Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო ჩვენს გამო იქცა ცოდვად და მარტოობაში იტანჯებოდა, 28 სექტემბერი

    „დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არვინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე” (ფსალმ. 68:21).ქიმ 274.1

    უფლის უცოდველი ძე ჯვარზე იყო გაკრული. მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა დაფარული. ხელებით, რომლებითაც მუდამ მზად იყო ადამიანთა კურთხევისათვის, ბოძს იყო მილურსმული. ფეხები, დაუღალავად რომ ატარებდა მას კეთილ საქმეთა საკეთებლად, ახლა უძრავად იყო ბოძზე გაკრული. მისი მეფური დიდებულებით მოსილი თავი ეკლებს დაეჩხვლიტა. მისი მთრთოლვარე ბაგე მზად იყო სიმწრის ყვირილი აღმოხდენოდა. და მისი გასისხლიანებული შუბლი, ხელები და ფეხები, მისი აუტანელი წამებით ნაგვემი სხეული, ენით გამოუთქმელი სულიერი ტანჯვა, როდესაც მამამ სახე მოარიდა - ეს ყოველივე ახსენებს ადამის ყოველ ძეს: ეს შენი გულისათვის იტვირთა ცოდვის სიმძიმე ღვთის ძემ, შენი გულისათვის დაამარცხა სიკვდილი და გახსნა სამოთხის კარი.ქიმ 274.2

    თავისი ჯვარცმით ქრისტემ აღასრულა წინასწარმეტყველება. მის ჯვარცმით სიკვდილამდე მრავალი საუკუნით ადრე მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა, თუ როგორ მოექცეოდნენ. „გარს შემომეხვევიან მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომთა მსგავსად ჩემი ხელფეხის განსაგმირავად. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი კი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე” /ფს. 21:17-19/. წინასწარმეტყველება ქრისტეს სამოსელის შესახებ აღსრულდა ჯვარცმულის მეგობრების ან მტრების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. თვით ჯალათებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, გაინაწილეს მისი სამოსელი. ქრისტეს კარგად ესმოდა, თუ როგორ კამათობდნენ ისინი მისი განაწილებისას. მისი „კვართი არ იყო შეკერილი, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო” და ვინაიდან მისი დანაწილება არ მოისურვეს, ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ. წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ, ვის შეხვდება”.ქიმ 274.3

    სხვა წინასწარმეტყველებაში მაცხოვარმა თქვა: „დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი” /ფს. 68:21-22/. ჯვარცმულთ სიკვდილის წინ ტკივილგამაყუჩებელ სასმელს ასმევდნენ. იგივე შესთავაზეს იესოს, მაგრამ „რომ იგემა, დალევა არ ინდომა”. მაცხოვარმა არ ისურვა მიეღო ისეთი რამ, რაც გონებას დაუბნელებდა. მისი ერთადერთი ძლიერება ღვთისადმი სასოებაში იყო. გრძნობებზე კონტროლის დაკარგვა კი სატანის ზეგავლენის ქვეშ მოქცევას ნიშნავდა.ქიმ 274.4

    ჯვარზე გაკრულ მაცხოვარზე იყარეს ჯავრი მისმა მტრებმა. მღვდლები, მთავრები, მწიგნობრები ბრბოსთან ერთად დასცინოდნენ მომაკვდავ ქრისტეს. იესოს ნათლობისა და ფერიცვალების დროს ზეციდან გაისმა ხმა, რომელმაც ქრისტე თავის ძედ გამოაცხადა. მაცხოვრის მუხანათურად გაცემის წინაც დაამოწმა უფალმა იესოს ღვთიურობა. ახლა კი ზეცა დუმდა: ერთი სიტყვაც კი არსაიდან თქმულა ქრისტეს დასაცავად. უწმინდურთა ლანძღვასა და დაცინვას იგი მარტოდმარტო იტანდა.ქიმ 274.5