Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დაკარგული დრაქმა

    იგავს დაკარგული ცხვრის შესახებ ქრისტემ სხვა იგავი მოაყოლა: “ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?”ქი 77.4

    აღმოსავლეთის ქვეყნებში ღარიბთა სახლს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი ბნელი, უფანჯრო ოთახი წარმოადგენდა. ოთახს იშვიათად გვიდნენ და ძირს დავარდნილ დრაქმას, რა თქმა უნდა, მალე დაფარავდა მტვერი და ნაგავი. მის საპოვნელად დღისითაც კი სანთლის ანთება და მის შუქზე ოთახის გულმოდგინედ გამოგვა იყო საჭირო.ქი 77.5

    იმ დროს ქალს გათხოვებისას მზითვად, ჩვეულებრივ, ვერცხლის ფულს ატანდნენ. ქალი გულმოდგინედ ინახავდა მას, როგორც ძვირფას საჩუქარს, რათა შემდგომ თავისი ქალიშვილებისათვის გადაეცა. ერთი ასეთი მონეტის დაკარგვაც კი მათთვის დიდ უბედურებას ნიშნავდა, დაკარგულის პოვნა კი იწვევდა უდიდეს სიხარულს, რასაც ბედნიერ მპოვნელთან ერთად მისი მეზობლები და ახლობლებიც იზიარებდნენ.ქი 77.6

    “როცა იპოვის, - განაგრძობს ქრისტე, - დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო”.ქი 77.7

    ეს იგავი ისევე, როგორც მისი წინამორბედი, გვასწავლის, რომ გულმოდგინე ძებნით შესაძლებელია ყოველი დანაკარგის პოვნა, რაც უდიდეს სიხარულს მოგვგვრის. ეს ორი იგავი ცოდვილთა ორ ტიპს წარმოგვიდგენს. დაკარგულმა ცხვარმა იცის, რომ დაიკარგა, მიატოვა თავისი ფარა, მწყემსი და უკან დაბრუნება თავად აღარ შეუძლია. აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რომ უფალს დაშორდნენ, დაიბნენ, იმედი დაკარგეს და ძლიერ ცდუნებათა ზეგავლენის მსხვერპლი გახდნენ. დაკარგული დრაქმა კი იმ ადამიანთა სიმბოლოა, რომლებიც იმდენად დაატყვევა საკუთარმა ცოდვებმა და შეცდომებმა, რომ ვერც კი ხვდებიან, თუ რამდენად ტრაგიკულია მათი მდგომარეობა: ღმერთს დაშორდნენ, იღუპებიან, მაგრამ ვერ ხვდებიან და არც აღელვებთ ეს მდგომარეობა. ამ იგავით მაცხოვარი გვასწავლის, რომ იგი იმ ადამიანებსაც კი თანაუგრძნობს, რომლებსაც უფლის მოთხოვნებისადმი გულგრილი დამოკიდებულება გააჩნიათ. უფალს სურს, რომ ისინიც მოძებნონ და შინ დააბრუნონ.ქი 77.8

    ცხვარი გავიდა ფარეხიდან; გზა დაებნა მთებში ან ეკალბარდებში გაიხლართა. ზერცხლის ფული კი სახლში დაიკარგა. აქვეა იგი, ახლოს, მაგრამ მეტად რთულია მისი პოვნა. გულმოდგინე ძებნაა საჭირო.ქი 78.1

    იგავი დაკარგული დრაქმის შესახებ თვალსაჩინო გაკვეთილია მთელი ოჯახისათვის, სადაც ხშირად ისადგურებს გულგრილობა და უზრუნველობა მის წევრთა სულიერი მდგომარეობის მიმართ. მათ შორის შეიძლება იყოს ისეთი, ვინც ღმერთს დაშორდა, ოჯახის სხვა წევრებს კი ეს არ აღელვებთ. და არც ის აწუხებთ, რომ მათი ახლობელი ადამიანი, რომელიც უფალმა მათ მიანდო, ღვთისათვის სამუდამოდ დაკარგული შეიძლება აღმოჩნდეს.ქი 78.2

    დაკარგული დრაქმა, შესაძლოა, მტვერმა და ჭუჭყმა დაფაროს, მაგრამ იგი მაინც ვერცხლად რჩება. პატრონი მას იმიტომ ეძებს, რომ იგი განძია მისთვის. ასევეა ყოველი ადამიანიც: რა დიდი ცოდვილიც არ უნდა იყოს იგი, უფლისათვის მეტად ძვირფასი საგანძურია. ყველა მონეტაზე გაბატონებული ძალაუფლების სიმბოლოებია გამოსახული. ასევეა ადამიანიც: მისი შექმნისას მასზე ღვთის ხატება და მსგავსება იყო აღბეჭდილი. თუმცა ეს სიმბოლო ცოდვისაგან გახუნდა და გაფერმკრთალდა, მაგრამ მაინც მოჩანს ყოველ ადამიანში. უფალს სურს, დაიბრუნოს იგი და კვლავ აღადგინოს მასში თავისი მართალი და წმიდა ხატება.ქი 78.3

    ამ იგავში დედაკაცი შეუპოვრად ეძებს თავის დაკარგულ დრაქმას: სანთელს ანთებს და ოთახს გვის. თუმცა მხოლოდ ერთი დრაქმაა დაკარგული, მაგრამ იგი მაინც არ წყვეტს ძებნას, სანამ არ იპოვის. ასევე უნდა იყოს ოჯახშიც: თუკი მისი ერთი რომელიმე წევრი ღმერთს დაშორდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის გადასარჩენად. დაე ოჯახის ყოველმა წევრმა მკაცრად გამოიკვლიოს საკუთარი სული, თავისი ცხოვრების წესი და ხასიათი. დამოიკვლიეთ, რაიმე შეცდომა ხომ არ დაგიშვიათ ოჯახში არსებულ წესებსა და ტრადიციებში, ურთიერთობებში; შეეცადეთ, დაადგინოთ, რატომ ჯიუტობს და რატომ არ სურს დაკარგულს შინ დაბრუნება და მონანიება.ქი 78.4

    თუკი ოჯახში არის ბავშვი, რომელსაც თავისი ცოდვილი მდგომარეობა არ ესმის, მშობლებმა განგაში უნდა ატეხონ. მაშინვე აანთეთ სანთელი, გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა და მის შუქზე დააკვირდით ყველაფერს სახლში, რათა, ბოლოსდაბოლოს, ბავშვის გაუცხოების მიზეზი შეიცნოთ. მშობელმაც უნდა ჩაიხედოს საკუთარ სულში, გადახედოს თავის ქცევებს და აწონდაწონოს თავისი მოქმედებანი. ბავშვები უფლის განძი და მემკვიდრეობაა და ყოველი ჩვენგანი პასუხს აგებს უფლის წინაშე მისი საკუთრების მართვისათვის.ქი 78.5

    ხშირად მშობლები მისიონერული მსახურებისათვის შორეული მხარეებისაკენ მიილტვიან; ბევრი მათგანი აქტიურად არის ჩაბმული ქრისტიანულ მსახურებაში სახლის გარეთ იმ დროს, როცა საკუთარი შვილები მხსნელს შორდებიან და მის სიყვარულს გაურბიან. თავის შვილებში ქრისტიანული სულის გაღვივების საქმეს მშობლები ხშირად მთლიანად ანდობენ ეკლესიის მსახურთ ან საშაბათო სკოლის მასწავლებლებს, რითაც საკუთარ მოვალეობას გაურბიან. ბავშვების ქრისტიანული სულით აღზრდაგანათლება - ეს მშობელთა უმთავრესი, უპირველესი მსახურებაა ღვთის წინაშე. ეს მსახურება დიდ მოთმინებას, ძალისხმევასა და გულმოდგინებას მოითხოვს მათგან მთელი სიცოცხლის მანძილზე. უფლის ამ დავალების თავიდან აცილებით კი უფლის ორგულ და ცრუ მნეებს დავემსგავსებით და მის წინაშე ვერაფრით გავმართლდებით მისი ნდობისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო.ქი 78.6

    მაგრამ ნურც ასეთი მშობლები დაკარგავენ იმედს. დედაკაცმა დაკარგული დრაქმა იმდენ ხანს ეძება, სანამ არ იპოვა. დაე სიყვარულით, რწმენითა და ლოცვით იშრომონ მშობლებმა თავიანთი ახლობლებისათვის, რათა შვილებთან ერთად სიხარულით მიეახლონ ღმერთს და განაცხადონ: “აი, მე და ბავშვები, რომლებიც მომცა მე უფალმა” (ეს. 8:18).ქი 79.1

    სწორედ ესაა მისიონერული მსახურება ოჯახურ პირობებში და იგი ისევე სასარგებლოა მსახურისათვის, როგორც მათთვის, ვისთვისაც იგი შრომობს. როდესაც ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ვზრუნავთ, იმ ადამიანებისადმი მსახურებისათვის ვემზადებით, რომლებიც უფლის დიდ ოჯახს შეადგენენ და რომელთა გვერდით, თუკი ქრისტეს ერთგულნი ვიქნებით, უსასრულო საუკუნეთა განმავლობაში ცხოვრება მოგვიწევს. ჩვენი ქრისტიანი დებისა და ძმების ბედი ისევე უნდა გვაწუხებდეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებისა.ქი 79.2

    და უფლის სურვილია, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის მსახურება სწორედ ოჯახში დაიწყოს. რაც უფრო მეტი იქნება ჩვენი თანაგრძნობა და სიყვარული ადამიანების მიმართ, მით უფრო გაფართოვდება ჩვენი მისიონერული მსახურების სფერო და შესაძლებლობანი. მთელი წუთისოფელი - ეს უფლის დიდი ოჯახია და მისი არც ერთი წევრის დავიწყება არ შეიძლება.ქი 79.3

    სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან გველის დაკარგულ დრაქმასთან შეხვედრა და იგი უნდა ვიპოვოთ. მაგრამ ვეძებთ კი მას? განა ყოველდღიურად არ გვიხდება შეხვედრა რელიგიისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანებთან, რომელთაც ჩვეულებრივ ვესაუბრებით, მაგრამ სულაც არ გვაინტერესებს მათი სულიერი მდგომარეობა? განა ვესაუბრებით მათ ჩვენს ერთადერთ მხსნელზე - ქრისტეზე? ან მაცხოვრის იმ დიდ სიყვარულზე, რომელმაც ჩვენი გული უკვე გაათბო? და როგორღა შევხედავთ ამ დაღუპულ, სამუდამოდ დაკარგულ სულებს, როცა მათთან ერთად ღვთის ტახტის წინაშე წარვდგებით, თუკი ამას არ ვაკეთებთ?ქი 79.4

    როგორია ერთი ადამიანის საფასური? ვინ განსაზღვრავს მას? თუ გსურთ, გაიგოთ, წადით გეთსიმანიის ბაღში და იფხიზლეთ იქ ქრისტესთან ერთად მისი ტანჯვის წუთებში, როცა მის შუბლს სისხლიანი ოფლის წვეთები ნამავდა; მიდით და შეხედეთ გოლგოთის ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს; მოისმინეთ მისი სასოწარკვეთილი შეძახილი: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?” (მარკ. 15:34). შეხედეთ მის სისხლით მოსვრილ შუბლს, განგმირულ სხეულს, ჭრილობებით დასერილ ფეხებს და მუდამ გახსოვდეთ, რომ ქრისტეს, შესაძლოა, ყველაფერი დაეკარგა. გახსოვდეთ, რომ ჩვენი გადარჩენისათვის საშიშროება შეექმნა და საფრთხე დაემუქრა მთელ ზეცას. როდესაც გოლგოთის ჯვართან მიხვალთ და გააცნობიერებთ, რომ ქრისტე მხოლოდ ერთი ცოდვილისათვისაც კი გაწირავდა თავის სიცოცხლეს, მიხვდებით, რა ძვირფასია თითოეული ადამიანი.ქი 79.5

    მაცხოვართან თუ ახლო ურთიერთობა გაქვთ, მაშინ ყოველ ადამიანს მისი თვალით შეაფასებთ: ადამიანები ისევე გეყვარებათ, როგორც თქვენ უყვარხართ ქრისტეს. მაშინ გექნებათ უნარი, შეიძინოთ და არა უარყოთ, მიიზიდოთ და არა უგულებელყოთ ის ადამიანები, ვისთვისაც მაცხოვარი მოკვდა. ვერავინ დაბრუნდებოდა ღმერთთან, რომ არა იესოს ძალისხმევა და დამსახურება. თქვენც შეგიძლიათ, იშრომოთ ადამიანთა გადასარჩენად. შეუძლებელია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და უზრუნველობა, როცა ხედავთ, როგორ მიექანებიან ადამიანები სიკვდილის უფსკრულისაკენ. რაც უფრო დიდია მათი ცოდვა, მათი დაცემა, მით უფრო მეტი ყურადღებისა და მზრუნველობის გამოჩენა გმართებთ მათ გადასარჩენად. მაშინ კარგად გაუგებთ მათ, ვისაც ძლიერ სტანჯავს თავისი დანაშაული ღვთის წინაშე, თანაგრძნობისა და დახმარების ხელს გაუწოდებთ და ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით მოიყვანთ ქრისტესთან. იზრუნებთ და გაამხნევებთ და თქვენი ასეთი თანადგომა კიდევ უფრო განუმტკიცებს მათ მოპოვებულ რწმენას.ქი 79.6

    ზეციური ანგელოზები სიხარულით ითანამშრომლებენ თქვენთან ამ საქმეში. შველაფერი, რაც ზეცას გააჩნია, მათ ხელთ იქნება, ვინც დაღუპულთა გადარჩენისათვის იღვწის. ანგელოზები გაგიკვლევენ გზას და დაგეხმარებიან განდგომილთა და გზააბნეულთა ძებნაში. ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამოც კი ძლიერ ხარობს ზეცა; სერაფიმები და ქერუბიმები ოქროს ქნარებს ახმიანებენ და სამადლობელ ჰიმნებს უძღვნიან ღმერთსა და კრავს კაცობრიობისადმი ასეთი დიდი მოწყალების, თანაგრძნობისა და სიყვარულის გამო.ქი 80.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents