Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 9 - მარგალიტი

    მათ.13:45,46

    თავისი გამომსყიდველი სიყვარულის კურთხევას მაცხოვარი ძვირფას მარგალიტს ადარებს. ამას იგი გვასწავლის იგავით ვაჭრის შესახებ, რომელიც “ლამაზ მარგალიტს ეძებს. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს”. ძვირფასი მარგალიტი თავად ქრისტეა. მასში თავმოყრილია მამის მთელი დიდება და ღვთაებრივი სისავსე. იგია მამის დიდების ბრწყინვალება და მისი ხატება. მისი ხასიათი კი - მამის ხასიათის დიდებულ თვისებათა გამოვლინება. წმიდა წერილის ყოველი ფურცელი მისი ზეციური ნათლითაა მოსილი. ქრისტეს სიმართლე - ეს არის თეთრი, წმიდა მარგალიტი, უნაკლო და უმანკო. ადამიანის ვერავითარი ძალისხმევა ან საქმე ვერ შეძლებს უფლის ამ ძვირფასი ძღვნის გაუმჯობესებას; მასში არ არსებობს რაიმე ხინჯი. წმიდა წერილი გვამცნობს, რომ იესო ქრისტეში “დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი” (კოლ. 2:3). იგი “გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად” (1კორ. 1:30). მხოლოდ ქრისტეში ვპოულობთ ყოველივეს, რაც ადამიანის სულის მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს ამ წუთისოფელშიც და საუკუნო სასუფეველშიც. ჩვენი მხსნელი - ეს ის ძვირფასი მარგალიტია, რომელსაც არაფერი შეედრება მთელ სამყაროში. მის გვერდით ყოველივე არარაობაა.ქი 44.1

    იესო “თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი” (იოან. 1:11). მაგრამ ღვთიურმა ნათელმა გაანათა წყვდიადი; “ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი” (იოან. 1:5). საბედნიეროდ, ყველა არ დარჩა გულგრილი ამ ზეციური ძღვნის მიმართ. ვაჭარი იგავში იმ ადამიანთა სიმბოლოა, ვინც გულწრფელად მიილტვის ჭეშმარიტებისაკენ. ყველა ერში და ხალხში იყვნენ გონიერი და სერიოზული ადამიანები, რომლებიც წარმართთა ლიტერატურაში, მეცნიერებასა და რელიგიაში თავიანთი მწყურვალე სულისათვის საკვებს - სულიერ განძს ეძებდნენ. იუდეველთა შორისაც იყვნენ ადამიანები, რომელნიც იმისკენ ილტვოდნენ, რაც თავად არ გააჩნდათ; რელიგიის ფორმალური რიტუალებით დათრგუნულთ და იმედგაცრუებულთ სულიერება და ამაღლებული ღვთისმოსაობა სწყუროდათ. ქრისტეს რჩეული მოწაფეები - კორნელიოსი და ეთიოპელი საჭურისი - სწორედ საკუთარი სულისათვის განძის მძებნელთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ. ისინი ლოცვით ითხოვდნენ ზეციურ ნათელს. და როცა მაცხოვარი მოევლინათ, სიხარულით მიიღეს იგი.ქი 44.2

    იგავში მარგალიტი ძღვნად არ არის წარმოდგენილი. მისი შესყიდვისათვის ვაჭარმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი ებადა. აქ ზოგი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს ხედავს, ვინაიდან წმიდა წერილებში ქრისტე თავად არის ძღვნად წარმოდგენილი. სინამდვილეში, აქ ყოველივე ექვემდებარება ლოგიკას. ქრისტე, რა თქმა უნდა, ძღვენია, მაგრამ იგი საბოძვარია მხოლოდ მათთვის, ვინც ყველაფერი, რაც აბადია: სული თუ ხორცი, სრულად მიუძღვნა მას. იმისათვის, რომ უფლის ნების მორჩილნი ვიყოთ და სიხარულით ვასრულებდეთ მის მცნებებს, ჩვენი ცხოვრება სრულად უნდა მივუძღვნათ ქრისტეს. ყოველი ჩვენი ნიჭი და უნარი უფალს ეკუთვნის და მისი მსახურებისთვისაა განკუთვნილი. და როცა მის მიმართ ასეთი ერთგულნი ვართ, თავად იგიც გვეძლევა მთელ ზეციურ საუნჯესთან ერთად. და უძვირფასესი მარგალიტიც ჩვენი საკუთრება ხდება.ქი 44.3

    გადარჩენა - ეს თავისუფალი და უანგარო ძღვენია, თუმცა მისი ყიდვაგაყიდვაც აუცილებელია. მაგრამ ამის მნიშვნელობა კარგად უნდა გვესმოდეს. ბაზარზე, რომელიც უფლის ღვთიური მოწყალებით იმართება, ფასდაუდებელი ძვირფასი მარგალიტი უფულოდ იყიდება. ამ ბაზარზე ყველაზე ღარიბსა და უქონელსაც შეუძლია ზეციური განძის შეძენა. ძვირფასი მარგალიტი ყველასათვისაა ხელმისაწვდომი. “აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს”. არანაირი მახვილი არ იცავს ამ კარის შესასვლელს. მისი იქითა მხრიდან გვიწვევენ: “შემოდი”. დაჟინებით და, ამავე დროს, სიყვარულით გვიხმობს მაცხოვრის ხმა: “გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე” (გამოცხ. 3:8,18).ქი 44.4

    სახარება ქრისტეს შესახებ არის კურთხევა, რომლის შეძენა ყველას შეუძლია. ხსნა შეუძლია მიიღოს მდიდარმაც და ღარიბმაც, ვინაიდან ვერავითარი მიწიერი სიმდიდრე ვერ დაგვეხმარება მის მოპოვებაში. მისი შეძენა ქრისტეს მიმართ სრული ნდობითა და მორჩილებითაა შესაძლებელი, რადგან მის მიერ გამოსყიდულნი, მისივე საკუთრება ვართ. სწავლაგანათლება და ცოდნა, რაგინდ საფუძვლიანიც არ უნდა იყოს იგი, თავისთავად არ არის ადამიანის ღმერთთან დაახლოების საშუალება. ფარისეველნი მუდამ ამაყობდნენ თავიანთი საზოგადოებრივი თუ სულიერი უპირატესობით და ამაყად აცხადებდნენ: “მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო”; მაგრამ, სინამდვილეში, ისინი “უბედური… საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი” იყვნენ (გამოცხ. 3:17). ქრისტემ უძვირფასესი მარგალიტი შესთავაზა მათ, მაგრამ არ ინდომეს და მაცხოვარმაც განუცხადა: “მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში” (მათ. 21:31).ქი 45.1

    ჩვენ საკუთარი დამსახურებით ვერ გადავრჩებით, მაგრამ იმდენად დიდი უნდა იყოს მისკენ სწრაფვა და იმდენად უნდა გვწყუროდეს იგი, რომ ყოველგვარი ამქვეყნიური განძის გაღება შეგვეძლოს მის მოსაპოვებლად.ქი 45.2

    ჩვენ მუდამ უნდა ვეძებდეთ უძვირფასეს მარგალიტს, მაგრამ არა წუთისოფლის ბაზრებზე და გზებზე. არც ოქროვერცხლით შეისყიდება იგი, ვინაიდან იგი ღმერთის საკუთრებაა. ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი მიწიერი ან სულიერი უპირატესობანი გადაგვარჩენს. უფალს ჩვენი ნებაყოფლობითი მორჩილება სურს და ცოდვების მიტოვებას გვთხოვს. “გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე, - ამბობს მაცხოვარი, - ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე” (გამოცხ. 3:21).ქი 45.3

    არიან ადამიანები, რომლებმაც, თითქოსდა, მთელი თავისი ცხოვრება ზეციური ძვირფასი მარგალიტის ძებნას შეალიეს, მაგრამ საკუთარი ცოდვები და მანკიერი თვისებები ვერ მიატოვეს. ისინი არ აკვდინებენ საკუთარ “მე”-ს, რათა ქრისტემ მათში ცხოვრება შეძლოს. ამიტომაც ვერ პოულობენ ძვირფას მარგალიტს. მათ ვერ დაძლიეს თავიანთი მანკიერი სწრაფვანი, წუთისოფლისადმი სიყვარული და საკუთარი ამბიციები. მათ არ აიღეს თავიანთი ჯვარი და არ გაჰყვნენ ქრისტეს გზას, რომელიც თავგანწირვისა და ერთგულების გზაა. ეს თითქმის ქრისტიანები, მაგრამ ჯერ კიდევ არა ბოლომდე ქრისტიანები, ძლიერ ახლოს არიან ღვთის სასუფეველთან, მაგრამ შიგნით ვერ შევლენ. არა სრულად, არამედ თითქმის გადარჩენილი სამუდამოდ დაკარგულს ნიშნავს.ქი 45.4

    იგავს ძვირფასი მარგალიტის მძებნელი ვაჭრის შესახებ ორმაგი მნიშვნელობა აქვს: იგი გვაცნობს არა მხოლოდ ღვთის სასუფეველში შესვლისათვის მოშურნე ადამიანებს, არამედ თავისი დაკარგული მემკვიდრეობის მძებნელ ქრისტესაც. მან, ზეციურმა ვაჭარმა, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებდა, დაღუპულ კაცობრიობაში უძვირფასესი მარგალიტი დაინახა; ცოდვისაგან შელახულ და დამახინჯებულ ადამიანში მისი ხსნის შესაძლებლობა იხილა. გულები, რომლებიც წუთისოფელში უფალსა და სატანას შორის ბრძოლის ველად იქცა და რომლებიც უფლის სიყვარულმა იხსნა, უფრო ძვირფასია მაცხოვრისათვის, ვიდრე ისინი, რომლებიც არასოდეს დაცემულან. უფალი არ თვლის კაცობრიობას იმდენად გადაგვარებულად და საბოლოოდ დაღუპულად, რომ მისი გადარჩენა არ შეიძლებოდეს; იგი მას უკვე ქრისტეს სიყვარულით გამოსყიდულს ხედავს. მან მთელი ზეციური სამყაროს საგანძური გასცა ამ ერთი ძვირფასი მარგალიტის შესაძენად. და იესომ, ოპოვა რა იგი, თავის დიდების გვირგვინში მიუჩინა ადგილი, “რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე” (ზაქ. 9:16). “ჩემი იქნებიან ისინი, - ამბობს უფალი, - იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ” (მალ. 3:17).ქი 45.5

    მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ძვირფასი მარგალიტი თავად ქრისტეა. და ამ განძის დასაკუთრება ჩვენი უდიდესი უპირატესობაა. ნარგალიტის საფასურზე კი სულიწმიდა მიგვანიშნებს. სულიწმიდის ძალის გამოვლინების დრო სწორედ ის პერიოდია, როდესაც ზეციური განძის ძებნა განსაკუთრებული მოშურნეობითა და ინტენსიურობით ხდება. ქრისტეს დღეებში ბევრი ისმენდა მის სახარებას, მაგრამ მათი გონება იმდენად იყო დაბნელებული ცრუ მოძღვრებებით, რომ უბრალო გალილეველ მოძღვარში ღვთიური მაცნე ვერ შეიცნეს. მაგრამ ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდგომ, მისი მამის ტახტზე აღზევება და შუამდგომლური მსახურების დაწყება სულიწმიდის გარდმოფენით აღინიშნა. ღვთის სული მოევლინა ორმოცდაათობის დღეს ქრისტეს ერთგულ მოწმეთ, რომლებმაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ძალა იქადაგეს წუთისოფელში. თეციურმა ნათელმა გაუნათა გონება ქრისტეს მტრის მიერ მოტყუებულ, წყვდიადში მყოფ ადამიანებს. და ახლა მათაც იხილეს ის, ზეციური დიდებით მოსილი, რომელიც “ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება” (საქმე. 5:31), მის მორჩილთათვის გამზადებული ურიცხვი განძით ხელში. როდესაც მოციქულებმა მხოლოდშობილი ძის ეს დიდება ხალხს ამცნეს, სამი ათასი კაცი მოინათლა მაცხოვრის სახელით. ახლა ამ ადამიანებმა იხილეს თავიანთი ცოდვილი, მანკიერი მდგომარეობა, ქრისტეში კი მეგობარი და მხსნელი ამოიცნეს. ქრისტე განდიდებულ და აღზევებულ იქნა სულიწმიდის ძალის მიერ, რომელიც მის მოწაფეთ გარდმოევლინა. ახლა ირწმუნეს და მიხვდნენ, რომ ქრისტეა სწორედ ის, ვინც დაითმინა ყოველი: დამცირება, ტანჯვა და სიკვდილი, რათა ისინი არ დაღუპულიყვნენ და საუკუნოდ ეცოცხლათ. სულიწმიდის მსახურების წყალობით დაინახეს მათ ქრისტეს ჭეშმარიტი ხასიათი, რამაც შემდგომ მისი უზენაესი ძალა და დიდება შეაცნობინა. აღუწერელი სიხარულით გაიწოდეს მისკენ ხელი და წარმოთქვეს: “მწამს, უფალო!”ქი 45.6

    შემდეგ კი მთელ წუთისოფელს, დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებს მოედო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო ამბავი. და ეკლესია მრავალთა მოქცევის მოწმე გახდა. უამრავმა ხალხმა ყოველი მხრიდან ეკლესიას მიაშურა. ბევრმა მორწმუნემ განმეორებით მოქცევის საჭიროება იგრძნო. ცოდვილნი ქრისტიანებს შეუერთდნენ ძვირფასი განძის მოსაპოვებლად. აღსრულდა წინასწარმეტყველება: “ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს. დავითის სახლი კი… უფლის ანგელოზივით” (ზაქ. 12:8). ყოველი ქრისტიანი თავის ძმაში ღვთიურ სიყვარულსა და კეთილგანწყობას ხედავდა. ყველას ერთი სწრაფვა და ერთი მიზანი ჰქონდა. ყველას გული თანხმობით ძგერდა. მორწმუნეთა საერთო მიზანი ქრისტეს ხასიათის შეძენა და მაცხოვრის სამფლობელოთა გაფართოება იყო. “მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა… დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე” (საქმე. 4:32,33); “უფალი კი ყოველდღე უმატებდა დახსნილებს მათ რიცხვს” (საქმე. 2:47). ღრისტეს სული აცოცხლებდა ქრისტიანულ საკრებულოებს, რადგან ამ ადამიანებმა იპოვეს უძვირფასესი მარგალიტი.ქი 46.1

    მსგავსი რამ მომავალშიც უნდა განმეორდეს, ოღონდ უფრო დიდი ძალით. პრმოცდაათობის დღესასწაულზე სულიწმიდის გარდმოფენა - ეს მხოლოდ ადრეული წვიმა იყო; გვიანი წვიმა უფრო ძლიერი იქნება. სულიწმიდა ელის ჩვენს თხოვნასა და მზადყოფნას. ქრისტე მთელი თავისი სრულყოფილებით კვლავ უნდა გამოეცხადოს წუთისოფელს სულიწმიდის ძლიერი ძალით. ადამიანები კვლავ იხილავენ უძვირფასეს მარგალიტს და პავლე მოციქულთან ერთად იტყვიან: “რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისათვის” (ფილიპ. 3:7,8).ქი 46.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents