახალი არხების გამოჩენას, რომელთა დახმარებითაც წმიდა ზეთი ადამიანთა გულამდე მიაღწევს და სიხარულითა და კურთხევით აავსებს მას.ქი 183.2

    ქრისტემ ყველაფერი გააკეთა თავისი ეკლესიის განახლებისათვის, რათა იგი წუთისოფლის ნათლად და ემანუელის დიდების მატარებლად ქცეულიყო. მას სურს, ყოველი ქრისტიანი მაღალი სულიერებითა და სიყვარულით შემოსოს; მას სურს, რომ მისმა შვილებმა საკუთარი ცხოვრებით დაანახონ ადამიანებს ღვთიური სიხარული.ქი 183.3

    ადამიანის გულში სულიწმიდის ყოფნის უტყუარი ნიშანი მისი გულიდან გამომდინარე ზეციური სიყვარულია. ღვთიური სრულყოფილება სხვებს ქრისტეს ერთგულ მიმდევართა მეშვეობით გადაეცემა.ქი 183.4

    სიმართლის მზე ამობრწყინდება და “კურნება იქნება მის ფრთებზე” (მალ. 4:2). ამიტომ ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს კაცობრიობაზე კეთილი გავლენა, რომელიც სიცოცხლეს, მხნეობას, იმედსა და სიჯანსაღეს დაუბრუნებს ადამიანებს.ქი 183.5

    ქრისტეს რელიგია გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე ცოდვების მიტოვება; ესაა ცოდვათა დატოვება და სულიწმიდის ნიჭებით აღვსება; ესაა ღვთიური ნათელი და სიხარული; ესაა ეგოიზმისაგან გათავისუფლებული ქრისტიანული სული. როცა გულში ქრისტე შემოდის, ადამიანი ცოდვისაგან თავისუფლდება და სულიერად იწმიდება. მასშია აღსრულება ღვთიური გეგმებისა, დიდება და სრულყოფილება. ქრისტეს მიღებას მოაქვს სრული სიმშვიდე, სრულყოფილი სიყვარული და მტკიცე რწმენა. ქრისტეს ხასიათის სილამაზე და მიმზიდველობა, ღვთის შვილთა ცხოვრებაში გაცხადებული, მოწმობს იმაზე, რომ უფალმა ღმერთმა ჭეშმარიტად მოავლინა თავისი ძე წუთისოფელში კაცობრიობის სახსნელად.ქი 183.6

    ქრისტე არ აიძულებს თავის მიმდევართ, გამოიჩინონ საკუთარი ძალისხმევა, რათა ირგვლივ მყოფთ გაუნათონ. იგი ამბობს: ანათებდეს თქვენი ნათელი. თუ ღვთის მადლი მიიღეთ, ნათელი უკვე თქვენშია. ნუ დააბრკოლებთ სინათლის სხივს და თქვენში უფლის დიდება გაცხადდება. ნათელი გაკვეთს თქვენ ირგვლივ არსებულ წყვდიადს და ვერ შეძლებთ, ირგვლივ მყოფთ არ გაუნათოთ.ქი 183.7

    ადამიანებში და მათი მეშვეობით ღვთიური დიდების გამოვლენა იმდენად მიუახლოებს ზეცას ადამიანს, რომ ადამიანის სხეულში - სულიწმიდის ტაძარში - დავანებული ღვთიური სილამაზე აშკარად გაცხადდება ყოველ ქრისტიანში. და მათი მეშვეობით გადარჩენილი მრავალი ადამიანის მადლიერებისა და ქებადიდების ნაკადად დაუბრუნდება ყოვლისშემძლე უფალს.ქი 183.8

    “ადექი, განათდი... რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება შენზე გაბრწყინდა” (ეს. 60:1). ეს მოწოდება განკუთვნილია მათთვის, ვინც ნეფესთან შესახვედრად გამოვიდა. უდიდესი ძალითა და დიდებით მოვა ჩვენი უფალი იესო თავის წმიდა ანგელოზებთან ერთად. იმ დროს, როცა მთელი წუთისოფელი წყვდიადში იქნება ჩაძირული, ყოველი მორწმუნე, რომელშიც ღვთის წმიდა სულია დავანებული, გამოსცემს ნათელს. კსინი პირველნი მიიღებენ უფლის მეორედ მოსვლის ჭეშმარიტ ნათელს. წმიდა ნათლად გაბრწყინდება ქრისტეს დიდება და ყოველი მისი მსახური აღტაცებითა და სიხარულით შეეგებება თავის მხსნელს. უწმიდურნი კი დაემალებიან მას. დიდად გაიხარებენ მაცხოვრის მომლოდინენი. პატრიარქმა იობმა, განჭვრიტა რა მაცხოვრის მეორედ მოსვლის დღე, თქვა: “მე თავად ვიხილავ და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი” (იობ. 19:27). ქრისტე მუდმივი თანამგზავრი და ახლო მეგობარი იყო ყველა მისი ერთგული მიმდევრისა. ისინიც ყოველთვის ახლოს იყვნენ ღმერთთან. და მათში გაბრწყინდა კიდეც ღვთის დიდება. იესო ქრისტეს მეშვეობით მათში აირეკლა ღვთიური დიდების შემეცნების ნათელი. და ახლა ისინი ხარობენ თავიანთი მეფის დიდებისა და ბრწყინვალების ნათელი სხივებით გარემოცულნი. ისინი მზად არიან ზეცასთან შეხვედრისათვის, ვინაიდან მისი სასუფეველი მუდამ მათს გულში იყო.ქი 183.9

    სიცოცხლის მზის ბრწყინვალე სხივებით განათებული სახეებით, სიხარულით ელიან ისინი მოახლოებულ თავისუფლებას, ნეფესთან შესახვედრად გამოდიან და აღტაცებულნი, წარმოთქვამენ: “აი, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით, რომ გვიხსნიდა ჩვენ” (ეს. 25:9).ქი 184.1

    “გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი. გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა… მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი”. “ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან” (გამოცხ. 19:6-9; 17:14).ქი 184.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents