Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    მეტყველება

    მეტყველება - ეს ის ტალანტია, რომელიც გულმოდგინე განვითარებას საჭიროებს. უფლის მიერ ბოძებულ ყველა სხვა ნიჭთაგან განსხვავებით, მას ყველაზე მეტი კურთხევის მოტანა შეუძლია. მისი მეშვეობით ვუხმობთ და ვარწმუნებთ; ვლოცულობთ და ვადიდებთ უზენაესს; მისივე მეშვეობით მიგვაქვს მაცხოვრის სიყვარული ადამიანებამდე. სწორედ ამიტომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა მეტყველების ყოველმხრივ განვითარებას.ქი 141.4

    მეტყველების კულტურა და მისი ქრისტიანულ ცხოვრებაში სწორად გამოყენება ხშირად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანთა მიერაც კი არის უგულებელყოფილი. ზოგი იმდენად ჩუმად ან ისე სწრაფად ლაპარაკობს, რომ ძნელია მათი საუბრის გაგება. ზოგს მეტად დაბალი ხმა და გაუგებარი გამოთქმა აქვს; ზოგს კი - მეტად მკვეთრი და გამკიცხავი, რაც მტკივნეულად აღიქმება. ხშირად ბიბლიური მუხლების, ჰიმნებისა და სხვადასხვა მოხსენებების აუდიტორიის წინაშე წარდგენა იმგვარად ხდება, რომ მათი ძალა და გავლენის შესაძლებლობა სრულიად იკარგება.ქი 141.5

    ეს სერიოზული ნაკლი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამას თავად ბიბლია გვასწავლის. აი რას ამბობს იგი ლევიანთა შესახებ, რომელნიც ეზრას დღეებში ხალხს წმიდა წერილებს უკითხავდნენ: “და კითხულობდნენ ისინი წიგნიდან, ღვთის რჯულიდან, გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს” (ნეემ. 8:8).ქი 141.6

    გულმოდგინე, ბეჯითი მეცადინეობის შედეგად ყველას შეუძლია, ისწავლოს გარკვევით კითხვა და სუფთა, ადვილად გასაგები და შთამბეჭდავი ხმით ისაუბროს. ამგვარი ქცევით შესამჩნევად გაიზრდება ჩვენი, როგორც ქრისტეს მსახურთა, შრომის ნაყოფიერება და ეფექტურობა.ქი 141.7

    ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, ამცნოს სხვებს ქრისტეს ულევი განძის შესახებ. ამიტომაა საჭირო საკუთარი ენისა და მეტყველების სრულყოფა. ღვთის სიტყვა ისე უნდა წარმოითქვას, რომ მსმენელთა ყურადღება მიიპყროს. არ სურს უფალს, რომ ადამიანმა - მისი სიტყვის გადამცემმა საშუალებამ - უგერგილოდ და უუნაროდ გააკეთოს ეს. არც ის სურს უფალს, რომ ადამიანმა დაამციროს და დააუძლუროს ზეციურ ჭეშმარიტებათა ნაკადი, რომელიც მისი მეშვეობით წუთისოფელში მიედინება.ქი 141.8

    იესო სრულყოფილების მაგალითია ჩვენთვის. ღვთის წმიდა სულს უნდა ვთხოვოთ დახმარება იმისათვის, რომ მისი ძალით შევძლოთ ჩვენი ორგანიზმის ყოველი ნაწილის უფლის მსახურებისათვის უნაკლოდ მომზადება.ქი 142.1

    ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც მოწოდებულია, საზოგადოებას ემსახუროს. ყოველ მქადაგებელს, ყოველ მასწავლებელს მუდამ უნდა ახსოვდეს ის, რომ იგი ადამიანებს აუწყებს ჭეშმარიტებას, რომელიც მარადიულობას შეეხება. სწორედ ეს ჭეშმარიტება განსჯის ადამიანებს საბოლოო შურისგების დიად დღეს. და ბევრისათვის გადამწყვეტი ფაქტორი მისი მიღებისა ან უარყოფისა იქნება ის, თუ როგორ მიაწოდეს მათ ეს ჭეშმარიტება. აუწყეთ ადამიანებს ღვთის სიტყვა ისე, რომ იგი მისწვდეს მათს გონებასა და გულს. აუწყეთ იგი აუჩქარებლად, გარკვევით, საზეიმო განწყობით და, ამავე დროს, გულწრფელად, დაბეჯითებით, მთელი მისი მნიშვნელობით.ქი 142.2

    მეტყველების კულტურა, სიტყვის ძალის სწორად გამოყენება აუცილებელია ქრისტიანული მოღვაწეობის ყველა სფეროში - ოჯახურ ურთიერთობებსა თუ სხვა ადამიანებთან საუბრებში. უნდა ვისწავლოთ სასიამოვნო ტონით საუბარი, ამასთანავე, ჩვენი მეტყველება სწორი და გამართული უნდა იყოს, საუბარი - თავაზიანი და დახვეწილი. სასიამოვნო და კეთილი სიტყვები - ეს ცვარი და თბილი წვიმაა ადამიანის სულისათვის. წმიდა წერილი გვამცნობს, რომ მაცხოვრის ბაგეთაგან მადლი იღვრებოდა და მას შეეძლო “დაღლილის გამაგრება სიტყვით” (ფსალმ. 44:3; ეს. 50:4). უფალიც ამასვე გვასწავლის: “თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს” (კოლ. 4:6), “რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ” (ეფეს. 4:29).ქი 142.3

    დიდი სიფრთხილით გვმართებს სიტყვის შერჩევა, როდესაც სხვებს ვასწავლით ან შეცდომის გამოსწორებაში ვეხმარებით, ვინაიდან სიტყვას შეუძლია აცოცხლოს ან მოკლას ადამიანი. შენიშვნის ან რჩევის მიცემისას ბევრი თავს ნებას აძლევს, ადამიანს უკმეხი, მკაცრი სიტყვებით მიმართოს, რაც მის დაჭრილ სულს ვერ გამოაჯანსაღებს. ასეთი სიტყვა მხოლოდ აღიზიანებს ადამიანს და ხშირ შემთხვევაში შეცდომებზე მსგავსი მითითება მის სულში წინააღმდეგობას უფრო იწვევს. ჭეშმარიტების პრინციპების დამცველთ ზეციური სიყვარულის მალამო სჭირდებათ. ნებისმიერ ვითარებაში ადამიანის მხილება სიყვარულით უნდა ხდებოდეს. და მაშინ ჩვენი სიტყვები, მიმართული ადამიანის გამოსასწორებლად, სათანადო ნაყოფს გამოიღებს და არ გააღიზიანებს მას. ჩვენს მეტყველებას მაცხოვარი სულიწმიდის მეშვეობით სრულყოფს და ძალასა და სიმტკიცეს შემატებს ჩვენს სიტყვას; ეს ხომ მისი საქმეა.ქი 142.4

    არც ერთი სიტყვა არ უნდა წარმოითქვას დაუფიქრებლად და გაუაზრებლად. არც ერთი არასერიოზული, ფუქსავატური, გამაღიზიანებელი ან მცდარი რჩევა არ უნდა დასცდეს ქრისტიანის ბაგეს. პავლე მოციქული სულიწმიდის შთაგონებით წერდა: “არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან” (ეფეს. 4:29). აქ მას მხედველობაში აქვს არა მხოლოდ ბილწი და უწმაწური გამონათქვამები, არამედ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც რელიგიურ სიწმიდესა და მის მაღალ პრინციპებს ეწინააღმდეგება: უწმაწური ხუმრობები, უგერგილო ქარაგმები და ცილისწამებანი. და თუკი ყოველივე ამის წინააღმდეგ სასწრაფო ზომები არ იქნა მიღებული, იგი მალე დიდ ცოდვამდე მიგვიყვანს.ქი 142.5

    ყოველი ქრისტიანული ოჯახის, ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნის მოვალეობაა, იბრძოლოს ყოველგვარი ბილწსიტყვაობის წინააღმდეგ. მაგალითად, თუკი რომელიმე საზოგადოებაში ყოფნისას ფუჭსიტყვაობის მოწმენი გავხდით, უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ საუბრის თემა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ღვთის მადლით ჩვენ შევძლებთ, რამდენიმე სიტყვის მშვიდად და ღირსეულად წარმოთქმით სულ სხვა, უფრო სასარგებლო მიმართულება მივცეთ საუბარს.ქი 142.6

    ყოველი მშობელი ვალდებულია, თავისი შვილები სწორ მეტყველებას მიაჩვიოს. ამის გაკეთება ყველაზე უკეთ შინ, ოჯახში შეიძლება. ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, პატივისცემით და თავაზიანად მოეპყრონ მშობლებსა და ოჯახის წევრებს; მათ თავიდანვე უნდა შეიმეცნონ, რომ მათი ბაგენი მხოლოდ სიმართლესა და ჭეშმარიტებას უნდა ღაღადებდნენ. ამისათვის კი თავად მშობლები უნდა იყვნენ ქრისტეს სკოლის ბეჯითი მოწაფენი და ყოველდღე სწავლობდნენ მის ჭეშმარიტებებს. და მაშინ შეძლებენ არა მხოლოდ რჩევადარიგებებით, არამედ საკუთარი ცხოვრების მაგალითითაც ასწავლონ შვილებს “სიტყვა ნათელი, უკიცხველი” (ტიტ. 2:8). ეს მშობლის ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო მოვალეობაა.ქი 142.7

    როგორც ქრისტეს ერთგული მიმდევარნი, ჩვენ მუდამ უნდა ვეხმარებოდეთ და ვამხნევებდეთ ერთმანეთს ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, განსაცდელსა და გაჭირვებაში. უფრო ხშირად გვმართებს საუბარი უფალთან ურთიერთობის საკუთარ, ძვირფას გამოცდილებებზე. უფრო ხშირად უნდა ვუამბობდეთ ერთმანეთს უფლის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე; იმაზე, თუ როგორ გვეხმარება მაცხოვარი თავისი ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო. ჩვენი ბაგეები მუდამ მადლიერებისა და ღვთის სადიდებელ სიტყვებს უნდა წარმოთქვამდნენ. თუკი ადამიანს მთელი სულითა და გულით, გულწრფელად უყვარს უფალი, ეს სიყვარული უეჭველად გამოვლინდება მის სიტყვებში, რადგან ამ შემთხვევაში მას არ გაუძნელდება, წარმოთქვას ის, რაც მთელ მის არსებას ავსებს. ამაღლებული ფიქრები, კეთილშობილური ზრახვები, ჭეშმარიტი ცოდნა სიმართლისა, უანგარო მიზნები, ღვთისმოსაობისა და სიწმიდის სურვილი - ყოველივე ამის არსებობა აუცილებლად გამოიღებს შესაბამის ნაყოფს სიტყვებში, რომლებიც გულში დაფარულ ძვირფას საგანძურს გამოავლენს. და როდესაც ჩვენს სიტყვებში ამგვარად გამოვლინდება ქრისტე, სიტყვა შეიძენს ძალას, რომელიც ადამიანებს ქრისტესკენ შემოაბრუნებს.ქი 143.1

    ქრისტეზე უნდა ვესაუბროთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს მას. და ამ დროს ქრისტეს საქციელს უნდა მივბაძოთ. სადაც არ უნდა ყოფილიყო მაცხოვარი: სინაგოგაში, გზაში, ზღვის ტალღებზე მოქანავე ნავში, ფარისეველთან გამართულ ნადიმსა თუ მებაჟის სუფრასთან, იგი საუბრის საგანს ყოველთვის ზეცას უკავშირებდა. ბუნების მოვლენებს, ყოველდღიური ცხოვრების ამბებს მუდამ ჭეშმარიტების სიტყვასთან კავშირში გადმოსცემდა, რაც ადამიანთა გულს მისკენ იზიდავდა, ვინაიდან იგი კურნავდა სნეულთ, ამშვიდებდა და ანუგეშებდა დამწუხრებულთ, ხელში იყვანდა მათს შვილებს და აკურთხებდა. ადამიანები მთელი გულისყურით უსმენდნენ მის სიტყვას, ვინაიდან ყოველ მათგანს სიცოცხლის ძალა და სურნელი გააჩნდა.ქი 143.2

    ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ყველგან უნდა შევძლოთ მაცხოვარზე საუბარი. და თუკი ქრისტეს მსგავსად სიკეთეს დავთესავთ, ადამიანები მოგვენდობიან და გაგვიხსნიან თავიანთი გულის კარს ისევე, როგორც ეს ქრისტესთან ურთიერთობისას იყო. არა უკმეხად და უხეშად, არამედ უზენაესის სიყვარულით ნაკარნახევი ტაქტითა და თავაზიანობით უნდა ვუამბოთ მათ იმის შესახებ, ვინც ათიათასთაგან გამორჩეული და ყოვლად სანატრელია (ქებ. 5:10,16). ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, სადაც ჩვენი მეტყველების დიდი ნიჭი შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ. იგი ხომ სწორედ იმისათვის გვეძლევა, რომ კაცობრიობას გავაცნოთ ქრისტე - ჩვენი მოწყალე და მიმტევებელი მხსნელი.ქი 143.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents