Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    რეაქცია ვითარებაზე ამჟღავნებს ხასიათს, 26 მარტი

    „და უთხრა იუდამ თავის ძმებს: რას გვარგებს, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და დავფარავთ მის სისხლს? მოდით, მივყიდოთ იგი ისმაელიანებს, და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი ხორცია” (დაბ. 37:26, 27).ქიმ 88.1

    იუდამ ძმებს შესთავაზა, ვაჭრებისათვის მიეყიდათ იოსები, რითაც სამუდამოდ გათავისუფლდებიან მისგან და, ამავე დროს, მის სისხლში ხელს არ გაისვრიან. „რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი ხორცია” - თქვა მან. ამ წინადადებას ყველა დაეთანხმა და იოსები მაშინვე ჭიდან ამოიყვანეს.ქიმ 88.2

    ვაჭრების დანახვაზე იოსები ყველაფერს მიხვდა და საშინელებამ შეიპყრო. მონობას სიკვდილი ერჩივნა. სასოწარკვეთილი, ცრემლმორეული ევედრებოდა ხან ერთ და ხან მეორე ძმას, არ გაეყიდათ იგი, მაგრამ ამაოდ. ზოგი შეყოყმანდა, მაგრამ დაცინვის შიშმა აიძულა, გაჩუმებულიყო. ყოველი მათგანი გრძნობდა, რომ ღრმად შეტოპეს და უკან დასახევი გზა მოიჭრეს. იოსების გათავისუფლების შემთხვევაში, იგი აუცილებლად მოუყვება ყველაფერს მამას, - ფიქრობდნენ ისინი, - მამა კი არ აპატიებს მათ მისი საყვარელი შვილის მიმართ ასეთ საქციელს. სისასტიკემ გაიმარჯვა მათში და, იოსების ვედრების მიუხედავად, მიჰყიდეს იგი წარმართ ვაჭრებს. ქარავანი ადგილიდან დაიძრა და მალე თვალს მიეფარა.ქიმ 88.3

    როცა ქარავანი სამხრეთით, ქანაანის საზღვრებისაკენ მიიწევდა, ყმაწვილი შორიდან ხედავდა ბორცვებს, სადაც მისი მამის კარვები იყო გაშლილი. და მწარედ ატირდა იგი მიტოვებული, დამწუხრებული, საყვარელი მამის გახსენებაზე. ბედის რა ცვალებადობაა - მამის საყვარელი შვილი საძულველ, უძლურ მონად იქცა!ქიმ 88.4

    მაგრამ, უფლის ჩანაფიქრით, ეს მწუხარებაც კურთხევად უნდა ქცეულიყო მისთვის. სულ რაღაც რამოდენიმე საათის განმავლობაში მან შეიცნო ის, რასაც წლების განმავლობაში ვერ შეძლებდა. მამის ნაზი, ძლიერი სიყვარული ცუდ სამსახურს უწევდა ყმაწვილს. მისდამი განსაკუთრებული სიყვარულის გამო მამა ყოველგვარ სურვილს უსრულებდა მას. მისი ნაკლოვანი მხარეები, რომლებსაც ადრე იწონებდნენ, ახლა უნდა აღმოფხვრილიყო. ახლა მას უნდა შეეძინა დამოუკიდებლობა და შეუპოვრობა.ქიმ 88.5

    შემდეგ, თანდათანობით, მისი გონება მისი მამების ღმერთზე ფიქრმა გაანათა. სიყმაწვილიდანვე ასწავლიდნენ, თუ რა აღთქმა დაუდო უფალმა იაკობს და როგორ აღასრულა იგი მის ცხოვრებაში. უდიდესი ღვთისმოშიშებით დაისახა მან ცხოვრების დიადი მიზანი - ნებისმიერ ვითარებაში დარჩენილიყო უფლის ერთგული და ისე ემოქმედა, როგორც ეს ზეციური მეფის ქვეშევრდომს შეეფერება; მთელი გულით ემსახურა უფლის წინაშე, მედგრად დახვედროდა განსაცდელს და გულმოდგინედ შეესრულებინა ყოველგვარი მოვალეობა. ამ ერთმა დღემ სრულიად შეცვალა იოსების ცხოვრება, იმ საშინელმა დღემ, რომელმაც ეს ცხოვრებისაგან განებივრებული ყმაწვილი მეტად სერიოზულ, მამაც და გამძლე მამაკაცად აქცია.ქიმ 88.6