Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 7 - “წააგავს საფუარს”

    მათ. 13:33; ლუკ. 13:20,21

    მრავალი განათლებული და გავლენიანი პირი მოდიოდა გალილეველი წინასწარმეტყველის მოსასმენად. ბევრი მათგანი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა ზღვის ნაპირას ქრისტეს ირგვლივ შეკრებილ ხალხს. ამ უზარმაზარ ბრბოს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი შერეოდა. აქ ნახავდით ღარიბს, გაუნათლებელს, ძონძებში გახვეულ მათხოვარს, მძარცველს, რომელსაც სახეზე ეწერა თავისი ნამოქმედარი, ხეიბარს, დამცირებულს, ვაჭარს და უსაქმურს, საზოგადოების მაღალი თუ დაბალი ფენის წარმომადგენელს, მდიდარსა თუ ღარიბს - ყველა ერთმანეთში არეულიყო და ქრისტესთან მიახლოებას ცდილობდა, რათა უკეთ მოესმინა მისი სიტყვა. სხვა განათლებული ხალხი ამ უცნაური შეკრების დანახვაზე განცვიფრებით ამბობდა: ნუთუ ასეთი ადამიანები იცხოვრებენ ცათა სასუფეველში? მაცხოვარი კი კვლავ იგავებით პასუხობდა:ქი 34.2

    “ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა”.ქი 34.3

    იუდეველნი საფუარს ხშირად ცოდვის სიმბოლოდ იყენებდნენ. პასექის დღესასწაულზე მათ სახლიდან ყოველგვარი საფუარი უნდა გაეტანათ, რაც მათი გულის ცოდვისაგან განწმედის ნიშანი იყო. ქრისტეც აფრთხილებდა თავის მოწაფეთ: “მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა” (ლუკ. 12:1). პავლე მოციქული კი გვესაუბრება “ბოროტებისა და უკეთურების” საფუარზე (1კორ. 5:8). მაგრამ მაცხოვრის იგავში, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, საფუარი, როგორც სიმბოლო, სულ სხვა მნიშვნელობითაა გამოყენებული. აქ იგი ღვთის სასუფეველს წააგავს და ყოველგვარი გარდაქმნის დამაჩქარებელი და ღვთის მადლით გამაერთიანებელი ფუნქცია აკისრია.ქი 34.4

    მთელი დედამიწის ზურგზე არავინაა იმდენად დაცემული და იმდენად მანკიერი, რომ ამ ძალამ მისი განწმედა ვერ შეძლოს. ყოველი მორწმუნის გულში, რომელიც ღიაა ღვთის წმიდა სულისათვის, ჩაიბეჭდება ცხოვრების ახალი პრინციპი; ადამიანში აღდგენილ იქნება დაკარგული ღვთის ხატება.ქი 34.5

    მაგრამ ადამიანს თავად არ ძალუძს თავისი სურვილით საკუთარი თავის გარდაქმნა; არა აქვს ძალა, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლიდა. მოსამზადებელ საჭმელში სასურველი ცვლილების მისაღწევად მისი გარდამქმნელი საფუარი უნდა ჩაიდოს. ასევეა ცოდვილიც: იგი რომ დიდების სასუფევლისათვის გამოსადეგ პიროვნებად იქცეს, ღვთის მადლი უნდა მიიღოს. ვერავითარი ამქვეყნიური განათლება, ვერავითარი კულტურა და წუთისოფელში მიღებული აღზრდა ვერ შეძლებს, ცოდვის შვილი ზეციური სამეფოს შვილად აქციოს. ადამიანის გარდამქმნელი ენერგია მხოლოდ უფლისაგან მოდის. მასში სასურველი ცვლილებების მოხდენა მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია. გადარჩენის ყოველი მსურველი - საზოგადოების მაღალი თუ დაბალი ფენის წარმომადგენელი, ღარიბი თუ მდიდარი - მხოლოდ ამ საოცარ გარდამქმნელ ძალას უნდა დაემორჩილოს.ქი 34.6

    როგორც საკვებში ჩადებული საფუარი ჯერ შიგნიდან მოქმედებს, შემდეგ კი გარედან შეიმჩნევა, ასევეა ქრისტეს მადლიც, რომელიც ჯერ ადამიანის გულს გარდაქმნის, შემდეგ კი მთელ მის ცხოვრებას. მხოლოდ გარეგნული ცვლილება ვერ მოგვიტანს ღმერთთან თანხმობას. ბევრი საკუთარი თავის გარდაქმნას ხასიათის ამა თუ იმ თვისების აღმოფხვრით ცდილობს და ჰგონია, რომ ამით ქრისტიანი გახდება. მაგრამ ისინი იმით არ იწყებენ, რითაც უნდა დაიწყონ. უპირველეს ყოვლისა, გულის შეცვლაა საჭირო.ქი 35.1

    რწმენის სიტყვით აღიარება და ჭეშმარიტებით განწმედილი გულით ცხოვრება - ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა. ჭეშმარიტების უბრალოდ ცოდნა საკმარისი არაა. შეიძლება გვქონდეს ცოდნა, მაგრამ აზრთა მიმართულება ჩვენში უცვლელი დარჩეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გულის მოქცევა და განწმედაა.ქი 35.2

    ადამიანი, რომელიც უფლის მცნებებს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იცავს, ვერასოდეს იგრძნობს შემოქმედისადმი მორჩილებით გამოწვეულ სიხარულს. ამას კი დაუმორჩილებლობა ჰქვია. როდესაც უფლის მოთხოვნები მძიმე ტვირთად ითვლება, ვინაიდან იგი ხშირად ადამიანის სურვილს ეწინააღმდეგება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება. უფლისადმი ჭეშმარიტი მორჩილება ახალ შინაგან სულიერ საყრდენზე შენდება; უზენაესის რჯულისა და სიმართლისადმი სიყვარულზე აღმოცენდება. ჩვენი ჭეშმარიტი სიმართლის საფუძველი უფლისადმი ერთგულებაა. ეს კი სწორ ქცევაში დაგვეხმარება, რადგან ჩვენთვის უფლისადმი უსაზღვრო მადლიერებით მსახურება მართლაც ბედნიერებაა.ქი 35.3

    უდიდესი ჭეშმარიტება ადამიანის გულზე სულიწმიდის ზემოქმედების შესახებ გამოიხატა სიტყვებში, რომლითაც ქრისტემ ნიკოდემოსს მიმართა: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს… ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათმეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი” (იოან. 3:3-8).ქი 35.4

    პავლე მოციქული ღვთის წმიდა სულის შთაგონებით წერდა: “წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლითა ხართ დახსნილნი), და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში, რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია” (ეფეს. 2:4-8).ქი 35.5

    ცომში ჩადებული საფუარი დაფარულად მოქმედებს და თანდათანობით მთელ ცომს აღვივებს. ჭეშმარიტების საფუარიც ასევე შეუმჩნევლად, ჩუმად მოქმედებს, რასაც, საბოლოოდ, სულის განახლება მოჰყვება. სტიქიური სურვილები და გრძნობები მასში თანდათან სუსტდება და ადამიანი ახალ აზრებს, ახალ გრძნობებს და ახალ სურვილებს იძენს. სულში იღვიძებს ახალი იდეალი - ქრისტეს ცხოვრება. იცვლება ადამიანის გონებაც: იგი უკვე სხვაგვარად აზროვნებს და თავის შესაძლებლობებსაც სულ სხვაგვარი შრომისაკენ მიმართავს. ადამიანი არ იძენს ახალ ნიჭებს, არამედ ძველის განწმედა და აღორძინება ხდება. მასში სინდისი იღვიძებს; ხასიათში კი ჩნდება ახალი თვისებები, რომლებსაც იგი ღვთის სამსახურში იყენებს.ქი 35.6

    ხშირად ისმის კითხვა: რატომ არის, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც თავს ღვთის სიტყვის მორწმუნედ თვლის, ვერ ვამჩნევთ აქ აღწერილ ცვლილებას ვერც მის სიტყვებში, ვერც ხასიათში და ვერც სულში? რატომ არიან ასე მრავლად ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც მათი მისწრაფებებისა და გეგმების საწინააღმდეგო აზრს ვერაფრით ვერ ეგუებიან; რომლებიც დანაშაულებრივ მოუთმენლობას იჩენენ; რომლებიც უხეშად, მბრძანებლური ტონით საუბრობენ და რომლებსაც სიტყვაში ზომიერება დაკარგული აქვთ? მათში კვლავ ჭარბობს ანგარება, პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, მოუთმენლობა, სიფიცხე, დაუფიქრებელი მსჯელობა, რაც ამქვეყნიური ქაოსური ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი; იგივე მოჭარბებული სიამაყე, ცოდვილ ვნებათა ტყვეობაში ყოფნა, იგივე გაუკუღმართებული ხასიათი, თითქოსდა, ჭეშმარიტებას არასოდეს გასცნობიან. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები, სინამდვილეში, საერთოდ არ მოქცეულან. მათ არ შეუშვეს თავიანთ გულში ჭეშმარიტების საფუარი, ამიტომაც იგი მათს ბუნებრივ თუ შეძენილ მანკიერ თვისებებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ისინი ქრისტეს მადლის გარეშე ცხოვრობენ და არ სჯერათ მისი გარდამქმნელი ძალისა.ქი 35.7

    “რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან” (რომ. 10:17). წმიდა წერილები ხასიათის გარდაქმნის უდიდესი საშუალებაა. მაცხოვარი ლოცულობდა: “განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა” (იოან. 17:17). თუკი ღვთის სიტყვას ყურადღებით შევისწავლით და მის მოთხოვნებს დავემორჩილებით, იგი აუცილებლად შეცვლის ჩვენს გულს და მასში ჩაბუდებულ ყოველ მანკიერ თვისებას აღმოფხვრის. ადამიანის სინდისზე ზემოქმედების გზით სულიწმიდა ამხილებს ჩვენს ცოდვებს, რწმენა კი, რომელიც ქრისტეს სიყვარულით შემოდის და იზრდება ადამიანის გულში, მის ხატად გარდაქმნის ჩვენს ხორცსა და სულს. მხოლოდ მაშინ შეძლებს უფალი, გვაქციოს თავისი ნების აღმასრულებელ ინსტრუმენტად. ძალა, რომელიც მისგან გვებოძა, ჩვენი გულის სიღრმეში მოქმედებს, შემდეგ კი გარეგნულადაც მჟღავნდება და შეძენილი ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარების სურვილით გვავსებს.ქი 36.1

    ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებანი პასუხობს ადამიანის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საჭიროებას - სულის რწმენით მოქცევას. ნუ ვიფიქრებთ, რომ ამ ჭეშმარიტებებში ჩადებული წმიდა პრინციპებით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხელმძღვანელობა შეუძლებელია. ისინი ზეცისკენ, მარადიული სიცოცხლისაკენ მიმავალ გზას გვიჩვენებენ, მაგრამ მათი ცოცხალი ძალა ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაშიც უნდა გამოვიყენოთ.ქი 36.2

    ჭეშმარიტების საფუარი, რომელიც გულში შემოვუშვით, მართავს ჩვენს სურვილებს, ცვლის აზრებსა და ხასიათის თვისებებს; ამახვილებს გონებას, აძლიერებს ენერგიას და უნარს - გვიყვარდეს და თანავუგრძნოთ.ქი 36.3

    ღვთიური პრინციპების გამტარებელი ქრისტიანი საიდუმლოა წუთისოფლისათვის. ვგოისტი, განდიდებისა და მომხვეჭელობის ჟინით შეპყრობილი ადამიანი მხოლოდ სიმდიდრის, დიდებისა და ამქვეყნიური ტკბობისაკენ ისწრაფვის. მარადიულობას მისთვის აღარა აქვს რაიმე მნიშვნელობა. ქრისტიანებს კი ამქვეყნიური ფასეულობანი არ იზიდავს. ისინი ქრისტეს სახელის განსადიდებლად თავდადებით შრომობენ იმ იმედდაკარგულ ადამიანთა გადარჩენისათვის, რომელთაც ჯერ ვერ იპოვეს ქრისტესკენ მიმავალი გზა. ცოდვილი წუთისოფლისათვის იდუმალებითაა მოცული ასეთი ადამიანი, რომელსაც რეალობად მხოლოდ მარადიული ფასეულობანი მიაჩნია. მისი გული აღსავსეა ქრისტეს სიყვარულით. ეს სიყვარული ყველა სხვა სურვილს აბათილებს და უფლის ერთგული შვილი ცოდვის მორევში ჩაფლული წუთისოფლისაგან გამოჰყავს, რათა მის გამხრწნელ ზეგავლენას გამოარიდოს.ქი 36.4

    ღვთის სიტყვას აქვს ჩვენი ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულების განწმენდის უნარი. ჭეშმარიტების საფუარი არ ბადებს ჩვენში მოცილეობის, ამბიციურობისა და პირველობისაკენ სწრაფვის სულს. ჭეშმარიტი, ზეციური სიყვარული უცვლელია, მასში არ არის ეგოიზმი და შური. იგი არ საჭიროებს ადამიანისაგან ქებადიდებას. ღვთიური მადლით განწმედილი გული სავსეა ღვთისა და იმ ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულით, ვისთვისაც ქრისტე მოკვდა. ასეთი გულის მქონე ადამიანის “მე” არ ეძებს საყოველთაო აღიარებას. მას ადამიანები იმიტომ კი არ უყვარს, რომ იგი უყვართ, აქებენ ან მის ღირსებებს მაღალ შეფასებას აძლევენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს მადლით არიან გამოსყიდულნი. თუკი ასეთი ადამიანის სიტყვას ან მოქმედებას არასწორად იგებენ, მას არ სწყინს, არამედ ღირსეულად და მშვიდად განაგრძობს შრომას. იგი მუდამ კეთილი, მზრუნველი და თავმდაბალია, არ კარგავს უფლის მოწყალებისადმი ნდობას და იმედს.ქი 36.5

    მოციქული გვამცნობს: “თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან სწერია: იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე” (1პეტრ. 1:15,16). ქრისტეს მადლი შესაძლებლობას გვაძლევს, ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და საუბრის ტონი, როგორც თავად ქრისტე აკეთებდა. ღვთიური მადლის მოქმედება ერთურთის მიმართ თავაზიანობასა და კეთილგანწყობაში, ურთიერთპატივისცემასა და კეთილი სიტყვებით გამხნევებაში გამოვლინდება. ასეთ ატმოსფეროში მუდამ არიან ღვთის ანგელოზები. მაშინ ცხოვრება სავსე იქნება სურნელებით, რომელიც უფლის სასურველ საკმევლად იქცევა. სიყვარული სულგრძელობაში, სიკეთეში, მოთმინებასა და თავაზიანობაში ვლინდება.ქი 37.1

    ქრისტიანი გარეგნულადაც იცვლება. ღვთიური ნათელი აცისკროვნებს იმ ადამიანის სახეს, რომელიც ქრისტეს გულით ატარებს და სიყვარულით იცავს მის მცნებებს. ჭეშმარიტების ბეჭედი ადევს ასეთ სახეს. მის თვალებში სუფევს ზეციური სიმშვიდე და სიკეთე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანურ სიყვარულს მრავალჯერ აღემატება.ქი 37.2

    ჭეშმარიტების საფუარი სრულ გარდაქმნას ახდენს ადამიანში. მის უხეშობას თავაზიანობითა და დახვეწილობით, კეთილშობილებითა და სინაზით ცვლის; ეგოიზმს - სიყვარულითა და სათნოებით. კრავის სისხლი წმენდს ყოველგვარ უკეთურებას. თავისი მაცოცხლებელი ძალით იგი ჰარმონიულად უთანხმებს ადამიანის გონებას, სულსა და ძალებს ღვთიურ სიცოცხლეს. ადამიანი იძენს ღვთიურ თვისებებს და ამასთანავე, არ კარგავს ადამიანურ ბუნებას. თავისი წმიდა და სრულყოფილი ხასიათით იგი ქრისტეს განადიდებს. როდესაც ადამიანი ამგვარად იცვლება და დადებით თვისებებს იძენს, ანგელოზები სიხარულით გალობენ ქებადიდების საგალობელს და მამაც და ძეც სიყვარულით უმზერენ ღვთის ხატად გარდაქმნილ სულთ.ქი 37.3