Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოდვილ ხასიათს განდგომამდე მივყავართ, 2 მარტი

    „წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის” (დაბ. 9:25).ქიმ 64.1

    წარღვნის წყლებით უზნეობისა და უწმინდურებისაგან განწმედილი დედამიწის კვლავ დასასახლებლად უფალმა ღმერთმა მხოლოდ ერთი - ნოეს ოჯახი შემოინახა, რომელსაც უთხრა: „გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში” (დაბ. 7:1). მაგრამ მალე ნოეს სამივე ვაჟმა იგივე თვისებები გამოავლინა, რაც წარღვნამდელი წუთისოფლისათვის იყო დამახასიათებელი. სემში, ქამსა და იაფეთში, რომლებიც ახლა მსოფლიოს ფუძემდებლები უნდა გამხდარიყვნენ, წინაპართა ხასიათმა იჩინა თავი.ქიმ 64.2

    უფლის სულით შთაგონებულმა ნოემ სამი უდიდესი რასის მომავალი იწინასწარმეტყველა, რომელთა წინაპრებიც ნოეს ვაჟები იყვნენ. ქამის შთამომავლობაზე ნოემ თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის” (დაბ. 9:25)... ქამის თავხედური ქცევა იმაზე მეტყველებდა, რომ მშობლებისადმი პატივისცემა და მოწიწება მასში უკვე დიდი ხანია გაქრა და სანაცვლოდ მის გულში სიმდაბლე და ურჯულოება დამკვიდრებულიყო. ეს ცუდი ჩვევები განვითარდა მის ძეში ქანაანში და მის შთამომავლობაში, რომელთა დანაშაულებრივი ცხოვრების წესმა ღვთის სასჯელი გამოიწვია...ქიმ 64.3

    თუმცა, წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი მონებად უნდა ქცეულიყვნენ, მაგრამ ამ წყევლის აღსრულება მთელი საუკუნეების მანძილზე ჭიანურდებოდა; უფალი მოთმინებით იტანდა მათ უწმინდურებას, გარყვნილებას მანამ, სანამ მისი მოთმინების ფიალა არ აივსო. შემდეგ მათ დაკარგეს თავიანთი დამოუკიდებლობა და სემის და იაფეთის შთამომავლობის მონები გახდნენ...ქიმ 64.4

    რამდენიმე ხანს ნოეს შთამომავლობა მთებში ცხოვრობდა, სადაც კიდობანი გაჩერდა, მაგრამ გამრავლებულ ხალხში განდგომილებამ მალე განხეთქილება გამოიწვია. მათ, ვისაც აღარ სურდა, უფლის მორჩილი და მისი ნების აღმსრულებელი ყოფილიყო, მუდამ აღიზიანებდათ ძმების ღვთისმოსაური ცხოვრება, შეგონებანი, რომლებითაც ისინი უფლისაკენ თავის თვისტომთა მოქცევას ლამობდნენ და მალე მათ ღვთის შვილთაგან გაყრა განიზრახეს, ევფრატის ნაპირებზე შინყარის დაბლობებისაკენ გაემართნენ. მართლაც, მეტად მიმზიდველი, ლამაზი და ნოყიერი იყო ეს მიწა და ისინიც კმაყოფილებით დაფუძნდნენ ამ მშვენიერ ველებზე.ქიმ 64.5

    აქ განიზრახეს მათ ქალაქისა და ისეთი მაღალი კოშკის აშენება, სამყაროს საოცრება რომ გამხდარიყო. ყოველივე კეთდებოდა, რათა ხალხისათვის არ მიეცათ გაფანტვის საშუალება. უფალმა უბრძანა ადამიანებს გაფანტულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, აეთვისებინათ იგი და დასახლებულიყვნენ. მაგრამ ბაბილონის გოდოლის მშენებელთ სურდათ შეექმნათ მონარქიული მმართველობის ფორმა, რათა შემდგომში მთელ დედამიწაზე ებატონათ. ამგვარად, მათი ქალაქი მსოფლიო იმპერიის ცენტრი გახდებოდა, მისი დიდება საყოველთაო აღტაცებასა და თაყვანისცემას გამოიწვევდა და საქვეყნო აღიარებას მოუტანდა მის დამფუძნებელთ. ეს ცადაბჯენილი, დიდებული კოშკი მის ამშენებელთა ძლიერებისა და სიბრძნის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო და მომავალ თაობებში სამარადისოდ უნდა უკვდავეყო მათი სახელი...ქიმ 64.6