Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ძალა

    უფალი ღმერთი უნდა გვიყვარდეს არა მხოლოდ მთელი გულით, სულითა და გონებით, არამედ მთელი ჩვენი ძალით. ეს კი ჩვენი ფიზიკური ძალების გონივრულ გამოყენებასაც გულისხმობს.ქი 149.2

    მაცხოვარი თავად იყო მუყაითი მშრომელი და აღმსრულებელი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ამქვეყნიური, ყოველდღიური საქმეებისა. მის მიერ ნებისმიერ საქმეში გამოვლენილი გულმოდგინება და ნებისყოფა მამის ნებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე მეტყველებდა. ზეციური და მიწიერი საქმეები უფრო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ქრისტეს უშუალო მეთვალყურეობასთან, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. სწორედ ქრისტემ დაგეგმა პირველი მიწიერი საწმიდრის აგება; სწორედ მაცხოვარი იძლეოდა კონკრეტულ მითითებებს სოლომონის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით. ის, ვინც აქ, დედამიწაზე, პატარა ქალაქ ნაზარეთში უბრალო ხუროდ მუშაობდა, სინამდვილეში იყო ზეციერი არქიტექტორი, რომელმაც იმ წმიდა ტაძრის მშენებლობის გეგმა შეადგინა, სადაც მისი სახელი უნდა განდიდებულიყო.ქი 149.3

    სწორედ ქრისტემ უბოძა ტაძრის მშენებლებს თავისი ღვთიური სიბრძნე, რათა დიდი ოსტატობითა და დახვეწილობით შეესრულებინათ ეს სამუშაო. მაცხოვარმა ბრძანა: “აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ხურისა, ძისა ურისა, იუდას ტომიდან. და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით... და აჰა, მე მივეცი მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. და მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ” (გამ. 31:2-6).ქი 149.4

    უფალს სურს, რომ მისი ყოველი მსახური - მისი ნებისმიერი საქმის აღმსრულებელი, მასში ხედავდეს იმ ერთადერთ ღმერთს, რომელმაც მისცა მას ყოველივე, რაც კი გააჩნია. ყოველი ჭეშმარიტი სიახლე, გამომგონებლობა, გამჭრიახობა და სრულყოფილება უფლისაგან მოდის, ვინაიდან იგი თავადაა საკვირველი მრჩეველი და სრულყოფილი თავის საქმიანობაში. ექიმის მარჯვე ხელის ოსტატური შეხება, რომელიც ჩვენი ყოველი ნერვისა და კუნთის მდგოარეობას განსაზღვრავს, ადამიანის ურთულესი ორგანიზმის აგებულების ღრმა ცოდნა - ყოველივე ეს უზენაესის ძალა და სიბრძნეა ტანჯულთა დასახმარებლად.ქი 149.5

    ოსტატობა და მოხერხებულობა, რომლითაც ხურო თავის ჩაქუჩს ხმარობს; ძალა, რომელსაც მჭედელი თავის საქმეში იყენებს, - ყველაფერი უფლისაგან მოდის. მან მისცა ადამიანს ნიჭები და სურს, რომ რჩევისთვის მასვე მიმართონ. რა საქმეც არ უნდა დაგვავალონ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მაცხოვარს სურს, ჩვენს გონებას უხელმძღვანელოს, რათა ყოველ საქმეში სრულყოფილებას მივაღწიოთ.ქი 149.6

    რელიგია და ამქვეყნიური შრომა - ეს ორი სფერო არც თუ ისე შორსაა ერთურთისაგან. ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვამბობთ, ბიბლიური პრინციპები უნდა იყოს ჩადებული. აუცილებელია ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთშერწყმა, რათა ჭეშმარიტ წარმატებას მივაღწიოთ როგორც სულიერ, ასევე მიწიერ ცხოვრებაშიც. ეს ძალები ადამიანის მოღვაწეობის ყველა დარგში უნდა გამოვლინდეს, იქნება ეს სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები, ვაჭრობა თუ მეცნიერული პროექტები. ღვთიური და ადამიანური უნდა გაერთიანდეს და ეს ერთიანობა ქრისტიანული მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში უნდა აისახოს.ქი 149.7

    ასეთი ერთობა კი მხოლოდ იმ პრინციპებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი, რომლებიც უფალმა ღმერთმა დაგვიდგინა. მაცხოვრის ყოველი თანამშრომლისა და მსახურის ყოველგვარი საქმიანობის მთავარი მოტივი მისი სახელის განდიდება უნდა იყოს. ყველა საქმე უფლის სიყვარულითა და მის ნებასთან თანხმობით უნდა გაკეთდეს.ქი 150.1

    უფლის ნების გათვალისწინება რაიმე ნაგებობის მშენებლობისას ისევე აუცილებელია, როგორც რელიგიური მსახურებისას. და თუკი ქრისტეს მსახურნი საკუთარი ხასიათის ჩამოყალიბებისას ზეციური პრინციპებით იხელმძღვანელებენ, ნებისმიერი შენობის აგების დროსაც ღვთიური მადლითა და შემეცნებით აღივსებიან.ქი 150.2

    მაგრამ ღმერთი არ მოიწონებს არც ადამიანის ყველაზე დიდ ნიჭს და არც ღვთისმსახურების ულამაზეს ცერემონიალს მიიღებს მისგან მანამ, სანამ იგი სამსხვერპლოზე არ დადებს საკუთარ ეგოიზმს, საკუთარ “მე”-ს, როგორც უფლისათვის მისაღებ ცოცხალ შესაწირავს. წმიდა უნდა იყოს ფესვი, რათა მან უფლისათვის მოსაწონი წმიდა ნაყოფი გამოიღოს.ქი 150.3

    უფალმა გონიერ მნეებად აქცია დანიელი და იოსები. და მათი მეშვეობით აღასრულა თავისი საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისი ერთგული მსახურნი საკუთარ სურვილთა დაკმაყოფილებისათვის კი არ იღვწოდნენ, არამედ უფლის ნების შესრულება ეწადათ.ქი 150.4

    დანიელის მაგალითი ჩვენთვისაც დიდი გაკვეთილია. იგი გვიჩვენებს და გვარწმუნებს, რომ აუცილებელი არაა, საქმიანი ადამიანი მზაკვრული ხერხებით მოქმედებდეს. მას შეუძლია, თავისი ყოველი ნაბიჯი ღმერთს შეუთანხმოს და მისი ხელმძღვანელობით იმოქმედოს. ბაბილონის სამეფოს პრემიერმინისტრი, დანიელი, იმავე დროს ღვთის წინასწარმეტყველი იყო და ზეციურ ნათელსაც უფლისაგან იღებდა. მიწიერ სახელმწიფოთა ამბიციური მმართველნი წმიდა წერილებში შედარებულნი არიან ბალახთან, რომელიც, შესაძლოა, აყვავდეს, მაგრამ უნაყოფოა და მალე ჭკნება. უფალს სურს, იყოლიოს გონიერი მსახურნი, რომელნიც სხვადასხვა სფეროში მსახურებას შეძლებენ. მას სჭირდება საქმიანი ადამიანებიც, რომელნიც თავიანთ საქმიანობაში ღვთიური ჭეშმარიტების უდიდეს პრინციპებს დაეყრდნობიან და საკუთარ ტალანტებს ღვთის სიტყვის გულმოდგინე გამოკვლევებითა და მომზადებით სრულყოფენ. და, თუკი ვინმეს სჭირდება ყველა არსებულ შესაძლებლობათა გამოყენება უფრო მეტი სიბრძნის შესაძენად და უფრო მეტი სარგებლობის მოტანის მიზნით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანები არიან, ვინც ძალღონეს არ იშურებს და აქ, დედამიწაზე, ღვთიური სასუფევლის დამკვიდრებისათვის იღვწის. თუკი დანიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას დაწვრილებით გამოვიკვლევთ, მასში ვერც ერთ შეცდომას, ვერც ერთ ნაკლს ვერ ვიხილავთ. მისი ცხოვრება ყველა საქმიანი ადამიანისათვის თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება გახდეს. მისი ცხოვრების ისტორია გვიჩვენებს, თუ რას შეიძლება მიაღწიოს მან, ვინც მთელ თავის გონებრივ ძალებს, საქმეებს, გულსა და მთელ ცხოვრებას უფლის მსახურებას მიუძღვნის.ქი 150.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents