Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 28 - მადლის საზღაური

    მათ.19:16-30; 20:1-16; მარკ. 10:17-31; ლუკ. 18:18-30

    ჭეშმარიტება ღვთის მიერ ბოძებული მხსნელი მადლის შესახებ თითქმის სრულიად დაკარგული ჰქონდათ იუდეველთ. რაბინები ასწავლიდნენ, რომ უფლის წყალობა ადამიანის დამსახურებით მიიღება. ისინი გამართლებასაც საკუთარი ძალისხმევით იმედოვნებდნენ. ამგვარად, მათი მსახურება ანგარების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი. თვით ქრისტეს მოწაფენიც კი ვერ გათავისუფლებულიყვნენ ამ სულისაგან. ამიტომ მაცხოვარი ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, მიეთითებინა მათს შეცდომებზე. და ზუსტად იმის წინ, სანამ ქრისტე ვენახის მუშაკებზე იგავს წარმოთქვამდა, მოხდა ისეთი რამ, რამაც მაცხოვარს შესაძლებლობა მისცა, თვალსაჩინოდ განემარტა ჭეშმარიტების პრინციპები.ქი 170.3

    გზაზე მაცხოვარს მდიდარი ახალგაზრდა შემოხვდა, მიუახლოვდა, მის წინაშე მუხლი მოიყარა და კრძალვით მიმართა: “მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”ქი 170.4

    ამ ახალგაზრდა მთავარმა ქრისტეში ღვთის ძე კი ვერ ამოიცნო, არამედ მიმართა როგორც უბრალოდ ღირსეულ, პატივცემულ რაბინს. მაცხოვარმა კი მიუგო: “რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია”. რის საფუძველზე მიწოდებ კეთილს? კეთილი ხომ მხოლოდ ღმერთია! და თუკი ღმერთად მაღიარებ, მაშინ უნდა მიმიღო კიდეც უფლის ძედ და მის წარმომადგენლად.ქი 170.5

    “ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, - განაგრძო მან, - დაიცავი მცნებები”. უფლის ხასიათი მისივე რჯულშია გამოხატული. და ღმერთთან ჰარმონიული თანაარსებობისათვის ყოველი შენი მოქმედება მის რჯულზე უნდა იყოს დამყარებული.ქი 170.6

    ქრისტე არ ამცირებს რჯულის მოთხოვნებს. იგი პირდაპირ, არაორაზროვნად აცხადებს, რომ რჯულისადმი მორჩილება საუკუნო სასუფეველში შესვლის მთავარი პირობაა; პირობა, რომლის შესრულებასაც ადამისგან მის დაცემამდე ითხოვდნენ. უფალი დღესაც იმას ითხოვს ჩვენგან, რასაც სამოთხის ბაღში მყოფი ადამიანისაგან ითხოვდა: სრულ მორჩილებასა და უმწიკვლობას. მოთხოვნები ახალი აღთქმის მადლისა ისეთივე ყოვლისმომცველია, როგორც ედემის ბაღში იყო: სრული თანხმობა უფლის წმიდა, სამართლიან და კეთილ რჯულთან.ქი 170.7

    მაცხოვრის სიტყვებზე: “დაიცავი მცნებები”, ჭაბუკს ებადება კითხვა: “რომლები?” რადგან ეგონა, რომ საუბარი მხოლოდ ცერემონიალური წესების აღსრულებაზე იყო. ქრისტე კი სინაის მთაზე მოცემულ რჯულს გულისხმობდა. მან ჩამოთვალა მეორე ფიქალის რამდენიმე მცნება, შემდეგ კი მთელი რჯული ერთ პრინციპში გააერთიანა: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.ქი 171.1

    “მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?” - უყოყმანოდ პასუხობს ჭაბუკი. მას ჯერ კიდევ საკმაოდ ზედაპირული, ზერელე წარმოდგენა ჰქონდა რჯულის შესახებ. ადამიანთა თვალსაზრისით, მას უნაკლო ხასიათი ჰქონდა; გარეგნულად მისი ცხოვრება უცოდველი ჩანდა; თავად მას კი გულწრფელად სჯეროდა, რომ უფლის რჯულის უზადო აღმსრულებელი და მორჩილი იყო. და მაინც, გულის სიღრმეში იდუმალი შიში ჰქონდა იმისა, რომ არსებობდა რაღაც ბზარი მის სულიერ ურთიერთობაში ღმერთთან. სწორედ ამით იყო გამოწვეული მისი შეკითხვა: “რაღა მაკლია კიდევ?”ქი 171.2

    “თუ გინდა, სრულყოფილი იყო, - პასუხობს ქრისტე, - წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”. “ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა”.ქი 171.3

    ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, უფლის ყველა მცნებას არღვევს. მაცხოვარმა ჭაბუკს ეს გამოცდა სწორედ იმიტომ მოუწყო, რომ მის გულში დაფარული ეგოიზმი გამოემზეურებინა და მისთვის მის ხასიათში არსებული ცოდვის ლაქა ეჩვენებინა. ჭაბუკისათვის საკმარისი იყო ის, რაც გააჩნდა და საკუთარი სულის შემდგომი სრულყოფისათვის აღარც იღვწოდა. მას გულში ჰყავდა კერპი, რომელსაც ეთაყვანებოდა. მისი ღმერთი ამქვეყნიური სიმდიდრე და ქონება იყო. მას ეგონა, რომ იცავდა ღვთის მცნებებს, მაგრამ აკლდა ის მყარი პრინციპები, რომლებიც მთელი რჯულის სულსა და გულს წარმოადგენს. არ იყო მასში ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოყვასის მიმართ. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ აკლდა სხვა დანარჩენიც, რაც აუცილებელია ღვთის სასუფეველში შესვლისათვის. ამქვეყნიური სიმდიდრის სიყვარულისა და ეგოიზმის გამო მან ვერ შეიგნო და გაითავისა ზეცის ჰარმონიული პრინციპები.ქი 171.4

    როდესაც ეს მდიდარი ჭაბუკი ქრისტესთან მივიდა, მოხიბლა მაცხოვარი თავისი გულწრფელობითა და მოშურნეობით. “იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა”. მაცხოვარმა მასში მისი ღვთიური ჭეშმარიტების შესაძლო მქადაგებელი დაინახა. იგი მზად იყო, მოწაფედ მიეღო ეს გონიერი, კეთილშობილი ახალგაზრდა ისევე, როგორც ღარიბი მეთევზეები, რომლებიც გაჰყვნენ კიდეც. ამ მდიდარ ჭაბუკს მთელი თავისი ნიჭი და შესაძლებლობანი ადამიანთა გადარჩენის საქმისათვის რომ შეეწირა, ქრისტეს ერთგული და მისი საქმის მოშურნე, ბეჯითი შემსრულებელი გახდებოდა.ქი 171.5

    მაგრამ თავდაპირველად მას უნდა მიეღო პირობა, რომლითაც იგი მაცხოვრის მოწაფე გახდებოდა: მთლიანად უნდა მიეძღვნა თავი ქრისტესთვის. პირველივე მოწოდებისას იოანემ, პეტრემ, მათემ და მათმა მეგობრებმა მიატოვეს ყოველივე და უფალს გაჰყვნენ (ლუკ. 5:28). იმასვე ითხოვდნენ ამ მდიდარი ჭაბუკისაგან. ქრისტე ხომ იმაზე მეტ მსხვერპლს არ თხოულობდა, ვიდრე თავად გაიღო. “იგი, თუმცა მდიდარი იყო, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით” (2კორ. 8:9). ჭაბუკი მოწოდებისთანავე უნდა გაჰყოლოდა მაცხოვარს.ქი 171.6

    ო, როგორ სურდა მაცხოვარს მისი სულის შენარჩუნება! როგორ უნდოდა, გაეგზავნა იგი ადამიანებთან მათივე კურთხევისათვის! იმის სანაცვლოდ, რაც ჭაბუკს უნდა გაეწირა, ქრისტე თავისთან თანამშრომლობის უპირატესობას სთავაზობდა. “გამომყევი”, - უთხრა მან. ასეთ საპატიო წინადადებას სიხარულით შეხვდნენ პეტრე, იაკობი და იოანე. ეს ჭაბუკიც აღტაცებული იყო მაცხოვრით. გულიც მისკენ ეწეოდა, მაგრამ არ იყო მზად ისეთი მსხვერპლის გაღებისათვის, მაცხოვარმა რომ მიუთითა. და მან უფლის ძეს თავისი სიმდიდრე არჩია. მას მართლაც სურდა საუკუნო სიცოცხლეში შესვლა, მაგრამ ვერ დაიტია მისმა სულმა ის უანგარო სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტი სიცოცხლეა და დაღონებული გაშორდა მაცხოვარს.ქი 171.7

    ამის შემდეგ ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: “ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა”. ამის გაგონებაზე დიდად განცვიფრდნენ მოწაფეები. მათ ხომ ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ სიმდიდრე - ეს ზეცის წყალობაა; მესიის სასუფევლის დადგომისას ისინი თავად ელოდნენ ამქვეყნიური ხელმწიფებისა და სიმდიდრის მოპოვებას; და, თუკი ამ სასუფეველში შესვლა მდიდრებსაც გაუძნელდებათ, მაშ, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ დანარჩენთ?ქი 172.1

    “იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს”. მხოლოდ ახლა მიხვდნენ მოწაფეები, რომ ეს გაფრთხილება მათაც ეხებოდათ. მაცხოვრის სიტყვებმა ნათელი მოჰფინა მათს იდუმალ სწრაფვას ხელმწიფებისა და სიმდიდრისაკენ. და შიშით წარმოთქვეს: “ვისღა შეუძლია გადარჩენა?”ქი 172.2

    “შეხედა მათ იესომ და თქვა: ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია”.ქი 172.3

    მდიდარი კაცი თავისთავად ვერ შევა ზეციურ სასუფეველში. სიმდიდრე არ ანიჭებს მას წმიდათა სამკვიდრებლის მიღების უფლებას. უფლის ქალაქში შესვლა ჩვენ მიერ დაუმსახურებელი, მაგრამ ქრისტეში ბოძებული მადლითა და წყალობითაა შესაძლებელი.ქი 172.4

    სულიწმიდის სიტყვები: “თქვენს თავს არ ეკუთვნით, ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი” (1კორ. 6:19,20), მხოლოდ ღარიბთა მისამართით როდია ნათქვამი, იგი თანაბრად ეხება მდიდრებსაც და საწყლებსაც. და, როცა ადამიანები ღრმად შეიგნებენ ამ ჭეშმარიტებას, უმალ მიხვდებიან, რომ სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა მათ მიანდო, უფლის მითითების თანახმად, დაღუპულთა გადასარჩენად, ღარიბთა და გაჭირვებულთა დასახმარებლად უნდა გამოიყენონ. ადამიანს კი ამის გაკეთება არ შეუძლია, ვინაიდან მისი გული მიწიერ განძსაა მიჯაჭვული. ადამიანი, რომელიც მამონას სამსახურსაა მიჩვეული, ყრუა სხვისი გაჭირვების მიმართ. უფალთან ერთად კი ყოველივე შესაძლებელია. შეიცნობს რა ქრისტეს უსაზღვრო სიყვარულს, გული ეგოიზმისაგან თავისუფლდება და მორჩილი ხდება. მდიდარი ჭაბუკი კი, ალბათ, ფარისეველი სავლეს მსგავსად მივა იმ ზღვრამდე, როდესაც იტყვის: “რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისათვის” (ფილიპ. 3:7,8). მაშინ იგი მიხვდება, რომ მისი ქონება მისი საკუთრება არ არის და გაიხარებს, რადგან ეცოდინება, იგი მხოლოდ მნეა უფლის ურიცხვი მადლისა და მსახურია ქრისტესი ყოველი ადამიანისათვის.ქი 172.5

    პეტრე პირველი გამოერკვა მაცხოვრის სიტყვით გამოწვეული შთაბეჭდილებისაგან და კმაყოფილებით გაიფიქრა, რომ მან და მისმა ძმებმა ყველაფერი გაიღეს ქრისტეს გულისათვის. “აჰა, - თქვა მან, - ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით. რა გვექნება?” გაახსენდა პეტრეს, თუ რას დაპირდა იესო მდიდარ ჭაბუკს, თუკი ის მას გაჰყვებოდა: “გექნება საუნჯე ზეცაში” და ჰკითხა, თუ რა ჯილდოს მიიღებდნენ ის და მისი მეგობრები ამ შემთხვევაში.ქი 172.6

    მაცხოვრის პასუხმა საოცრად ააღელვა ეს გალილეველი მეთევზეები. მათ ოცნებაც კი არ შეეძლოთ იმ დიდებასა და პატივზე, რომელიც მომავალში ელოდათ. “ჭეშმარიტად გეუბნებით, - მიუგო მან, - რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად”. და დაუმატა: “არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე”.ქი 172.7

    პეტრეს შეკითხვამ: “რა გვექნება?” ნათელი მოჰფინა ქრისტეს მოწაფეთა გულში დაფარულ სურვილებს, რომელნიც დროზე რომ არ აღმოფხვრილიყო, დიდად შეუშლიდათ ხელს მსახურებაში და ვერც ქრისტეს მაცნენი გახდებოდნენ, ვინაიდან ეს დაქირავებული მონის სულია და არა თავისუფალი მსახურისა. მართალია, ისინი ქრისტეს სიყვარულით იყვნენ დატყვევებული, მაგრამ ფარისევლური სულისაგან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულიყვნენ. ისინი ჯერ კიდევ მუყაითი მსახურებისათვის კუთვნილი საზღაურისათვის შრომობდნენ. მათთვის ჯერ კიდევ უცხო არ იყო თვითკმაყოფილებისა და თვითგანდიდების სული; ფარულად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და თუკი რომელიმე მათგანი რაიმეში შეცდებოდა, სხვები მასზე უპირატესობას გრძნობდნენ.ქი 173.1

    იმისათვის, რომ სახარების პრინციპების არსი არ დაეკარგათ, ქრისტე მოწაფეებს უყვება იგავს, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ექცევა უფალი თავის მსახურთ და ნაჩვენებია სული, რომელიც, უზენაესის სურვილისამებრ, უნდა ჰქონდეთ მათ.ქი 173.2

    “ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს - სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად”. იმ დროის წესისამებრ, სამუშაოს მძებნელი ადამიანები ბაზრის მოედნებზე იკრიბებოდნენ; იქვე მიდიოდნენ დამქირავებელნი მუშების მოსაძებნად. იგავში ნათქვამია, რომ ვენახის პატრონი დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიდიოდა მუშების დასაქირავებლად. დილაადრიან დაქირავებული მუშები მზად იყვნენ, ემუშავათ მთელი დღე მორიგებული ფასის თანახმად. მოგვიანებით დაქირავებულებსაც, შეთანხმების თანახმად, ის საფასური უნდა მიეღოთ, რასაც პატრონი დაჰპირდათ.ქი 173.3

    “რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს”.ქი 173.4

    დამქირავებელი, რომელმაც თავის ვენახში მომუშავეთ ანგარიში გაუსწორა, ამ იგავში განასახიერებს ღმერთს, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ადამიანთა ოჯახთან. ეს ურთიერთდამოკიდებულება დიდად განსხვავდება ადამიანთა ჩვეულებრივი წესებისაგან. ამ წუთისოფელში შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით ხდება: მუშა ღებულობს ზუსტად იმას, რაც გამოიმუშავა. იგავში კი ქრისტე ნათლად გვიჩვენებს, არა ამ ქვეყნის, არამედ თავისი სასუფევლის პრინციპებს, რომლებიც ამქვეყნიური დადგენილებებით არ იმართება. უფალი ამბობს: “ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის!.. რადგან როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები - თქვენს ზრახვებზე” (ეს. 55:8,9).ქი 173.5

    იგავში ნათქვამია, რომ პირველი, დილაადრიან დაქირავებული მუშები დათანხმდნენ გარკვეულ საზღაურზე და დღის ბოლოს ზუსტად მიიღეს კიდეც შეპირებული - არც მეტი, არც ნაკლები. მოგვიანებით დაქირავებულნი კი ენდნენ ვენახის პატრონის სიტყვას: “რაც გერგებათ, მოგცემთო” და არც რაიმე უკითხავთ გასამრჯელოს რაოდენობაზე, რითაც პატრონისადმი სრული ნდობა გამოხატეს; ირწმუნეს მისი სამართლიანობა და მიუკერძოებლობა და მიიღეს კიდეც ამის საზღაური არა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არამედ პატრონის გულუხვობის წყალობით.ქი 173.6

    უფლის სურვილია, ჩვენც ასევე მივენდოთ მას, ჩვენს ღმერთს, რომელიც უღირსსაც ამართლებს. იგი გვიზღავს არა ზუსტად ჩვენი დამსახურების მიხედვით, არამედ მისი საკუთარი თვალსაზრისის თანახმად, “მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში” (ეფეს. 3:11). “მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით” (ტიტ. 3:5). ხოლო მისთვის, ვინც უფალს სრულად მიენდობა, იგი განუზომლად უფრო მეტს გააკეთებს, “ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ” (ეფეს. 3:20).ქი 173.7

    უფლისათვის გაწეული ჩვენი შრომის საფასური უფლის მიერ ფასდება არა შესრულებულ საქმეთა რაოდენობით ან მისი აშკარა შედეგით, არამედ იმით, თუ როგორი სულისკვეთებით ვასრულებთ მას. ის, ვინც ვენახში თერთმეტ საათზე მოვიდა, გახარებული იყო იმით, რომ სამუშაო მიეცა და დიდად მადლიერი - დამქირავებლის მიმართ. და ძლიერ გაუკვირდა, როცა დღის ბოლოს პატრონმა მთელი დღის საფასური გადაუხადა, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ ასეთი გასამრჯელო არ დაუმსახურებია. ვენახის პატრონის გულუხვობამ და სიკეთემ სიხარულით აავსო მათი გული. ისინი არასოდეს დაივიწყებენ ასეთ საზღაურს თავისი შრომისათვის. ასევეა ის ცოდვილიც, რომელიც თერთმეტ საათზე შედის პატრონის ვენახში; მას კარგად ესმის, რომ ღირსი არ არის ასეთი წყალობისა და რომ არც ასეთი გასამრჯელო დაუმსახურებია. თავისი საქმიანობის დრო მას იმდენად მცირედ ეჩვენება, რომ გრძნობს: არავითარი მნიშვნელოვანი გასამრჯელო არ დაუმსახურებია; მაგრამ დიდ სიხარულს შეუპყრია იმის გამო, რომ უფალმა საერთოდ მიიღო იგი; მორჩილად, მთელი ნდობით მუშაობს და მადლიერია იმ უპირატესობისა და პატივისათვის, რომელსაც ქრისტეს თანამსახურება ჰქვია და რომელიც მას ხვდა წილად.ქი 174.1

    უფლის სურვილია, ვიყოთ მისი თანამსახურნი ისე, რომ კუთვნილი გასამრჯელო არ გვაინტერესებდეს. როცა ჩვენს გულში ქრისტე შემოდის, საზღაურზე ფიქრი არ უნდა იყოს მთავარი. გასამრჯელო არ არის ჩვენი მსახურების მამოძრავებელი ძალა და მიზანი. რა თქმა უნდა, ჩვენ, გარკვეულწილად, მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლის მიერ ბოძებული გასამრჯელოს მიღების შესაძლებლობის გამო და მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. უფალს სურს, შეგვეძლოს მის მიერ აღთქმული კურთხევის დაფასება, მაგრამ არ სურს, რომ მხოლოდ გასამრჯელოსათვის ვიღვწოდეთ და ყოველი საქმის შესრულებისათვის ჯილდოს ვითხოვდეთ. ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს არა გასამრჯელო, არამედ ყოველი მართალი საქმის კეთება, ანაზღაურების მიუხედავად. ჩვენი ყოველი მოქმედების მთავარი მოტივი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სიყვარული უფლისა და მოყვასისადმი.ქი 174.2

    ეს იგავი არ ამართლებს მათ, ვინც პირველმა გაიგონა მოწოდება მსახურებისათვის, მაგრამ არ წავიდა უფლის ვენახში. როდესაც მეპატრონე თერთმეტ საათზე გავიდა უმუშევართა შეკრების ადგილას და იქ უქმად მდგომი ხალხი იხილა, უთხრა მათ: “რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?” მათ კი უპასუხეს: “იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა”. არც ერთი მათგანი, ვინც მოგვიანებით დაიქირავეს, არ იყო დილით ამ მოედანზე. ამიტომ ვერ გაიგონეს დილის მოწოდება, თორემ მუშაობა ყოველ მათგანს სურდა. ხშირად ადამიანები თავიდანვე არ პასუხობენ მოწოდებას და არ მონაწილეობენ უფლის მსახურების საქმეებში, მოგვიანებით კი ნანობენ თავის საქციელს და გონს მოდიან. რა თქმა უნდა, ისინი სწორად იქცევიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი წყალობის უარყოფა და მოწოდების გულგრილად მიღება მეტად საშიში რამ არის.ქი 174.3

    როცა ვენახში მომუშავეთ “თითო დინარი” დაურიგეს, პირველნი დიდად განაწყენდნენ. განა თორმეტი საათი არ მოვანდომეთ აქ მუშაობას? - ამბობდნენ ისინი, - განა სამართლიანად არ უნდა მიგვეღო მათზე მეტი, ვინც მხოლოდ ერთი საათი იმუშავა დღის სიგრილეში? ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს: “ამ უკანასკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ”.ქი 174.4

    “მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? კქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?”ქი 174.5

    “ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.ქი 175.1

    ამ იგავის პირველი მსახურნი წარმოადგენენ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც თავისი თითქოსდა განსაკუთრებული მსახურების გამო პირველობაზე აცხადებენ პრეტენზიას და სურთ, სხვებისაგან გამოირჩეოდნენ. ისინი თავიანთ მსახურებას თვითგანმტკიცების შესაძლებლობად მიიჩნევენ და სულაც არ ზრუნავენ საკუთარ თავში თავდადებისა და თვითშეწირვის სულის აღორძინებისათვის. შესაძლოა, ისინი მართლაც ერთგულად ემსახურებიან უფალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში; შესაძლოა, მათ მართლაც უფრო მეტი სიძნელე, განსაცდელი და უბედურება დაითმინეს, რის გამოც თითქოს აქვთ კიდეც უფლება, იფიქრონ, რომ მეტი გასამრჯელო ეკუთვნით. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი საზღაურზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე იმ უპირატესობასა და პატივზე, რომლებიც მათ ერგოთ, როგორც ქრისტეს მსახურთ. და ჰგონიათ, რომ მათ მიერ გაწეული შრომა და თავდადება უფლებას აძლევთ, სხვებზე მაღლა იდგნენ. და განაწყენებული რჩებიან იმის გამო, რომ სათანადო აღიარება არა აქვთ. სინამდვილეში, ისინი რომ სიყვარულისა და ნდობის სულით იღვწოდნენ, მართლაც პირველნი იქნებოდნენ. მაგრამ მათი მუდმივი ბუზღუნი და უკმაყოფილება, რაც ნამდვილად არაქრისტიანული სულის მაჩვენებელია, ამხილებს მათ, როგორც არასაიმედო მსახურთ. უკმაყოფილების ასეთი გამოხატვა ამხილებს მათს იდუმალ სწრაფვას თვითგანდიდებისაკენ, ღვთისადმი უნდობლობას, თანამოძმეთა მიმართ ეჭვსა და შურს. სიყვარული, სიკეთე და უხვი გულმოწყალება, რომელსაც მაცხოვარი სხვების მიმართაც ავლენს, მათი მუდმივი უკმაყოფილების საბაბია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მათსა და ღმერთს შორის არ არსებობს ცოცხალი, ახლო ურთიერთობა; რომ მათ არ შეუცნიათ შემოქმედთან ჭეშმარიტი თანამსახურების ნამდვილი სიხარული.ქი 175.2

    არაფერია იმაზე შეურაცხმყოფელი უფლისათვის, ვიდრე ასეთი ანგარებიანი, ეგოიზმით აღსავსე სული. შემოქმედს არ ძალუძს ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ისინი ვერ გრძნობენ სულიწმიდის ზემოქმედების ძალას.ქი 175.3

    პირველი წვეულნი უფლის ვენახისა ებრაელები იყვნენ, რითაც ისინი ასე ამაყობდნენ. ისინი თავს ღვთის რჩეულ, განსაკუთრებულ, წმიდა ერად თვლიდნენ და ეგონათ, რომ უფლისადმი წლობით მსახურების გამო სხვებზე მაღლა დგანან და სხვებზე მეტი გასამრჯელო დაიმსახურეს. იუდეველთათვის სრულიად მიუღებელი იყო ის აზრი, რომ წარმართნიც იგივე უპირატესობით სარგებლობდნენ უფლის საქმეში.ქი 175.4

    ქრისტემ გააფრთხილა თავისი მოწაფენი, რომელთაც პირველთ მოუწოდა, მეტოქეობის სულის მათ შორის შესაძლო არსებობის შესახებ. იგი ხედავდა, რომ საკუთარი სიმართლის გამო უპირატესობის შეგრძნება დამანგრეველი და დამღუპველი იქნებოდა ეკლესიისათვის. ადამიანები იფიქრებდნენ, რომ საკუთარი დამსახურებით შეძლებდნენ ზეციურ სასუფეველში შესვლას და როცა რაღაც მნიშვნელოვან საქმეში საკუთარ ინიციატივას გამოავლენენ, უფალი უბრალოდ დახმარებას გაუწევს მათ. ამგვარად, ისინი უფრო მეტად დაეყრდნობოდნენ საკუთარ ძალისხმევას და არა ქრისტეს. ბევრი ადამიანი ღვთისმსახურებაში რაღაც მცირე ძალისხმევის გამოჩენისთანავე ყოყოჩობს და წარმოიდგენს, რომ სხვებზე მაღლა დგას. მათ უყვართ, როცა აქებენ და შური და ეჭვი ახრჩობთ, როცა მათს საქმიანობას სათანადოდ არ აფასებენ. სწორედ ასეთ საშიშროებაზე მიუთითებს მაცხოვარი თავის მოწაფეთ ამ იგავში.ქი 175.5

    ამაოა ყოველგვარი კვეხნა და ტრაბახი საკუთარი დამსახურების გამო. “თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმით შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” (იერ. 9:23,24).ქი 175.6

    საზღაური არავის ეძლევა დამსახურებისამებრ. იგი უფლის მადლია და ადამიანებს არაფერი აქვთ სატრაბახო. “რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ზინაიდან, რას ამბობს წერილი? “ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას”. მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. მაგრამ არა მოქმედს, რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უღვთოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ” (რომ. 4:1-5).ქი 175.7

    ამიტომ არავის აქვს საბაბი საკუთარი თავის სხვებისაგან გამორჩევისა და კვეხნისა ან შურისა. არავინ სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით, არავინ დგას გამორჩეულად სხვებზე მაღლა და ვერავინ იტყვის, რომ გასამრჯელო დაიმსახურა.ქი 176.1

    პირველიც და უკანასკნელიც გაიზიარებენ უდიდეს მარადიულ ჯილდოს და პირველი სიხარულით უნდა შეხვდეს უკანასკნელს. მას, ვისაც სხვისი გასამრჯელო შურს, ავიწყდება, რომ თავად მადლითაა გადარჩენილი. იგავი ვენახში მომუშავეთა შესახებ კიცხავს ნებისმიერ ეჭვსა და შურს. სიყვარული მხოლოდ ჭეშმარიტებაში ხარობს; უცხოა მისთვის მეტოქეობა. ის, ვისაც სიყვარული გააჩნია, აღიარებს საკუთარი ხასიათის არასრულყოფილებას და მხოლოდ ქრისტეს ძლიერებას უსვამს ხაზს.ქი 176.2

    ეს იგავი გაფრთხილებაა ქრისტეს ყოველი მსახურისათვის, მიუხედავად მისი მსახურების ხანგრძლივობისა და შრომის მნიშვნელობისა. იგი გვასწავლის, რომ თანამოძმეთა სიყვარულისა და უფლისადმი მორჩილების გარეშე ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ივითგანდიდება და ჭეშმარიტი რელიგიის პრინციპები ძლიერ შორს არიან ერთურთისაგან. ტაკუთარი “მე”-ს განდიდების მსურველი მალე დაკარგავს იმ მადლს, რომელსაც ერთადერთს შეუძლია, ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურად აქციოს იგი. იქ, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნობასა და თვითგანდიდებისაკენ სწრაფვას, საქმე არ კეთდება.ქი 176.3

    ჩვენს მსახურებას უფალი ღებულობს არა შრომის ხანგრძლივობის საფუძველზე, არამედ ჩვენი ერთგულებისა და მსახურებისათვის მზადყოფნის გამო. ჭეშმარიტი მსახურება უფლისადმი სრულ მიძღვნას გულისხმობს. უფალი ღმერთი სულ მცირე მოვალეობის გულწრფელად, თავდადებითა და ერთგულად შესრულებას უფრო იწონებს, ვიდრე დიდ, მნიშვნელოვან საქმეს, თვითგანდიდების სულისკვეთებით დაჩრდილულს. მას სურს, ჩვენს მსახურებაში იხილოს ქრისტეს სული და მის ხასიათთან მსგავსება. იგი აფასებს არა იმდენად შესრულებული საქმის მოცულობას, არამედ ამ მსახურებისას გამოვლენილ ქრისტიანულ სიყვარულსა და ერთგულებას.ქი 176.4

    როცა ჩვენში აღარ იარსებებს ეგოიზმი და სწრაფვა უპირატესობისაკენ, როცა გული მადლიერებით ივსება და ჩვენს ცხოვრებას სიყვარულის სურნელი გასდევს, - მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქრისტე საბოლოოდ შემოვიდა ჩვენს სულში და რომ ჭეშმარიტად ღვთის თანამშრომელნი ვართ.ქი 176.5

    რა მძიმეც არ უნდა იყოს შრომა უფლისათვის, ქრისტეს ჭეშმარიტი მსახური არასოდეს ჩათვლის მას მძიმე ტვირთად. იგი მზადაა მსახურებისათვის და, მიუხედავად სიძნელეებისა, სიხარულით შრომობს. ესაა სიხარული უფალში, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ვლინდება. სიხარული იმისა, რომ “ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე” (იოან. 4:34). ჩვენ დიდების უფალთან ვთანამშრომლობთ. ამაზე ფიქრი კი შეგვიმსუბუქებს ყველა გასაჭირს, გაგვაძლიერებს, განამტკიცებს სულს და მომავალში ყოველგვარ გასაჭირს დაგვათმენინებს. ქრისტეს ტანჯვების მოზიარეობით გაკეთილშობილებული, მორჩილი გულით მსახურება და უფლის საქმეებში სიბეჯითის გამოჩენა ხელს უწყობს სიძნელეების გადალახვას და პატივსა და დიდებას მატებს უზენაესის წმიდა სახელს.ქი 176.6

    ასეთია ღვთის ყოველგვარი მსახურების ჭეშმარიტი სული. ამ სულის გარეშე ხშირად პირველნი უკანასკნელნი ხდებიან; მისი მქონენი კი, რომლებიც, ხალხის აზრით, უკანასკნელნი არიან, - პირველნი.ქი 176.7

    მრავლად არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც სრულად მიუძღვნეს თავი ქრისტეს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი საქმეების ან რაიმე დიდი მსხვერპლის გაღების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ უფლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოწამებრივი ცხოვრება და ზეციური წიგნების სიაში პირველი ყოველთვის ის მსახურება როდი იწერება, რომელიც მუდმივ ხიფათთანაა დაკავშირებული, როგორც ეს ზოგიერთი მისიონერის ცხოვრებაში ხდება. უბრალო, რიგითი ქრისტიანი, რომელიც ყოველდღიურად თავის პირად ცხოვრებას უფალს უძღვნის; წმიდა ფიქრები და მიზნები ამოძრავებს და ნებისმიერ ვითარებაში მუდამ ქრისტიანულ სიმშვიდეს ინარჩუნებს; აქვს მტკიცე რწმენა, მცირედშიც კი უფლის ერთგულია და ოჯახურ გარემოცვაშიც ქრისტიანულ ხასიათს ავლენს, - შესაძლოა, უფლის თვალში უფრო ღირსეული და ძვირფასი აღმოჩნდეს, ვიდრე საზოგადოების მიერ აღიარებული რომელიმე მისიონერი ან მოწამე.ქი 176.8

    რა დიდი სხვაობაა ღმერთისა და ადამიანის იმ კრიტერიუმებსა და საზომებს შორის, რომლითაც ადამიანის ხასიათი ფასდება. უფალი ღმერთი ადამიანში ბევრ ისეთ ცდუნებას ხედავს, რომელზედაც წარმოდგენა არა აქვს არც მის უახლოეს მეგობრებს და არც საზოგადოებას; ცდუნებას, რომელიც მას ყოველ ნაბიჯზე უსაფრდება - სახლშიც და საკუთარ გულშიც. უფალი ხედავს ადამიანის მორჩილ სულს, საკუთარი უმწეობით დაუძლურებულს; ხედავს მის გულწრფელ სინანულს თავისი ცოდვილი ფიქრებისა და ნაკლის გამო; იგი ხედავს ადამიანის წრფელ მსახურებას, იცის მისი საკუთარ ეგოიზმთან ფარული ბრძოლის ყოველი წუთი; ბრძოლისა, საიდანაც მაცხოვარი გამარჯვებული გამოვიდა. ყოველივე ეს იციან ღმერთმა და ანგელოზებმა. ზეციური წიგნები ღვთის მოშიშთა და უზენაესის წმიდა სახელის მადიდებელთა შესახებ ყოვლადძლიერის თვალწინ იწერება.ქი 177.1

    ჩვენი წარმატების საიდუმლო არ მდგომარეობს არც ჩვენს განათლებაში, არც თანამდებობაში, არც ჩვენს ძალასა და ტალანტებში და არც ადამიანის ნებისყოფაში. ჩვენ ვიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც შევიცნობთ საკუთარ უძლურებას და მთელი ჩვენი არსებითა და გონებით დახმარებას ვთხოვთ ქრისტეს, ყველაზე ბრძენსა და ყველაზე ძლიერს.ქი 177.2

    და, რა უმნიშვნელოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენი მოკრძალებული მსახურება, თუკი უბრალოდ, რწმენით გავყვებით მაცხოვარს, იმედი არასოდეს გაგვიცრუვდება და ღირსეულ გასამრჯელოსაც მივიღებთ. ის, რაც, შესაძლოა, საქვეყნოდ აღიარებულმა, ცნობილმა და ბრძენმა ადამიანებმა ვერ დაიმკვიდრონ, ყველაზე სუსტსა და თავმდაბალს მიეცემა. ზეცის მარადიული ოქროს კარიბჭე ამაყი, პატივმოყვარე და ეგოისტი ადამიანების წინაშე როდი გაიხსნება, არამედ ყრმის სუსტი ხელის მოკრძალებული შეხებით გაიღება. კურთხეულ იქნება მადლის საზღაური მათთვის, ვინც რწმენითა და უანგარო სიყვარულით ემსახურება უფალ ღმერთს.ქი 177.3