Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 19 - “რამდენჯერ უნდა მივუტევო?”

    მათ.18:21-35

    პეტრემ ჰკითხა ქრისტეს: “რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა?” რაბინები თვლიდნენ, რომ სამჯერ მიტევება საკმარისია. პეტრემ, რომელიც, როგორც თავად თვლიდა, ქრისტეს მოძღვრებას მისდევდა, ეს რიცხვი შვიდამდე გაზარდა, რადგან ეს რიცხვი სრულყოფილების სიმბოლოდ ითვლებოდა. ქრისტე კი გვასწავლის, რომ მიტევება არასოდეს უნდა გვბეზრდებოდეს. “მე არ გეუბნები, შვიდჯერმეთქი, - პასუხობს იგი, - არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ”.ქი 98.3

    შემდეგ კი განმარტავს, თუ რას ემყარება ჭეშმარიტი მიტევება და საუბრობს იმ საშიშროებაზე, რომელიც ელის ადამიანს, რომელსაც მიტევების სული არ გააჩნია. ამბობს იგავს მეფისა და მის მსახურთა შესახებ, რომელთაც სამეფოს მართვა ჰქონდათ მინდობილი. ზოგიერთი ამ მსახურთაგანი სახელმწიფო ხაზინას განაგებდა და დიდძალი ფულიც ჰქონდა ჩაბარებული. და აი, როდესაც ხელმწიფემ მორიგი შემოწმება მოაწყო, აღმოჩნდა, რომ ერთ მათგანს სახელმწიფო ხაზინის უზარმაზარი ვალი - ათი ათასი ტალანტი ემართა. მას ამ ვალის გადახდა არ შეეძლო და, იმ დროს არსებული წესის თანახმად, მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ვალის დასაფარავად ეს მსახური და მასთან ერთად ყველაფერი, რაც მას გააჩნდა. მაგრამ მსახური პირქვე დაემხო და მეფეს შეევედრა: “სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო”. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.ქი 98.4

    “ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა”.ქი 98.5

    ამ იგავში ბევრი ისეთი წვრილმანი დეტალია, რომელიც საერთო სურათის შესაქმნელადაა გამოყენებული და არავითარი კავშირი არა აქვს მასში გადმოცემულ სულიერ ჭეშმარიტებასთან. ნუ შევაჩერებთ ჩვენს ყურადღებას მათზე. მასში არის ზოგი ისეთი მნიშვნელოვანი, უდიდესი ჭეშმარიტება, რომელზედაც ღრმად უნდა დავფიქრდეთ.ქი 99.1

    მეფის მიერ ვალის პატიება ცოდვილი ადამიანის სრული მიტევების სიმბოლოა. აქ მეფის სახით წარმოდგენილია ქრისტე, რომელმაც თავისი გულმოწყალების გამო ასეთი დიდი ვალი აპატია თავის მონას. ადამიანი დარღვეული რჯულის წყევლის ქვეშ იმყოფება, ამიტომ საკუთარი თავის ხსნა არ შეუძლია. ამისათვის მოვიდა ქრისტე წუთისოფელში; თავის ღვთიურობა ადამიანის ხორცში დაფარა და თავისი მართალი სიცოცხლე ურჯულოთა გადარჩენას შესწირა; ჩვენი ცოდვებისათვის ევნო და ყოველი მიტევება უანგაროდ, მისი წმიდა სისხლითაა ნაყიდი. “უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი” (ფსალმ. 129:7).ქი 99.2

    აი აქ არის ძირი, რომელიც გვასწავლის, როგორ თანავუგრძნოთ ჩვენს ცოდვილ ძმებს. “თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული” (1იოან. 4:11). “უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით”, - ამბობს მაცხოვარი (მათ. 10:8).ქი 99.3

    როდესაც მევალე მეფეს შეევედრა: “სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო”, მისთვის გამოტანილი განაჩენი გაუქმებულ იქნა და მას მთელი ვალი ეპატია. მალე ამ მიტევებულსაც მიეცა შესაძლებლობა, თავისი ბატონის მაგალითისთვის მიებაძა და სხვისთვის მიეტევებინა. მეფის სახლიდან გამოსულმა, თავისი ამხანაგი მოძებნა, რომელსაც მისთვის მცირეოდენი თანხა - სულ რაღაც “ასი დინარი ემართა”. მაგრამ ის, ვინც ახლახანს ასე დიდებულად იქნა შეწყალებული, თავის მევალეს სულ სხვაგვარად მოექცა. ამხანაგმა ისეთივე თხოვნით მიმართა მას, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინათ თავად წარდგა მეფის წინაშე, მაგრამ ამჯერად ვედრებამ არ გაჭრა. ის, ვისაც ახლახანს ეპატია, არ იყო ისეთი მოწყალე და კეთილი, როგორც მისი ბატონი. თავად შეწყალებულმა არ შეიწყალა თავისი ამხანაგი. მას არ სურს, მოთმინება გამოიჩინოს და მას ვალის გადახდისათვის დრო მისცეს. ეს უმადური მსახური მხოლოდ იმ უმნიშვნელო თანხაზე ფიქრობს, რომელიც ვალად გასცა; დაუყოვნებლივ მის დაბრუნებას ითხოვს, რისი უფლებაც, მისი აზრით, აქვს მას. და ამხანაგს ადებს სასჯელს, რომელიც თავად მას მოწყალედ მიეტევა.ქი 99.4

    დღესაც რამდენი ავლენს მსგავს მიუტევებლობის სულს! როცა ის უმადური მონა ხელმწიფისაგან შეწყალებას ითხოვდა, სწორად არც კი ესმოდა, რამდენად დიდი იყო მისი ვალი და რამდენად უიმედო იყო მისი მდგომარეობა. და ფიქრობდა, რომ თავად როგორმე შეძლებდა ვალის დაბრუნებას. “სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ, - ამბობს იგი, - და ყველაფერს გადაგიხდი”. ამ მევალის მსგავსად ჩვენს დროშიც ცდილობენ ადამიანები, საკუთარი საქმეებით დაიმსახურონ უფლის კეთილგანწყობა. და ვერც ხვდებიან, თუ რამდენად უიმედოა მათი მდგომარეობა. მათთვის გაღებულ ღვთიურ მადლს ისინი უსასყიდლო ძღვნად არ მიიჩნევენ და საკუთარი მდგომარეობის განმტკიცებას საკუთარი სიმართლით ცდილობენ. არ არის მათს გულში მორჩილება, არც სინანული თავისი ცოდვილი ცხოვრების გამო. ამიტომ არიან ასე მკაცრნი და მომთხოვნი და უწყალონი სხვების მიმართ. ღვთის წინაშე მათს ცოდვასა და ძმების დანაშაულს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ათი ათას ტალანტსა და ას დინარს შორის (თითქმის მილიონი ერთთან); და მაინც ასეთი მიუტევებელნი არიან.ქი 99.5

    იგავში მეფე თავისთან იბარებს ამ უმოწყალო მონას და ეუბნება: “ბოროტო მონავ! საკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?” “განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა”. “ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”, - ამბობს იესო. ვისაც სხვების მიტევება არ შეუძლია, ნუ ექნება იმედი, რომ თავად მიეტევება.ქი 99.6

    მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ნუ განვიხილავთ ამ იგავში ჩადებულ აზრს. უფლის უანგარო მიტევება არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს ჩვენს მოვალეობას ღვთის წინაშე - ვიყოთ მორჩილნი. ასევე ძმების მიმართ გამოვლენილი ღვთიური მოწყალების სული არ ხსნის მათს ვალდებულებას, გადაიხადონ ვალი, რომელსაც სამართლიანად ვითხოვთ. მოცვაში, რომელიც ქრისტემ თავის მოწაფეთ ასწავლა, მაცხოვარი ამბობს: “მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა” (მათ. 6:12). უფალი ამით არ ამბობს, რომ ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის ადამიანებს არ უნდა მოვთხოვოთ, სამართლიანად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ჩვენ მიმართ. და, თუკი ისინი ვალს ვერ გვიხდიან (თუნდაც ეს საქმისადმი მათი არასწორი მიდგომით იყოს გამოწვეული), ნუ ჩავაგდებთ მათ საპყრობილეში; ნურც შევავიწროებთ და ნურც უხეშად მოვექცევით. მაგრამ, ამასთანავე, იგავი არ გვასწავლის, ხელი შევუწყოთ მათს უსაქმურობას. ღვთის სიტყვა აცხადებს: “ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს” (2თეს. 3:10). უფალი არ ითხოვს, რომ ერთმა თავისი მძიმე შრომით მეორის სიზარმაცეს შეუწყოს ხელი. ხშირად სიღარიბისა და სიღატაკის მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ნაკლებ გულმოდგინებას იჩენენ შრომაში და დროს ფუჭად ხარჯავენ. იმ ადამიანთა დახმარება, რომელთაც ასეთი ნაკლი აქვთ და რომელნიც მის აღმოფხვრასაც არ ცდილობენ, იგივეა, რაც გახვრეტილ ტომარაში ძვირფასი ნივთების ჩაწყობა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ადამიანი ვერ ართმევს თავს სიღარიბეს. ასეთ გაჭირვებულთა მიმართ დიდი თანაგრძნობისა და მზრუნველობის გამოჩენა გვმართებს. ყოველთვის ისე უნდა მოვექცეთ სხვებს, როგორც გვსურს, რომ მსგავს შემთხვევაში მოგვექცნენ ჩვენ.ქი 100.1

    პავლე მოციქულის მეშვეობით სულიწმიდა გვასწავლის: “თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანამოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება, შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. თქვენშიაც იმ საფიქრალზე იფიქრეთ, რაც ქრისტე იესოშია” (ფილ. 2:1-5).ქი 100.2

    დაუშვებელია, ცოდვას გულგრილად, არასერიოზულად შევხედოთ. უფლის სურვილია, დავეხმაროთ ძმებს, გამოსწორდნენ. “თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას” (ლუკ. 17:3). ცოდვას თავის სახელი უნდა დაერქვას და ცოდვილსაც გასაგებად უნდა მივუთითოთ მასზე.ქი 100.3

    სულიწმიდით შთაგონებული პავლე მოციქული ტიმოთეს ასწავლის: “იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით” (2ტიმ. 4:2). ტიტეს კი იგი სწერს: “ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა… ამხილე ისინი მკაცრად, რათა ისინი საღნი იყვნენ რწმენაში” (ტიტ. 1:10-13). “ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე” (მათ. 18:15-17).ქი 100.4

    უფალი გვასწავლის, რომ ქრისტიან ძმებს შორის უთანხმოება და გაუგებრობა ეკლესიის შიგნით უნდა მოგვარდეს და არა მათ წინაშე, ვისაც ღვთის შიში არ გააჩნიათ. თუკი ქრისტიანი თავისმა მორწმუნე ძმამ გაანაწყენა, ნუ მიმართავს იგი დასახმარებლად ურწმუნოთ ან მათს სამსჯავროს. არამედ ისე მოიქცეს, როგორც ქრისტე გვასწავლის. ტამაგიეროს გადახდის ნაცვლად ძმის გადარჩენას შეეცადოს. უფალი ღმერთი დაიცავს მის მოყვარულთა და მოშიშთა ინტერესებს. ამიტომ შეგვიძლია თამამად მივენდოთ მას, რადგან სამართლიანი მსაჯულია იგი.ქი 100.5

    ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი კვლავ და კვლავ იმეორებს თავის დანაშაულს. და, თუმცა იგი ყოველ მათგანს აღიარებს და ინანიებს, მაგრამ ის, ვინც გაანაწყენეს, ამით უკვე დაიღალა და ფიქრობს, რომ საკმარისია, რაც აპატია. მაგრამ მაცხოვარი გასაგებად გვეუბნება: “თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე” (ლუკ. 17:3). ნუ აგრძნობინებთ მას, რომ იგი თქვენი ნდობის ღირსი არ არის. “გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში” (გალ. 6:1).ქი 101.1

    თუკი ძმა შეცდა, მიუტევეთ. როცა იგი მოდის და თქვენ წინაშე დანაშაულს ინანიებს, ნუ იფიქრებთ, რომ საკმარისად, სრულად არ შეიგნო თავისი არასწორი საქციელი. განა თქვენ გევალებათ მისი განსჯა? განა შეგიძლიათ, მისი გულის ფიქრები წაიკითხოთ? ღვთის სიტყვა გვასწავლის: “თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე” (ლუკ. 17:3,4).ქი 101.2

    თავად ჩვენ რაც გაგვაჩნია, უფლის მადლით გვაქვს. აღთქმის მადლით მოგვეცა ღვთის შვილობა. ქრისტეს მადლით ხდება ჩვენი გამოსყიდვა, განახლება; მისივე მადლით ვხდებით მისი მემკვიდრენი. და მოდით, ეს მოწყალება და მადლი სხვებსაც ვუჩვენოთ.ქი 101.3

    ეცადეთ, სულით არ დაეცეს ცოდვილი ძმა. ნუ გაისასტიკებთ გულს ფარისეველთა სისასტიკით და ნუ ატკენთ გულს თქვენს ძმას. ნუ დასცინებთ მას გულის სიღრმეში ან გონებაში. ნურც საუბრის კილოსა და ხმაში გამოამჟღავნებთ უპატივცემულობას. ვინაიდან, თუკი თავს ნებას მისცემთ, მითმინებიდან გამოხვიდეთ და სიტყვით ან საქციელით ცოდვილს თქვენს გულგრილობას, ეჭვსა და უნდობლობას აგრძნობინებთ, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი, რომელსაც ხსნა სჭირდება. დაცემულს გვერდით ძმა სჭირდება, უფროსი ძმის (ქრისტეს) მსგავსი; მისი გულწრფელი თანაგრძნობა, ცოდვილის გულს რომ ჩასწვდება. შეაშველეთ მას თანაგრძნობითა და სიყვარულით გაწვდილი ძლიერი ხელი და მოუხმეთ, რათა თქვენთან ერთად ილოცოს. უფალს ძალუძს თქვენი ურთიერთობის აღდგენა და გამრთელება. ლოცვა გვაერთიანებს ძმებთან და ღმერთთან. ლოცვა უხმობს ქრისტეს და აძლიერებს სუსტ, არამყარ ადამიანს; ახალი ძალებით ავსებს მას წუთისოფლის ცოდვებთან, საკუთარ ხორცთან და ეშმაკთან საბრძოლველად. ლოცვა გვეხმარება სატანის იერიშების მოგერიებაში.ქი 101.4

    როდესაც ჩვენს ყურადღებას შევაჩერებთ ქრისტეზე და არა ცოდვილი ადამიანის არასრულყოფილებაზე, ქრისტეს სული იშრომებს ჩვენს გულში და თავის ხატებად გარდაქმნის მას. მიმართეთ თქვენი ძალისხმევა იესოს აღზევებისა და განდიდებისაკენ. მარად მიმართეთ თქვენი მზერა ღვთის კრავისაკენ, “რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა” (იოან. 1:29). როდესაც დაცემულის გადასარჩენად იღვწით, გახსოვდეთ, “რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს” (იაკ. 5:20).ქი 101.5

    “ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს” (მათ. 6:15). არავითარი გამართლება არა აქვს შეუწყნარებლობის სულს! ვინც სხვის მიმართ გულმოწყალებას არ იჩენს, ამით ამტკიცებს, რომ ის თავად არ არის ღვთიური მადლის მოზიარე. ღვთიური მიმტევებლობის გამოისობით ცოდვილი ადამიანი გულის კარს უფრო ადვილად უხსნის ღვთაებრივ სიყვარულს. ყვთიური თანაგრძნობა მისი სულის სიღრმეებს აღძრავს; ის კი - სხვებისას. გულმოწყალება და სათნოება, რომელიც ქრისტემ თავისი ცხოვრებით გვიჩვენა, დაამშვენებს და დიდებით შეამკობს მისი მადლის მოზიარეთ. და პირიქით: “ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის” (რომ. 8:9). იგი თანდათან შორდება ღმერთს და დაზღვეული არ არის, სამუდამოდ გაუუცხოვდეს მას.ქი 101.6

    შესაძლოა, ასეთ ადამიანს ოდესღაც მიუტევა კიდეც უფალმა, მაგრამ ის უკვე აღარ ახსოვს და სხვებს სასტიკად ეპყრობა, რითაც უფლისმიერ მიმტევებლურ სიყვარულს უარყოფს. იგი დაშორდა ღმერთს და იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რომელშიც მიტევებამდე იმყოფებოდა. მან არ მოისურვა, მოენანიებინა და კვლავ თავდაპირველ ცოდვაში რჩება, თითქოს არც მოენანიებინოს.ქი 101.7

    ამ იგავის უდიდესი გაკვეთილი ღვთიურ თანაგრძნობასა და ადამიანურ სისასტიკეს შორის მკვეთრ განსხვავებაში მდგომარეობს. და კიდევ იმაში, რომ ღვთის გულმოწყალება ჩვენი მიმტევებლობის შესაძლებლობათა საზომი უნდა იყოს. “განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?”ქი 102.1

    უფალი მოგვიტევებს არა იმიტომ, რომ ჩვენ სხვებს ვაპატიეთ, არამედ მაშინ, როცა ვპატიობთ. ჭეშმარიტი მიმტევებლობის საფუძველს წარმოადგენს უფლის უანგარო სიყვარული, რომელიც არ დაგვიმსახურებია. და ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ჩვენი დამოკიდებულება თვალნათლივ გვიჩვენებს, არის თუ არა ჩვენში ეს სიყვარული. სწორედ ამას გულისხმობს ქრისტე, როდესაც ამბობს: “რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ” (მათ. 7:2).ქი 102.2